მეათე საუკუნეში საქართველოს დიდი ღვაწლი დასდეს იმ მონასტრებმაც, რომლებიც უცხო ქვეყნებში ქართველი ბერების მიერ იყო დაარსებული.
ყველა ეს მონასტერი მოღვაწეობდა საბერძნეთის საბრძანებელში სხვადასხვა ადგილას, სახელდობრ: ულუმპოში, შავმთაზე, ანტიოქიის მახლობლად, იერუსალიმში, სინას მთაზე და ათონის მთაზე. მათ შორის პირველი ადგილი ეჭირა და მეტი ღვაწლით ბრწყინავდა წმიდა ათონის მთაზე დაარსებული ივერიის მონასტერი..
ივერიის მონასტერი დაფუძნებულ იქმნა ქართველი ბერებისაგან მერვე საუკუნის გასულს. ეს შორეული ადგილი ქართველებმა სამონასტროდ იმიტომ ამოირჩიეს, რომ იგი მდებარეობდა ურწმუნოთაგან მიუვალ მთაზე და ეკუთვნოდა მართლმადიდებელ სახელმწიფოს - საბერძნეთს.
ბერებად ამ შორეულ მონასტერში მოდიოდნენ არა უბირი ქართველები, არამედ უფრო განათლებულნი და წარჩინებულნი პირნი. ესენი სიჭაბუკეში ემსახურებოდნენ სამშობლოს თავისი ძლიერი მარჯვენით, ჭკუით, გამოცდილებით და მხნეობით, ხოლო ხნიერებაში მიმართავდნენ ხოლმე მონასტრის სიმყუდროვეს, რათა ღვთის მსახურებაში გაეტარებინათ თავისი დანარჩენი სიცოცხლე, დღე და ღამ ღვთისთვის ევედრებინათ თავისი საყვარელი ქვეყანა, ამასთან ეთარგმნათ და ეწერათ სასულიერო და საერო წიგნები, გაევრცელებინათ ისინი ხალხში და გაეძლიერებინათ ქრისტეს სარწმუნოება და განათლება.
მონასტერი დიდად გაძლიერდა, გაფართოვდა, გამშვენიერდა და ლავრად, ანუ მთავარ-მონასტრად გადაიქცა მეათე საუკუნის გასულს, თორნიკე ერისთავის მეოხებით.
თორნიკე ერისთავი დაიბადა და აღიზარდა სამხრეთ საქართველოში, ანუ მესხეთში. ჩამომავლობით იგი ეკუთვნოდა ფრიად წარჩინებულ გვარეულობას და იყო ერთი მთავართაგანი, ანუ ერისთავთაგანი. ჭაბუკობაში თორნიკე იყო ერთი საუკეთესო სარდალი და მისი წინამძღოლობით ქართველმა ჯარმა არა ერთხელ გაიმარჯვა ბრწყინვალედ მტერზე. ასაკმა რომ უწია, თორნიკემ დატოვა სამსახური, უარყო ყოველივე ქვეყნიური სიამოვნება და ზრუნვა, გაემგზავრა საბერძნეთში და მივიდა "ივერიის" მონასტერში. აქ აღიკვეცა უბრალო ბერად, წინამძღვრის, მამა იოანეს მიერ რომელსაც ერისკაცობაში ცოლად ჰყავდა თორნიკეს და და იყო მისი სიძე.
მაგრამ მამა თორნიკე მალე იძულებული გახდა შეეწყვიტა თავისი მყუდრო ცხოვრება, დაეტოვებინა ათონის მთა, წამოსულიყო საქართველოსკენ, ხელახლად აღჭურვილიყო საომარი იარაღით და დაბრუნებოდა ქვეყნის მღელვარებას. თორნიკეს ბედის ამგვარად დატრიალება მოხდა შემდეგის მიზეზის გამო:
ამ დროს ბერძნების იმპერატორს ვასილს აუჯანყდა ერთი მისი მთავარი, სახელად ბარდა სკლეროსი, რომელიც განაგებდა მცირე აზიის აღმოსავლეთის ნაწილს და იყო მისი ერისთავი. აჯანყებულ ერისთავს ჰყავდა მრავალს ომში გამოცდილი ძლიერი ჯარი, და თვითონაც ჩინებული სარდალი იყო.
ამასთან მან ისე ოსტატურად წაიყვანა საქმე, რომ სომხეთის ჯარიც თავის მხარეს გადაიყვანა. ამიტომ, მოკლე ხნის განმავლობაში რამდენჯერმე დაამარცხა ბერძნების ჯარი, დაიპყრო მცირე აზიის მთელი აღმოსავლეთის ნაწილი და გამარჯვებით მიიწევდა კონსტანტინოპოლისაკენ.
იმპერატორი შეშინდა და არ იცოდა, რა ექნა; ამ დროს მას მოახსენეს, რომ "ივერიის" მონასტერში არის ერთი ქართველი ბერი თორნიკე, სარდლად ნამყოფი, დიდი გვარის შვილი, რომელსაც დიდ პატივსა სცემდა და სცემს სამხრეთ საქართველოს მბრძანებელი დავით კუროპალატი. დაიბარეო ეს ბერი და მისი შუამავლობით სთხოვე დავითს შემწეობა ჯარით სკლეროსის წინააღმდეგო. იმპერატორი ასეც მოიქცა, თორნიკე თავისთან მიიწვია და სთხოვა დაეტოვებინა დროებით მონასტერი და ეკისრა შუა-კაცობა.
თორნიკესათვის მეტად საძნელო იყო ამ თხოვნის აღსრულება და მონასტრის მყუდრო ცხოვრების შეწყვეტა, მაგრამ იმპერატორს უარი ვერ ჰკადრა, მით უმეტეს, რომ სკლეროსი მას მიაჩნდა მიუტევებელ დამნაშავედ. იმპერატორმა თორნიკეს დავით მეფესთან წერილი გამოატანა, რომელშიაც სთხოვდა ჯარით შემწეობას, ამასთან აღუთქვამდა კლარჯეთის, არზრუმის, ბასიანის და ზოგი სხვა ქვეყნის დაბრუნებას, რომელნიც წინათ ქართველებს ეკუთვნოდათ და ახლა კი ბერძნების ხელში იყო.
დავითმა დაუყოვნებლივ აუსრულა იმპერატორს თხოვნა. შეკრიბა თორმეტი ათასი საუკეთესო ქართველი ჯარი, მთავარ წინამძღოლად დანიშნა თვითონ თორნიკე და გაგზავნა სკლეროსის წინააღმდეგ.
ქართველი ჯარი გაეშურა სამხრეთისაკენ, გადაიარა კლარჯეთი, შეიერთა ბერძენთა დამარცხებული ჯარის ნარჩენები და მდინარე ჰალისის ნაპირს შეებრძოლა მტრის ჯარს, რომელიც ქართველებზე ბევრად უმრავლესი იყო. ძლევამოსილი სკლეროსი საოცარი ოსტატობით წინამძღოლობდა, მისი ჯარი იბრძოდა თავგანწირული მამაცობით, მაგრამ თორნიკემ მაინც საშინლად დაამარცხა მტერი. ბევრი ნაწილი მტრის ჯარისა ბრძოლის ველზე დარჩა დაჭრილი და დახოცილი, ბევრი დაიღუპა აღელვებულ მდინარეში და დანარჩენნი ქართველებმა გაირეკეს აღმოსავლეთისაკენ და სდიეს სპარსეთის საზღვრამდე.
თვითონ სკლეროსი თუმცა სიკვდილს გადარჩა, მაგრამ იძულებული გახდა გაქცეულიყო შორეულ არაბეთში. გამარჯვებულებს ხელში ჩაუვარდათ აუარებელი ნადავლი, რომლის ორი წილი ერგოთ ქართველებს და ერთი წილი ბერძნებს. გახარებულმა იმპერატორმა ვასილმა არამც თუ დაუბრუნა მეფე დავითს აღთქმული ქვეყნები, არამედ მდიდარი საჩუქრებიც გამოუგზავნა როგორც მას, ისე თორნიკეს.
გათავდა თუ არა ლაშქრობა და აჯანყებული ქვეყნები დამშვიდდა, თორნიკე ისევ ბერულად შეიმოსა და გაემგზავრა ათონის მონასტერში. მან თან წაიღო საყვარელი მონასტრისათვის ნადავლი და საჩუქრები, რომელიც მიიღო მადლიერი იმპერატორისაგან. ეს სიმდიდრე მთლად მოახმარა მონასტრის გადიდებასა და გამშვენიერებას, იოანე ნათლისმცემლის სახელზე ტაძრის აშენებას და ძვირფასი ხელთნაწერების შეძენას.
კარგა ხანს ამშვენებდა ამ დიდებულ მონასტერს ღვაწლმოსილი ცხოვრება მამა თორნიკესი, რომელმაც ისეთივე სიძლიერე გამოიჩინა ზეციურ სათნოებაში, როგორც იჩენდა ერისკაცობის ჟამს ამქვეყნიურ საქმეებში.
გარეგნულ მშვენებასთან "ივერიის" ლავრაში იმატა შინაგანმა ღვაწლმაც. ეს სავანე იყო არა მარტო ადგილი, სადაც დღე და ღამე გაისმოდა მხურვალე ლოცვა და ვედრება უფლისადმი, არამედ უმაღლესი სასულიერო სასწავლებელი, სადაც იზრდებოდა ჭეშმარიტ ქრისტიანულს გზაზე დამდგარი ნიჭიერი ქართველების გუნდი.
აქვე გადაითარგმნა მშვენიერი ქართული ენით: სახარება, მრავალი საეკლესიო წიგნები და სხვა თხზულებანი, რომელნიც ათონის მთიდან ვრცელდებოდა საქართველოში, ანათლებდა ქართველს ერის გონებას და ამტკიცებდა მათ ქრისტეს სიყვარულსა და მამულის ერთგულებაში.
იმ წმიდა მამათა შორის, რომელთაც გააძლიერეს "ივერიის" მონასტრის მნიშვნელობა და გავლენა, პირველი ადგილი უჭირავს ათანასე დიდს, მეტად ნიჭიერ, განსწავლულსა და ღვაწლით მოსილ ქართველს. ხოლო მთარგმნელთა შორის უმთავრესი იყვნენ: იოანე, ძე მისი ექვთიმე, გაბრიელი და მათ შემდეგ გიორგი მთაწმინდელი, იოანეს ძმისწული.
მესხეთის ამ სასიქადულო შვილებმა, ქართულის გარდა მშვენივრად იცოდნენ: ებრაული, ბერძნული და არაბული ენები, იყვნენ ღრმად განსწავლულები, მეტადრე საღმრთო წერილში, შეთვისებული ჰქონდათ ფილოსოფია და ამის გამო ჩინებულად თარგმნიდნენ და საუცხოოდ სწერდნენ.
მკვლევარები ეხლაც განცვიფრებაში მოჰყავთ მათ წმინდა, უნაკლო ქართულ ენას, მათ დაუღალავ შრომისმოყვარეობას და ქართულის მწიგნობრობისადმი მათს სიყვარულს.
მხოლიდ ექვთიმემ და გიორგი მთაწმინდელმა გადათარგმნეს და დაწერეს ოთხმოცამდე წიგნი.