იყო ერთი ცრუპენტელა კაცი. ერთხელ სამოგზაუროდ უცხო ქვეყანაში წავიდა.
შინ რომ დაბრუნდა, ტყუილი ტრაბახით ყველას ყურები გამოუჭედა:
- მე იქ ისეთი საოცარი რამეები ვნახე, რომ თქვენ აქ არც კი დაგესიზმრებათო.
- მაინც რა ნახე ასეთიო? - ჰკითხეს მეზობლებმა.
- აი, მაგალითად, ინდოეთში ვირები ხის ტოტებზე არხეინად გადი-გამოდიოდნენო, - ამაყად უპასუხა ცრუპენტელამ .
ამ დროს იქვე, ხის ძირში, ვირი ბალახს ძოვდა. ერთმა მეზობელმა უთხრა:
- თუ შენი ნაამბობი ნამდვილად ტყუილი არ არის, აგერ ვირი და აგერ ხე, აბა, აქაც გავიდესო.
ცრუპენტელა მიხვდა, რომ ცოცხალი ტყუილი წამოსცდა.
იაკობ გოგებაშვილი - მოთხრობები