თოვლიანი ზამთარი იყო.
პავლეს წისქვილში ხორბალი ჰქონდა წასაღები, მაგრამ წინა დღით ტყეში მარხილი გადაუბრუნდა და გაუტყდა. მან მარხილი თავის მეზობელს სთხოვა. მეზობელმა ცივი უარით გამოისტუმრა.
გავიდა რამდენიმე დღე. პავლეს მეზობელს შეშა ჰქონდა დასახერხი და ხერხი დასჭირდა. მივიდა და მორიდებით სთხოვა პავლეს, შენი ხერხი მათხოვეო.
პავლემ იმწამსვე გამოურბენინა ხერხი და მიხმარებაც შესთავაზა.
მეზობელი სირცხვილით დაიწვა, თავი დახარა და პავლეს
უთხრა:
- მაპატიე ჩემი უღირსი საქციელის გამო, დღეიდან შენი ერთგული მეზობელი ვიქნებიო.
იაკობ გოგებაშვილი - მოთხრობები