მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 16230 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

ლასტის კარს გააღებ და პატარა რუზე გადახვალ. რუში მომწვანო წყალი მორაკრაკებს, შიგ ცხვირისატეხელები და მატიტელები დგას.

თუ დააკვირდები, ის ცხვირისატეხელები და მატიტელები ქანაობენ, თრთიან.

ახლა უკვე გახურებული არაყის ხდაა და წყალი, ალბათ, ცოტა ღვინისფერიც იქნება. სუნიც ღვინისა იდგება, ღვინისა და კაკლის წენგოსი.

შეიძლება, რუს ნაპირებს თხელი ყინულიც გასდევს, კიდეებგაბრწყინებული თხელი ყინული.

საურმეში ჩარჩენილი ტალახი ლამაზად იქნება დაზოლილი ტყიდან მომავალი ოთხთვალების მიერ.

იქნება ცხენის ნაფლოქვარებიც, ხავსიანი ხმელი მუხის ქერქებიც, ჩაღრმავებულ ადგილებში ჩაზლაყუნების დროს რომ ცვივა ხოლმე შეშადადებული ურმებიდან.

ეს ხმელი ქერქები მოგაგონებს იდუმალებით მოცული ტყის ზღაპრების ნაწყვეტებს.

გზის იქით კი, შეფერდებულში, მწვანე შუქი დგას, - ჟუნჟრუკი მოსდებია ფოთოლგაცვივნილ ვენახებს. შიგადაშიგ სხვადასხვა ფერის ხბორები გაფანტულან და გუნებაგამორჩევით სძოვენ.

ბილიკზე, ჩრდილიან კბოდის ძირში, ციკნისყურასა და მრავალძარღვაზე ჯერ ისევ იქნება შემორჩენილი თრთვილი. 

ვენახის თავში გულაბების ფითრიან ტოტებს ფათქა-ფუთქით და წრიპინით ესევიან ჩხართვები.

იმ გულაბების უკან, გაქუცულ სერზე, არქაული სიმშვიდით დაფამფალებენ ჭუჭყიანი, მატყლში ძურწაჩაკრული ცხვრები.

ძეძვის ძირში მიმჯდარა ნიბლა ესტატე და გრაკლის ჯოხს აჭრელებს ბალღებისთვის.

ზემოდან, სერზე გამომავალ გზაზე, გუდურებაკიდებული სახედრები ჩამოდიან, მოაფხაკუნებენ გუდურების ბოლოებს ხრიოკ, ალაგ-ალაგ ღორღიან მიწაზე.

იღლიაში სახრეამოჩრილ ბიჭებს ჯიბეები ზღმარტლით აქვთ სავსე, თან რაღაცას მოლაპარაკობენ და თან იმ ზღმარტლს ჭამენ. შეხვდები, გამოგღიმებენ და მეგობრობის ნიშნად გვერდულად შემოგიღრენენ: „ჰა, ვერან!“ თანაც ზღმარტლს გამოგიწვდიან: „აჰა, ჭამე“. 

სერზე რომ ახვალ, უეჭველად შეჩერდები, ქარს ამოიღებ, მიმოიხედავ... ეუჰ, რა სივრცეებია გადაშლილი შენ წინ!

აქეთ, დასავლეთით - რიყეში ჩაკარგული იორი, იორს იქით, გორაზე - უჯარმა და მუხროვანი, ქვემოთ - მუღანლო, - თათრების სოფელი, - იმის ქვემოთ - სართიჭალა, იმის ქვემოთ - სასიანო, თეთრქვა, ქოჩორა... დასცქერი მაღლიდან და ასე გგონია, ამოდენა მიდამოს ბატონ-პატრონი შენ ხარ, გაიქნევ ხელს და ჯადოქარივით შენს ნებაზე აამოძრავებ ყველაფერს. 

სერს იქით, აღმოსავლეთით, ტყეწვრილი ჩადის დაბლა-დაბლა, იქ ძირმიწებია, ნასიმინდრები, ნახნავები; ზაფხულში მარწყვი იცის, ზოგჯერ წითლად არის ხოლმე გადაღუებული ძეძვის ძირები.

ახლა მოწყენილობაა, შეიძლება, ყორანი ყრანტალებდეს, საიდანღაც ქარისგან ატაცებული ფოთოლივით შემოფარფატებული. ძირმიწებს მოქურუშებული შავკაციანთ სერი წამოსდგომია თავზე... 

ტყეწვრილში თრთვილი დევს. ხეები სულ ჩამოწმენდილან, მხოლოდ ახალგაზრდა მუხებზე შერჩენილა გაფხოკილი, დააფრაკებული ფოთლები და, ნიავი რომ წამოუბერავს, თხილის ნაჭუჭებივით ჩხრიალებენ.

დიდ ტინებთან სასიამოვნოდ ხასხასებს რბილი, მაღალი ხავსი. ახლა იმ ხავსსაც თრთვილი ექნება დადებული, ხელი უნდა გადაჰკრა, გადაბერტყო და უფრო სასიამოვნოდ დაიწყებს ხასხასს.

ჭახჭახით გადადიან ბუწკნარიდან ბუწკნარში საზამთროდ დასუქებული, ფერდაპეწილი ყვითელნისკარტა შაშვები.

რბილი სკუპ-სკუპით გადასჭრის ბილიკს ზურგზე წაბლისფერგადაკრული კურდღელი, ჩაჯდება უკანა ფეხებზე, მოგხედავს, დაფეთდება და გავარდება ყურებგალურსული სერ-სერ.

თუ მელია შეგხვდა, ის ნელა, ლანდივით უხმაუროდ გადაგითრევს წინ თავის გრძელ, ფუმფულა კუდს და შეიკარგება გოხებში. 

აქედან შეიძლება დაინახო დიდი ტყიდან მომავალი მოწყენილი ურემიც ან მანქანა... 

მერე აჰყვები შავკაციანთ სერს. ჯერ ახვალ მუხიანში, მერე და მერე ღვიაც გამოერევა, წაგიცდება ხელი, მოგლეჯ ჩხვეტანაწიწვებიან ტოტს, გასრეს იმ წიწვებს და მთელ დღეს აღარ მოგშორდება ღვიის საამური სუნი.

აქ ტყე ჩაშავებულია, ჩაიდუმალებული. ხევ-ხევ ამავალი გზა ხმელი ფოთლებით არის სავსე.

ახვალ სულ მაღლა და, ტყე რომ გათავდება, წმინდა ქუჩი ბალახით მოთებოვებულ ამობურცულ ველში გახვალ. ეს არის შავკაციანთ სერის რბილი, რბილი თხემი.

ამ თხემიდან რომ ჩრდილოეთისაკენ გაიხედავ, თუ ცა მოწმენდილია, ჩალურჯებული, ჩახორხილი, ტყიანი და ჩამოხვეწილი მთების უკან თეთრ ლამაზ მწვერვალს დაინახავ.

ის გასაოცრად ერთფეროვნად დგას ზამთარშიც და ზაფხულშიც, - სულ თეთრი. ხანდახან თუ წამოედება ლეგა ღრუბელი, ან მოსცილდება, ანდა მზე მოავარაყებს ოქროსფრად. მაგრამ აუწერელი ძალით იზიდავს ადამიანის თვალს.

ბიჭი საგანგებოდ ამ მწვერვალის დასანახავად ამოდის ხოლმე (თან წალდი მოაქვს, თითქოს ფიჩხზე ან წნელზე იყოს წამოსული).

დგას და გაჰყურებს გულისცემით. ასე რომ ვეღარ უძლებს, ჯდება, ზოგჯერ წვება კიდეც და ხან თვალებდადიდებული იყურება, ხან თვალებმოჭუტული. ჯიბეში ვაშლები აქვს, ამოიღებს და მადიანად ჩაკბეჩს... 

ბიჭმა კლასს გადახედა. მთელი კლასი მას მისჩერებოდა დაინტერესებული, დამცინავი ღიმილით. 

- არ გესმის, შინდელაშვილო, - დაუძახა მასწავლებელმა, - გაიმეორე, რას ეწოდება ადგილის გარემოება. 

ბიჭი წამოდგა, ხელები მერხის კალთებს ქვეშ ამოაწყო, თვალებში ისევ გაურკვევლობის ბურუსი ედგა. 

- ვაი, შენს პატრონს უბედურს, ჰგონია, სკოლაში გამოგგზავნა შენც! - ზიზღით თქვა მასწავლებელმა, მაგიდიდან ბლოკნოტი აიღო და წითელი ავტოკალმით რაღაცა ჩაინიშნა. 

- გაიკარ ორიანი, ბიჯო?! - კახურ კილოზე გადმოსძახა უკანა მერხიდან ყველაზე დიდმა ბიჭმა. 

კლასი ახარხარდა. 

- რა ამბავია! - იყვირა მასწავლებელმა. 

შინდელაშვილი დაჯდა, თავი ჩაღუნა და ქვედა ტუჩს კვნეტა დაუწყო. მის გვერდით მჯდარმა გოგონამ შეამჩნია, რომ წვრილი, შავყვითელი თითები საბრალობლად უკანკალებდა. 

ქუჩაში ტრამვაის ბუგელმა კაშკაშა, ბრაზიანი ცეცხლი გაუჩინა მავთულს...

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ