ერთმა შოშიამ ფრთა მოიტეხა და ამხანაგებს თბილ ქვეყნებში ვერ გაჰყვა.
ფრთამოტეხილი შოშია მიფრინდა მუხასთან და სთხოვა:
- ძლიერო მუხავ! შეიძლება, ზამთარი შენს ტოტებზე გავატარო?
- მალე ფოთლები დამცვივდება და ჩემი ტოტები ბინად არ გამოგადგება, - მიუგო მუხამ.
დაღონებულმა ჩიტუნამ ცაცხვისაკენ გასწია.
- ფოთლები მეც ჩამომცვივა და სიცივისაგან ვერ დაგიფარავ, - მიუგო ცაცხვმა.
- მოდი ჩემთან, ჩიტუნია, - ალერსით ჩამოსძახა ნაძვმა, - ჩემს ტოტებში გაატარე ზამთარი.
მალე ცივმა ქარმა დაუბერა. მუხისა და ცაცხვის ფოთლები ქარს აქეთ-იქით მიჰქონდა. ნაძვს კი მთელი ზამთარი
წიწვი არ გასცვენია და შოშიას სითბო არ მოჰკლებია.
იაკობ გოგებაშვილი - მოთხრობები