გლეხმა ფრინველებს დიდი მახე დაუგო. ამ მახეში არწივი გაება.
არწივი ახალგაზრდა და მეტად ლამაზი იყო. გლეხმა სასიკვდილოდ ვერ გაიმეტა და გაუშვა.
ერთხელ ეს გლეხი თავისი ძველი სახლის კედელთან იჯდა. უეცრად დიდი ქარი ამოვარდა. ის დრო იყო, კედელი უნდა გადმონგრეულიყო და პატრონი ქვეშ მოეტანა.
გლეხის ბედად, სწორედ ის არწივი მაღლა ცაში დაფრინავდა. თვალი მოჰკრა ამ ხიფათს, ისარივით დაეშვა ძირს
გლეხისაკენ, მოსტაცა ქუდი კლანჭებით და გაფრინდა მიწის გასწვრივ, დაბლა, დაბლა.
გლეხი წამოვარდა და უკან დაედევნა. სახლს რომ კარგად მოშორდნენ, არწივმა ქუდს კლანჭები გაუშვა და მაღლა-მაღლა წავიდა.
გლეხმა აიღო ქუდი, დაიხურა და სახლისაკენ გამოეშურა. მაგრამ, დახე მის გაოცებას: როცა სახლთან მივიდა,
კედელი გადმოქცეული დახვდა.
გლეხი მიხვდა, რომ მადლიერმა არწვიმა ის ხიფათს გადაარჩინა, სამაგიერო სიკეთე გადაუხადა.
იაკობ გოგებაშვილი - მოთხრობები