ერთ სახლში თაგვები გამრავლდნენ. სახლის პატრონმა მათ გასაწყვეტად კატა გაიჩინა.
კატა ახირებული ზნის გამოდგა: ნაბიჯს ისე არ გადადგამდა, რომ ხმამაღლა არ დაეჩხავლა, - ვითომ, შემომხედეთ, რა გამრჯე ვარო.
ამის გამო თაგვები შორიდანვე იგებდნენ კატის მოახლოებას და იმალებოდნენ. კარგა ხნის განმავლობაში ვერც ერთი თაგვი ვერ დაიჭირა. სახლის პატრონი ადგა და მჩხავანა კატა გარეთ გააგდო.
ანდაზა: მჩხავანა კატა თაგვს ვერ დაიჭერსო.
იაკობ გოგებაშვილი - მოთხრობები