მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 14426 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

- I -

 

ქალაქიდან ძია ესტატე ღამე-ღა იყო, როცა სახლში მოვიდა. მეორე დღეს შობა თენდებოდა: ძალზე მოერეკებოდა შინისაკენ ესტატე თავის “მერანს”, რომ შობა-დღეს საკუთარ ოჯახში ყოფილიყო. “მერანიც” თავს როდი ზოგავდა: მოძუნძულებდა გაყინულ გზაზე და, როგორც მოხუცი ყავარჯენს, ისე მოაბაკუნებდა დაუძლურებულს ფეხებს; ყურებს, თითქოს დამტვრევიაო, უხეიროდ ატლაკუნებდა. სიბერე ძნელია, გმირს როსტომსაც-კი მოჰრევიაო, ნათქვამია, და, რასაკვირველია, ესტატეს მერანი დაეუძლურებინა. პატრონი მაინც დღესაც გაყიდვას არ უპირებდა, თუმც მისი ცხენი ოცს წელს გადაცილებული იყო და მუშტარიც ბევრი ჰყავდა. ვინ იყვნენ, თუ იცით, ესტატეს მერანის მუშტრები? წვრილი მოვაჭრენი: ჩარჩები, ქათამ-კვერცხის, წვრილმანის მყიდველ-გამყიდველნი, რომელნიც სუნით დაეძებენ იაფფასიან საქონელს ცოტა ხელის მოსანაცვლებლად. მაგრამ ესტატე დიდს უარზედ იდგა. 

- ჩემი ცოცხალი თავით მერანს ვერ მოვიშორებ, დიდი ამაგი აქვს ჩემზედ; აქაო და დაბერდაო, ამიტომ ავიღო და ჩარჩებს ჩავუგდო ხელში, რომ ტყავი გააძრონ? ბებერი ვარ, მაშ ჩამსვით გოდორში და დამაგორეთ კლდეზე! ეგ არის თქვენი სამართალი?! გაყიდვა არ შაიძლება; უნდა ჩემს ხელში მოკვდეს! - ამ პასუხით ისტუმრებდა ესტატე ყველა მუშტარს. 

ძია ესტატე მეტის-მეტი კეთილი, სათნო ადამიანი იყო: იმისაგან წყენა სოფელში პირუტყვსაც-კი არ მოაგონდებოდა, განაღამც ადამიანს. მხიარული, ღაჟღაჟა, მუდამ მოცინარი, გადაპენტილი სახისა, ოჯახის გაყრაში და მოჩხუბართა შერიგებაში აუცილებელი შუაკაცი იყო და ლხინში - თამადა. 

- ჰაა, აბა, შერიგდით! - ეტყოდა ესტატე მოჩხუბრებს. - რა გაჩხუბებთ, თქვე კაი კაცებო, განა სულ ცოცხლები ვიქნებით, ხომ უნდა დავიხოცნეთ?! ეს ჩვენი წუთისოფელი - წუთია; სიამოვნებით გავატაროთ, იმას რა სჯობია! სისხლი სისხლით არ დაბანილა, არც დაიბანება; სისხლს წყალი დაჰბანს მხოლოდ. აბა, მოდით, პროშტი: ჯერ მე მაკოცეთ, მერე ერთმანეთს აკოცეთ; თუ რამ საჩხუბარი გაქვთ, იმას რა სჯობია - დინჯად მოლაპარაკებით გავათავოთ. მუშტი-კრივით ვის რა გაურიგებია, თქვენ გაარიგოთ?! ოღონდ შერიგდით და სადილი ჩემი იყოს. - ესტატეს არც შუკაცობა მოუცდებოდა და დაპირებასაც ხელად აასრულებდა. ხელობით სოფლის დალაქი იყო და თავისთვის ტკბილად ცხოვრობდა: ჰქონდა საკუთარი სახლ-კარი, ვენახი, ცოტაოდენი სახნავი მიწა, ერთი თვალი წისქვილიც უბრუნავდა. ძმათამოყვარეს, კეთილს, სათნოს, უწყინარს, პურადს, გულადს და ამასთან ხანში შესულს ადამიანს სოფლელებმა ძია ესტატე დაარქვეს. ყველა, დიდი და პატარა, ესტატეზე ხნიერებიც-კი “ძიას” ეძახდენ. 

ესტატეს ხანდახან ხუმრობაც უყვარდა. როცა, მაგალითად, ქალაქიდან მოაძუნძულებდა თავის რაშს და გზაში ნაცნობები მიესალმებოდენ: 

- ძია ესტატეს გამარჯობა! საიდან? საიდან? 

- იერუსალიმიდანაო, - უპასუხებდა. 

ქალაქში მიმდინარს თუ შეეკითხებოდა ვინმე: 

- საით? საითკენ გაგიწევია? 

- იერუსალიმშიო, - უპასუხებდა და თან გულიანად იცინოდა: - არა, ეგ ოჯახქორები, რომ მკითხავენ საით მიემგზავრებიო, როგორ არ იციან, კატის მანძილი საბძელია. არა, თუ არ დაგიშლია, მე და ჩემი ცხენი განჯა-ერევანს, ტრაპიზონს ან თეირანს წავალთ! თუ ჩავალთ, ქალაქში, სად უნდა წავიდეთ? ეჰ, განა არ იციან, მაგრამ ჩვეულებაა, ეგეც ერთი რამ სალმის სანელია. 

 

– II –

 

ესტატე ჩვეულებისამებრ ზარხოშად იყო, როცა სახლში მოვიდა. ცხენი თავის ერთსართულიან სახლის მოაჯირთან ისე ახლო მიაყენა, რომ “მერანს” თავი დერეფანში გადააყოფინა და დაიძახა: “ოჯახიშვილებო, გამოიხედეთ, სტუმარი არ გინდათ?” შინ ფაცა-ფუცი შეუდგათ. “პაპა, მოვიდა, პაპა მოვიდა”, გაიძახოდენ ესტატეს შვილიშვილები, სონა და კოლა: გოგო ექვსი წლისა, ხოლო კოლა რვისა. “სანთელი მოანათეთ, სანთელი! - იძახდა ესტატე. - რა დაგემართათ, ხომ არ დაიძინეთ?” 

ჯერ სიტყვა არ გაეთავებინა, რომ პატარა ხელის ლამფით გამოვიდა კარში მსხვილი, ჩარგვალებული დედაკაცი, მეუღლე ესტატესი, ეფემია. 

- ოჰ, საღამო მშვიდობისა, ეფემიავ! ჰაა, როგორა ხარ სულიკოჯან? მე კარგადა ვარ, ძალიან კარგად. ცოტა შემცივდა. 

- ღმერთმა მშვიდობა მოგცეს! რა არის, კაცო, ამ ღამე სიარული? სხვა არა იყოს-რა, ნადირისა მაინც არ გეშინიან? - სთქვა ეფემიამ. 

- რა ვქნა, დამიგვიანდა. ნადირიო? განა მე ნადირი მერჩის? სამგლე და ნადირის შესაჭმელი ხალხი ცოტაა განა? - სთქვა ესტატემ. 

- პაპა, სათაგური არ მოიტანე? - ჰკითხავდენ ესტატეს დაჟინებით სონა და კოლა. - ჩუსტები, წუღები, საკაბე? - შესტიკტიკებდენ მოაჯირზე მიყრდნობილი ბალღები პაპას. 

- ყველაფერი მოგიტანეთ, შვილებო, ყველაფერი! - უპასუხებდა ესტატე და თან ხურჯინსა ჰხდიდა. ამ დროს მისმა მერანმაც დაიხვიხვინა და ისეთი ორთქლი გამოუშვა ნესტოებიდან, რომ ეფემიას კინაღამ ლამფა გაუქრო. 

- რა იყო, ჰოო, კარგი, ცხენო... - სთქვა მან გაჯავრების კილოთი. 

- ქერი უნდა საწყალს ჩემ მერანს, - სთქვა ესტატემ, - მაგრამ ჯერ დაღლილია, დაისვენოს პატარა ხანი და მერე ვაჭამოთ; ცოდოა, ძალიან გამოვრეკე. - ესტატემ ტანიდამ აიხსნა მოხვეული ნაბადი და ცხენს გადააფარა; ხოლო თავად, ყაბალახით თავყურშეხვეული, ხურჯინით ხელში, გაყვა უკან თავის დედაკაცს, რომელიც წინ მიუძღოდა. ესტატემ გახურებულ ბუხარს მიაშურა, ხურჯინი ტახტზე დასდო. 

- სანდრო როგორ იყო? ვენაცვალე იმას სიყმეში! - ჰკითხა ეფემიამ, ვიდრე ესტატე ბუხარს მოუჯდებოდა. 

- ძალიან კარგად არის. ჯამაგირიც მოუმატებიათ: თვეში სამი თუმანი აქვს, - სთქვა ესტატემ თავმომწონედ, რომ ასეთი ყოჩაღი შვილი გამოუვიდა. ეფემია ღმერთს უმადლიდა. ხოლო რძალმა სოფიომ მამამთილს მიაშურა და ლეკური ჩუსტების ხდა დაუწყო. ბავშვები მიეხვივნენ პაპას და აღარც აცლიდენ ლაპარაკს: სათაგური, ჩუსტები, საკაბე და ამისთანები იყო იმათი სალაპარაკო. ეტყობოდათ, რომ უფრო სათაგური ენიაზებოდათ ყველაზე მეტად. პაპამ ორივენი გადაჰკოცნა და აღუთქვა, რომ მალე ყველაფერს ამოათრევდა ხურჯინიდან. 

- ცოტა ხანს დამაცადეთ, შვილებო, ხელები მოვითბო, მცივა, უფრო კარგად ამოვალაგებ ხურჯინიდან ყველაფერს. ამისთანა ხელებით რა ამოვიღო?! აი ნახეთ, როგორ დაკრუნჩხული თითები მაქვს, - და უჩვენა დალურჯებული თითები. თანაც ხელი ჯიბეში ჩაიყო და ამოიღო მჯიღით კანფეტები, - მანამდის ამას შეექეცით. 

- მოდით აქეთ, თქვე ავაზაკებო, ნუ აწუხებთ პაპას, ჭკვიანად დასხედით! - შეუტია ბავშვებს სოფიომ. ბავშვები გაფაციცებით ჰკრეფდენ ტახტზე გაბნეულ კანფეტებს. 

- ჰაა, აბა, ჩხუბი არ მოგივიდეთ, თორემ იცოდეთ, სათაგურს ისევ ქალაქში წავიღებ, - სთქვა ესტატემ. - ერთი ჩაი რომ დამალევინოთ, ძალიან კარგს იზამთ. გზაში შემცივდა და ცოტა ზარხოშადაც გახლავართ. - ვიდრე ესტატე საუბარს დაიწყებდა, სოფიო ჩაის თადარიგს შეუდგა: მიაშურა იქვე თეთრ ტილოთი გადაფარებულს სამოვარს და ხელად ლანგრით ჩაი და შაქარი მიართვა მამამთილს. 

- ოჰ, ღმერთმა მშვიდობა მისცეს ასეთ ლოთობას! კაცი დავბერდი და ჩემს სიცოცხლეში ამისთანას არას მოვსწრებივარ: მეტისმეტი ლოთობაა; უქმი და საქმი არ გააჩნიათ; სარდაფები მუდამ დღე სავსეა ხალხით; დიდი, პატარა, მდიდარი, ღარიბი, ყველა ლოთობს. კაცს ეგონება, თავებს იმარხავენ, ხვალ სიცოცხლეს აღარ მოელიანო. არ ვიცი - მე მეჩვენება, თუ მართლა ასეა. 

- ეჰ, ქალაქია, ესტატეჯან, ქეიფს რა გამოლევს! - სთქვა ეფემიამ. - მაგრამ მე ეგ როდი მეკითხება: თვალი იმათაც დაუდგესთ. ასემც უქნიათ, ღვინისა და არყის რუმბებში ჩაუხრჩვიათ თავი! შენ ეს მითხარი, სანდრო არ აპირობდა ამოსვლას? 

- როგორ არა, როგორ არა, საახალწლოდ უსათუოდ მოვა, პირობა მომცა. მართლა, ზალიკამ და სიდონიამ დიდი მოკითხვა. 

- საწყლები! გმადლობთ, გმადლობთ, - სთქვა ეფემიამ, - ნახევი? 

- როგორ არა, გუშინ სადილად იმათსა ვიყავი. კაი დროება გავატარე. 

- როგორ არიან? როგორ რასმე ცხოვრობენ? - დაეკითხა ეფემია. 

- კარგად, ძალიან კარგად. კაცი გამდიდრებულა; ასი თუმანი ნაღდი ფული მექნებაო, აქ ასი კაპეიკი არა ჰქონდა. ბზეს, ერთს კალათს და ერთს ვირს შენი მამიდაშვილი ზალიკა, ეფემიავ, კაცად გამოუყენებია. 

- ღმერთმა ბრძანოს, ნეტა არ იქნება!.. მოხერხებული კაცი ქალაქში მუდამაც გამდიდრდება, - სთქვა ეფემიამ კვალად. ამ დროს ესტატეს მერანმაც დაიხვიხვინა. 

- ოჰ, ქეიფში გავები, ცხენი კი დამავიწყდა. საწყალს ქერი უნდა. გომურში უნდა შევიყვანო, თორემ შესცივა, - სთქვა ესტატემ, წამოდგა ზეზე და გაემართა კარებისაკენ. გააღო თუ არ კარები, ბოდიში მოიხადა თავის მერანთან, რომ დაუგვიანა ქერი. 

- ჩემო მერანო, ჩემო მერანო, ეხლავე იქნება ქერი, ეხლავე, მომიტევე, რომ ამდენი ხანი გაცდეინე შე საცოდავო. ცოტა ხანი მოითმინე, მერანო, ყველაფერს მოგართმევ, რაც გესიამოვნება, რასაც მიირთმევ, - უთხრა ესტატემ თავის მერანს, რომელმაც პატრონის დანახვაზე უფრო მოუმატა ხვიხვინს, ხოლო დაბალ ხმაზე: ნესტოებს ბერავდა და თან ხელებში ეტანებოდა ძია ესტატეს. 

ესტატემ მერანი დააბინავა და სახლში დაბრუნდა. 

- პაპავ, წაღები!.. პაპავ, სათაგური! - გაისმა ბავშვების ხმა. ორივეს გაეფარჩხათ ხელები და საწყლად იღმიჭებოდენ. 

- ამ ბავშვების ცოდო წამწყმედს, თუ თხოვნა არ ავუსრულე, - სთქვა ესტატემ. 

არ დამჯდარა, მაშინვე ხურჯინს მიჰმართა. ჯერ ერთი თვალის სახლართები გახსნა და დაუწყო ამოლაგება. ბავშვები თვალ-წარბში და ხელებში შესცქეროდენ. ეფემია დოინჯშემოყრილი, თავმომწონედ დასჩერებოდა; სოფიოც შორი-ახლოს იდგა გულხელდაკრეფილი და პირმოკუმული. დიდი ჭრელი კატა ტახტზე მიდი-მოდიოდა კუდაფშრუკული, ბუხარში ცეცხლზე ხუხვით გვერდზე და ზურგზე გატუსულ ტყავით. ექლიშებოდა, ეხახუნებოდა ბავშვებს და მოკაუჭებულს კუდს, როგორც შოლტს, თვალ-წარბში უსვამდა. ისიც თითქოს რაღაცას მოელოდა. ამ კატას ღნავალას ეძახდენ, რადგან წამდაუწუმ ღნაოდა და კნაოდა. თაგვი კი თავის სიცოცხლეში ერთიც არ დაუჭერია. ჩხავანა კატა, განა არ იცით, რა თაგვს დაიჭერს!? 

- აბა, რაზე რა დავაწყო; მოიტათ რამე, ადამიანებო. - წარმოსთქვა ესტატემ. 

ეფემიამ მაშინვე მოურბენინა ლანგარი და ტაბაკი... 

- ეს ბახტაკი! იჰ, იჰ, რა არის, რომ იცოდე, ეფემიავ?! ნახე რა არის და! - სთქვა ესტატემ და ორი წყვილი გელაქნური დააწყო ტაბაკზე. 

- ოჰ! თევზები, დედილო, თევზები. რა კარგებია, ჭრელები! - ამბობდენ ბავშვები და თან ხელებს უსვამდენ და საკოცნელად ელამუნებოდენ, ყურს არ უგდებდენ დედის ბუზღუნს და დარიგებას: ჭკვიანად იყავითო. 

- ესეც ძროხის ხორცი! ჩალაღაჯია. ყასაბ გიგოლას მოვაჭრევინე. ჩემი ძველის-ძველი ძმობილია; რა შვილია, ჩემთვის ურიგო რამეს გაიმეტებდა! ესეც ბრინჯი, აკულისა, ესეც ჩაი და შაქარი! კიდევ რა? - ამბობდა ესტატე მოღიმარი სახით, - ოჰ, ესეც მწვანილი, ოხრახუში და წიწმატი თავის რამე-რუმეებით!.. ჰაა, კიდევ გინდა რამე, ეფემიავ? ღმერთო, ღმერთო! აბა, ვნახოთ: ესეც ხმელი ხილი საახალწლოდ! მუდამ ქალაქში ხომ არ ვირბენ? ესეც ილი, მიხაკი და დარიჩინი. ყველა ამას, ეფემიავ, ერთი დედალი მიუმატე და ხვალ სწორედ ხელმწიფის საკადრისი სადილი გვექნება. ხომ იცი, ხვალ სტუმრები მეყოლება. 

- ადვილია, ადვილი, - წარმოსთქვა ეფემიამ. 

- ჰაა, როგორი ბიჭი ვარ, ეფემიაჯან?! - ეუბნებოდა პირმოღიმარი ესტატე თავის მეუღლეს. 

- ძალიან კარგი, ძალიან კარგი; ვინა გწუნობს მერე? - მიუგო ალერსიანად ეფემიამ და თანაც მხარზე ხელი დაჰკრა. 

- ვნახოთ მეორე ვაგონი, - სთქვა ესტატემ. - ვნახოთ აქ რაღა ამბავია? აბა აქ არის, რაც არის და! აბა, მოდით, მოდით, ამოდით ნუ იმალებით და! - ჩაჰხაროდა ძია ესტატე ხურჯინის თვალში ჩაწყობილს ნავაჭრ საქონელს. - ესეც სონას საკაბე და ფეხსაცმელი. 

- დილილმე, დილილმე! - შესძახა სონამ და მიეტანა პაპას ხელებში. ფეხსაცმელსა და საკაბეს გულ-მკერდში იხუტებდა და სანახავად არავის ანებებდა. 

- ესეც კოლას წაღები, - სთქვა ესტატემ. - “ზაგრანიჩნია” ნამდვილი, როგორ ლაპლაპებენ. - კოლამ ხელები მიატანა და ჩამოართვა პაპას წაღები. - ესეც სოფიოს საკაბე, თავის მეფემ გამოუგზავნა, - სთქვა ესტატემ და მიაწოდა სქელ ლურჯ ქაღალდში გამოხვეული თავის რძალს, მაგრამ ეფემიამ დაასწრო და ჩამოართვა. 

- ქიშმირია, ქალო, ქიშმირი! ეტყობა, რომ გამდიდრებულა ჩემი შვილი, აქამდის ჩითის კაბის ყიდვაც კი ეზარებოდა და ახლა ჰყურობთ?.. უცბად ქიშმირი. კარგია, მშვიდობაში გაცვითე, შვილო! - სფქვა ეფემიამ და გადასცა რძალს საკაბე. 

- ესეც შენთვის ფლოსტები, ჩემო გვრიტო და მარგალიტო, - სთქვა ესტატემ: - ნამდვილი საშენოა, საბებრო. ამის მეტი ვერაფერი გიყიდე, რადგან ჯიბესთან უკაცრავად გახლდით, ეჰ, ჩვენ ბებრები ვართ: მე ძველი ჩოხით, შენ ძველი კაბით, ჩემო ეფემიავ. ამათ გაიხარონ, ჯეილები არიან. ჩვენ იოლად გამოვალთ. 

- ვინ გემდურის, კაცო! ამისაც დიდი მადლობელი ვარ. - სთქვა ეფემიამ. 

სულ ბოლოს ძია ესტატემ დიდი ამბით ამოიღო სათაგური, რომელიც დააბარა ყველა ოჯახის წევრმა დიდიან-პატარიანად გულმოდგინებით. 

- ესეც თქვენი სათაგური! - წარმოსთქვა ესტატემ, - ვნახოთ, რამდენს თაგვს დაიჭერთ?! 

- გიშველა ღმერთმა! - სთქვა გახარებულმა ეფემიამ. - სულიღა დაამწარეს ამ თაგვ-ტიალებმა, განჯინაში ვეღარაფერი შემინახავს. 

ბავშვებმაც სათაგურს დაუწყეს სინჯვა: “აბა როგორია, დედილო?” - გაიძახოდენ ისინი და თან გულმოდგინედ ათვალიერებდენ თაგვების სულთამხუთავს... 

- მაშ არა, შენ დაიჭერ თაგვსა, მეხი კი ჩაგარტყი მაგ თავში! - სთქვა ეფემიამ და თანაც ღნავალას, რომელიც ცეცხლაპირას წამოყუნთებულიყო, თავში სილა ჩაარტყა: - მთელი წელიწადია თვალ-ყურს ვადევნებ და მე ამის დაჭერილი თაგვი ვერა ვნახე. ეს სასიკვდილე მარტო ხელებში შემოგვჩერებია, რომ ვაჭამოთ რამე. 

- თქვენც სათაგური ამუშავეთ, - სთქვა ესტატემ: - ღნავალა ძალიან ჭკვიანად იქცევა, ცოდოს ერიდება. 

- ცოდოს, ამისმა მზემა, - სთქვა ეფემიამ და წაჰკრა მუჯლუგუნი კატას, - დაიკარგე აქედან, შე სასიკვდილევ, ეგ შნო ჰქონდეს, ცოდოს არ მოერიდებოდა, მაგრამ უნარი რომ არ გახლავთ! 

თაგვების ჯავრის ამოყრის იმედი ყველამ სათაგურს დაამყარა. იმის მომზადებას შეუდგენ. ეფემიამ ცეცხლზე დიდი კაკლის ლებანი მოშუშა. დააგო მავთულზე და ასე ფეხზე შემოყენებული დადგა განჯინაში, როცა ბავშვებს აუხსნა და თვალსაჩინოდ აჩვენა, თუ როგორ შეძვრებოდა თაგვი, როგორ დაუწყებდა ცუცნას ლებანს, მახე როგორ დასხლტებოდა და მოამწყვდევდა შიგ ავაზაკს. 

მცირე ვახშმის შემდეგ დაიძინეს. ბავშვებმა საშობაო საჩუქრები ბალიშ-ქვეშ ამოიდეს... ბუხრის-წინ მხოლოდ ღნავალა სთვლემდა, ხოლო ბუხრის გვერდზე ლობიოს სადუღარი მოჩანდა სახელოვან ციცხვით, ყორნის ბოლოსავით გაშავებულ სარქველიანად. 

 

– III –

 

სათაგვეთის სამეფოში დიდი ჩოჩქოლი ატყდა. განჯინიდან არაჩვეულებრივი, გულის წარმტაცი, ყნოსვის დამატკბობელი სუნი შემოდიოდა. მთელი გუნდი თაგვებისა დაიძრა ამბის გასაგებად; წინ მიუძღოდა სახელოვანი ფიცხელა, განთქმული სიმარდით, გულადობით და გამბედაობით; იმას მოსდევდა ცელქა, შემდეგ ცქმუნა, მერე კუდა, ფხორა; დანარჩენ თაგვების სახელს ვინ ჩამოსთვლის ან კი. მთელი ფარა იყო: სულ რჩეული ვაჟკაცები. როცა პირველად ჩამოიხედეს განჯინაში, ცოტა არ იყოს, შეკრთნენ: სათაგური დაინახეს. 

- ბიჭებო, აქ რაღაც ოინია! - წამოიძახა ფიცხელამ: - ჯერ ამისთანა რამ მე აქ არ მინახავს; არც ჯამსა ჰგავს, არც ქილაა, არც ბადია, არც საშაქრე, არც ბოთლი. სხვა რაღაც რამ არის საუცხოვო, საგანგებოდ მოწნულ-მოქარგული და ის მშვენიერი სუნიც სწორედ იქიდან მომდინარობს. ვხედავ კიდევაც, ლებანია ნიგვზისა. აბა, შეხედეთ, შეხედეთ, როგორ მარჯვედ მოსატაცებელია. 

თაგვებმა ცქერა დაუწყეს: ხან ერთი თვალით გასცქეროდენ, ხან მეორით. 

- მართლაც, საუცხოვო რამ მანქანაა, სიფრთხილეს თავი არ სტკივა. ჩვენ სამტროდ არ იყოს, ბიჭო, მოგონილი და! რაღაც იმნაირი რამა ჩანს. ჩემი გული და თვალი არ ენდობა, - სთქვა ცელქამ... 

- ჭეშმარიტებაა. - ჩურჩულებდენ სხვა თაგვები და ადასტურებდენ ცელქას მოსაზრებას. - უნდა ახლოდან გავჩხრიკოთ; მაგრამ ვინ გასჩხრეკს, საქმე ისაა! 

- აქ რას ვაკეთებ? ვაჰ, დედას ჩემი მტრისას... განა ეგრეც დავლაჩრდით, შევარცხვინო სათაგვეთი? - სთქვა ფიცხელამ. 

- შენ იცი! - დართეს ნება სხვა თაგვებმა: - მხოლოდ ახლო არ მიეკარო, შორი-ახლოდან გაჩხრიკე. ახლო არ მიეკარო, გირჩევთ, შორი გზა მოიარე, შინ მშვიდობით მიდიო, ნათქვამია. 

ფიცხელა პირდაპირ მიცუცუნდა. ლებანი სუნს თვალწარბში აბნევდა და უნებლიეთ იზიდავდა თავისკენ, მაგრამ ფიცხელამ გზა აუქცია კარებს და სათაგურს გვერდიდან მოექცა. შემოუარა რამდენჯერმე გარშემო. ვერაფერი სახიფათო დასახა, სადაც ერთი ლებანია დარჩენილი: უთავდარიგო დიასახლისს დავიწყებია, დაბრუნდა და თავის ამხანაგებსაც ესევე უამბო. 

- რას იტყვით, ბიჭებო?! - უთხრა ფიცხელამ თაგვებს: - მე საშიშს იქ არაფერს ვხედავ. გაბედავთ ვინმე შიგ შესვლას თუ ვერა? 

- მოდი, მოვერიდოთ, სულ თავი გავანებოთ ეგ რაღაც მანქანაა, გვაკლდეს ეგ ერთი ნიგვზის ლებანი, - სთქვეს თაგვებმა. 

- ჰაი, თქვე ლაჩრებო, თქვენა! ეგ არის თქვენი ბიჭობა, რომ ტრაბახობდით: მე ეს ვაჟკაცობა ჩავიდინე, მე ესაო? შეგირცხვათ ვაჟკაცობა. მე წავალ და მიცქირეთ, რა ბიჭია ფიცხელა! - სთქვა და გაემართა სათაგურისაკენ. ხოლო სხვა თაგვებმა სული განაბეს და შორიდან უთვალყურებდენ. ფიცხელა მარდად მიცუცუნდა სათაგურთან და ცოტა ხანს შესავალ კარებთან გაჩერდა! მიიხედ-მოიხედა. 

- არაფერი ამბავია, მშვიდობიანობაა, აქ რაა სახიფათო? ჰაი, თქვე ლაჩრებო, - წარმოსთქვა თავის ამხანაგებზე და შეჰყო თავი სათაგვეში. სულ მშვიდობიანობაა: თავში არავინა სცემს და გვერდში არავინა სჩხვლეტს. რაო? რა სჭირს? არაფერი, სრულიად არაფერი! ძალიან კარგად შეიძლება შეექცეს ფიცხელა ნიგოზს. დეე ამხანაგებმა შორიდან უცქირონ და ნერწყვი ყლაპონ. - მიუახლოვდა ლებანს და ოდნავ მოავლო კბილი, პირი გაიტკბარუნა. სრულიად დამშვიდდა, იმედი აიღო, რომ არავითარი უბედურება მას აქ არ მოელოდა და მოსწია კიდევაც მაგრა ლებანს. მაგრამ, აი სწორედ უბედურებაც ამ დროს მოხდა: სათაგური დასხლტა და ჩხაკანი მოისმა. თავზარდაცემული თაგვები გაფრთხნენ. ეგონათ, მათაც გამოუდგებოდა სათაგური. ფიცხელამაც იგრძნო თავისი შეცდომა. მობრუნდა ფიცხლად და გაექანა კარებისაკენ გასასვლელად. მაგრამ ამაოდ: კარები უკვე მაგრა, ძალიან მაგრა იყო დაკეტილი. ძალიან შეწუხდა, სული და გული დაეკეტა. ამხანაგებისაკენ გადაავლო თვალი; არავინ სჩანდა. - ჰაი თქვე მოღალატენო, თქვენა! - წარმოსთქვა მან: - გაიქცენ, დაიმალენ, როდი მოდიან და მეშველებიან. - შეახტა მაღლა სათაგურის ჭერს, მიაწყდა-მოაწყდა იქით-აქეთ კედლებს, ჰყოფდა ცხვირს მავთულებში, უსვამდა თათს, ღრღნიდა კბილით, - ამაო იყო ყოველივე ცდა, თანაც წრუწუნებდა. ტანზე ჭირის ოფლი დაასხა. ცოტა ხანს შეისვენა. ლებანი ისევ მთლიანად ეკიდა მავთულზე: ვის მოაგონდებოდა იმისი ჭამა. გულმა აღარ გაუძლო და შეუძახა თავის ამხანაგებს: - სად მიიმალენით, თქვე უნამუსოებო, აღარ მომხედავთ? ერთ-ერთი მაინც მოდით, ანდერძი დაგიბაროთ: მე მტრის ხელთა ვარ, მინდა გამოგესალმოთ. - თაგვებს ესმოდათ თვითეული სიტყვა ფიცხელასი და ჩოჩქოლი შეექმნათ. 

- მართლაც, - ამბობდენ თაგვები, - რატომ ასე ლაჩრულად ვიქცევით, ეს ხომ სირცხვილია. მივხედოთ იმ კაცს, საუკეთესო ვაჟკაცსა ვკარგავთ. - სთქვეს და დაემზადენ მისაშველებლად. ყველაზედ წინ ცქმუნა მიცუნცულდა ფიცხელასთან ვიშვიშით. 

- მოგიკვდა ჩემი თავი, - ამბობდა ცქმუნა და თან ცრემლებს იწმენდავდა თვალებიდან: - აბა, რაღა თავი ქვას ვახალო და როგორ გიშველო?! უნდა გაგეგონა, რომ გაფრთხილებდით! მეტად უჯიათი ხასიათი გაქვს, არ დაგვიჯერე. შენი თავიც დააღონე და ჩვენც. - უსვამდა ცქმუნა გარედან თათს, ცდილობდა გაეგლიჯა სათაგურის მავთული. 

- ნუ გეშინიანთ, ფიქრი არ არის: როგორც იქნება, გამოვალ. ნუ ტირით! მოკვდეს ბიჭი ფიცხელა, თუ ადამიანს ხელში ჩაუვარდეს! და თუ ვინიცობაა მოვკვდე და მტერმა გაიხაროს, შენ გეუბნები მარტო საიდუმლოს: ეზოში რომ დიდი ნიგვზის ხე დგას და გზისკენ მსხვილი ფესვი აქვს გაწვდილი, იქ ერთი ორმო თხილი მაქვს შენახული, ამოიღე და მოიხმარე. 

- შე გასახარელო, მაგისი დარდი მაქვს ეხლა?! - უპასუხა ცქმუნამ. თუმცა ნათქვამი ესიამოვნა და კარგადაც დაიხსომა. 

ამ დროს სხვა თაგვებიც მოვიდენ ჯარად და შემოერტყენ გარს სათაგურს. ყველამ სათითაოდ მიუტირა გალიაში დამწყვდეულს თანამოძმეს უბედურება. ფხორა მაღალი ხმითა ტიროდა, მოსთქვამდა; სხვანი ბანს ეუბნებოდენ. თაგვების ზარი გაიმართა, მაგრამ ისევ ფიცხელა უტევდა, ამხნევებდა: 

- ნუ ტირით, დანო და ძმანო! მე თქვენი ჭირის სანაცვლო ვიყო; მაგრამ ჯერ კიდევ იმედია დავეხწიო ამ წყეულ საპყრობილეს, - სთქვა ფიცხელამ. 

- საიდან და როგორ, მოგიკვდა ჩემი თავი? არ შეიძლება! - უთხრა ფხორამ. 

- სხვაფრივ თუ ვერა, ხეს გავჭრი კბილით, მაგრამ ეს ოხერი კბილი არ უდგება არსაიდან, - მიუგო ფიცხელამ. 

დიდ ვაებაში და საგონებელში ჩავარდა თაგვების გუნდი. ზოგნი ლოცულობდენ და ღმერთს ეხვეწებოდენ, დაეხსნა გაჭირვებიდან მათი თანამოძმე. სხვანი გარედან მახის მავთულებსა ღრღნიდენ, ტყუილად თავ-პირს იმტვრევდენ. გათენდა კარგად. უნდა წასულიყვენ თავ-თავიანთ ბინაზე. მაგრამ ფიცხელას მარტოდ-მარტო, უნუგეშოდ, უპატრონოდ დატოვება ემძიმებოდათ. 

ამ დროს ნემსა მისდგომოდა ფრცხელას, ჰბაქავდა და საყვედურით ავსებდა. 

- ჰეეე, ახია შენზედ! გეგონა შეგრჩებოდა, იმ დღეს რომ კაკალი მომტაცე და შეექეცი. ვერ ამოგშხამდა!.. ვენაცვალე ღმერთს, შენი ჯავრი რომ ამომყარა, გამობრძანდი რაღა, თუ კაი ბიჭი ხარ! - ეუბნებოდა ნემსა ნიშნის მოგებით. 

- გამოვიდე? მაშ შენ გგონია, სულ აქ ვიქნები? ვაი დედიშენის ღმერთს, თუ გამოვედი! მაშინ მიცნობ, როგორი ფიცხელა ვარ: იქნება შენი ქათიბის ბეწვი ნიავს აქეთ-იქით მიჰქონდეს. გიხარიან, რომ დავემწყვდიე? მოიცა, ჯერ გავთავისუფლდე და მაშინ ნახავ შენს სეირს! - ეუბნებოდა გაბრაზებული ფიცხელა. ცქმუნამ ვეღარ მოითმინა და ნემსას თავში თათი ჩაჰკრა. 

- განა ისეც დაეცა ფიცხელა, რომ შენც მაგას ეუბნებოდე, შე წუპაკო, შენა! განა ეხლა დროა საყვედურისა? დაიკარგე აქედან! - შეუტია ცქმუნამ. სხვა თაგვებიც ასევე მოეპარენ ნემსას და გააძევეს იქიდან. 

თაგვები ბჭობდენ, როგორ ეშველათ ფიცხელასათვის, როგორ დაეხსნათ იგი საპყრობილედან. 

- ძმებო, ამხანაგებო! - დაიძახა ბოლო დროს კუდამ: - მე ძალიან კარგი, კარგზე კარგი ხერხი მოვიგონე; თუ თქვენც დამეთანხმებით, ვცადოთ და, თუ არ გამოდგა, ჩამქოლეთ. 

- სთქვი და! თუ მოსაწონია, ჩვენც აქ მზადა ვართ, დაგეთანხმოთ, - სთქვეს თაგვებმა. 

- მე, იცით, რასა ვფიქრობ, - განაგრძო კუდამ, - ეს რაღაც წყეული მანქანა შემოიტანა ამ ჩვენს სანადიროში შეჩვენებულმა ადამიანის ხელმა, რომელმაც შეიპყრო ჩვენი ძვირფასი ძმა და მეგობარი, სახელოვანი ფიცხელა, უნდა აქედან გადავკარგოთ. შევებნეთ ყველანი შიგ, შინ ავათრიოთ და იქ დავლეწოთ, დავამსხვრიოთ, რომ ერთი ნამცეცა ნაჭერიც არსად მოიპოვებოდეს მაგისა ამ მიდამოში, თორემ განა მარტო ამ ზარალს გვაკმარებს? ბევრს სხვას უმეცარს ჩვენის ტომისას იმსხვერპლებს ეგ მანქანა. 

- მართალია, მართალი! ყოჩაღ, კუდავ! - დაიგრიალეს თაგვებმა ერთხმად: - მშვენიერი აზრია, მშვენიერი! - ფიცხელასაც ამ საუბარზე მეტი გული მოეცა და უფრო მამაცად და მარდად დაიწყო სათაგურში სირბილი და ზედ ბღოტიალი. - აბა შეუდგეთ საქმეს; დაგვიანება ხელს არ მოგვცემს: მოგვასწრებენ და ავს დღეს დაგვაწევენ. - თაგვები ერთად მიეხვივნენ სათაგურს. ცელქამ ჩასჭიდა კბილი კუდზე, ცელქას ფხორა მოეჭიდა, ფხორას - კუდა, კუდას - ცქმუნა, იმას სხვა, იმას სხვა, და გაიჭიმა გუთნეულ ხარ-კამეჩებივით თაგვების გუნდი. 

- აბა გასწით, ბიჭებო, გასწით, თქვენს ღმერთს ვენაცვალე! - აქეზებდა შიგნიდან ფიცხელა! - დაიძრა, მივდივართ, შინ მივდივართ! - მართლაც, თაგვებმა ერთს გოჯზე გაათრიეს სათაგური და უფრო გამხნევდენ. 

- ნუ გეშინიან, ძმაო ფიცხელავ! მოკვდეს ფხორა, თუ მტრის ხელში ჩაგაგდოს! - უთხრა ამან ფიცხელას, როცა თაგვებმა სულის მოსათქმელად შეისვენეს. - შეისვენეთ, დაისვენეთ, უფრო კარგად გასწევთ! - ეუბნებოდა თაგვებს ფხორა. 

- ეს რა კარგი რამ მოიგონა კუდამ, ვერ უყურებთ?!. - ამბობდენ თაგვები: - მეტის მოგონება შეუძლებელია!.. - კუდა თავმომწონედ ულვაშებს აცმაცუნებდა. 

- მაშ თქვენ გეგონათ, მე თავში ბზე მიყრია? არა, ძმობილებო, მეც ჩემი ჭკუითა ვცხოვრობ. იცით, რა ოინები გამიწევია, სად გამძვრალვარ, სად გამომძვრალვარ, სად გადამხტარვარ?! მე ეს კუდი სათაგურმა არ მომაკვნიტა? ის სულ სხვანაირი იყო, მაგრამ გამოვუსხლტი მაინც ცოცხალი და დავიძარ. მას შემდეგ ე მაგისთანა ოჩხომაჩხო რაც შემეჯახება, მუდამ გზას ვუქცევ, ვერიდები. ან კი ძალად თავი რად უნდა გაიფუჭოს კაცმა! გიჟი ვარ? კაკლიანს, თხილიანს კოდში ან გოდორში შავძვრე! რა ჭკუა იყო, რომ ერთი ლებანისათვის ფიცხელამ თავი გაიფუჭა?! 

- თუ ჭკუა არ იყო, ვაჟკაცობა ხომ იყო? - სთქვა სათაგურიდან ფიცხელამ: - მაგის მეტი რა გეთქმით ან კი? ვაჟკაცის გული სულ სხვაა, თქვენ რა ვაჟკაცები ხართ მერე? სათაგური რომ დასხლტა, თქვენ დაფთხით: გეგონათ, უკან გამოგეკიდებოდათ; მაგრამ უნდა გენახათ, მე როგორი ომი ავუტეხე და როგორ გადავკაწრე მავთულები... მაშ! 

ის იყო გათენდა, როცა თაგვებმა სათაგური თავიანთ საძრომ-სათარეშო ხვრელთან მიათრიეს და რაც ძალი და ღონე ჰქონდათ წრიპინებდენ, წრუწუნებდენ, ამხნევებდენ ერთიმეორეს, ბეჯითად გაეწიათ და აეთრიათ სათაგური, მაგრამ ვერაფერს ხდებოდენ. ვერ მოისაზრეს, რომ სათაგური ხვრელში არ გაეტევოდა, და მაინც თავებს აკლავდენ. 

 

– IV –

 

მღვდელმა წირვა ჩვეულებრივზე ადრე გამოიყვანა: ასე თერთმეტი საათი იქნებოდა, რომ საყდრიდან ხალხი გამოიშალა. წირვაზე მხოლოდ ესტატე და მისი რძალი სოფიო იყვნენ. ეფემია-კი სახლში მზარეულობდა, სტუმრებს მოელოდა.

ჩვეულებისამებრ ამ საუფლო დღეს ძია ესტატე უსტუმროდ არ დადგებოდა. ეფემიამ ყველაფერი მოამზადა. ღვინოც ამოიღო ქვევრიდან დოქებში და აგერ ესტატეც გამოჩნდა თავის სტუმრებიანად.

წინ მღვდელი, მოხუცებული მაქსიმე მოდიოდა, წითელს ბზის ჯოხს მოიბჯენდა, თეთრი წვერი გულ-მკერდზე სცემდა, გაჟინჟღილებული სახით მხიარულად მოლაპარაკობდა. იმას გვერდით მოსდევდა დიაკვანი, მასწავლებელი სპირიდონი, “ატსტავნოი” კაპიტანი მიხეილი. რუს-ოსმალეთის ომის დროინდელი გმირი, რომელიც სოფლად ცხოვრობდა თავის მამულში და თავის სიცოცხლეს ატკბობდა, გუნებას იხალისებდა წარსულის მოგონებით, გლეხებთან თავის ვაჟკაცობაზე და გმირობაზე საუბრით. იმათ მოსდევდა რამდენიმე გლეხკაცი.

ეფემიამ, დაინახა რა მომავალი სტუმრები, მაშინვე შეუდგა სუფრის გაშლას და გადაფინა ტახტზე გრძელი, ლურჯი სუფრა, დაალაგა პურები, დადგა შუა სუფრაზე “ბლუდი”, რომელზედაც ჯერ ისევ ორთქლი ასდიოდა აღმა ფეხებაშვერილს დედალს; ჩაამწკრივა ბოთლები; დაალაგა სხვადასხვა სანოვაგე. აგერ სტუმრებიც შემოქუჩდენ დერეფანში და აუტეხეს ფეხებს ბრახა-ბრუხი: იყრეინებდენ ფეხსაცმელებიდან თოვლს და ტალახს. 

- მობრძანდით, ბატონებო, მობრძანდით, არაფერი უშავს, ნუ შესწუხდებით, იატაკი არ გაფუჭდება, - უთხრა სტუმრებს ეფემიამ, რომელიც წინ გაეგება და გულმოდგინედ ეპატიჟებოდა სახლში. 

- მოგვილოცნია დღესასწაული, დაესწარით მრავალს მეუღლით, შვილებით! - ულოცავდენ სათითაოდ სტუმრები. 

- გმადლობთ, თქვენიანად! - უპასუხებდა დიასახლისი და თან თავს უკრავდა ყველას. 

- აბა მზადა ხარ, ეფემია-ქალო?! - დაეკითხა ესტატე მეუღლეს: - გვშიან, აი, მამა მაქსიმე სულ მუდამ იმას გვიბრძანებს ხოლმე, პური და ღვინო ახარებს გულსა კაცისასაო, - დააბოლოვა სიცილით ძია ესტატემ. 

- ღვთის მოწყალებით ყველაფერი მზად არის, - წარმოსთქვა ეფემიამ. 

- ოღონდაც რომ ახარებს, - სთქვა მამა მაქსიმემ და ესევე გაიმეორეს სხვებმა. მიიპატიჟა ესტატემ სტუმრები სუფრაზე და ესენიც დალაგდენ, ზოგნი მუთაქაზე მოკეცით, სხვანი ჩიკებზედ. არყით დაიწყეს. თამადობა ყველამ ესტატეს მიულოცა, ჯერ ერთი - როგორც ნაკურთხს, საზოგადოების ამორჩეულს, და მეორეც - როგორც მასპინძელს. ესტატე პირველად უარზე დადგა, ბოლოს დასთანხმდა. გაჩაღდა სმა-ჭამა. ძია ესტატემ პირველ სადღეგრძელოსთანავე მრავალ-ჟამიერი შემოსძახა. 

თაგვები რაღას შვრებოდენ?.. - ეწეოდენ სათაგურს, რაც ძალი და ღონე ჰქონდათ, თან ადამიანებზე, იმათ ქეიფზე ბრაზობდენ: ჩვენ ვტირით, ეგენი იმღერიანო. არაჩვეულებრივი ფეხების ფხაკუნი ასტეხეს, თან სხვადასხვა სუნი აბრაზებდათ. განჯინა, როგორც უწყით, იქვე ტახტის თავში იყო, ასე რომ ძია ესტატე განჯინის ძირითა პირს თავს ახვედრებდა. სტუმრები და მასპინძლები კარგად შეზარხოშდენ. 

- ქალო, ეფემიავ! - დაიძახა ესტატემ, - ამ განჯინაში რაღაც ამბავია. 

- დამიდგა თვალი! - წარმოსთქვა ეფემიამ და ორი თითი მიიდო ტუჩებზე გაკვირვების ნიშნად. - ფაცა-ფუცში სათაგური როდიღა მომაგონდა: უეჭველად თაგვი გაებმებოდა, - წარმოსთქვა ეფემიამ და გაემართა განჯინისაკენ. 

- განა ერთი, დედაკაცო, აქ ისეთი ხმაურობაა, რომ იქნება ასი ერთად დაგიჭიროსთ სათაგურმა, - სთქვა ესტატემ. 

- ხმაურობა დიდი ხანია ისმოდა, მაგრამ ყურადღება არ მივაქციეთ, - სთქვა მასწავლებელმა და სხვებმაც შეუმოწმეს. 

ეფემიამ განჯინა მარდად გააღო; სათაგურს სწრაფად ხელი დაატანა. შიგ თაგვი შენიშნა; ხოლო სხვა თაგვები ვერ დაინახა, რადგან განჯინაში ბნელოდა. სათაგური გადმოიღო და აი საკვირველება! - მთელი აკიდო თაგვებისა თან გადმოჰყვა: ცელქა, ფხორა, ცქმუნა, კუდა, ეცა, ბეცა და სხვანი მრავალნი.

ამ სურათზე ყველამ თვალები სჭყიტა, ჭიქები ხელში გაუჩერდათ და პირღიად დაუწყეს ცქერა. თაგვები მაგრა ჩასჭიდებოდენ ერთმანეთს ამხანაგის საშველად. მაგრამ რადგან შველა აღარ შეიძლებოდა, უშვეს ხელი ერთმანეთს: ზოგი აქეთ ეცა, ზოგი იქით. ცელქამ მღვდელს ღვინიანი ჭიქა დააქცევინა და ამანაც: “აი შე წყეულოვო”, მიაყოლა თან; კუდა მასწავლებელს გადაახტა თავზე, ცქმუნა კაპიტან მიხეილს მიახტა ზედ გულზე და იმან ხმლისკენ წაიღო მტრის მოსაგერებლად ხელი ჩვეულებისამებრ, მაგრამ ამ დროს ზედ არ შერჩა; ფხორა მამასახლისის წვნიან ჯამში ეცა და სულ დაიბუგა ფეხები. ბეცა თვალ-პირში ეცა ღნავალას, რომელსაც გზირი სოსია სთავაზობდა გამოხრულ ძვლებს, მაგრამ იმან, თითქოს აქ არაფერიაო, ყურიც არ გაიბერტყა. 

ასტყდა სახლში აურზაური: “ჰაი თქვე წყეულებო!” “დაგწყევლოთ ღმერთმა!” “ვაჰ, რა ამბავია?” - გაისმა აქეთ-იქიდან, ქეიფის ნირი გააფუჭეს თაგვებმა. თუმცა ეცინებოდათ სტუმრებს, მაგრამ თანაც სწყინდათ: მასხარად გვიგდებენ, თუ რა არისო.

თაგვებმა თავს უშველეს; დარჩათ ხელში მარტო ფიცხელა, და მოინდომეს იმაზე ჯავრის ამოყრა. მოითხოვეს სადგისი. უნდა დაეჩხვლიტათ. ეფემია ყველაზე მეტად ბრაზობდა. ფიცხელა აღარ ინძრეოდა; გაფითრებული დაბლიდან აძგვლენდა საბრალოდ თვალებს. გადაწყვეტილი ჰქონდა თავისი ბედი.

“ააჰ, რაზბონიკ!” - გადაუტრიალა თვალები მიხეილმა. ყველა იმ აზრზე დადგა, რომ დაეჩხვლიტათ ფიცხელა, მოეკლათ სათაგვეთის გამოჩენილი გმირი და ისიც გულჩათუთქული, მუხლმოკვეთილი მოელოდა სიკვდილს. დაუპირეს ფიცხელას მოკვლა, დაჩხვლეტა, წამება, მაგრამ მფარველად ესტატე დაუდგა. 

- არა, ბატონებო, მე, როგორც თამადა, ვათავისუფლებ თაგვს, რადგან დღეს საუფლო დღეა, და ეგ თაგვიც ალბათ რითიმე შესანიშნავია, რომ თავის თანამოძმეთა თანაგრძნობა მოუპოვებია. ხომ ნახეთ, როგორ ეშველებოდენ თაგვები და უნდოდათ მისი გათავისუფლება. უნდა გავათავისუფლოთ! ზოგი ღვთის გულისთვის, ზოგიც მე მიხათრეთ! - რა გაეწყობოდა, დაეთანხმენ ძალაუნებურად ესტატეს, და ეფემიამ ფიცხელა სათაგურიდან გაუშვა გარეთ თოვლში, რომ ეგები იქ მაინც მომკვდარიყო.

ფიცხელა ფხაჭა-ფხუჭით გარბოდა, თოვლისას ბუქს აყენებდა და გამალებული ეცა ბეღლის ქვეშ... როგორ უხაროდა! ახლა რას ეტყოდა თავის ამხანაგებს, რამდენს ტყუილს შეხანხლავდა!.. 

სტუმრები ჰკვირობდენ თაგვების ამგვარ ერთმანეთისადმი შებრალებას და თანაგრძნობას. მასწავლებელმა ეს განმარტა და რამოდენიმე მაგალითი მოუყვანა ფრინველებისა და ცხოველების ცხოვრებიდან... 

ქეიფი განახლდა. ესტატე განაგრძობდა სადღეგრძელოებს; თაგვები დაეძებდენ ერთიმეორეს... 

როცა ესტატემ და მისმა სტუმრებმა გაათავეს ქეიფი, თაგვებმა სწორედ მაშინ დაიწყეს. შეიყარნენ საღამოზე ერთად, დაჰკრეს დაფს, დოლს, დაირას, დუდუკს, ზურნას; ლეკურს თამაშობდენ, მღეროდენ, ფიცხელას ცაში ისროდენ, ხელზე იქორქორებდენ; ეს უკანასკნელი ბაიათებს ამბობდა, ამაყად გამოიცქირებოდა, გამარჯვებას დღესასწაულობდა. 

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ვაჟა- ფაველა  • • •   ვაჟა-ფშაველას პოეზია/პროზა

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ