ზაფხულის ცხელი დღე იყო.
სოფელში სამი დაღლილი მგზავრი შემოვიდა და წყაროს მიადგა.
პირველი მგზავრი პირქვე დაემხო და მოუთმენლად დაეწაფა ყინულივით ცივ წყალს. წყურვილი რომ მოიკლა, იქვე ბალახზე წამოწვა.
ვერც მეორე მგზავრმა მოითმინა წყურვილი. წყალი დალია და იქვე გაიარ-გამოიარა.
მესამე მგზავრმა წყურვილს სძლია. ჯერ დაისვენა და მხოლოდ ამის შემდეგ დალია წყალი.
პირველ მგზავრს იმავე ღამეს ფილტვების ანთება დაემართა და ძლივს გადაურჩა სიკვდილს.
არც მეორეს დაადგა უკეთესი დღე. მან წყაროს თავზე დაიწყო სიარული, თუმცა ძლიერ დაღლილი იყო.
მხოლოდ მესამე მგზავრი გრძნობდა თავს კარგად, რომელსაც არა ვნებია რა...
აბა, მიხვდით, რად აწყინა ცივმა წყალმა პირველს ძლიერად, მეორეს ცოტათი და რად შეერგო იგი მესამეს?
რა დარიგებას გვაძლევს ეს შემთხვევა?
იაკობ გოგებაშვილი - მოთხრობები