I
მთებმა დახუჭეს თვალები. აღარ შფოთობენ საფლავში გმირთ ოფლის მღვრელი ძვალები. ქარი ქვითინებს... ღრუბელთა ზარი თქვეს შესაზარები. გული ვერ მოუფხანიათ, ცრემლი სდით ალაზნიანი; ჩარეცხეს, ჩაალამაზეს მთების გულმკერდი კლდიანი. გაცოცხლდა, ცას ემუქრება ღრმა ღელე, წყარო - ფშიანი. გადაიკრიფნენ ღრუბელნი, ქუჩი გაწირეს ცვრიანი. გაივსო რძითა მთათ ძუძუ, დაუშრომელად რძიანი. მოგესალმებით, ქედებო, მომაქვს სალამი გვიანი, ჩემსამც სამარეს ამკობენ თქვენი დეკა და ღვიანი! თქვენგანა გულობს ეს გული, შიგ გრძნობა უდუღს ღვთიანი. თქვენი მიწოვავ მეც ძუძუ, ღალიან-ბარაქიანი. ნუმც გაჯავრდება პირიმზე, ნუმც დამწყევლიან იანი, რომ იმათ დედის ძუძუთა ვსუქდები ცოდვილიანი. მეც მიგემებავ იგი რძე, რითაც თქვენ დაიზარდენით; თქვენავე გარგებსთ, დობილნო, თუ უხვად დაიხარჯენით!
მუხა-იფნებით ფარული. იქ ჰყრია დიდი ლოდები შავფერი, ციხის-კარული, ლიბო-დათხრილი კოშკები, უმზეოდ ჩამოგვალული. ბერი ტიროდა დიაცი, ისმის ქვითინი ქალური. რამდენი სიპები აწყვავ! მოსჩანს აკლდამის პირები. გმირთა სამარეს, როგორც ხატს, სამთხვევლად დავეღირები. ეს ფშაველთ სალოცავია, დღეს დღეობაა ამისა. არ ვიცი, თვალი მატყუებს, - მიშლის წყვდიადი ღამისა! ხალხს ნუთუ დაჰვიწყებია წმინდა გიორგი თავისა?! ეს რაღაც ცუდს საქმეს ჰნიშნავს, მომასწავებელს ავისა. საჯარეს დიაცს რა უნდა? არ თუ ეშინის დავისა? მარტოს აუნთავ სანთლები და ხატიც უდიდებია; მარტოს დაუკლავ საკლავი, თვითონვე უტყავებია; მარტოდ-მარტოკას დიაცსა ხატ-ღმერთი უხსენებია! აქ არც ხევისბრის ხმა ისმის, არსად ფშაური ღრეობა. ვინ გიჟი იტყვის იმასა, რომ დღეს აქ იყოს დღეობა?! ბრალადა ბჟუტავს სანთელი, ცრემლი წინ უდგა გუბედა. მტრისამც დედასა გველი ჰკბენს და ჩაუძვრება უბედა, - გმირთა აღმზდელთა ძუძუებს გაიხდის თავის ბუდედა!
კაცი გამოჩნდა უცხო რამ, ჩამოგლეჯ-ჩამოწეწილი, ერთი ყარიბი, უშნო რამ. სანთლისა შუქზე წამოდგა დატანჯულისა ფერითა, მხარზე თოფ-გადაგდებული, გაბუდებულის წვერითა, დანჯღრეულ ქარქაშიანი ხმალი წელს ერტყა წნელითა. ადვილად საცნობი იყო კაცი ფშაურის ერითა. დადგა, დაეყრდნო თოფის ტუჩს, ცრემლებს იწმენდდა ხელითა, იზიარებდა ბებრის დარდს სახის შეჭმუხვნით ხმელითა. თავის დარდებში გართული დიაცი მიჰხვდა ვერასა, ტიროდა, ემდურებოდა ხოშარელთ ბედისწერასა. გულს იმჯიღავდა, ჰკითხავდა ნანგრევებს ცრემლის დენითა: “სრულ ჩვენ რადა ვართ ტანჯვაში, კვნესა რად ისმის ჩვენითა? როდემდის უნდა ვსტიროდეთ, მიწა ვასველოთ ცრემლითა? ან მიწა რად არა ძღება დამდნარის გულის წვენითა?! როდემდის უნდა ვიბანოთ სისხლით პირი და ხელები? შვილთა მაგივრად დედებსა ძუძუს გვიწოვდეს გველები?! როდემდის უნდა ფეხითა ვლახოთ ჩვენივე წელები, ცეცხლები გვერტყას ათასი, გულის, გონების მწველები?! ვაჰმე, გაგვიწყდა, აღარ გვყავს ამ ფშავის ხევის მცველები!” დიდხანს უცქირა უცნობმა მოხუცის მოთქმას მწარესა; მიჰხვდა, რომ უბედურება სწვევია ფშავის არესა. ათრთოლებულის ხმით ჰკითხავს უცნობი უცნობს დიაცსა:
ვისას რა მოსთქვამ ზიანსა? - ვერ გაიგონა ნათქვამი, ისევ ზარს ამბობს ხმიანსა... - შენ გეკითხები, დედაო, რად ჰსვამ ბალღამით ფიალსა?
კაცი ვიხილე თვალითა. - ადგა და ჯოხზე დაეყრდნო ხანხალით, ძალის-ძალითა. - - მოხვედი, შვილო, მშვიდობით, შვილო, წყალობა ხატისა! აღარ მეგონა, თუ მამრი კიდევ მიწაზე დადისა...
შენთა შვილთა და ქმარისა. ერთს გკითხავ, დედა-შვილობას, მითხარ პასუხი ამისა; დიაცს ვინ მოგცა ის ნება, საქმე აკეთო მამრისა? ვფიქრობ, დროება დამდგარა იმ მეორ-მოსვლის წამისა. ხომ არ აყრილან ფშაველნი, ჩქამ რო არ ისმის ხალხისა? როგორც მინახავ, არ არის ლხინი კაცის და ქალისა. შენობა მინდა გავიგო, ვარ თქვენის მიწა-წყალისა.
უკლოსი, ბედით შავისა, დავკარგე ყველა თვის-ტომი, ვინაც-კი მყვანდა თავისა... წარღვნა დაგვეცა ხოშარელთ წყეულის თათრის ჯარისა, მამრთა შააკლეს მტერს თავი, ხსენება გასწყდა კაცისა. გასუქდა ხოშარის გორი სამარეებით ხშირითა. ვინც დავრჩით ცოცხლად დიაცნი, დახოცილებსა ვსტირითა. ჩვენ რო გვნახავენ მტირალთა, ბალღებიც ატირდებიან; გლოვის მიზეზსა გვკითხავენ, დედებს რო გვაკვირდებიან; არ მიიღებენ პასუხსა, უფრორე აყვირდებიან; ძუძუთ ვათირებთ ბალღებსა, რძისთვინ რო აბირდებიან! რად გვინდა დედებს შვილები? რაზე ვსწვალდებით, ნეტავი? გაჰზდი, გალაღებს ვაჟკაცი, ლამაზი, გორის მდრეკავი. გალაღებს, მაგრამ ტყუილად: დღეს მთელი, ხვალე მკვდარია; მოვა, წაიღებს უეცრად სისხლისა ნიავ-ღვარია! პირსისხლიანის მსინჯველი შვილის, დუშმანიმც არია! სანათაი ვარ მე, შვილო, აფხუშოური ქალია, აქა ვარ გამოთხოვილი, ბერიძე მყვანდა ქმარია. შვიდი გავზარდე ვაჟკაცი, თითო ლომისა დარია. შვიდივ გამიწყდა ერთ დღესა, მამაც იმათთან მკვდარია. ხოშარის გორზედ დავმარხენ, თავზე დასტირის ქარია. ორს კვირას საფლავებ ვსთხარე, იმათ თავშესაფარია. - რა ეს სთქვა, ამოქვითინდა, ღვარა ცრემლები მწარია. - ჩემს ქმარ-შვილებთან ბევრს სხვასა გამოეჯარა კარია. ვინ ემსახუროს, მაშ, ხატსა? მაშ ვინ აუნთოს სანთელი? მაშ ვინ დაგვიკლას საკლავი? ვინ მოაკმიოს საკმელი?! უკაცურთ კაცობა გვმართებს, მანამ სული გვჩრავ პირშია. ხატიც შაგვინდობს ცოდვასა, რო გვნახავს გასაჭირშია. ეხლა ის მითხარ, დედილას, სადაური ხარ, ვისია? იქნება ჩვენობა გეთქმის, იქნება იყო სხვისია?
მეც ბევრი ვნახე ჭირია. ოცს წელს სრულ სხვის შვილადა ვარ, სამშობლო გამიწირია, მათურელი ვარ ძირადა, სახელად მქვიან კვირია, ჩემფერა უკეთურები ყუნჭებიც ბევრი ჰხირია. ფშავს უბინადროდ რჩენილი, წაველ საძებრად ბედისა, - ვაჰ, მოგონება ჩემის დღის დამსხმელი არი რეტისა! მზიდველი არი ეს ქედი ტანჯვისა მეტის-მეტისა. ჩემი ამბავი შორს წავა, მოკლედ რო მოვსჭრა სჯობია: ვინ არ გეტყოდა ჩემს ამბავს, ვინაც-კი ჩემი მცნობია; ობლობის, ბეჩაობისა დღესაც ზედ მაძე ობია. სად სიცივეში ვგდებულვარ, ორ-კვირაობით მშიერი, - არც ისე დროულიცა ვარ, უცხოს ვგონივარ ხნიერი... ოცი წელია მწყემსად ვარ, - თუშეთს, უცხოსა მხარესა, - და ფშავის ხევის სტუმარსა მარტო ვხედავდი მთვარესა. საბაროდ გადმამავალთა ამბავს ვკითხავდი წეროთა, - რა წერილობას გაგვიწევს, თოვლზე ამბავი ვწეროთა? ოცს წელს მიწა მაქვ ლოგინად, ცა მახურია საბნადა; ავდარში შავი ნისლები ტანზე მეხვევა ნაბდადა.
ოცს წელს ნამყოფი სხვაგანა?
ურჯულო თათრებისგანა: დათარეშობენ... კახეთი მისცეს ქარსა და ნიავსა; საცა ჰსურთ, ყურძენსა სჭამენ, საცა - ჭანჭურს და ქლიავსა, აწიოკებენ ქალ-რძალსა, ნამუსსა ჰხდიან ძალადა. ჰკრეფავენ ურჯულოები სილამაზესა ლაღადა. არა ჰზოგავენ, დედილამ, ვინც-კი მაუათ თვალადა. მთელი კახეთი ქცეულა ჩიქილა-მოხდილ ქალადა. არა სჩანს ხელის შამქცევი, მტრის ამომყრელი ჯავრისა, კაცი არ ჩნდება შამყრელი და წინ გამძღოლი ჯარისა. იქ, ჩვენთანამდიც მოდიან, ცხვარსა ფარობით გვტაცებენ. არვინ გადურჩათ რჯულ-ძაღთა, ყველას ბეგარას ადებენ. ვისაც ჰკვლენ გზა-გზის პირებზე, თავებს მარგილზე აგებენ. შადიან სხვისა სახლშია, კარს უკრძალავად აღებენ. დაჯავრდენ თუშნი, რო ნახეს ქვეყანა ნაოხარია. პირი ქნეს, იმათ წინ უძღვის ზეზვაი საოცარია. სუყველამ ტანზე აისხა აბჯარი საომარია. მე გამომგზავნეს საჩქაროდ ფშავს და ხევსურეთს მზირადა და დამაბარეს ხვეწნითა სიტყვა, სათქმელი პირადა: “ჩვენაც ხომ თქვენი ძმანი ვართ სისხლით, ხორცით და რჯულითა. მტერმა დაგვჩაგრა, გვიშველეთ, გაუტეხელნო გულითა. უბაროდ, განა არ იცით, მთანიც რო ვერა გვარობენ. გვიშველეთ, ფშაველ-ხევსურნო, ბარზე თათრები ხარობენ. ჩვენის საყდრების ტრაპეზთან ეხლა მოლები გალობენ. ბევრია დაღონებული, უთხარო: ბევრნი წვალობენ!” მახსონდა, ამ დღეს ხოშარელთ აქ გექნებოდათ ხატობა; ვიცოდი, ეწყინებოდათ კახეთის რბევის შატყობა. ღმერთმა აცხონოს ისინი, ჩვენც იმათ მივდევთ კვალზედა. იქნება ამ ორ კვირაზე შავხვდე შავეთის კარზედა. მანამა ვცოცხლობთ, მტერი გვყავ, ბევრად სჯობს ვიყვნეთ ცდაზედა. როცა დრო მოვა... და გაქრეს ბედის ვარსკვლავი ცაზედა! ცოცხალს კი უნდა ეხუროს ვაჟკაცსა ქუდი თავზედა. სიცოცხლეს აუგიანსა სიკვდილი მიჯობს ხმალზედა. როს ჩემი ბინა სხვას ჰრჩება, ჩემი ცოლი და შვილები, - თუ დუშმნის ხმალი არ მომკლავს, მე თვითონ გავიგმირები. დედა-შვილობას, ნუ სჩივი, ღმერთმა აცხონოს გმირები, რომ არ წაიღეს საფლავში ლაფით მოსვრილი პირები.
გაგმარჯვებიყოსთ მტერზედა; თუ ამას გავიგონებდი, არ ვიტირებდი მკვდრებზედა: იმავ დღეს, შვილო, დედილამ, ჭრელს ჩავიცომდი კაბასა, არ ვიგლოვებდი იმიერ ჩემს ჯუღურას და საბასა; ჩემს წარბ-დაღურბვლილს ივანეს, კარგა ხმარობდა დანასა; ვენაცვლე იმის გულ-მკერდსა, შაიხდომლებენ შანასა; ჩემს ტანა-დაბალს ხუმარას ბატარას, შუბიანასა. ვაჟკაცის წესი სცოდნიყო არა ჰგავ ჯუბიანასა; მეხად დაეცა მტრის ჯარსა, მისთიბდა, როგორც ყანასა. ეცადა, მაგრამ ვინ დაჰლევს რიყეზე ქვებს და ლოდებსა! ვინ დაჰლევს თათრის ლაშქარსა, უთვალავს, გასაოცებსა?! თუ ამამყრიდით მტრის ჯავრსა, შვილთ არც-კი მოვიგონებდი, რაღა მიჭირდა, თუ მტრისას გაჟლეტას გავიგონებდი. გულიდამ ეკლის სალტასა მაშინის მოვიფონებდი. შვილო, დედილამ, მე თვითონ წავალ, შავტირებ ფშაველთა; ყველას შავტირებ ჩემს დარდსა, ვისაც შავხვდები გზა-ველთა. მე თუ რვა სული შავსწირე, თითოს ვერ გაიმეტებენ? ფშაველნი აიშლებიან, თუ მტერს სამ დაიმედებენ... ღმერთო და ჩვენო გამჩენო, ხატებო ფშავეთისაო, აავსეთ თათრის სისხლითა ველები კახეთისაო. შენ გაუმარჯვე ჩვენს ჯარსა, დავლათო ახმეტისაო! გვაკმარე, ღმერთო, ზარალი, გვეყო, რაც სისხლი გვიღვრია, გვეყო, რაც მტერთან ბრძოლაში ძვალები გადაგვიყრია. გვეყო ამდენი ცრემლის ღვრა, დაუშრომელი ვაება; არ თუ ვებრალვით საყმონი, რო აღარ გვწყალობს ღვთაება?! გვიშველე, ლაშარის ჯვარო, დაგვჭირდა შენი თავია, შენის ფრანგულით აკურთხე თუშ-ფშაველ-ხევსურთ ზავია; ნუმც დაეღუპვისთ, შენს მადლსა, ზღვაში შასული ნავია. ჩაუძვეღ, ლაშარელაო, ტანზე შაიბი ხმალია, გვიჭირს და გამოგვაყენე შეუმუსრავი ძალია. ასე მოსთქვამდა დიაცი თავ-დაკიდებით მდგომარე: გვიშველე, - სულ ბოლოსა სთქვა: - შენა ხარ ჩვენი მომხმარე!
ღმერთმა გიცხონოს შვილები; გაცხონოს, ჩემო დედაო, ღვთისგანმც ნუ გაიწირები! დიდხანს საუბარს ვაგრძელებ, სვლას-კი არ ვფიქრობ რადა მე?
ვეღარსად წახვალ ამ ღამე.
მეტი არ არის ჩარაო; მიტანა უნდა იმ ამბავს, რაც ზეზვამ დამაბარაო!.. უნდა ჩავუგდე სოფლებსა, - ვიარო კარი-კარაო.
წადი, იარე ჩქარაო. მეც სულელი ვარ, ბებერი, წასვლას რო გირჩევ ხვალაო. პური-ოთ გშიან, დამწვარო, ნამგზავრ-ნატანჯი ხარაო... აიღო ქადა-პურები, მთლიანად ჩააბარაო. - ნეტავ მაჩვენა კიდევა ფშაველის ჯარის ფარაო! მგზავრმა ჩაიდვა საგძალი, პირ-თავქვე ჩაეფარაო. ქვეით გაისმა ლოდებზე მგზავრის ხმლის ბუნის ჩხარაო.
პირი ემურვის მთვარესა, მთანი, თავ-ჩაჩქნიანები, ფიქრს მისცემიან მწარესა. ცა თვალს უცემდა სატრფოსა, გრიალი მოდის შორითა; მოდის ხმა ჟრიამულისა მარჯვნივ და მარცხნივ გორითა, თან გამოისმა ზარის ხმა ლაშარის ჯვარის გორითა. ცხრა-ათ კუთხიდამ მოდიან ფშაველ-ხევსურნი რბოლითა... თითქოს გასწყდენო, ფშაველთა იტყოდენ აღარ ყოლითა!.. არა, ყოფილან კიდევა, გადარჩომიან რბევასა, თათრების უბრალებლობას, იმათს ხმალ-ხანჯრის ქნევასა. ფიქრობენ ხოშარელების სისხლის თათრებზე ზღვევასა. ივსება ლაშარის გორი ქორ-შავარდნების ფარითა; დროშები გზას უკურთხებენ ჟღერით, აწვდილის ტარითა: როშკით მოიდენ ხევსურნი, სუმელჯაურნი ცხრანია, ამღითა - ბათაკის ძენი, ჭინჭარაულნი ძმანია; გუდანელთ ჩამასძღოლია ხოშარეული ხარია; ხევსურთ, რო ზვავმა მთისამა, წინ მაიმძღვარეს ქარია; ჭორმეშელთ, ჭიელთ ბიჭებსა ღულელებიცა სტანია. ხახმატელთ ცხენთა ფეხის ხმამ შააზრიალა მთანია; მგლური დააწყვეს ნაბიჯი, მოკლედ გადმოვლეს გზანია. თითოს ხევს არაგვისასა თან მოსდევს ლაშქრის ღვარია. ფშავლის შვილებიც მოიდენ, სულთქმა თან მოჰყვა ჩქარია. რა საამური დრო არის, რა საამური წამია! მოიდენ აფხუშელები, მცოდნენი თათრის ზნისაო; წინადაც უცდავ თათრები, როს დრო ყოფილა ცდისაო. ბერი მაუძღვა ლუხუმი, ლურჯამ მაიღო თქერანი, პატრონის გულის მცოდნეა თვალმოელვარე ჯერანი. წითელს ფარს აჯიელავებს მახინცაური ვერანი. ძმობამ, რო კარგი ჰყოლია, არც იმას ჰმტყუვნობს მერანი!.. კლდეთაც კი ესმით, სალს კლდეთა, მათურელთ გულის ძგერანი... ცაბაურ-გაბიდოურთა ცხენთაც მაიღეს ტყერანი. მოგროვდენ ყოველის მხრიდამ ვაჟები ლომის ფერანი. დიაცთ-ღა დაჰრჩათ მარტოთა მატყლის სართავად კერანი.
როგორც ვარსკვლავნი ცაზედა; თავმოხდით სდგანან მხედარნი თავის ბატონის კარზედა. ბრჭყვინავენ ალმასივითა დროშები ცეცხლის ალზედა. ცივი უბერავს ნიავი, ლაშქარს ნამს აყრის თავზედა. მდუმარედ სდგანან, პირქუშად, სულთქმაც-კი გაიგონება, მხედართა გულის პასუხი ერთს ფიქრად შაიკონება: ხატი რას ურჩევს ლაშქარსა, რა გამოუათ ბრძანება? ქადაგი ხატს ეკითხება, ჩურჩული მოდის საჯარეს. მხედართ, საუბრის გამგონეთ, მუზარადები დახარეს. მუხლმოდრეკილნი ჩამოსხდენ, პირს ჯვარი დაისახიან, ციურის კრძალვა-შიშითა პირები შაიჩმახიან. აგერ ქადაგიც გამოჩნდა განაცრებულის სახითა; შემკრთალი იყო ისიცა ხატის პირისპირ ნახვითა. შემოუძახა ლაშქარსა ხმით მედიდურით, მკვახითა: “უამს ჩვენს ლაშარის ჯვარსა, მის კარს რო შავიყარენით, ქვეყნის წამწყმედთან საომრად მალევ რო ავიყარენით. წინ მომეგება სიცილით, ბეღლის კარს მოდგა მზებურა, ტანთ ეცვა ლურჯი ბექთარი, თავზე ჩაჩქანი ეხურა. დიდია ჩვენი ბატონი, მადლით ცას სწვდება მთებურა; თან გვატანს თავის ლოცვასა, ფრანგული ამეეწურა. გვიქადის გამარჯვებასა, წინ წაგვიძღვება თავადა. ჰნახავთ, - ნუ გაგიკვირდებათ, სიტყვას ნუ ჰკადრებთ ავადა. გაიგებთ იმის წაძღოლას, მიჰხვდებით კილა-კავადა. რო ჰნახოთ, ქება უთხროდით, სალმით იყვნოდეთ, საღადა. ლურჯს ცხენზე მჯდომი იქნება, წინ მოარული ლაღადა”. - ვენაცვლეთ მაგის დავლათსა! ღირსნიც არა ვართ ნახვისა! რად კადრობს ადგილით დაძვრას, საყმო რად ვყევართ თავისა? - ამოსთქვა სულთქმით ლაშქარმა, ცეცხლ-დანთებულმა პირზედა. - უყვარან ფშაველ-ხევსურნი, დამდგარნი ერთსა პირზედა, - უთხრა პასუხად ქადაგმა, მდგომმა საჯარის თხრილზედა. ლომი საომრად მზადდება, კბილს ააჩქამებს კბილზედა!
დაკლეს ხარი და ცხვარია. ჩამოსხდენ, ბეღელს საჯარეს გარს შემოერტა ჯარია. ყველას თან უდგა საგზაო, საჩქაროდ ნადუღარია. ადიდეს ლაშარის ჯვარი, თამარის ნაჩუქარია; ადიდეს დიდი თამარი, - ის ღმერთთან წილნაყარია, - თავის ოფლით და ამაგით ხმელეთი დაუფარია. მოიხსენიეს მხედარნი, ვინც ველზე დარჩა მკვდარია. არსადა მათთვის სამარე და მიწა ზედ საფარია. ყორნებს რო უთხრავ თვალები, სვავთ მხრებით დაუფარია, მაგრამ იმათი სახელი დროთ-სვლას ვერ მოუპარია! ხევისბრობს ბერი ლუხუმი, ხმა-ტკბილად მოუბარია. გმირთა ქებით და დიდებით გული ვერ მოუფხანია.
ავსა თუ კარგსა მქუხარედ. მარტო კვირია არა სჭამს, სდგას ჯოხ-დაყრდნობით, მდუმარედ. ჩასჩერებოდა მიწასა ყელ-გადაგდებით, მჭმუნვარედ. რას ფიქრობს ობოლ კვირია, ამის გამგები ვინ არი? არა მჟღავნდება გულიდამ ფიქრები ამამდინარი. - ობოლ კვირიავ, ძმობილო, პურა შაჭამე ბატარა, იქნებ შაგცივდა, ობოლო, არაყათ შაჰსომ რად არა? ჰა, ვაჟო, ცოტანი შასვენ, აჰა, დაიჭი მათარა. დღეს თუ რას შავსჭამთ, თორო ხვალ ვისღა სცალიან საჭმელად, ერთურთის საპატიჟოდა, ტკბილის სიტყვების სათქმელად? - ამას ეტყოდენ მხედარნი კვირიას მუდარებითა. ახლა კვირიამ მიუგო ოხვრით და მწუხარებითა: - არა, კვირია გენაცვლოსთ, სასმელს არ დავეკარები. საჭმელსა, თუკი მშიოდეს, აროდის დავეზარები. წეღანის ხალი შავსჭამე, გუდაშიც მიძე მრავალი. თუ ვის გინდარისთ, მიირთვით, თუ ვის გაკლიათ საგძალი. - იქნება ცუდ სიზმარ ჰნახე, გულზე დაგაწვა ისაო? შაჰკითხა ბერმა ლუხუმმა, ვადა უტაცა ხმლისაო. - რა ჰნახე, ჩემო კვირიავ, აგრემც მიტირებ ბერასა, გვითხარ და ნუ დაგვიმალავ, ლუხუმი მოგხდის წერასა.
მე მაინც გეტყვით ვერასა.
ჩამოგყრით დროშის ჭერასა, სიზმრის დამალვა გირჩევნავ ამდენის ხალხის წყენასა?! სთქვი წუხანდელი სიზმარი, მითამ-კი ჰხმარობ ენასა, საპოხი უნდა, ობოლო, მხედართა გულის კბენასა.
მე რაცა ვნახე, ეს არი: დღე იყო მეტად მრისხანე, ცა მოღრუბლვილი, მჭეხარი... მივდივარ ტრიალს მინდორზე თავ-მამწონარი მხედარი. შავს ცხენზე ვიჯე, მიჰქროდა, მეგონა, ვზივარ ქარზედა. სამი დაენთო სანთელი ჩემის ფრანგულის ტარზედა. შუქი ციური ჯვარადა გამომესახა ფარზედა. მინდორი იყო ტრიალი, არა რაი ჩნდა მაზედა, ყოილი, ხშირი ყოილი დაფენილიყო გზაზედა... გავხედე, მინდვრად მოცურავს შავი ვეშაპი ქშენითა, ყოილთან მიწას მაჰლოკდა ცეცხლის მსროლელის ენითა. პირითაც ცეცხლი სდიოდა, საზარელ იყო მეტადა. მნახა, გულზვავად მომმართა, ვუნდოდი დასაკვნეტადა. პირი დააღო ვეება, ჩასაყლაპავად მიტია, მაგრამ ხმლითა ვეც, გავუპე თავი როგორაც ფიტია. მოკლულმა შემომანთხია ბოროტი სისხლი პირზედა. ცხენი წამექცა, თვითონაც მიწას დავეცი ძირზედა. გონი წამსვლიყო... გონთ მოვედ, მეოცა სახილებელი: ქვეშ მეგო თეთრი ლოგინი, ტკბილადა საძინებელი, გვერდს ეგდო ჩემივე ცხენი, ცრემლითა სატირებელი; თავს მედგა დიდი ჭანდარი, სიცხეში საჩრდილებელი; ზედ იჯდა ბერი ქედანი, დამღუღუნებდა თავზედა. მზეც ამობრწყინდა... მეჩვენა, მნახა, გაბრუნდა წამზედა, წითლად გაწირა ხოლოდა ობოლი სხივი მთაზედა. გაბრუნდა, თვალთ დამიბნელდა და მიმეძინა მკლავზედა. რა დაასრულა კვირიამ, ჩაიკასკასა ტკბილადა. ეწყინა ლუხუმს სიზმარი, ცრემლები მოსდის წყვილადა: - კეთილად ახდეს! - მაინც სთქვა გულ-აყუჩებით რბილადა.
დაბლა ჩაჰკიდა თავია... გამოერკვივნენ მალედვე, გაჩნდა სხვა სანახავია: ქვიშის ჩხრიალი მოისმა, თან ფეხის ჩქამი ცხენისა... ეს ვინ-ღა მოდის, ნეტარა, ჩუმად, უძრავად ენისა? დადუმდენ, ზოგნი წამოდგნენ, იქით მიაპყრეს თვალია... თამამად, ვაჟკაცურადა თავს წამოადგათ ქალია. ცხენს იჯდა მამაცურადა, წელთ თუმც არ ერტყა ხმალია; ხელთ ეპყრა შუბი წვერ ბასრი, მამისთვის მონაპარია.
მადლი ხატ-ღმერთის თქვენზედა! გწყალობდესთ ლაშარის ჯვარი გასულებს ბრძოლის ველზედა! - ღიმილითა სთქვა ლელამა, შუქი გამოჰხდა პირისა. - საამურია საცქერლად ვარდზე ცვარები დილისა! - ქალი ჰგავს სამოთხის ყვავილს, ნარწყავსა უკვდავებითა; ხორცშესხმულს სიყვარულსა ჰგავს, აუწყველს უწყავებითა.
მტრობა გგულავდეს იქნება?!
თუკი უფალმაც ინება. შანშეს ქალი ვარ ბაჩლითა, მენაც თქვენს კვალზე დამდგარი; ავად თუ კარგად, ღმერთმ იცის, დედათ ჯარზეით ამდგარი.
ეშმაკეული ხმა არი!.. ახლა რო ასდეგ, დიაცო, ადგომის მიზეზ რა არი?
თქვენს მტერს გულსა ჰხვდეს ლახვარი და ჩაეყაროს უსურმაგს ბოროტს თვალებში ნაცარი! (ლაშქარში ჩოჩქოლი ისმის: “ეს სადიური, რა არი?!”) ვერ მიჰხვდით? პირდაპირ გეტყვით: თათრებთან ომი მწადიან, მინდა რო ჯავრი ვიყარო, ბევრს სამ ავს საქმეს სჩადიან: იკლებენ საქართველოსა, მუმბარეზობით დადიან. რად გიკვირსთ, ფშაველ-ხევსურნო, იქნებ მიწუნებთ ქალობით? ჩემთ ძმათ ცხონებამ, გარგებდით, ჩვენთა სალოცავთ წყალობით! ხმლის ქნევით ვერ გაგაკვირვებთ, ფარ-შუბის დაგელებითა, მაგრამ ჩემს საცდელს მაინცა ვეცდები გამგელებითა. ნუ გავიწყდებათ, ბახტრიონს ციხე სამ უდგათ მაგარი, შიგითაც მოწყობილი აქვთ სანგალ-საყუჩებ-საფარი; კარებსა, მაგრა დაკეტილს, ათას მხრივ უდგა ჩაფარი. ნეტავ იქ დედასთან მომკლა, თათრებისაა საპყარი! მაგ ძაღთ ძმათ სისხლიც მიმართებს, უნდა ვიძიო იგია. სისხლის აღება, ხო იცით, მუდამ წესი და რიგია. ან უნდა თათრის ხმლით მოვკვდე, მე თავი გადამიდვია.
ქალს რადა გგზავნის ომშია? რაკი არ გვიჭირს მხედარი ამ სულის მხუთავს დროშია!
უნდა გაგვრეკოს ფონშია... კაცჩი დედაკაცს რა უნდა? რად არა ფიქრობს გონშია?
ჩამეეშველოს ლაშქარსა? მაშ, არ თუ ჰკმაზავს ლურჯასა, ტანთ არ ისხამსა აბჯარსა?
რაკი არ ერჯის გულია! ლოგინშია წევს... საბრალოს მრავალივა სჭირს წყლულია. თქვენი პირის-ქნა გაიგო, ცა გაუწითდა სნეულსა, მაგრამ რას იზამს, რო სული ვეღარ ერევა სხეულსა. აბჯარნი მიმატანინა, შამაკმაზვინა ცხენია; ზედ შაჯდა, მაგრამ დასუსტდა, დაბლავე გადმეერია. თქვენს მტერს, რო იმის ყოფნაა, მე ვშველ, გვერდს უქცევ ხელითა; მკლავშიაც ხომ სჭირს ნაჭრევი, ვეღარ მუშაობს წელითა. რა ეს სთქვა, ლელას ცრემლები წამოუვიდა ხშირადა: “ვინ იცის, იქნებ მამიკვდეს, გამიხდეს დასატირადა!”
მამასვე ჰყვანდე გვერდითა: ან წყალს მიაწვდი, ან წყლულებს შაუხვევ ნაკუწებითა. ჩვენაც ვეყოფით თათრებსა, ჯავრს არ შეგაჭმევთ მტრისასა; უერთოდ აღარ დავლახავთ ბილიკებს ჩვენის მთისასა, ჩვენ ვიძევთ სისხლსა, ნუ სწუხარ, შენი დედის და ძმისასა.
წასვლა გირჩევნავ, ქალაო, შენის ყოლით და არყოლით არ გვიბედენებს ძალაო. ჩვენაც ვგვიანობთ, გზა გველის, ეს საუბარიც კმარაო, ზოგი ხო დღეს ვიუბენით, ზოგიც ვიუბნოთ ხვალაო.
ყოჩაღად იყოს, ფხიანად, ყველაად ვკმარვართ მტრისადა სადავლოდა და ზიანად. ლუხუმმა დამაბარაო, კარგა უამბე, ჭკვიანად.
სიზმრებსა ვსინჯავ ავებსა... კაცი რამ მოდის კუპრივით, დაათრევს კაცის თავებსა; მოდის, წინ მიწყობს ღრეჭითა ჩემთ ძმათ სისხლიანს მკლავებსა. ის რო წავა და - სხვა მოვა დიაცი მზისა ფერია; მეტყვის: უთხარ რამ, ლელაო, ეგ არის თქვენი მტერია! ამ ტანჯვაში ვარ სულ მუდამ, ძილი არაა ჩემთვინა... - ესა სთქვა განაცრებულმა, ცრემლებიც ჩამეედინა. ცხენი მოღრიჯა, გასწია, ქვითინი გაჰყვა კვალადა; წავიდა გულ-ჩათუთქვილი, მივალის ძალი-ძალადა. ქალის ქვითინსა მდუღარეს მთანი იწერენ მკერდზედა; ცრემლით ატირდენ წყარონი, ჩამომდინარნი გვერდზედა; დაბერებულა პირიმზე, კუზი ეტყობა წელზედა... ოცნება ტანჯულის ქვეყნის ქვითინებს მთისა წვერზედა.
ვარდი, ვარდის წყლით ნაბანი; უძრავი ჰხურავ თავზედა ყვავილიანი საბანი. მოულოდნელი ხმა ესმის, კაცის კივილი შორითა, ჩამორბის, ჩამოუძრახნებს კაცი ახადის გორითა: - მოიცა, ქალო, და-ძმობას, ცოტას იარე წყნარადა. რა გაქვითინებს, ბეჩავო, იყავი უწყინარადა! ლელა ჩამოხდა ცხენიდამ, ცხენი მიაბა ხეზედა, ჩამოჯდა დაღონებული, შუბი დაიდვა გვერდზედა. აგერ გამოჩნდა ისიცა, ვისიც ესმოდა ძახილი, ქალთან პირდაპირ მივიდა, ვით ამოწვდილი მახვილი.
თუნდა მიმიღე მამადა. ჩემს ესე დატევებასა ნუ ჩამამართმევ ავადა. მე კვირია ვარ, მიტირე, თუშეთით მოსულ მზირია, თუმცა-კი თქვენის წყლისა ვარ, ფშაური მიდგა ძირია, გოგოლაურთა დისწული, მათურელ გივის შვილია... შენი პასუხი მესმოდა, იქვე ლაშქარში ვერიე, უფროსთა საუბარშია მე ვეღარ ჩამოვერიე. თუმც-კი დამიჯდა ჭკვაშია შენი გაყოლა თანაო... აჩქარდენ, იუკადრისეს დიაცის წამოყვანაო. რო ხერხი ღონეს სჯობია, ლაშქარი ჰფიქრობს განაო? საცა ჰოს უნდა ამბობდენ, იქ იძახიან: არაო! როდი ჰფიქრობენ, - ბახტრიონს ბევრი თათარი სტანაო; ჯერ შასვლა არი საჭირო, რო კაცმ იხმაროს დანაო. საქმე ციხეა, უფრო-კი მაგარი ციხის კარები, რომ ლაშქარს ჰქონდეს მტრისაკე გზა, ლაღად გასატარები. მე და შენ, დაო, ესრე ვქნათ, მეც თავს არ ვზოგავ, იცოდე: ჩვენ ჯარზე უწინ წავიდეთ, შენაც ჩემთანა ხვიდოდე. ჩვენ ორნი წავალთ ერთადა, - მივმართოთ თათრის ბინასა; მივესალმები ყარაულს, სხვებზე თავს მდგომს და წინასა. თან ვეტყვი: ყეინს მოვართვი ფეშქაშად ტურფა ქალიო; გთხოვთ მანუგეშოთ მენაცა, კაცი ვარ შესაწყალიო. კარს გაგვიღებენ ციხისას, მარჯვედ მოვხვდებით შიგითა. შენ თუნდა ხელსაც ნუ გასძრავ, ჩვენს ჯარს მე ვუშველ იქითა. ჯარი ხვალემდე არ მოვა, ჩვენ სრულ წინდაწინ ვიაროთ; მზას ვიყვნეთ, ციხის კარითა საქმე წაღმ დავატრიალოთ. ცისკრის ხანს მოვა ლაშქარი, ჩვენც იქ დავხვდებით მარჯვედა; ვეცდები კარი გავუღო, თუნდ დამკლან ციხის კარზედა. შენ რაღას იტყვი ამაზე, ვამბობ თუ არა ჭკვაზედა?
როგორც სჯობ, იცი უკედა; მე-კი გონება არ მიჭრის, გამხდარს დარდ-ბოღმის ბუდედა. მტრის ჯავრი გულში მიდგია შავს ალაზანის გუბედა. ეგრ იყოს, როგორც შენ ამბობ, უარს არ ვიტყვი მაგაზე, ოღომც დააბას ჩვენმ ჯარმა თათრები ვირის ბაგაზე. იმოდენს როგორ არ შავძლებ, რო დამკლან დედის კალთაზე... ამ პირობაზე დამდგარნი, ორნი გორი-გორ ჩადიან; ოღომც ეშველოს ჩვენს ჯარსა, - ორსვე სიკვდილი სწადიან.
მური, ნაცხები ღრუბლისა, გადაეფინა სამყაროს ლოცვა-კურთხევა უფლისა. შუქი დაეცა ლაშქარსა მთების ბრწყინვალის შუბლისა. ლაშარის გორზე წავიდა ლაშქარი დროშის ჟღერითა. “შადეგით”, ჰყვირის ლუხუმი, სამკლავიანის ხელითა: “ვერა ჰნახეთა, ბატონი წინ მიგვიძღვება ცხენითა!?”
მთა გადალახა სწრაფადა; გარს ევლო შუქი ბრწყინვალე, ციდამ მოსული ძაფადა.
სხივი თავს ედგა ღვთიური; რო ვნახე, გულში ჩამიდგა სიამოვნება ციური.
სხივი მისდევდა მზიური; შორს გაანათა ელვასებრ ასი ბარული დღიური.
ტურფა, სიტურფით ქსოილი; ისრ ჰშვენის ცხენზე, ვით ველზე გაზაფხულისა ყოილი.
ჩვენო ბატონო, ძლიერო! ჩაგვიძვეღ, მოგდევთ ჩვენაცა, საყმოს საშველად მშიერო! ადიდე ლაშარის ჯვარი, ცისა და ქვეყნის იერო! ნეტავ, რა მტერი იქნება, ეხლა გაგვიძლოს, ბიჭებო, ჩვენი კვალი ხარ დღეს შენა, ლურჯაის დანაბიჯებო! ლაშარის ჯვარის ცხენისა ნატერფალია ელვარე; აღტაცებულსა ლაშქარსა გული გაჰხდია მღელვარე.
სულს ჰლევს, თანდათან ჰქრებოდა, - ნეტავი ყველა ლამაზსა ესრე სიკვდილი ჰხვდებოდა! დღეს მკვდარი, ხვალე დილითა ცოცხალი წამოდგებოდა; სრულის ჯანით და იერით თვალებს წინ დამიდგებოდა. ნეტავი ცეცხლი ციური, ვისაც-კი გულში ჰნთებია, ჯერ არ გაუქრეს, თუ გაქრეს, ისივაც ამოჰგზნებია! მკვდარია უგრძნობი კაცი, უსაზარლესი მკვდარზედა, მით რომე სიცოცხლე უდგას სალის ყინულის ტახტზედა. არ ებრალება მოყვასი, მის წინ რო აცვან ჯვარზედა. ისე მოკვდება, ვერ შედგეს ერთს წამს ტრფობისა მთაზედა. შორს არის, მეტად შორს არის დაშორებული მაზედა. ჭაობში არის ჩაფლული, ვიცნობ მოწამლულს ხმაზედა. საზარელია დადგომა უგრძნობელობის გზაზედა!
მთების წვერები ჩნდებოდენ. საცა გაჰხედავ, ყოველგან გასაშტერონი დგებოდენ: ზოგნი ცის გულ-მკერდს ჰკოცნიან, ზოგნი უკანა რჩებოდენ; იმათ ჩაუთქამ ქვეყანა, ბუნების სისხლით ძღებოდენ. ნამძინარევი დევები ისევ ბურანში არიან, ერთს ადგილს დგომით ტანჯულნი შეჭირვებულან ძალიან. მზე რომ მოვალის, მაშინის შავს ნისლებს გადაიყრიან, თუნდ მთლად ქვეყანა დაეცესთ, აბჯართ არ ჩამაიყრიან. გულ-მკერდს ერთმანეთს აბჯენენ, წარბ-შეუხრელად მდგარნია, წვანან ხმა-ამოუღებლად, როგორც საფლავში მკვდარნია. ნეტავ ბუნების ქმნილება სხვა მათ რა შაედარება, მალ-მალე შავი ჯანღები თავზე რომ დაეფარება? ნისლი ფიქრია მთებისა, იმათ კაცობის გვირგვინი. მიყვარს შეუდრეკს მათს მკერდზე ხშირის ბალახის ბიბინი, ტიალის ობლის ნიავის გულის მგმირავი სისინი. არწივნი დაფარფაშობენ, უფსკრულს ავლებენ თვალებსა, მაღლიდამ ჩამოჰხარიან თავისგან დახრულს ძვალებსა; ლაღი შვილები მთებისა ერთმანეთს ეძრახებიან; ამ დროს ომში მყოფს გმირებსა ტიალნი ემსგავსებიან. უყვარსთ, რო ჰხედვენ ერთურთსა, იმიტომ ეხასებიან! ლაშქრისა გულიც აივსო სიამოვნებით სრულითა, ყველა დაჰხედავს კახეთსა ათრთოლებულის გულითა.
ხმა გამოისმა კითხვისა: “კაცნო, კვირია რა გვექნა?” ყველა ამასა სჩივისა. ენთება ხოშარეული, როგორაც ბურდო თივისა.
ეგრე არ გარგებთ ტარება, მზირმა მზირობა არ გვიყოს, თავს არ მოგვხვიოს წვალება. ვინ იცის, ნათრევ კაცია, არ იყოს ღალატიანი, დუშმანი არ გაგვიფრთხილოს, საქმე ქნას ნახლართიანი.
ბრიყვმა გაგვყიდოს ფულზედა, ფიცი გატეხოს უსირცხვოდ, ხელი აიღოს რჯულზედა, ცოცხლად დაგვმარხოს, თვითონვე მიწა გვაყაროს გულზედა.
რად ჰგრეხთ დიაცებრ ჭორებსა? ფარ-ხმალით მოკაზმულები აჰკიდებიხართ ჯორებსა! რად არ გაჰხედნებთ, ბრიყვებო, ჩვენის სამშობლოს გორებსა? ვის გაუგონავ, სად თქმულა ამბავი, ძველად თხრობილი, მითხარით, ნუ დამიმალავთ, ვინც-კი კაცი ხართ ცნობილი, ეგრე მუხთალად ღალატი, ეგრე უღმერთოდ ტყუება, მტრისა სალხენად ძმებისა შინაით გამოტყუება?! სრულ სიცრუვეა, ნუ იტყვით, თქვენ გენაცვლებათ ლუხუმი. არ რადმე მეჭაშნიკება სიტყვა კოჭლი და ლუგუმი. კაცს მაგის მეტად ვერ იცნობთ, მაგის მეტ არ გაქვთ შნოება? თავის ფიქრიდგან შემკრთალთა ეხლავ მოგკიდათ ცხროება. ღალატს რა უნდა ჩვენშია, როგორი გვადგა დროება?!
ეს ნურვის გაუკვირდება; ყველაც კი იტყვის ამასა, ვინც საქმებს დაუკვირდება. არც კაი ბოლო იმათ აქვ, ვინც ერთურთს აუხირდება.
ცოდოს ნუ ვადებთ კისრადა, მშვილდზე ნუ ვაგებთ კვირიას, ნუ ვათამაშებთ ისრადა. კვირიას ღალატ არ უნდა, სხვა რამ ფიქრი აქვ წყეულსა, თვალ-ცრემლიანსა, ობოლსა, გულზე ეკლებით ხეულსა, ეგრე ქურდულად გაპარულს, ერთბაშად გადათხეულსა, ვის ეწადება ღალატი სწორჩიით გამორჩეულსა?!
სიტყვას წყნარსა და რჩეულსა. ლუხუმიც მალე შეატყობს ცრუვს, ღალატობას ჩვეულსა... თანდათან ცნობას მოვიდა გული-გონება ლაშქრისა. სპეროზიაის კლდიდამა ცივი ნიავი მაჰქრისა. მიდიან ფეხ-შეუშლელად, კალთა ჩაკეცეს მთებისა, რაკი დაუშლის მგზავრობას მოსახვევები გზებისა. გაღმა-გამოღმა მწყრომარე ხვივილი მოდის წყლებისა და ალაზანიც, ბარს დინჯი, მთაში მეტადა სწყრებისა; ძირს უთხრის სალსა კლდეებსა, - თავზე ჩაჩქანი ჰხდებისა!..
თუშები თექიანები, გულ-შაუდრეკნი ომშია, ლაშქრობას ბედიანები. გარს სანგლად შემოუვლიათ ხევები ბექიანები. ელიან ფშაველ-ხევსურთა, თვალი იმათკე სჭერიათ; წინ მიეგებენ ლხენითა, დროშები დაუჭერიათ. ლუხუმმა ცხენი გაქუსლა, წავიდა თამაშობითა; შამაუძახა თუშებსა შუბლ-შეკვრით, კამათობითა.
რად არ მაჩვენებთ თვალითა? მე დ' იმან უნდა ვიომოთ, ნაქებ რო არი მკლავითა. - აღარა ხუმრობს ლუხუმი, მკერდ-შეღობილი ფარითა. - მე ჯერ თათრებთან რა მინდა, მაგისი სისხლი მწყურია, დუღს და გადმოდუღს გულიდამ მაგის მტრობა და შურია. შეჩერდა თუშის ლაშქარი, გულზე წაესო მურია. ფიქრობენ: რამ გააგიჟა, ლეკიაა, თუ ურია? შველის მაგივრად, თავხედსა ჩვენივე სისხლი სწყურია! ზეზვამ მყის იცნო ძმობილი, ვეფხვი ხმალ-და-ხმალ წავიდა, გაეკინკლავენ ერთმანეთს ხმალ-შუბებით და ფარითა; მემრე აკოცეს მხურვალედ, ამბავსა ჰკითხვენ ძმურადა. ერთმანეთისა სურვილი ორსვე ჰქონიყო წყლულადა.
რო თვალით გნახე კიდევა. მიყვარს, ძმობამა, ხმალ-და-ხმალ შენი მტრისაკე მიწევა. კაცო, შენც დაბერებულხარ, გაგხშირებია ჭაღარი; ცხენი სადა გყავ, მიტირე, ი შენი ცხენი - საღარი?
ძაღლ-უმადურად გდებამა, სრულ ლაშქარსა ვარ, რაც კია, ძუძუს მამსხლიტა დედამა. ჯერ შენთან, ძმაო ლუხუმო, რამდენჯერ ვიყავ ომშია?.. წელში ორჯელ თუ დაებმის ჩემი საფერხე გომშია. საღარი მაგათ მამიკლეს, ვისაც დღეს უნდა უტიოთ, მაგ ძაღთი ერთი ცოცხალიც გარეთ არ გამოუტიოთ.
საცა რა გადაგვხედია; უნდა გადაგვხდეს კიდევაც... ეს არის ჩვენი ბედია.
ერთი კი უფრო ცხადადა: ერთხელის, საბუის ბოლოს, ლეკებ რო ვაცხვეთ ქადადა. თუ გახსონს, ერთს ლეკს ხმლითა ვეც, ჭიმად მოვწყვიტე თავია!
ისევ ისეთი მწვავია?
ტუჩებმ დაუწყო კაპუნი, იტყოდი, სარეკელასა წისქვილზე გააქვ რაკუნი. შენ შაგებრალა ურჯულო, მოგიწყლიანდა თვალები; უთუოდ, საით ენახვე, მოგაფურთხებდენ ქალები. მე არ მებრალვის, ლუხუმო, მოუნათლავი აროდის, მაგათ სიწუნტის ნაღველი ყელში დუღილით ამოდის. ვისაც ჩვენ არ ვებრალებით, ჩვენ შავიბრალოთ რისადა? სიკვდილი თვითონ უფალსა გაუჩენია მტრისადა! ერთურთს სალამი მიართვეს, ფიცით შაიკრა ჯარია. მაღლიდამ მაკურთხებელი თავზე დაადგათ ჯვარია. შაიღებება სისხლითა ქართველთა მთა და ბარია. დილის მზის სხივით იპოხენ ქედებს კახეთის მთანია.
სისხლისა ნიავ-ღვარია, ბახტრიონს თათრის შვილებსა დღე გაუთენდათ მწარია. გადმოდგა ბორბალაზედა თავისუფლების მთვარეა. ალაზნისაკე წავიდა ურჯულოს სისხლის ღვარია. ნალესის ფრანგულებისა ცასა სწვდებოდა ალია. სრულ სისხლით დანაბეჭდია მეომართ დანაკვალია. კარავ-საჩეხი მტრებისა მინგრეულ-დანაგალია. გასწყვიტა ჩვენმა ლაშქარმა მტერი, უღმერთოდ დალია. მიჰკივის თათრებს ზეზვაი, შეუპოვარი, მალია; გულ-რკინას ხოშარეულსა შუა გადუტყდა ხმალია! ცრემლი ერევა თვალებზე, სწუხს ამისაგან მწყრალია. ლუხუმმა თოფი გამაჰკრა, არ აუფეთქდა ფალია; დროშას მიუძღვის ლომივით, ამაიწვადა ხმალია. შამაუძახა ლაშქარსა გულდინჯმა, ომში ცხარია: “მამყევით, ვისც ქუდი გხურავთ, ვინაც არა ხართ ქალია!” აივსო თათრის ძვლებითა იმ ბახტრიონის არეა. ციხე-გალავნად ეგება, ისე გამრავლდა მკვდარია. ეს ის დრო იყო, როდესაც მთასა ჰლოცავდა ბარია, როს სალოცავად მიაჩნდათ მთიელის ხალხის გვარია...
ცხენ-ხეთქით, რიალითაო? ღრეობით, მხიარულადა, ჩაჩქნების კრიალითაო? ლაშარის ჯვარის დროშისა საამო წკრიალითაო?! - საით და კახეთს ვიყვენით, ბახტრიონს ჩავიყარენით; ჩვენა, თუშნი და ხევსურნი, პანკისში შავიყარენით. ვაცადეთ ჩვენი საცდელი, ეხლა კი გავიყარენით. - რა გქონდათ, კაცნო, საცდელი, რა გქონდათ საომარია? - არ თუ გაგიგავ, კახეთი თათრების ნაოხარია? თათრები ვხოცეთ, მოგვიდის ცხენები ნაოფლარია; გავწირეთ გულსისხლიანი ყეინი ნათოფარია; სალაშარიჯვროდ მოგვაქვის ზინათი ნაშოვარია და გადმოვლახეთ საფშაოდ ტბათანა ნათოვარია; სავსეა თათრების ძვლითა ფშავლების ნაომარია. მეფემ გვიბოძა საჩუქრად სახნავი დ' საძოვარია. სახელს უმატეთ სახელი - ძვირფასი საპოვარია. - საკაცით ვინღა მოგაქვისთ, ნაბდებში შახვეულები? - კვირიაი და ლელაი, ჩვენთვის სისხლ-დანთხეულები. ღმერთმა აცხონოს ესენი! ამათ გაგვიღეს კარები! რო შავიჭრენით შიგითა, ჩვენ წინ ეყარნენ მკვდარები. მოგვაქვს, დავმარხოთ იქავე, სად მამა-პაპა ჰმარხია, სადაც აბარავ მიწასა იმათ გული და სახია. მძიმეა თავის ქვეყანა, თავის წყალ-ჭალა ძლიერა! მიწაც ტკბილია მშობლური, გულს რომ ეყრება ფხვიერა. - ვის მოგილოცოთ სახელი, ვინა ხართ სახელიანი? - პირველ - ობოლი კვირია, სახე აქვ ნათელიანი; მეორე - ლელა ბაჩლელი, ქალი ხელ-ფარტენიანი; მესამე - ბერი ლუხუმი, კურთხეულ გამდელიანი; მეოთხე - ხოშარეული, არწივი მხარ-კვერიანი; მეხუთე - გივი სუმელჯი, მოგვყავის ნაჭრევიანი. - თუშჩი ვინ ვარგდა, მითხარით, კაცად ვინ უფრო არია? - ზეზვაი, ძმაო, ზეზვაი, მთელის თუშების დარია: არა ყოფილა გაზდილი, მომცრო სდგომიყო ტანია. ისა ყოფილა ვაჟკაცი, ღირსი წელთ ერტყას ხმალია. ლომია, უფალსა ვფიცავთ, სწრაფი, ვით ელვა-ქარია, ჰშვენოდა, ძმობამ, ვაჟკაცსა დაზარნიშული ფარია. მაგრამ დაგვიჭრეს რჯულ-ძაღთა, გაწირეს ცოცხალ-მკვდარია. თუ გაჰზდის, - ფურმა გაზარდოს აი მისთანა ხარია! ვერ ვნახეთ, რო დაეკვნესოს, ან შეცვლილიყოს სახითა. თუშთ შაიჭირვეს ძალიან, ცრემლით ატირდენ ცხარითა. თავით დაურჭვეს დროშაი მისივე შუბის ტარითა. - ახლა ისა სთქვით, მოყმენო, ვინ დარჩა სირცხვილიანი? - წიწოლამ ლაფით გაგვთხიფა, გაგვექცა სირბილიანი! ნეტარ სად დაიმალება სიცოცხლით სიკვდილიანი? ფშავში როგორღა მოალის დიაცი ჩიქილიანი? არ ვარგა მაგათი გვარი, უჯიშო, სიცილიანი! ხალხში როგორღა გამოვა? ხატში როგორღა მოდგება? უკლოს, უკეთურს, ბეჩავსა სად დაეკარგა გონება?! რად არ ირჩივა სიკვდილი და თათრებისა მონება? ვინღა გაივლევს ახლოსა, ჩააქვავებენ დედანი. მიწამ შაჭამოს ცოცხალი ე მაგისთანა მხედარი! ომშიით გამოქცეულსა მეხი დაეცეს მედგარი! არ ვარგა, იმიტომ თქმულა, კაცი ქალებში მკვეხარი. - ბერი სადღაა ლუხუმი, დამრიგებელი ფშავისა? - ეხლა გაგიტყდეთ ჩვენაცა, აუგი გითხრათ თავისა: იმისა ვერა გავიგეთ, გულში ესა გვაქვს ჯავრადა. მტერი რო მთა-ტყეს მოეცა, ჩვენ თან მივსდევდით ჯარადა. მისი ვეღარა გავიგეთ, იქნებ თუშთ გაჰყვა წვეულად; ზეზვაის დაჭრა ეწყინა, ძმობილს თან ჰყავდეს ძმეულად. ვერა ვიცით რა, ესა გვწყინს, გვრცხვენიან, ჭირად გვქცევია; დაკარგვა ჩვენის პატრონის საგონად გარდაგვქცევია.
ბუნება დასვენებულა, მანათობელი ქვეყნისა მთვარეც ხომ ჩასვენებულა. მოისმის ივრის ჩხრიალი, სიზმარს უამბობს ჭალასა, ერთად ჰკეცს საუბარშია ცისა და ქვეყნის ძალასა. ცა თავისათვის მყუდროდ სდგას, მკერდ-სუფთა, ვარსკვლავიანი. მუხაზე ჩამოკიდული კაცი სჩანს სამკლავიანი. თავი დაურჩვავ მხედარსა, თუ იყო გულჯავრიანი? იორი ყურსაც არ უგდებს, ნელად აქანებს ტალღებსა, არ ედარდება, დაობლდენ, მამა აღარ ჰყავ ბალღებსა. თემისგან უარყოფილსა გადაუგდებენ ძაღლებსა.
მოსთქვამს ზარს ზარიანადა: “ნეტავი თავზე დამეცეს მთა-ღელე ბარიანადა! ნეტავ არც შვილი მყოლიყო, არც გავჩენიყავ დედასა, თუ ამას შავესწრებოდი, ამდენ სირცხვილის კრეფასა! შვილო, სირცხვილი მაჭმიე, ძუძუ დასწყევლე დედისა! თვითონ შენა ხარ მწამლავი თავის უბედო ბედისა. რად არ იქ მაჰკვდი, ბეჩავო, რად ხარ ყელ-საბელიანი?! რად არ მამიხვედ, წიწოლავ, პირნათლი, სახელიანი?! გასწირე თავის ხსენება, საწყევარ-სარბევიანი!” - მარტოდ რად სტირის დიაცი, გვერდით არა ჰყავ სოფელი? არ ისმის მოზარეთ ზარი, გულს ლახვარ-დამასობელი? - თასი დაღვარეს ხატშია: ახლოს მიუდგეს არვინა, წიწოლას დანაშაული აწეულია ცამდინა, დაამცრო ჩვენი სახელი, მთელს ლაშქარს გული ატკინა. არც ვინ სამარეს გაუთხრის, არც ვინ შაუკრავს კუბოსა; მარტომ იტიროს დედამა, ცრემლი წინ დაიგუბოსა!
უღრანს, უდაბურს ტყეშია, ლუხუმი იწვა დაჭრილი, ნატყვიარი სჭირს მკერდშია. იქვე მაღალი კლდე იყო, გამოქვაბული შავადა, ხავსით მორთული, პირქუში, მრისხანე სანახავადა. იქა ბუდობდა ვეება გველი, მორთული ჯაგრითა, ბევრისა ცოდვის მოქმედი, პირზე დორბლების დაყრითა. ბევრი ჩაენთქა ტიალსა მონადირე და მხეცები. იწვა, უცდიდა დავლასა თვალებით დანაცეცები. გადამთხვალიყვნენ იქიდამ ნადირნი გულის თრთოლითა. ვერ გაჰხედნებენ იმ ალაგს, ისე ეშინისთ შორითა. ერთს დღესა გველი, ვით ნისლი, გაწოლილიყო ხეზედა, წიოდა გულჯავრიანი, თანაც თბებოდა მზეზედა. ამ დროს შაესმა კვნესის ხმა ჯაგარ-აშლილსა გვერდზედა. გაჰხედა, ნახა, - კაცი წევს, სულის მაბრძოლი, ეული, გასცქერის ცისა სივრცესა სასომიხდილი, სნეული; მკერდზე ატყვია მიმხმარი სისხლი წყლად ამორწყეული. გველს შაებრალა ლუხუმი, მისკე წავიდა ზლაზვნითა, მიაშრიალებს ხმელს ფოთოლს დიდრონის ტანის გლარზვნითა, ზედ დააშტერდა სნეულსა თვისის გველურის სახითა, დასცქერის სულის მაბრძოლსა გულის მზარავის თვალითა. დაფიქრდა გველი ძლიერად, გული ევსება ბრალითა. ბევრის ცოდვების მოქმედსა გადაუბრუნდა გუნება: რა სიბრალულით იმსჭვალვის მისი გველური ბუნება! ზედ გადააწვა მკერდზედა, წყლულსა ულოკდა ენითა. თან მკერდს უსველებს მხედარსა ცრემლების ჩამოდენითა. აყრუებს ტყესა და ველსა ოხვრითა რამოდენითა! მთელს ერთს თვეს ასე უვლიდა ადამის ტომის მტერია, ბოროტების გზა გაუშვა, კეთილი დაუჭერია! საჭმელსაც თვითონ უზიდავს, ასმევს წყალს ლაღის მთისასა, ღამ-ღამ ზღაპარსაც უამბობს ორის ობოლის ძმისასა. ამბობენ: შააძლებინა სნეულსო ფეხზე დადგომა; ეღირსებაო ლუხუმსა ლაშარის გორზე შადგომა! |
პოეზიის გვერდი • • • • • • ვაჟა-ფშაველას პოეზია/პროზა |