წიგნი, რომელზედაც ვიწყებთ საუბარს, ნახევარ საუკუნეზე მეტია ჩვენი სულიერი ნათესაობის მყარ ხიდადაა გადებული.
"დიდოსტატის მარჯვენის" დაწერიდან (1939. წ) დღემდე, ვინ იცის, რამდენ მკითხველს დასთენებია შორენასა და არსაკიძის გაუხარელი სიყვარულისა და ადრე შეწყვეტილი სიცოცხლის გამო გულშეძრულს.
რამდენი თანალმობი ჰყოლია მეფეთმეფე გიორგი პირველის სულიერ ტანჯვას თუ ტიტანურ ძალისხმევას მამულისათვის.
ანთებულან ზვიად ერისთავის სიმტკიცით და მოხიბლულან გირშელის ძალგულოვნებითა თუ ალალმართლობით.
რამდენს ასწეწია სული თავკერძა ქართველების მიერ მოძმის მოსაკვდინებლად აკვნესებულ ხმალთა ექოთი.
„დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა“ ძველი საქართველოსა და ძლიერი ვნებებით ატანილი ქართველების მონატრებაა. ეს წიგნი მომდევნო თაობებსაც ასევე წარმატებით შეაბრუნებინებს მზერას ჩვენი შორეული წარსულისაკენ, რათა გაახსენოს ვინ არიან, ვისი გორისანი, ვისი ძვლებით გაპოხიერებულ მიწაზე დააბიჯებენ. ვისი ტანჯული სულია დავანებული იმ ეკლესია-მონასტრებში, სადაც პირჯვრის გადასაწერად უნდა შეიარონ...
არაფერია უფრო ლირიკული თაობათა გადაძახილში, ვიდრე ის, როცა ღრმად მოხუცებული იდუმალი უჭვრეტს ახლადშეღერებულ შვილთაშვილს, რომელიც სწორედ ისეთივე ანთებული თვალებით ჩაჰკირკიტებს წიგნს, იმავე ვნებებით შეპყრობილი გადასახლებულა მწერლის მიერ შექმნილ ახალ სამყაროში, როგორც ეს ამ უკანასკნელს განუცდია მის ასაკში, იმავე წიგნის კითხვისას, ოდესღაც, ძალიან დიდი ხნის წინათ.
წორედ ეს არის მწერლის უკვდავება.
სხვა ყველაფერი, მის სახელთან დაკავშირებული, დროებითია და წარმავალი...
პროლოგი და ბოლოთქმა ანუ "დიდოსტარის მარჯვენის“ დაწერის დრო
ორიოდე სიტყვა სწორედ დროებითსა და წარმავალზე.
ნაწარმოებს უძღვის პროლოგი და ერთვის ბოლოთქმა. როგორც წესი, ლიტერატურაში პროლოგსა და ეპილოგის განსაზღვრული დატვირთვა აქვს. შუა საუკუნეების მწერლობაში, ერთსაცა და მეორესაც მკაცრი ეტიკეტი განსაზღვრავდა. პროლოგი - შემოქმედის პოეტიკის განსაზღვრის, მისი მრწამსის გადმოცემის, ნაწარმოების ადრესატისადმი მიძღვნის ფუნქციას ასრულებდა. ეპილოგი კი აგვირგვინებდა თხზულების რაობას.
შემდგომ ეს ეტიკეტი დაირღვა, მაგრამ პროლოგსა და ეპილოგს თუკი მაინც მიმართავდა მწერალი, მიმართავდა ისევ მხატვრული ამოცანის უკეთ გააზრებიდან გამომდინარე.
კონსტანტინე გამსახურდია „დიდოსტატის მარჯვენას“ ჩვენი საუკუნის 30-იან წლებში, ბოლშევიკურ-ტირანულ ეპოქაში წერდა. ამ დროისათვის, ისე როგორც ყველაფერმა ღირებულმა, ამ უწყინარმა ლიტერატურულმა ცნებებმაც, პროლოგმა და ეპილოგმა თავისი ფუნქციის საწინააღმდეგო, ანუ კარიკატურული შინაარსი შეიძინა.
თვალსაჩინოებისათვის ორიოდე მაგალითი გავიხსენოთ.
თუ ადრე მატეო ფალკონემ შვილს უცხო და უცნობი ადამიანების დაბეზღებისათვის ტყვია ესროლა, ახალ დროში პავლიკ მოროზოვი საკუთარი მამის გაცემისათვის გმირად მოინათლა მთელს საბჭოეთში.
ოთარაანთ ქვრივის გიორგის თუ ადრე თავადის ქალის სიყვარული მამაკაცურ ვნებად ეთვლებოდა, ახალ დროში მდიდრის ქალიშვილზე შეყვარებული ბოგანო, მაშინ ჩაითვლებოდა ნამდვილ მამაკაცად, თუ თავის საყვარელს ჭიტლაყს ამოჰკრავდა და ასე დათრგუნავდა სენტიმენტალურ გრძნობას ახალ ადამიანად „მოქცეული“.
ერთი სიტყვით, არ გაგიკვირდეთ, თუ იმ უცნაურ ხანაში უწყინარმა პროლოგ-ეპილოგმაც მათთვის გაუგონარი მისია იტვირთეს. კერძოდ მწერლებმა მათ მხატვრული ამოცანის გაშიფვრის ნაცვლად, იძულებით, მხატვრული ამოცანის გაბუნდოვანება ან, უბრალოდ, თავის მართლების მისია დააკისრეს.
არათუ მწერლობაში, ასე იყო ხელოვნების ყველა დარგში. ასე იყო მეცნიერებაშიც, ყოველგვარი შესავალი ძაღლისთვის მისაგდები ლუკმის როლს ასრულებდა, რათა მშვიდობიანად, ბარკლის გამოგლეჯის გარეშე გაგევლო..
მკვლევარს კომბოსტოს ჩითილების ახალი ჯიშის გამოყვანის მეთოდი რომ აღეწერა, შესავალში აუცილებლად მარქსი, ენგელსი, ლენინი ან სტალინი, ანდა ყველა ერთად უნდა ექო, როგორც დიდი მეკომბოსტოეები...
ახლა წარმოიდგინეთ მწერალი, რომელიც დიდი საქართველოს მონატრებაზე და ნაციონალური გმირების ფართო გალერეაზე რომანის დაწერას განიზრახავდა იმ დროში, როცა წარსულისაკენ გახედვა მხოლოდ ამ წარსულის ლანძღვა-გინებისათვის შეიძლებოდა.
„დიდოსტატის მარჯვენა" არა მხოლოდ მხატვრული შედევრია, არამედ იმ დროისათვის მისი შექმნა მოქალაქეობრივი გაბედულების ნიმუშიც იყო.
პროლოგში არის აბზაცი, რომელიც ავგაროზივით მოიშველია მწერალმა, ეპოქის ავთვალთათვის რომ აერიდებინა თავიცა და საკუთარი რომანიც.
სვეტიცხოვლის ტალანებში ჩრდილივით მორიალე თეთრწვერა ექვთიმე ასე ეუბნება მწერალს: „საუკუნე აწვიმდა ტაძარს, ახალ დროშიაც კაცს არ მოჰგონებია მისი შეკეთება, მხოლოდ საბჭოთა ხელისუფლებამ, ვენაცვალე მას, გადაახურვინა იგი წრეულს და გალავნის ქონგურები შეაკეთეს".
ვინც იმ ეპოქას (ტაძართა ნგრევის ხანას) და კონსტანტინე გამსახურდიას ბიოგრაფიას კარგად იცნობს, შეუძლებელია ამ სტრიქონებმა და განსაკუთრებით ძალით მოთრეულმა ჩართულმა ფრაზამ „ევნაცვალე მას“ ღიმი არ მოჰგვაროს..
დაისტამბა რომანი, მართლმადიდებლური ბიზანტიისადმი (იგულისხმეთ მართლმადიდებლური რუსეთისადმი) წინააღმდეგობის სულით გაჟღენთილი და როგორც მოსალოდნელი იყო, ფხიზელ თვალს არ გამოჰპარვია ქვეტექსტები. შესაბამისი იყო დაქირავებული კრიტიკის რეაქციაც და მწერალი იძულებული გახდა მეორე გამოცემისათვის ბოლოთქმა ანუ თავის მართლება დაერთო. „ფარსმანის სოფისტურმა პარადოქსებმა საბაბი მისცა ზოგიერთს, ჩემთვის დაებრალებინა, თითქოს საბჭოურ სინამდვილეში მეკისროს სახელმწიფოს შეკვეთის უარყოფა საერთოდ, უთუოდ სასაცილოა ამგვარი მტკიცება“.
ბოლოთქმაში მწერალს უხდება მტკიცება იმისა, რომ რომანის მთავარი გმირი ხუროთმოძღვარი კონსტანტინე არსაკიძეა და არა მეფე გიორგი, ვინაიდან მონარქის მთავარ გმირად გამოყვანა, მით უფრო იმ სახით, როგორადაც მან გიორგი მეფე წარმოგვიდგინა „უშიშარი ვითარცა უხორცო“, თავისი ქვეყნის ჭეშმარიტი პატრიოტი, - ასეეე ფარსაგი საქმე იყო.
სხვათა შორის, მწერლისეული განმარტებების იძულებითი ხასიათი არ გაითვალისწინეს ჩვენი დროის ფილოლოგებმა და დღემდე დარიჩა საკამათო თემად საკითხი, თუ ვინ არის „დიდოსტატის მარჯვენის“ მთავარი გმირი - კონსტანტინე არსაკიძე თუ გიორგი მეფე, თითქოს გმირების გალერეაში იერარქიის დადგენას სპორტული ჯილდო ახლდეს.
ფსიქოლოგიური თვალსაზრისით განსაკუთრებით საყურადღებოა ბოლოთქმაში მწერლისეული მსჯელობა ბიზანტიური იმპერიალიზმის შესახებ: „ნაციონალური ბიზანტიის ოდესღაც მოძულე, ბოლოს და ბოლოს დავრწმუნდი, რომ ბიზანტია იყო არსებითად ნამდვილი ფორპოსტი დასავლური დიდი ცივილიზაციისა“.
„თუმცა ქართველები და სომხები ცალკეულ პერიოდში ებრძოდნენ კიდევაც ბიზანტიურ იმპერიალიზმს, განსაკუთრებით მაკედონური დინასტიის პერიოდებში. იგივე ბიზანტია იყო ოდესღაც დიდი ასპარეზი ამ ორი ერის საუკეთესო შვილთა პოლიტიკური, კულტურული და სტრატეგიული უნარის გამოსაჩენი, რამდენადაც ბიზანტიის იმპერია მარტოოდენ ბერძენთა ტალანტის მეოხებით წარმომდგარი სახელმწიფო არა ყოფილა".
აქ არაფერი წერია უმართებულო, მაგრამ თუ „დიდოსტატის მარჯვენის“ მთელ რიგ პასაჟებს გავიხსენებთ, განსაკუთრებით მონოლოგს მეფისა - „ქურდები არიან ბიზანტიელები“... საეჭვო ხდება, რისთვის დასჭირდა ბოლოთქმაში მწერალს ვრცელი ექსკურსი ბიზანტიის ისტორიიდან, რომელიც ამ მიმართებით, გინდა არ გინდა, არაფრით არ ასხამს წყალს რომანის ძირითად პათოსზე.
საქმე ის არის, რომ მთავარი და ყველაზე საშიში ბრალდება, რაც ამ რომანთან დაკავშირებით შეიძლებოდა წამოეყენებინათ, სწორედ რომანის ანტიბიზანტიური, ანტიიმპერიალისტური პასაჟები იყო.
ბოლოთქმაც ავი თვალისაგან დამცავ ერთ ავგაროზად მოფიქრებული მონაკვეთი გახლავთ „დიდოსტატის მარჯვენის“ შექმნის ისტორიიდან.
აქ კი მწერალმა დაასწრო და სხვა ბრალდებათაგან განსხვავებით წინასწარ გასცა პასუხი დაქირავებულ ლიტერატურულ კარის მსახურებს. თუმცა, მართალი რომ თქვას კაცმა, ანტიიმპერიალისტური ბრალდეაბა მისთვის „დიდოსტატის მარჯვენასთან" დაკავშირებით არავის წამოუყენებია და ალბათ არც იყო მოსალოდნელი ვინმესგან მისი წერილობით დაფიქსირება.
ანალოგიის ძებნა მართლმორწმუნე ბიზანტიასა და წითელ რუსეთს შორის ბრალმდებლისთვისაც საშიში იყო, მით უფრო, ამ ანალოგიით ლოგიკურად გამოიძებნებოდა ძაღლთაპირი კეისრის, „ბულგართმმუსვრელი“ ბასილის პროტოტიპიც.
ის კომიკური სურათი შეიქმნებოდა, ერთი საბჭოური ანეკდოტით რომაა გადმოცემული.
სტალინს შეხედავს ერთი ქვეშევრდომი და გულში გაიფიქრებს - ღორი!
მეორე ფხიზლადმყოფი ქვეშევრდომი მის გულისფიქრს ამოიკითხავს და ეუბნება:
- ვისი მისამართით გაიფიქრეთ სიტყვა - ღორი?
- რა თქმა უნდა, ჰიტლერის მისამართით - წამოიკნავლა მხილებულმა...
- აი, ამხანაგი პეტრე ამბობს, რომ ღორი ჰიტლერია, თქვენ ვისი მისამართით გეგონათ, ამხანაგო პავლე? - ეკითხება სტალინი „ფხიზელ“ ქვეშევრდომს.
ერთი სიტყვით, რა გარანტია ჰქონდა რომელიმე წითელ კრიტიკოსს, რომ კონსტანტინე გამსახურდია არ ჰკითხავდა, მე ბიზანტიის იმპერიაში და ძაღლთაპირ ბასილი კეისარში ბიზანტიის იმპერიასა და ძაღლთაპირ ბასილს ეგულისხმობ, თქვენ ვის გულისხმობთ, ამხანაგო ბასა?
ცხადია, რომანის პროლოგსა და ბოლოთქმაში მწერლის მხატვრული კონცეფციის შესახებაც საყურადღებო დეტალებს ამოვიკითხავთ. ვთქვათ მისი დამოკიდებულება არქაიზმების შესახებ, მწერლობის როლის, თხზულების ფაბულისა გამო, რაზეც ქვემოთ გვექნება საუბარი, მაგრამ ზემოთქმულის გათვალისწინებაც გვმართებს, როცა კონსტანტინე გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენის“ პროლოგსა და ბოლოთქმას წავიკითხავთ, ანუ უნდა ამოვიდეთ იმ „ეპოქის ქერქიდან“, როცა რომანი იწერებოდა.
"დიდოსტატის მარჯვენის ფაბულა"
„სვეტიცხოვლის ჩრდილოის კედელზე ერთი წარწერაა და ქანდაკი ორი კაცისა. შენის თვალისა და მარჯვენის საქმე იქნება ეს, თუ როგორ ამოიკითხავ ცხრა საუკუნის მანძილზე ქვაში ჩაკირულ საიდუმლოს, დღემდის შეუცნობს“ - ეუბნება მოხუცი ექვთიმე შებინდებისას სტუმრად წვეულ მწერალს.
არ აქვს მიშვნელობა, ეს დიალოგი სინამდვილეში მოხდა თუ მწერლის ფანტაზიის ნაყოფია. მთავარი ის გახლავთ, რომ იმ საოცრად ცოცხალ სიუჟეტებს, იმ თითქოსდა ეჭვმიუტანელ ისტორიას, მწერალმა რომ შემოგვთავაზა, საფუძვლად დაედო ტაძრის ფასადზე ნაქანდაკევი მარჯვენის სურათი, რომელსაც გონიო უპყრია ხელთ და აქვს წარწერა: „ხელი მონისა არსაკიძისაი, რათა შეუნდოთ", ამასთან სვეტიცხოვლის ამშენებლის შესახებ შემორჩენილი ლეგენდა: -
„ხეკორძულას წყალი მისვამს,
მცხეთა ისე ამიგია.
დამიჭირეს, მკლავი მომჭრეს.
რატომ კარგი აგიგია"
სულ ეს არის, რაც ისტორიის მეხსიერებას შემორჩენოდა სვეტიცხოვლის ხელთუქმნელი ტაძრის ამშენებელზე, რომლის სახება ცხრა საუკუნის შემდეგ სიტყვის მაგიით გააცოცხლა მწერალმა, როგორც უკვდავების ბალახით ყამარმა ამირანი.
ახლა რომანში აღწერილი სისხლსავსე და ფათერაკიანი ცხოვრება წარმოიდგინეთ გიორგი მეფისა.
გული დაგწყდებათ, როცა შეიტყობთ, რომ სინამდვილეში გიორგი პირველის შესახებ „მატიანე ქართლისა“ მხოლოდ ორიოდე ფურცელზე მოგვითხრობს.
ჩვენი ერის წარსულის განმჩხრეკელი არ შეიძლება არ შეწუხდეს იმ აურაცხელი "უსახელო უფლისციხელის“ ბედის გამო, რომელთაგან თითოეულის ცხოვრებაზე უკვდავი საგა შეიქმნებოდა და მათი სახელებიც კი არ შემორჩა ისტორიას.
მართალია ილიას თქმისა არ იყოს, „მატიანე ქართლისა“ სინამდვილეში მეფეთა მატიანეა, მაგრამ პირობითად რომ ვთქვათ, უსახელო უფლისციხელები ჩვენ მეფეთა შორისაც გვყავს. აქ არ ვსაუბრობ იმგვარ მეფეებზე, რომელთა ცხოვრების აღწერაში ღირშესანიშნავს ვერაფერს ხედავს მემატიანე და ვთქვათ, ასეთი ანეკდოტური ფრაზით უვლის მათ გვერდს - "დაჯდა ბაკურ და მოკვდა ბაკურ“. აქ ის მეფეები იგულისხმებიან, რომელთა შესახებ ჩვენამდე მოღწეული მცირე ჩანაწერებიც გვაგრძნობინებს, რა მონუმენტური ფიგურები გაუმეტებია ისტორიას დავიწყების მორევისათვის.
"არა დიდ იყო აქილევსი, დიდსა მიემთხვია მაქებელსა"-ო. ქართველი მემატიანის ეს სიტყვები არა მხოლოდ ჰომეროსის წინაშე თავმოდრეკის გამოხატულებაა, არამედ იმის დასტურიც გახლავთ, რომ ჩვენი მეისტორიენი ობიექტური თუ სუბიექტური ზეზების გამო, ვალში არიან ამ ისტორიის შემქმნელ მრავალ გმირთან.
ერთი ასეთი გმირთაგანი გახლდათ „მეორმოცდათორმეტე მეფე გიორგი, ძე ბაგრატ აფხაზთა და ქართველთა მეფისა, ბაგრატოანი“, რომელსაც მემატიანე ასე ახასიათებს: „ახოვან იყო და უშიში ყოვლითურთ, ვითარცა უხორცო“.
უცნობი ავტორი რამდენიმე ფრაზით აღწერს გიორგი მეფის ბრძოლებს ბასილი კეისრის წინააღმდეგ და სულმოკლე ქართველთა ღალატის ამბავს, - შემდეგ გვაუწყებს მის გარდაცვალებას. გვაუწყებს, ისე, რომ სინანული შეგვიპყრობს ამ დიდებული მეფის შესახებ აქ თქმულის გარდა რომ არაფერი მოიძიება ფოლიანტებში:
„გარდაიცვალა გიორგი მეფე, სავსე ყოვლითა სიკეთითა, ჟამსა ოდენ სიყრმისასა, რომელ არავინ გამოჩენილ იყო მსგავსი მისი მამათა შორის მისთა ახოვნებითა, ჭაბუკობითა და სიქველითა, ტანითა და სახითა, ცნობითა და სავსე ყოვლითა განგებითა სახელმწიფოთა, ქრონიკონსა ორას ორმოცდა შვიდსა, თვესა აგვისტოსა თექვსმეტსა, ქვეყანასა თრიალეთისასა, ადგილსა, რომელსა ეწოდების მყინვარნი გინა იწრონი და დაუტევა გლოვა და მწუხარება ყოველთა მკვიდრთა მამულისა და სამეფოსა მისისათა. იგლოვდეს ყოველნი სიკეთისა და სიჭაბუკისა და ახოვანებისა მისისათვის. წარიყვნეს და დამარხეს საყდარსა ქუთათისსა“.
ეს არის და ეს, რაც ხელთ ჰქონდა კონსტანტინე გამსახურდიას როგორც სვეტიცხოვლის ამშენებლის, ისე იმდროინდელი საქართველოს მეფის შესახებ.
ამ ორი, ერთმანეთთან სრულიად დაუკავშირებელი მწირი ინფორმაციით მწერლის ფანტაზია ქმნის ფაბულას - ხუროთმოძღვარი აშენებს სვეტიცხოველს. დიდი შემოქმედი საკუთარი ღირსების შეგრძნებით თავს მეფესაც უტოლებს, რაკი ნებაყოფლობით არ ამბობს უარს სატრფოზე, რომელიც იმავდროულად მეფესაც შეყვარებია სიცოცხლეზე მეტად. ამ მიზეზით და სვეტიცხოვლის ცუდად აშენების საბაბით, მეფის ბრძანებით მკლავს ჭრიან ოსტატს.
ასე გამოინაკვთა სქელტანიანი წიგნის სქემატური ფაბულა, რომლის სიუჟეტური ხორცშესხმით კონსტანტინე გამსახურდიამ შექმნა ბრწყინვალე საგმირო-სატრფიალო რომანი, რომლის ფორმამ - მშვენიერმა და ესთეტიური სიამოვნების მომნიჭებელმა, ერთი შეხედვით ისტორიულ-სათავგადასავლო ჟანრმა, ოსტატურად შეიფარა ისეთი მწვავე თანადროული იდეები, რომ ამ რომანის საბჭოთა სკოლაში სწავლება საბჭოთა იდეოლოგიის მიერ უვიცობაზე შობილი პარადოქსების კიდევ ერთ გამოვლინებად უნდა ჩაითვალოს.
(განა პარადოქსი არ იყო თუნდაც ის ფაქტი, რომ მეფის რუსეთს ხალხთა საპყრობილეს უწოდებდნენ, თავად კი მეფის რუსეთზე შორს გადასწიეს გავლენის სფეროები და დღენიადაგ ტრაბახობდნენ, რომ მათი ჩექმის კვალი დედამიწის ერთ მეექვსედზე იყო აღბეჭდილი...)
მწვავე თანადროული იდეები „დიდოსტატის მარჯვენაში“ დაკვირვებული თვალისათვის ძნელი ამოსაკითხი არ არის.
დავიწყოთ თუნდაც მწერლობის რაობის განსაზღვრით.
„მწერლობა მიჩქმალული გმირობის გმოსარჩლებაა“
ეს ფრაზა შემთხვევით არ დაუწერია მწერალს. იგი მას კონცეფციის დონეზე აჰყავს.
მერე და რა არის ამაში საკვირველი? საკვირველზე რა გითხრათ, მაგრამ ეს უბრალო და მართებული კონცეფცია თავისთავში სწორედ იმ კონცეფციის უარყოფას გულისხმობს, რომელზეც ე.წ. სოციალისტური რეალიზმი იყო დაფუძნებული.
„რომ ბედში მყოფი შენ ძმად მიგაჩნდეს
ეგ ვერაფერი სიყვარულია,
საქმე ის არის, კაცს ის უყვარდეს,
ვინც ბედისაგან დაჩაგრულია“.
ილიას ამ სიტყვებში გამოხატული აზრი ჭეშმარიტი მწერლობის საფუძველთა საფუძველია. აბა გაიხსენეთ „შუშანიკის წამებიდან“ მოყოლებული, ვის მხარეს იდგა, ვის ესარჩლებოდა ქართველი მწერალი.
ერთადერთი „რეალიზმი“, რომელიც გამარჯვებულის, გაბატონებულის მხარეს დადგა, იყო სოციალისტური რეალიზმი და ამ ფსიქოლოგიური მემკვიდრეობით დამძიმებული მწერლობა.
1921 წლიდან მოყოლებული არ გამოქვეყნებულა არც ერთი ნაწარმოები თანამედროვე რობინ ჰუდზე, თანამედროვე კაკო ყაჩაღზე ან თანამედროვე სიმონა ძალაძეზე, რადგან მწერლობა უკვე მათი უკან მდევნელების მხარეს იდგა.
მწერლობისთვის დადებითი გმირი იყო ის, ვინც დადებით მოქალაქედ აღიქმებოდა ხელისუფლებისთვისაც, ასეთებს კი გამოსასარჩლებელი არაფერი სჭირდათ.
აქედან გამომდინარე, ნათელია, თუ რას უსახავს მიზნად საკუთარ თავს მწერალი. ზემოთქმულის გათვალისწინებით კი მიჩქმალული გმირობის გამოსარჩლების მწერლისეული კონცეფცია, მხოლოდ უბრალოდ მართებული კონცეფცია არ არის, ისე, როგორც ყმაწვილის მიერ ნათქვამი სიმართლე - მეფე შიშველიაო - არ გახლავთ უბრალოდ ფაქტის დაფიქსირება, რადგან ამ ფაქტის დაფიქსირებას სხვა ვერავინ უბედავს მეფეს..
ერთმორწმუნე საქართველო და „ბიზანტია“ ანუ კონსტანტინე გამსახურდიას ეროვნული მრწამსი
ყველაზე გლობალური და მწვავე თანადროული იდეა, რასაც „დიდოსტატის მარჯვენაში“ ამოიკითხავთ, ეს არის ერთმორწმუნეობის, ანუ ერთი იდეოლოგიის საფარქვეშ დიდი ქვეყნისაგან მცირერიცხოვანი სახელმწიფოს დაპყრობის ცდა.
როცა ქრისტიანულ საქართველოს არაქრისტიანული ქვეყნები ებრძოდნენ, ერი რჯულსა და ქვეყანას ერთნაირი თავგამეტებით იცავდა მომხდურთაგან.
ასეთ ვითარებაში ქართველი კაცის მტრის სამსახურში ჩადგომას გამყიდველობა, ღალატი, გადარჯულება ერქვა.
ერთმორწმუნე ბიზანტია კი უფრო ცბიერად იქცეოდა. იგი ერთმორწმუნეობის ნიღბით მოდიოდა. ეკლესია-მონასტრებით, საერთო რწმენითა და საერთო კულტურული ფასეულობებით უხვევდა თვალს ქართველთ და ასეთ ვითარებაში მტრის სამსახურში ჩადგომა, რასაც ზოგი გაცნობიერებულად, ზოგიც გაუცნობიერებლად სჩადიოდა, უკვე ქვეყნის ღალატად კი არა, ლამის მამულიშვილურ საქმედ ინათლებოდა.
აბა, როგორი საქმეა, დიდი მფარველი გყავდეს, იმავე მფარველის წყალობით თან სხვა, ურჩ თანამემამულეზე უკეთ ცხოვრების გარანტია გქონდეს და თან მამულიშვილადაც ინათლებოდე.
ერი და ბერი აჰყვა ამ საცთურს.
იქ, სადღაც, შორს, უცხოეთში უკეთესი ცხოვრებაა. ის უცხოეთი „გულში გიხუტებს“, ერთად ყოფნას, ერთობლივ „ბედნიერებას“ და საერთო მტრის ურჯულოთა წინააღმდეგ ერთად ბრძოლას გთავაზობს, - თან ცბიერი ღიმილის უკან, ცეცხლი და მახვილი აქვს მომარჯვებული და აივსო საქართველო კეისართა ომებში თავგადაკლული რაინდებით, სხვისი ომებიდან წამოღებული ჯინჯილებით.
ყოველგვარ უცხოურს პატივი და დიდება დაედო.
დედოფალი და კათალიკოსი ისე გაიტაცა ბრმადმორწმუნეობამ, რომ ისინი საქართველოს მტერს როდი ჰხედავდნენ კეისარში, არამედ ქრისტიანული სამყაროს უზენაეს არსებას, რომელიც ვითარცა რომის იმპერატორი და „პონფიტექს მაქსიმუმ“, მხოლოდ ღმერთს უთმობდა პირველობას ამ ქვეყნად.
ბიზანტიასთან სჯულის ერთიანობით დაბრმავებულმა თავისი სამეფო გადასცა ბასილი კეისარს სენაქერიმმა, სომხეთის მეფემ. გიორგი პირველს კი, ქართველთა მეფეს, კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ შარბათით საწამლავს აწვდიან მის ქვეყანას.
„ბასილი კეისარს ეს უნდა: ერთმორწმუნე საქართველოც სომხეთის დარად გადასანსლოს როგორმე. სანამდის პირში სული მიდგას, ვერ მოესწრება ამ დღეს ძაღლთაპირი ბასილი კეისარი“ - ასეთია შეუვალი პოზიცია მეფისა.
მტერი ორჯერ მეტად მაშინ არის საშიში, როცა ძლიერ ხელთან ერთად შენზე მეტი კულტურა და უფრო დიდი წარსული აქვს, თორემ ძლიერსა და ბრიყვ დევს სუსტი და ჭკვიანი ნაცარქექიაც უღებს ბოლოს ადრე თუ გვიან.
ბიზანტია სწორედ ქრისტიანული ფორპოსტის სახელს, თავის დიდ კულტურასაც იყენებდა ერთმორწმუნეთა დასამორჩილებლად. ამ კულტურითა და ბიზანტიონის ბრწყინვალებით დაბრმავებულ თანამემამულეთა გასაგონად წერია რომანში: „საერთოდ ქურდებია ბიზანტიელები, შჯული ებრაელებს მოპარეს, ენა - ძველბერძნებს, ბულგარელებს ცეტინიუმი, სომხებს - ანისი, ქართველებს - ბასიანს გადაღმა ქვეყნები, ხოლო სინდისი ვერავის წაგლიჯეს, რადგან ასეთი რამ არ სჭირიათ ჯერაც“.
ახლა ლოგიკურად ისმის კითხვა, რისთვის დაჭირდა ეს მგზნებარე ანტიბიზანტიური პასაჟები კონსტანტინე გამსახურდიას. ამ სახელმწიფოს არსებობამ ხომ საუკუნეების წინათ დალია ჩაილურის წყალი და მისი დიდება, მისი წითელწაღიანი იმპერატორები ისევე გაჰქრენ ისტორიის კორიდიდან, როგორც მათი წინამორბედი ძლევამოსილი რომაელები?
მე-19 საუკუნეში წითელწაღიან ბიზანტიის იმპერატორებს რუსეთის იმპერატორები შეენაცვლენ, მე-20 საუკუნეში კი წითელდროშიანი რუსეთის გენსეკ-იმპერატორები.
მე-19 საუკუნეში რუსეთი ერთმორწმუნეობის ნიშნით შემოიჭრა საქართველოში, მე-20 საუკუნეში კი საერთო პროლეტარულ–ინტერნაციონალისტური იდეოლოგიით.
კონსტანტინე გამსახურდია „დიდოსტატის მარჯვენით“ გაბედულად ეხმიანება მე-19 საუკუნის 60-იანელთა ეროვნულ-განმათავისუფლებელ კონცეფციას, რაც აკაკიმ ასე ლაკონურად გამოხატა:
„დამეხსენი ჩრდილოელო რა მაქვს შენთან საზიარო!
თვით ოხერო, მოუცლელო, როგორ გინდა მომიარო?
შენი ტყვე ვარ, მაგრამ ჩემ გულს, ანუგეშებს ის იმედი,
რომ ოდესმე შენს ცხრაკლიტულს, მთლად დალეწავს ჩემი ბედი“
ორ კუროპალატს შორის გამოჭყლეტილი გიორგი I სწორედ ამ ბედის მონატრებაა...
"როცა ხალხს ამდენი მოღალატე შინა ჰყავს, მაკედონელიც კი ვერ გაამარჯვებინებს მას"
გარეშე მტერს მოსისხლე და დუშმანი იმიტომაც ჰქვია, რომ იგი ყველა ხერხითა და ყველა საშუალებით გებრძვის და, კაცმა რომ თქვას, ეს კაცობრიობის სისხლიანი ისტორიის კანონზომიერებაც კია. მაგრამ გარეშე წნეხი ვერ შეედრება იმ დამანგრეველ ძალას, რაც შინააშლილობასა და ზნეობრივ დეგრადაციას მოაქვს ქვეყნისათვის.
ნაპოლეონის დამარცხების შემდეგ, გამარჯვებულ მოკავშირეთა ჯარები პარიზში შევიდნენ, მაგრამ საფრანგეთისათვის ამ ომში დამარცხებას არ მოუტანია იმდენი უბედურება, რაც ჯერ ბურბონების გაგდებისათვის, მერე დანტონების, მარატებისა და რობესპიერების პატივმოყვარეობის დაკმაყოფილებისთვის გადახდათ ფრანგებს თავს. კაცთმოძულე რევოლუციონერთა ,„დემოკრატიას" ნაპოლეონის ტირანია მოჰყვა და ამ ორომტრიალის შედეგად ათიათასობით ფრანგის თავი ფრანგებისავე ბრძანებით დაგორდა გილიოტინიდან.
ასევე იმგვარი არნახული შინააშლილობა, ძმათაგან ერთმანეთის ჟუჟვა, მე-20 საუკუწის 1 ნახევრის რევოლუციური სულით გაჟღენთილ საქართველოში რომ სუფევდა, ჩვენი ქვეყნის აწეწილ ისტორიასაც არ ახსოვს.
აღა-მაჰმად-ხანს არ შეწირვია იმდენი ქართველის სიცოცხლე, რამდენიც ბოლშევიკურმა წმენდამ საერთოდ კი არა, თითო ღონისძიებაზე შეიწირა და ეს კაცთაკვლა მართალია სხვაგან დაგეგმილი, ისევ ქართველების ხელით ხორციელდებოდა.
რუსებს სიკვდილის ცელით ისევ ქართველები მოუძღოდნენ თანამემამულეთა დასაღუპავად. ერთი თანადროული და მწვავე თემა, რაც კონსტანტინე გამსახურდიამ „დიდოსტატის მარჯვენით“ შორეული წარსულიდან გამოიხმო, ესეც გახლავთ - თემა ქვეყნის შინააშლილობისა, თვისტომთა წინააღმდეგ უცხოტომელთა მოხმობისა და ბეზღობისა.
გაიხსენეთ კვეტარის ერისთავი თალაგვა კოლონკელიძე და ქორსატეველას ციხიხ პატრონი ერისთავი მამამზე, მისი შვილი ჭიაბერი, რომელნიც ისე არ აუჯანყდებიან გიორგი მეფეს, თუ დიდოელნი, ძურძუკნი და ოვსნი არ იხმეს...
პარალელი შეიძლება გაივლოს 20-იანი წლების საქართველოსთან. გაიხსენეთ შულავერის ან ოსების აჯანყება
ქართველი მეთაურებით და ჩრდილოკავკასიიდან გადმოყვანილი ბრბოები...
გაიხსენეთ კრემლში მჯდარ იმპერატორებთან თბილისიდან გაგზავნილი „დანოსები“ და ფარსმან სპარსის მიერ გიორგი მეფის დაბეზღება ბერძენ კასავილასთან, რომელმაც სიტყვა-სიტყვით მოახსენა ბასილი კეისარს მათდამი ქართველთა მეფის ნამდვილი დამოკიდებულების ამბავი.
რა იწვევს შინააშლილობას, ერისთავთა პარტიკულარიზმს და ცენტრალური ხელისუფლების დასასუსტებლად თანამოძმეთა შორის შუღლის ჩამოგდებას. რა უდევს საფუძვლად იმ გველურ სისინს, რომლის შედეგიც ერთმანეთისაგან განგმირული ღვიძლ ძმათა სასაფლაოები და პატივაყრილი ქვეყანაა?
მოდით, ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად თვალი მივადევნოთ „დიდოსტატის მარჯვენის“ იმ პერსონაჟებს, რომელთა ქმედებამაც ათქმევინა მომაკვდავ მეფეს - „როცა ხალხს ამდენი მოღალატე შინა ჰყავს, მაკედონელიც ვერ გაამარჯვებინებს მას“.
ამთავითვე ვთქვათ, გამსახურდიას ხელწერა არ არის პერსონაჟთა სქემატური, დადებით ან უარყოფით გმირებად წარმოჩენა. იგი, როგორც სიტყვის დიდი ოსტატი, ისე სისხლსავსე და ადამიანის ღრმა ცოდნით ხატავს თავის გმირებს, რომ თვით მის ე.წ უარყოფით პერსონაჟთა ბედსაც განიცდის მკითხველი.
თალაგვა კოლონკელიძე
კვეტარის ერისთავი თალაგვაა კოლონკელიძე ერთი იმ ტიპურ ქართველთაგანია, რომელნიც საკუთარი დიდების ტკბობით იწყებენ ქვეშევრდომთა მართვას და თანდათანობით ამ ტკბობას ხინჯად ადევს იმის შეგრძნება, რომ მის თანამემამულეთა შორის კიდევ მოიძებნება სხვა კაცი, მასზე მეტი დიდებით შემოსილი. კაცი, რომელსაც პირველ დაძახებისთანავე ქედდადრეკილი უნდა ეახლოს და საკუთარი დიდების უზრუნველსაყოფად ისევე უქიცინოს კუდი, როგორც მას მისივე ყმები ემლიქვნელებიან.
მერე და, ვინ დაადგინა, ვინ აქცია კანონად ის, რომ სულ თავად უნდა იყოს პირველი და სხვა კი მის ჩრდილად იწოდებოდეს?
ღირსება, პატივი, ჭკუა, სიმდიდრე, ძალა - რომელი ერთი აქვს ნაკლები ამ მეორეს პირველზე? ნაკლები კი არა, მის ხელთ რომ იყოს, ქვეყანასაც უკეთ მწყემსავდა და ხალხსაც სწორედ მისი ექნებოდა მეტი შიში და სიყვარული...
არა, პატივი არც ახლა აკლია.
მაღლა ღმერთი ჰყავს ერთი მბრძანებელი, დაბლა კი, მის სამფლობელოში, ყველასათვის თავად არის მეფეც და ღმერთიც.
ვისაც უნდა, ააშენებს, ვისაც უნდა, დააქცევს.
გაბედნიერებულისთვისაც სალოცავ ხატად რჩება და მისგან გაუბედურებულიც ხმამაღლა ისევ მასზედ ლოცულობს, სული რომ შეარჩინოს და მთლად ყორნების საჯიჯგნად არ გაიმეტოს...
კვეტარის ციხე-დარბაზში გამოკეტილს ერთგულად იცავენ მისი ყმანი და კაცთაგან ფეხდაუდგმელი ქარაფები.
მაგრამ მაინც არსებობს ის ერთი, მასზე აღმატებულად წოდებული და ამდენად, მისი ტკბობა დიდებით სრულყოფილი ვერ არის. სრულყოფილი კი არა, ხანდახან შიში წამოუვლის ამპარტავან ერისთავს რომ შეიძლება მეფეს მისი მამულების სხვისთვის ბოძება მოეხასიათოს.
ხომ შეიძლება, მის ერთგულ ქვეშევრდომობაში ეჭვი შეეპაროს და გზიდან ჩამოიცილოს. ჯერ არ უქნიათ მეფეებს ამგვარი რამ თუ რა.
ამგვარი ფსიქოლოგიური განწყობილება, ერთის მხრივ, მეფისადმი პირფერობაში აჯიბრებს სხვა პირფერებთან, მეორეს მხრივ, ბადებს იმ წინაპირობას, როცა ქვეშევრდომი მუდმივად მზად არის ზურგში მახვილის ჩასაცემად და მბრძანებლისაგან გასათავისუფლებლად. თუ ამ განწყობას ისიც დაერთო, რომ უფრო ძლიერი მფარველი გამოუჩნდა, უცხო და შორეული, ავადმყოფობად ქცეულ პატივმოყვარეობას სარქველი ედება. თუ მორჩილებაა,
სჯობს შორეული მბრძანებლის მორჩილებაში იყო, ვიდრე იმისა, ვინც ცხვირწინ გიზის და მუდმივად უნდა შეჰყურებდე თვალებში...
მყისიერი ფიქრი და არცთუ უსაფუძვლო, რაც გიორგი მეფეს გაუელვა, როცა ფხოველთა აჯანყება შეიტყო, ის იყო, თუ ვისი იმედით სჩადიოდნენ ამას თალაგვა, მამამზე და ჭიაბერი. ვინ იდგა მათ ზურგს უკან, სარკინოზთა ამირა, თუ ბიზანტიის კეისარი?..
ამბოხებისათვის კოლონკელიძესა და მასთან შეთქმულთ საბაბიც ჰქონდათ - მეფე ქრისტეს სჯულს ახვევდა თავს მთიელებს, როცა მათ საკუთარი, მამა-პაპური ბომონები ეგულვოდათ სალოცავ კერპებად.
აზვავდნენ ფხოველნი, გაბოროტდნენ ხევისბერები, ისინი ხომ წინაპართა სარწმუნოებას იცავდნენ, ე.ი მართალნი იყვნენ საკუთარი მეფის წინააღმდეგ ბრძოლაში...
დიდი რელიგიების შემოქმედთ - ბუდას, მოსეს, ქრისტეს, მუჰამედს, ვინ იცის შეძრწუნების როგორი გრძნობა მოიცავდათ, რომ ეხილათ, ადამიანები რა აღტკინებით თესავდნენ სიკვდილს მათივე სახელით.
მამა-პაპათა რჯულს გვეცილებიანო - აიყოლია ხალხი და ქარაფებიდან გადააყრევინა ფხოველთ საკუთარი თანამოძმენი - ქრისტიანენი.
პირველი ამბოხი ეპატია თალაგვას, მეორედ კი მწარედ დასაჯა მეფემ.
მისივე ციხე-დარბაზში დამარცხებულ ერისთავს ისე გულგრილად დაადო თბილისელმა ჯალათმა საღირამ ორთავ თვალზე ორ შამფურზე წამოცმული ორი გავარვარებული პატარა ფირფიტა, თითქოს მახათით ორ ფოლაქს აბნევდა ტალავარს.
უკვე რამდენიმე წუთის წინ ლამაზ და თაფლისფერთვალება, ჯერაც ახალგაზრდა ერისთავს, ახლა თვალებმოშანთულსა და წუთიერად გათეთრებულს, ერთიც არ დაუკვნესია, ისე გადაიტანა გაუგონარი ტანჯვა. რისთვის შეელია ასეთი ვაჟკაცის ძალისხმევა საკუთარი მეფის წინააღმდეგ ბრძოლას?
წინაპართა რჯულის შენარჩუნებისათვის?
მეორე ამბოხის შემდეგ, მის საერისთავოში მობრძანებულ მეფეთა-მეფეს გულმოწყალება შეამჩნია თალაგვამ, იმედი გაუჩნდა გადარჩენისა, გადარჩენის კი არა, უფრო წარმტაცმა ილუზიებმაც გაიტაცა - იქნებ მართლა უყვარსო გიორგი მეფეს შორენა, იქნებ მის ხელს მთხოვდესო და ამ ფიქრმა
კოლონკელიძეს ახალი პერსპექტივები გადაუშალა, სასახლის კარზე აღზევების. აღარ მოეწონა თალაგვას შეთქმულთა დანახვა. ერთ წუთში გამოიცვალა მეამბოხე და ფიქრით უკვე მეფის საშველად ემზადებოდა მის მტერთა ზედა...
ამ ფიქრმა გასცა აქამდე ურჩი ერისთავის ჯანყის ნამდვილი მიზეზი.
აკი წინაპართა რელიგიას იცავდა აქამომდე?
მისგან წასისინებული ათასობით ფხოველი კი იწვა მიწაში და არ იცოდა არცერთმა მათგანმა, სინამდვილეში წინაპართა რჯულს კი არა, საკუთარ პატივმოყვარეობას რომ შესწირა ისინი მათივე ერისთავმა.
ეს სიუჟეტი მკაფიო სურათია შინააშლილობის ერთი მიზეზისა - როცა ხალხის ბედი
ავადმყოფობამდე მისული პატივმოყვარე მმართველის ხელთაა. ეს ხალხი ვულკანზე ცხოვრობს, რომელიც ამოიფრქვევა მაშინ, როცა ამას პატივმოყვარე მმართველი თავისთვის ჩათვლის საჭიროდ.
მამამზე და ჭიაბერ ერისთავები
ეს ორი დიდებულიც იმავე გზას ადგას, რომელმაც ისინი უფრო მეტი დიდების კარიბჭესთან კი არ მიიყვანა, პირიქით, ამ გზით უბედურებამ ტაატით იარა და ბოლოს მათივე ოჯახსა და ციხე-დარბაზს ეწვია. ქვეყნის მოღალატეს ურმით დასდევს სამართლიანი განაჩენი და ბოლოს მაინც წამოეწევა - ესეც ისტორიის კანონზომიერება გახლავთ.
ის, რაც კვეტარის ციხის პატრონის ფსიქოლოგიური პორტრეტის აღსაწერად ითქვა, ქორსატეველას ციხის პატრონსაც მიესადაგება ერთი განსხვავებით - მამამზესა და ჭიაბერს უფრო მეტი მადა აქვთ, ვიდრე კოლონკელიძეს.
მათზე ვერ ვიტყვით, რომ პარტიკულარისტები არიან და საკუთარი საერისთავოს სრული შეუვალობა სურთ ცენტრალური ხელისუფლებისაგან. მათი მიზანი უფრო შორს წვდება - ცენტრალური ხელისუფლების ხელში ჩაგდება თავად სურთ.
მამამზე ერთგული თანამებრძოლი იყო ბაგრატ მესამისა. ბრძოლის ველზე სიკვდილს გადაარჩინა ბაგრატის ვაჟი გიორგი პირველი.
არც გიორგი ჩანს უმადური. მეფისა და ერისთავის მამაშვილური მეგობრობა თითქოს უხინჯო უნდა იყოს, მაგრამ აქაც თავს იჩენს პირველობის პატივმოყვარული, „უჩემოდ ვინ იმღერეთას“ ჟინი.
მამამზეს ვაჟი ბიზანტიონში ყოფილა. ბასილი კეისარს ბრძოლებში ხლებია და ამ უკანასკნელს ოქროს მუზარადით დაჯილდოებული, იგულისხმეთ სწორედ პირველობის ჟინით ანთებული, გამოუგზავნია თავის სამშობლოში,
იმპერატორის კარზე ურჩ მეფეთა დასათრგუნად მარად ძველი და მარად ახალი გეგმა მუშავდება.
შეირჩევა ურჩი მეფის ღირსეული მეტოქე და დიდი იმპერიის ძალამიცემული, იგზავნება ურჩთა ქვეყანაში.
დანარჩენი დროისა დ მოენტის საქმეა
თუმცა, ქვეყნის ღალატი ყოველთვის აშკარად როდია საგრძნობი. ფირმანით გაფორმებულ მოღალატეს არც მიიღებს ერი და არც ამოუდგება გვერდში კანონიერი მეფის დასამხობად. აკი არც მიიღეს მამის მკვლელი, სწორედ ფირმანით გაფორმებული მოღალატე, კახთა უდღეური მეფე კონსტანტინე და არც აბოგინეს დიდხანს. ისეთი მეტოქე უნდა შეირჩეს, თავადაც ღირსეული რომ არის. თქვენ წარმოიდგინეთ, ისიც კი არ არის სავალდებულო, იმ იმპერიის ერთგული რომ იყო, რომელიც მეფესთან საბრძოლველად დახმარებას გპირდება.
იქნებ ანგარიშში ცდება მტერი?
რა ბედენაა მისთვის იმპერიის ერთი მოძულე მეორე მოძულეთი შეიცვალოს; არა, არ ცდება და აი რატომ: უღირსს, სამშობლოს გამყიდველსა და იმპერატორის ნაცვალს თუ იმპერატორმა ჯარი არ გამოაყოლა, გამარჯვება არ უწერია. სად საკუთარი ჯარისკაცების სისხლის ფასად რომ დაასუსტებ ქვეყანას და სად თავად ქვეყანა რომ საკუთარი ხელით გამოიჭრის ყელს. ეს კი მხოლოდ შინაომით შეიძლება.
შინაომში კი რაც უფრო ღირსეული და ძლიერი მეტოქე ეყოლება მეფეს, მით უკეთესი იმპერატორისათვის. ეს ომი უფრო ხანგრძლივი და ძლიერი იქნება.
თავის მხრივ, იმპერატორის ფარული თუ აშკარა მხარდაჭერით, მეფის გათამამებული მეტოქე ფიქრობს, იმპერიას გამოვიყენებ, მეფეს დავამარცხებ და მერე იმპერატორსაც გაცუცურაკებულს დავტოვებო (თუ, ვიმეორებ, ფირმანიანი მოღალატე არ არის).
ამ მოტივით შინაომები უმეტესად უკეთესი მერმისის სახელით ხდება. ორივე მხარეს სამშობლოს ბედნიერება სურს. ორივე მხარე პატრიოტული მოტივით ჟუჟავს ერთმანეთს... მეფის ხელისუფლებისათვის ჭოლოკივით ნასროლ მეტოქეს რომ უთხრათ, ქვეყნის მოღალატე ხარო, აღშფოთებულმა შეიძლება თავი წაგაცალოს.
ის ხშირად ისეთივე მსხვერპლია სხვის მიერ გათამაშებულ კორიდაზე, როგორც ის მეფე, რომლის დამხობაც განუზრახავს.
ეშმაკი კი ზის ქანდარაზე და იცინის.
რა მნიშვნელობა აქვს ბიზანტიის იმპერატორისათვის - გიორგი მეფე გაიმარჯვებს, თუ ჭიაბერი.
არც ერთია ბიზანტიის ერთგული და არც მეორე.
პირიქით, ბიზანტიის მტრობაში ურთიერთგაჯიბრებულნი უფრო მეტი პატრიოტული აღტყინებით აიყოლიებენ თანამემამულეთ და ამოხოცავენ ერთმანეთს.
გამარჯვებულს ხელთ შერჩება ძმათა ომით სისხლდაცლილი, მისუსტებული, დამარცხებული ქვეყანა.
ასე ხელოვნურად და ვერაგულად დადგმული შინააშლილობის სურათებს ვხედავთ ჭიაბერისა და გიორგი პირველის დაპირისპირების მაგალითზე.
მაშინ როცა მცხეთაში საახალწლოდ მეფესთან ჩაბრძანებული მამამზე ერისთავი ფარისევლურად ლოცავდა ტახტისმპყრობელს: „მრავალჟამიერ ჰყოს დამბადებელმან ყოველმან მეფობა შენი და ისარნი ესე გულსა შინა გაენერთხოს მეფობისა შენისა ორგულსა. წყეულიმც იყოს ყოველი გულბოროტი და ქვეგამხედვარი ტახტისა შენისა“-ო, - მისი ვაჟი ჭიაბერი მეფის ჩამოსაგდებად ხალხს აჯანყებდა. რაც მთავარია, აჯანყებდა რომის პაპზე მეტი კათოლიკობის მოტივით, რაც ასეა გადმოცემული მისი ძუძუმტის, შავლეგ ტოხაისძის მიერ:
„ბერძნებს ეს სწადიათ, ჩვენი ენა დაგვავიწყონ და მათი შევისწავლოთ, ჩვენი სამოსი შემოგვაძარცვონ, მათი ჩავიცვათ. ამიტომაც გვინდოდა მე და კოლონკელიძეს მეფე გიორგი შეგვეპყრო, ჭიაბერი ტახტზე დაგვესვა“.
რომელი ბერძენთმოთაყვანე გიორგი იყო?
ტოხაისძის სიტყვებიდან მკაფიოდ ჩანს, რომ არავითარი იდეოლოგიური საფუძველი ამ შინაომს არ ჰქონია. (კერპთა აღდგენისათვის ბრძოლა რამდენად იყო ამ ომის საფუძველი, ამაზე უკვე გვქონდა საუბარი). აქედან გამომდინარე, ამ ომის სამწუხარო შედეგი ის იყო, რომ ქორსატეველას ციხეში გვერდიგვერდ ჩაწვნენ ძმების მიერ განგმირული ძმები, რომ მტრის წინააღმდეგ გასაღები სიცოცხლე, მოღალატის იარლიყით დაასრულეს ბრძოლებში გაჭაღარავებულმა ლომკაცმა მამამზემ და მისმა ვაჟმა, ასევე რჩეულმა მებრძოლმა ჭიაბერმა.
ამ ომს შეეწირა მეფის საუკეთესო მხედრები და ერისთავი გირშელ, რომელიც გარეშე მტრებთან ბრძოლებს ცოცხალი გადაურჩა და საკუთარ მოძმეთ აჩეხეს გაუგონარი სისასტიკით.
ამ სიუჟეტითაც შინააშლილობის მიზეზად ისევ ავადმყოფური პატივმოყვარეობა და ამასთან, უცხო ქვეყნის ნებაზე კუნტრუში გვევლინება. ჭიაბერის მკვლელობის შემდეგ კი შურისძიების გრძნობა.
ფარსმან სპარსი
ფარსმან სპარსი ერთი სრულიად გამორჩეული და ორიგინალური პერსონაჟია არა მარტო კ.გამსახურდიას შემოქმედებაში, არამედ საერთოდ, ქართული ლიტერატურის ისტორიაში.
„დიდოსტატის მარჯვენის“ პერსონაჟთა შორის არავინ არის ისეთი ტრაგიკული, საცოდავი და იმავდროულად საშინელი კაცი, როგორიც ფარსმანია.
ფარსმან სპარსი ცხოვრების ნადიმიდან გაგდებული ადამიანია და თანაც იმ ასაკში, როცა მას ამ ცხოვრებისთვის არაფერი ჰქონდა დაშავებული. ეს ოდესღაც უზრუნველი და ნებიერი, დაუცხრომელი ბუნებით გამორჩეული ჭაბუკი, მტერთან ბრძოლებში გმირობის გამოჩენაზე მეოცნებე ახალგაზრდა, თავად იქცევა ადამიანთა მოდგმის იდუმალ მტრად.
თავის ფენომენალურ განათლებასა და გენიალურ ნიჭს იმავე ნადიმის მონაწილეთა წინააღმდეგ იყენებს, საიდანაც იგი უცერემონიოდ იქნა გაძევებული.
ხშირად ხდება ასეთი უცნაურობა. ამა თუ იმ პიროვნების შესახებ ოდესღაც ვიღაცა რაღაცას იტყვის და შემდეგ მთელი ცხოვრების მანძილზე ამ ნათქვამის, - ავის ან კარგის მიხედვით, ყალიბდება საზოგადოებრივი აზრი.
მოულოდნელად კი აღმოჩნდება, რომ ეს აზრი აბსოლუტურად მცდარი ყოფილა.
ლიტერატურულ პერსონაჟებსაც დაჰყვებათ ხოლმე ასეთი ბედი.
ამის მაგალითად ფარსმანის კრიტიკისეული შეფასებაც გამოდგება.
ცოცხალ ადამიანსა თუ ლიტერატურულ პერსონაჟზე მსჯელობისას, თუ ისინი უარყოფით ემოციებს აღძრავენ, მოსაუბრეს, არცთუ იშვიათად, შეატყობთ, - იგი გესლს მომეტებულად გამოურევს საუბარში, აქაოდა, როგორ მძულს ბოროტება, აქაოდა, რა შეურიგებელი ვარ ადამიანის უარყოფითი თვისებებისადმიო. ეს ხშირად ლიტერატურულ კრიტიკასაც ემართება და ობიექტური განსჯის ნაცვლად ისეთ ცალმხრივ უარყოფით ტიპებად წარმოგვიდგენენ პერსონაჟებს, თითქოს ისინი ღმერთმა საზოგადოებაში პირდაპირ ჯოჯოხეთის მუგუზლად მოავლინა.
ობიექტურმა თვალმა კი არ შეიძლება ფარსმანი არ აღიქვას საშინელთან ერთად იმავდროულად ტრაგიკულ და საცოდავ კაცად.
ტრაგიკულის განცდა კი გვეუფლება არა იმდენად თვით ფარსმან სპარსთან მიმართებაში, არამედ მისი მშობელი ქვეყნის მიმართ, ვინაიდან, ეს კაცი თავისი გენიალური ჭკუით, იმავე წარმატებით 'შეიძლებოდა ქვეყანას დიდ სიკეთედ მოვლენოდა, როგორი წარმატებითაც დიდი ბოროტების ქმნა შეუძლია.
კონსტანტინე გამსახურდიას იგი ქართველ კონდოტერთა წინაპრად მიაჩნია. რამდენი რამ არის საგულისხმო ამ განაცხადებიდან.
ერთია ქვეყნისათვის დაკარგული ნიჭი. მეორეა ამ დანაკარგის ბოროტებად შემობრუნება იმავე ქვეყნისთვის. მსოფლიოს დიდი ქვეყნების ბედს წარმატებით ატრიალებდნენ ქართველი კონდოტირები. იმავდროულად ან
ანგრევდნენ საკუთარ ქვეყანას, ან სულაც დავიწყებული ჰქონდათ მისი არსებობა. დღემდე გაწვალებს კაცს ფიქრი, რა იქნებოდა, მათ რომ კეთილი ნება ქონოდათ და, ამდენი თუ შეეძლოთ, იმის მეათედი მაინც ერგოთ საკუთარი სამშობლოსათვის, რაც ავნეს.
ორიოდე სიტყვით გავიხსენოთ ამ კონდიტიერთა წინაპრის, ფარსმან სპარსის ცხოვრების გზა.
ეს ყველასათვის უცხო და უთვისტომო კაცი, ვისთვის სპარსი, ვითვის არაბი.
ვისთვის წარმართი, ვისთვის სუფისტი, სინამდვილეში ქართველი გახლავთ, შავშეთის ერისთავის შვილი.
"პაპა სუმბატი - მუდამ მოღუშული, ჟანგისფერი თორიანი ვაჟკაცი.
მამა - ბაქარი, ჭროღათვალება, ქერა რაინდი.
დედა - ნანაი, მუდამ ლოცვებში ჩაფლული, ძილისპირების ტკბილი მგალობელი".
მშვიდობა და კეთილდღეობა სუფევდა სუმბატ და ბაქარ ჩორჩანელების ოჯახში, მაგრამ სარაინდო საქმეებისთვის შეღერებულ ფარსმანს, შინააშლილობის წყალობით, თანამემამულეთა წინააღმდეგ მოუწია პირველად ხმლის ტრიალმა.
ბაგრატ მესამეს არ დაემორჩილა სუმბატ ჩორჩანელი, რისი შედეგიც იყო მისი საერისთავოს იავარქმნა.
სუმბატი სიკვდილით დასაჯეს.
ბაქარი და მისი ვაჟი ფარსმან სამ თვეს უმკლავდებოდნენ თუხარისის ციხეში მეფის მხედრობას, შემდეგ ათას მონასპასთან ერთად ბიზანტიაში გაქცევით უშველეს თავს.
აქედან კი იწყება მამა-შვილის გმირული საგა სხვათა ომებში.
ბაქარი ბასილი კეისრის მეამბოხე სარდალს ფოკას მიემხრო თავის ათას მონასპასთან ერთად.
დამარცხდა ფოკა. თავის თავს უშველა. ალყაშემორტყმული ქართველები კი ბოლომდე იცავდნენ ციხეს..
ბაქარს თავი მოსჭრეს გამარჯვებულება.
ფარსმანი გადარჩენილ სამას იბერიელ მონასპასთან ერთად ტყვედ წაიყვანეს.
ზის ფარსმანი იმავ აქლემზე, რომელზედაც ხურჯინით ჰკიდია მისი მამის მოჭრილი თავი.
წყალი - იხვეწებიან ტყვეები. ერთადერთი ფარსმან ჩორჩანელია, რომ არ ითხოვს წყალს, რადგან სიკვდილი ენატრება ამ ურწყულ და უკაცრიელ ველებზე.
დილეგი.
შემდეგ გაქცევა.
ხეტიალი უდაბნოდან უდაბნოში. ქალაქიდან ქალაქში. სამეფოდან სამეფოში,
დაწინაურდა ხალიფა ალ ჰაქიმის კარზე.
ბაგრატ კურაპალატისა და ბიზანტიის კეისრის სიძულვილმა რჯული გამოაცვლევინა - აბუბექრ-ისმაილ-იბნ-ალ-აშარი დაირქვა,
განსაცვიფერებელ სიმამაცეს იჩენდა ხალიფას მტრებთან ბრძოლაში, ალ ჰაქიმის მარჯვენა ხელი იყო.
ბერძნებთან ომში მძიმედ დაიჭრა.
განკურნება. ისევ ომები.
ალ ჰაქიმმა ბიზანტიონში წარგზავნა დესპანები, მათ აბუბექრ-ისმაილ-იბნ-ალ-აშარი ხელმძღვანელობდა.
დესპანების ხელმძღვანელი კონსტანტინოპოლში დარჩა, ქრისტიანობა მიიღო და მისი რაინდობითა და განსწავლულობით მოხიბლულმა კეისარმა ხუროთმოძღვართუხუცესობა უბოძა.
ვერც აქ გასძლო დიდხანს. ქალაქიდან გაიპარა, ხუროთმოძღვართუხუცესის კვერთხი გლახაკის არგანზე გადასცვალა და როგორც დერვიშმა, მთელი ეგვიპტე შემოიარა, მათხოვართა ხანაგებში ათევდა ღამეს.
უკვე ხანშიშესულს სამშობლო მოენატრა.
ბადდათის ხალიფამ თბილისის ამირასთან წარგზავნა (თბილისი ხომ არაბებს ჰქონდათ დაპყრობილი). თბილისში დაირქვა ფარსმან სპარსი. თუხარისის მშობლიურ ციხეში აპირებდა იდუმალ ჩასვლას, როცა ბაგრატ მესამის მეომრებმა შეიპყრეს.
ისევ დილეგი.
შემდეგ ბაგრატ მეფემ იმსახურა თარჯიმნად.
გიორგი პირველმა ხუროთმოძღვართუხუცესობა უბოძა. ასეთია მოკლედ ფარსმანის ქარტეხილიანი ბიოგრაფია.
ახლა მისი განსწავლულობა ნახეთ.
კაიროსა და კონსტანტინოპოლის საუკეთესო ტაძრები უშენებია, როგორც ხუროთმოძღვარს.
ფლობდა უამრავ ენებს, უდიდეს ცოდნას. იყო საუკეთესო ექიმი, ვარსკვლავთმრიცხველი, სამყაროს იდუმალებათა შემცნობი.
წამების სიზუსტით გამოთვალა მცხეთაში მოსალოდნელი მიწისძვრის შესახებ. დაუფლებული იყო ინდოელ ფაკირთა სიბრძნეს, უამრავ მოძღვრებას.
გაბედულება და სულიერი სიმტკიცეც საარაკო ჰქონდა.
როგორც ალ ჰაქიმის ელჩი, ბიზანტიის იმპერატორთან მიწას არ ემთხვია. სხვა მხრივ მოუნდომეს დამცირება, სპეციალურად დაბალი კარი გააკეთეს, რათა ოთხად მოკეცილი ხლებოდა კეისარს. ფარსმანი კი შებრუნდა და ჯერ უკანალი შეიტანა ბასილი დიდის დარბაზში.
მეფე გიორგის ირიბად, მოიარებით, მაგრამ ისეთ მწარე სიმართლეს მიახლის ხანდახან, კაცთაგანი რომ ვერ უბედავს გვირგვინოსანს.
გაუგონარ ტანჯვასაც რაინდულად გაუძლო უკვე მოხუცებულმა და რკინისმკვეთელ ხმალთა ჭედვის საიდუმლოც ისევე უთქმელად გაიყოლა საფლავში, როგორც საიდუმლო თავისი ვინაობისა.
ერთი სიტყვით, სხვაზე აღმატებული ყველაფერი ჰქონდა ამ კაცს - ცოდნაც, გაბედულებაც, სიმტკიცეც.
ხელოვანიც იყო, დიდი მეომარიც და დიდი მეცნიერიც, მაგრამ სწორედ ამით, ყოველივე ამით აღჭურვილი გახლდათ იგი შემაძრწუნებლად საშიში გარშემო მყოფთათვის, ვინაიდან მას ამოძრავებდა მხოლოდ ცინიზმი და სიძულვილი გარშემომყოფთა მიმართ.
ადამიანს, რომელსაც უარყოფილი აქვს ის საყრდენი ღერძი, რასაც სიკეთე ჰქვია, დიდი ნიჭი, დიდი ენერგია და დიდი შესაძლებლობები იმ ქარიშხალს ამსგავსებს, რომლის ამოვარდნას მხოლოდ დამანგრეველი შედეგები ახლავს...
არანაირი პრინციპი ფარსმანს არ გააჩნია. უფრო სწორად, მისი პრინციპი უპრინციპობაა.
მას შეუძლია ალ ჰაქიმი ბასილი კეისარზე გაყიდოს, ბასილი ისევ სარკინოზთა ხალიფაზე, ხოლო გიორგი მეფე ყველაზე და სრულიად უსასყიდლოდ... აკი გასცა კიდეც კეისრის მოციქულებთან საქართველოს მეფე, თუმცა, მისი გამყიდველობა მთლად „უანგაროც“ არ არის. ერთადერთი, რაც მას წყალივით წყურია, ეს შურისძიების გრძნობაა.
იმ საზოგადოებაში, სადაც თვით მეფესაც კი სჯერა, რომ შეცოდებათა გამო ხატი შემოსწყრა და სასახლის პალატიდან ნიკორნის მონასტერში გაიპარა, ყოვლისმცოდნე და სხვათაგან დაწიხლული ფარსმანის ცინიზმს
იქნებ ჰქონდეს კიდეც ახსნა, მაგრამ შემზარავია ის სცენა, როდესაც იგი თანამემამულეებს, თვით საკუთარ შვილსაც კი, რომელიც გონჯი მისცა განგებამ და ამითაც დასაჯა, მიწისძვრის დროს დასაღუპად იმეტებს.
წინასწარ იცის და არავის, ვარდისახარის გარდა, არ აუწყებს მოსალოდნელი საშინელი უბედურების 'შესახებ.
არც ამ მიზანტროპ კაცთა მოძულედ ქცეული გენიოსის სიცოცხლე დასრულდა ბუნებრივი სიკვდილით, ჯერ დადადეს, როგორც მწვალებელი, შემდეგ წამებაში ამოხდა სული.
ეს კაცი შურისძიების წყურვილმა გააბოროტა. ბაგრატიონების სიძულვილი კი მთელი ქვეყნის სიძულვილად ექცა. ქვეყნის ღალატის მოლიპულ გზაზე, ესეც ერთი ნაცნობი სურათია.
სიძულვილზე დაფუძნებული ერთობა
რამდენჯერ დარჩენილა ადამიანი პირშიჩალაგამოვლებული, რამდენჯერ მწარედ უწვნევია ის, რაც საფუძველშივე უზნეო ბრძოლაში გამარჯვების შედეგად მოუმკია.
ჩვენს შორეულ და ახლო წარსულზე დაკვირვება მხოლოდ იმ დასკვნის საშუალებას იძლევა, რომ ადამიანები საკუთარი შეცდომებისაგან ვერაფერს სწავლობენ... აგერ ტანჯვა-წვალების შემდეგ გადაიგდო კაცმა ერთის უღელი და ნაცვლად იმისა, თავისუფლებას ზიარებოდა, აღმოჩნდა, რომ ქედი მხოლოდ მეორისათვის გაუნთავისუფლებია უღლის დასადგმელად..
ადამიანებს ასე ჰგონიათ, როცა ერთ უსამართლობას მეორეთი ცვლიან, მდგომარეობის შეცვლა მოუტანდეს თითქოს მათ შვებას“ - კონსტანტინე არსაკიძის ეს სიტყვები იმ შინააშლილობის შედეგთა ბრძნული განჭვრეტაა, რომელზედაც უკვე გვქონდა საუბარი.
მართალია, ცენტრალურ ხელისუფლებას მტკიცე ხელი ადმოაჩნდა და გიორგი პირველმა ბოლო მოუღო შინაურ მტრებს, მაგრამ რომანის ცალკეული პასაჟები იმ წინასწარმეტყველურ შეგონებასაც შეგვახსენებს, რომლის გაუთვალისწინებლობამ შინაური ომების ყველა დროის ალამდარები, გამარჯვების შემთხვევებშიც კი, ეშაფოტამდე მიიყვანა. კერძოდ, ლაპარაკია სიძულვილზე დაფუძნებული ერთობის ბუტაფორიულობაზე. ერისთავები, ხევისბერები გიორგი მეფის სიძულვილს გააერთიანებინა და დაერაზმა ერთმანეთის მხარდამხარ, მაგრამ...
მოვუსმინოთ თვით მწერალს:
„თალაგვა კოლონკელიძეს დროებით უჭერდნენ ხევისბერები მხარს. დაამარცხებდნენ ზვიადის ლაშქარს? მეორე დღესვე თავს წასჭრიდნენ თვალდამწვარ ერისთავს, რადგან გიორგი მეფისადმი სიძულვილი აერთიანებდა ხევისბერებსა და ხევისთავებს მასთან“.
ეს სიტყვები, ცხრა საუკუნის წინანდელი ამბებისადმი მიძღვნილი. ზედგამოჭრილი აღმოჩნდა ჩვენი დროის მისამართითაც.
ნუ დავიწყებთ მწერლის წინასწარმეტყველურ ნიჭზე საუბარს, ვინც თუნდაც ქართველ მგზნებარე რევოლუციონერთა ბიოგრაფიებს გადაიკითხავს (მწერალი კი ყოველივეს საკუთარი თვალით ხედავდა), ნახავს, რომ მათგან უმრავლესობა თითქმის ერთდროულად, 1937 წელს არის მიცვლილი სწორედ იმათი წყალობით, ვისთან ერთადაც ფხოვის ხევისბერებივით ერთ დროს ერთ მაგიდას უსხდნენ.. სიძულვილზე აგებული ერთობით გამარჯვებულნი, - გამარჯვების შემდეგ სიძულვილის რეალიზაციას, როგორც წესი, ერთმანეთზე ახდენენ.
„ერთობა ჩვენთვის ტახტია,
მტრებისთვის სახრჩობელაო“
მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაშია ეს ასე, როცა ამ ერთობას საფუძვლად სიყვარული და ზნეობა უდევს.
პიროვნება და სახელმწიფო „დიდოსტატის მარჯვენის“ მიხედვით
ფილოსოფოსები ასეთ დასკვნას გვთავაზობენ: სახელმწიფოს არ აქვს მორალი, სახელმწიფოს არ გააჩნია ზნეობა. სახელმწიფოს რაობას სხვა ეთიკური კატეგორიები მიესადაგება - სამართლიანობა ან უსამართლობა,
პიროვნება შეიძლება იყოს ზნეობრივი ან უზნეო, სამართლიანი ან უსამართლო. სახელმწიფო არ შეიძლება. იყოს ზნეობრივი ან უზნეო, იგი მხოლოდ სამართლიანია ან უსამართლო და როცა ჩვენ ხშირად სახელმწიფოს ზნეობაზე ვლაპარაკობთ, მექანიკურად ტოლობის ნიშანს ვსვამთ სამართლიანობასა და ზნეობას შორის.
ის, რაც უზნეობად ითვლება პიროვნებისათვის, შეიძლება სამართლიანობად ჩაითვალოს სახელმწიფოსათვის. მაგალითისათვის, - კაცის მიერ კაცის მოკვდინება ყველაზე საშინელი ცოდვაა, მაშინ როცა იმავე აქტს სახელმწიფო სამართლიანობის სახელით ჩადის.
ამ მომენტის გათვალიწინების გარეშე, ალბათ, არ უნდა ვიმსჯელოთ დიდოსტატის მარჯვენის იმ პერსონაჟებზე, რომელნიც სახელმწიფოებრივი იდეით, საქართველოს ერთიანობისა და დამოუკიდებლობის სურვილითა და რწმენით არიან შეპყრობილნი, რომელნიც თავად განასახიერებენ ამ იდეას.
ეს მომენტი, პიროვნებისა და სახელმწიფოს მორალურ-ზნეობრივი კატეგორიების რაღაც მომენტებში არათანხვედრილობა, ზოგჯერ პიროვნების სახელმწიფოსთან დაპირისპირებას იწვევს.
გაიხსენეთ შორენა, რომელიც ზნეობრივად მართალია გიორგი მეფისადმი განზრახულ შურისძიებაში, ვინაიდან მის თვალწინ ამოუშანთეს მამამისს თვალები, მაგრამ უსამართლოა იმავ მეფისა და სამშობლოს მიმართ, ვინაიდან თალაგვა კოლონკელიძე, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, სავსებით სამართლიანად დაისაჯა.
ზოგჯერ პირიქით, პიროვნებისაგან უახლოესი ადამიანების ინტერესების უგულვებელყოფას იწვევს.
კონსტანტინე არსაკიძე ფაქტობრივად განზე განუდგა შეთქმულებასთან დაკავშირებით საყვარელ ქალს, ვინაიდან შორენას ერთგულება ამ საქმეში ქვეყნის ორგულობას „ნიშნავდა.
და ბოლოს, პიროვნებისა და სახელმწიფოს ინტერესთა არათანხვედრილობა არცთუ იშვიათად პიროენების შინაგანი გაორების საფუძველია და პიროვნების რაობაც იმით მჟღავნდება, თუ საით გადაიხრება
მისი გრძნობათა ბარომეტრი, პიროვნულისა თუ სახელმწიფოებრივისაკენ.
გაიხსენეთ მეფე გიორგის სულის მდუღარება მისი საყვარელი შორენას მამის დასჯის წინ.
ახლა კი კონკრეტულად იმ პერსონაჟთა შესახებ, რომელნიც საქართველოს ერთიანობისა და დამოუკიდებლობის დიდი ვნებით არიან შეპყრობილი.
გიორგი I
არათუ მეფე, თავისი ქვეყნის სიმბოლო, წარულის, აწმყოსა და მომავლის წინაშე უზარმაზარი პასუხისმგებლობის ტვირთწამოკიდებული, არამედ რიგითი მოქალაქეც კი, თუკი სხვებზე ნაადრევად დააწვება პასუხისმგებლობის ტვირთი, იძულებულია დაემშვიდობოს ყმაწვილკაცობის უფლებით მინიჭებულ სილაღეს.
„სიბერევ, სადა ხარ უშენოდ ვბერდები” - პოეტის ამ სიტყვებში გარემოებათა გამო ახალგაზრდობაწართმეულთა სატკივარი ხმიანობს,
თორმეტი წლის იყო, როცა მეფედ აკურთხეს:
„მეფე ხარ და ხამს”
„მეფე ხარ და გმართებს"
ჩაესმოდა დღენიადაგ გამზრდელის ხმა, მაშინ როცა მისი ტოლები ჯერაც ბეღურებს დასდევდნენ დასაჭერად...
ცოლიც უსიყვარულოდ შერთეს, ჩვეული პოლიტიკური ანგარიშიანობით.
ახალგაზრდობაში დაკარგული თავისუფლების ანაზღაურებას მოწიფულ ასაკში ცდილობს მეფე.
გლახუნა ავშანიძედ გარდასახული ხან სანადიროდ დაეხეტება თანშეზრდილ ყმებთან ერთად, ხან უზომოდ შეექცევა ღვინოს, ხანაც სასახლის ეტიკეტიდან და დედოფლის „მეურვეობიდან“ თავდაღწეული, მშვენიერ სქესთან ნებივრობს.
მოკვდავნი დიდებისკენ ილტვიან, დიდებულთ კი ხშირად ენატრებათ უბრალო მოკვდავთა უბრალო ცხოვრება.
გიორგი პირველი სწორედ იმით არის ახლობელი და მის განცდებთან მკითხველს იმიტომაც აქვს თანაზიარობის გრძნობა, რომ მისთვის არაფერი ადამიანური უცხო არ არის, თუმცა, მეფის ტვირთი აიძულებს მოთოკოს ვნებანი და მხოლოდ დრო და დრო - სახით, სახელითა და სამოსელით სახეცვლილი
გავიდეს ხალხში. მაგრამ როლის გამოცვლა სულაც არ არის პირობა ხვედრის შემსუბუქებისათვის, რადგან სული მარტოკაცობის მძიმე განცდით შეპყრობილი, ძნელად ემორჩილება გარეგნულ ექსცესებს.
თავისი ხანმოკლე სიცოცხლის მიწურულს მეფეს ნამდვილი სიყვარული ეწვია. ძლიერი მამაკაცური ვნებით შუყვარდა კოლონკელიძის ასული შორენა. ჭიდილი მეფის მოვალეობასა და სიყვარულს შორის პირველის გამარჯვებით დასრულდა ჯერ კიდევ კვეტარის ციხეში, როცა გიორგიმ უარი უთხრა შორენას, შეეწყალებინა თალაგვა.
მეფე ქვეყნის ინტერესს უქვემდებარებს პიროვნულ სურვილებს, თუნდაც ეს ინტერესი ამ სურვილებზე უარის თქმას აიძულებდეს.
როცა ამბობენ - რაც ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარსო - უპირველესად იგულისხმება ის, რომ, თუ თავისი დიდი მოვალეობის წინაშე პირნათელია კაცი, ეპატიება იმათზე მეტი, ვისაც ამ ცოდვათა მოთოკვის გარდა სხვა რამ არცა-რა მოვალეობა აკისრია…
ცხადია, ეს „ცოდვათა გამართლებას არ ნიშნავს, გამართლების ნაცვლად უპრიანია აქ სიტყვა გაგება ვიხმაროთ.
ცხადია, დანაშაული იყო არსაკიძესთვის მკლავის მოკვეთა. მარგამ კურიოზია მტკიცება იმისა, რომ მეფის ამ საქციელის მიხედვით ვიმსჯელოთ ხელოვანის ბედზე ტირანულ სახელმწიფოში, ვინაიდან მეფემ არსაკიძე როგორც ხელოვანი კი არა, როგორც მეტოქე, რაყიფი, სიყვარულში მოცილე დასაჯა. ისე, როგორც გაიმეტა საკუთარი დეიდაშვილი, გირშელ ერისთავი, მოაწამვლინა ჭიაბერი. ამ ანალოგიით კი შეიძლება ვიმსჯელოთ მეფის დეიდაშვილების ან საწყალი ერისთავების ბედზე ტირანულ სახელმწიფოში, რაც აბსურდია.
როგორც ჩვეულებრივი მოქალაქის, ისე მეფის ადგილი ამ მზისქვეშეთში იმითაც განისაზღვრება, თუ რამდენად გრძნობს იგი საკუთარი მისიის პასუხისმგებლობას.
გიორგი I უპირველესად საკუთარი ღირსების შემგრძნები და ერის ღირსების დამცველია.
მონარქი, რომლის ერთი სიტყვაც საკმარისი იყო, მონასავით მოეგვარათ მისთვის ტყვედპყრობილი შორენა, უსაზღვროდ იტანჯება ამ ქალისადმი ცალმხრივი სიყვარულის გამო.
თავშეკავება მაშინ კი არ გამოხატავს ადამიანის ღირსებას, როცა იგი ამა თუ იმ საცთურის გამო გრძნობებს მოთოკავს, არამედ მაშინ, როცა დაუსჯელად შეუძლია სურვილთა აღსრულება და ამას არ ჩადის.
სვეტიცხოვლის დიდებული ტაძრის მშენებლობაც შინააშლილობითა და გარეშე მტრების მუქარით შეჭირვებულ ქვეყანაში გიორგის ეროვნული ღირსების ხაზგასასმელად სჭირდებოდა.
ბიზანტიელებს, როგორც ითქვა, მედიდურობის ერთ არგუმენტად თავიანთი კულტურაც ჰქონდათ, რის წინაშეც ქედმოხრილი იყო მელქისედეკ კათალიკოსი და არაერთი ქართველი,
სვეტიცხოველი ეროვნული ღირსების გამოხატულება უნდა ყოფილილ, ანუ დასტური იმისა, რომ საქართველო არც კულტურელი მეტოქობის ასპარეზზე დაუდევდა ტოლს იმპერიას.
ახლა ისიც გაიხსენეთ, როგორ აცოფებდა გიორგის ქართველობის მიერ ბიზანტიელებისაგან მოძღვნილი. ჯინჯილებისა და ხარისხების ტარება, ვითარცა ეროვნული ღირსების 'შელახვის ფაქტი.
კეისრისაგან ნაბოძები მწვანე ეტლი პირადად მას უქმად ეგდო სასახლის ეზოში და მხოლოდ ერთხელ ძაღლების გადასაადგილებლად გამოიყენა იგი.
გიორგიმ ბერძნულიც იცოდა, არაბულიც, მაგრამ სასახლეში მხოლოდ ქართულად ესაუბრებოდა უცხოელებს. ეს ეტიკეტიც პურიზმის კი არა, სახელმწიფოებრივი აზროვნების სანატრელი გამოხატულება იყო.
თავისთავად ის ფაქტიც, რომ გიორგი წუთისოფლის სიამეთა საძიებლად სახეცვლილი, გლეხის ტალავარით შემოსილი გადის სასახლიდან, მეფური ღირსების გაფრთხილებასაც ნიშნავს. ის არ არის ასკეტი, მას სწყურია ადამიანური, სისხლსავსე, გნებავთ ბოჰემური თავდავიწყება და დიაცთა ფერება, მაგრამ მან იცის: როგორც სახლი, მაღალ გორაკსა ზედა დაშენებული, ჩანს ოთხივე მხრიდან, ისე მეფის ცხოვრების ყველა წვრილმანი ჩანს ქვეყნის ოთხივე მხრიდან და მეფე ქვეშევრდომთა თვალში ყოვლი ღირსებით შემკულად უნდა გამოიყურებოდეს, ადაიანურ სისუსტეთა საქვეყნოდ დემონსტრირების უფლება მას არ აქვს.
გიორგი პირველი ამითაც განსხვავდება იმ გულნამცეცა მეფეთა თუ დიდებულთაგან, რომელთათვის ძალაუფლება უპირველესად შეუზღუდავი და მოურიდებელი განცხრომის საშუალებაა.
ქვეყნის თვალში გიორგიმ ბოლომდე ზიდა მეფის ჭაპანი, მაგრამ თავად ხომ კარგად იცოდა, რომ აბობოქრებულ ადამიანურ ვნებას მაინც ვერ მოერია. დეიდაშვილი გირშელის სიკვდილს მისი ჩუმი დასტურიც ახლდა, სვეტიცხოვლის ცუდად აგების გამო კი არა, ეჭვიანობის ნიადაგზე მოკვეთა მარჯვენა არსაკიძეს და შორენას სიცოცხლეც მის ამ ქმედებას შეეწირა.
სიყავურლის ნიადაგზე გამოჩენილ სისუსტეს შეეწირა კიდეც გიორგი. იგი სიკვდილის საძებნელად გავარდა ტყეში და იპოვა კიდეც სიკვდილი.
ამ მოულოდნელი რაკურსით მეფის სახე გამსახურდიამ დაუვიწყარ მხატვრულ პერსონაჟად აქცია.
კონსტანტინე არსაკიძე
მეფის ხუროთმოძღვარი კონსტანტინე არსაკიძე, ერთიანი საქართველოს იდეის განმასახიერებელია. პიროვნულად არსაკიძეს ჰქონდა მიზეზი მეფის ხელისუფლების სიძლიერეზე არ ეფიქრა, პირიქით, სწორედ იმის საფუძველი გააჩნდა, განაწყენებული ყოფილიყო, მაგრამ დიდმა ხელოვანმა იცის, რომ არ შეიძლება გაუბრაზდე სამშობლოს, მეფე კი ერთიანი სამშობლოსათვის იბრძოდა.
არსაკიძე ფხოვიდან გაკოჭილი წამოიყვანეს. მცხეთაში უპატრონოდ ეგდო და ავადმყოფობამ კინაღამ იმსხვერპლა. როცა მეფემ ნადირობისას ნახა და მისი პირვანდელი იერი გაახსენდა, გაიფიქრა, რას დამსგავსებია მშვენიერი ვაჟკაციო. ეს დეტალიც მკაფიოდ მეტყველებს რა დღეში იყო ტყვეობაში კოლონკელიძის კარზე ოდესღაც გალაღებული ახალგაზრდა. არსაკიძე თავისი ხარჭადყოფილის, ვარდისახარის, ღალატშიც დარწმუნდა და საყვარლის წაგვრაც მეფეს მიაწერა. რაც მთავარია, არსაკიძის მამა გიორგის ლაშქარს შეაკვდა ფხოვში. ერთი სიტყვით კონსტანტინე არსაკიძეს მეფე რომ არ ჰყვარებოდა, არაფერი იყო ამაში უცნაური, მით უფრო, რომ შინაგანად იგი სრულიადაც არ გრძნობდა თავს მეფის მონად და ყმად.
არსაკიძე ჭეშმარიტი ხელოვანი იყო შესანიშნავად იმეცნებდა საკუთარი თავის ფასს. მან კარგად უწყოდა, რომ მოკვდავ ადამიანს ჭეშმარიტი ხელოვნების ნაყოფი უკვდავებასთან ხდის წილნაყარს და შეუძლებელი იყო სვეტიცხოვლის შემოქმედს შინაგანი მეტოქეობის გრძნობა არ ჰქონოდა ამა სოფლის რაგინდარა ხორცით ძლიერი პირის მიმართ. ის კი არა, ღმერთთან მებრძოლი იაკობის სურათიც კი დახატა, სადაც იაკობში საკუთარი თავი მოიაზრა, ხოლო ღმერთი მელქისედეკის სახით გამოსახა...
აქედან გამომდინარე, ის არ არის უბრალო ხელოვანი, რომელიც შიშით შეიძლება ცახცახებდეს ვისიმე წინაშე. კონსტანტინე შემოქმედია, ახალი სამყაროს შემქმნელი მხატვარი და ხუროთმოძღვარი და მისი როგორც მეფის ტყვისა და მეფის ყმის მდგომარეობა, სრულიადაც არ არის ადექვატური მისივე სულიერი ყოფისა.
„განა მეფისა და კათალიკოსის წყალობის მოლოდინში შევალიე სვეტიცხოველს ჯანი? მე ჩემი ხელოვნება სიცოცხლეზე მეტად შემყვარებია, ჩემო, ამიტომაც განწირული მაქვს თავი“ - ეუბნება იგი შორენას
მან იცის საკუთარი თავის ფასი, ამიტომ იყო ტყვედყოფილმა იწყინა კიდეც, როცა მეფემ მიმინოებით იხმო სანადიროდ - "მე არ შემიძლია მლიქვნელისა და კარისკაცის მოვალეობა ოსტატის საქმესთან შევითავსო, თუ ხუროთმოძღვრის ხარისხი ბაზიერთუხუცესობასაც მოასწავებს, მაშინ იმ ტაძარს მოვამთავრებ და კირითხურო ვიქნები უბრალო" - ამ სიტყვებსაც არსაკიძეს ათქმევინებს მწერალი და არ შეიძლება არ გავიხსენოთ ის ფაქტიც, რომ თვით მწერალს ოფიციალური კარისკაცის სამსახურში არასოდეს უმუშავია.
და ბოლოს, კონსტანტინე არსაკიძეს უდგას ალტერნატივა: ხელოვნება, სვეტიცხოველი თუ შორენა? მაგრამ არასოდეს დასცდენია: მეფის შიში თუ შორენა? ქალის სიყვარულს იგი ისე ბუნებრივად ეწაფება, თითქოს მისი მეტოქე მეფე კი არა, ჩალადარი ყოფილიყო. ესეც ერთი მაგალითი იმისა, რომ კონსტანტინე შინაგანად ნამდვილად არ გრძნობს თავს დათრგუნულად და ხელოვანის თავისუფალი სული არც არავის ბატონობას ანებებს (გაიხსენეთ ხუროთმოძღვრის ადამიანური ურთიერთობა სვეტიცხოვლის მშენებელ მონებთან) და არც ქვეშევრდომობას.
არც ვაჟკაცობაში უდებს ტოლს არავის ხუროთმოძღვარი. ოთხი კაცის ასაწევი ქვა მარტომ შეიკავა სვეტიცხოვლის ხარაჩოზე, რათა ბოდოკიას არ დასცემოდა, ხოლო ჟამის გავრცელებისას იმ ფარდულში შევიდა, სადაც ავადმყოფი იწვა და საიდანაც ყველა თავქუდმოგლეჯილი გამორბოდა.
ამ სცენის შემდეგ მეფისა და ხუროთმოძღვრის შეხვედრა, როცა მეფე ძალით ჩამოართმევს ლაზს ხელს, რომელიც თავის მხრივ მეფეს უფრთხილდება, - ავადმყოფობა არ გადაედოსო, ორი დიდი ადამიანის წარუშლელ პორტრეტს წარმოგვიდგენს.
აი, ამ ღირსებებით შემკულ ლაზს მეფისადმი შიშის გრძნობა ვერ დააკავებდა, უკეთუ იგი პირადი განაწყენების გამო მეფის წინააღმდეგ შეთქმულთა ბანაკში გადასვლას მოინდომებდა.
ხურსისეულ სასახლეში არსაკიძე უნებლიედ შეესწრო შეთქმული ხევისბრებისა და შურისძიებით ანთებული შორენას საუბარს:
„დიაცი ვარ, მაგრამ მამაჩემის თვალების დაწვას მაინც არ შევარჩენ მეფე გიორგის. უჩემოდ ნუ დაიწყებთ ამბოხს... მამისეულ თორს გადავიცვამ, მის მუზარადს დავიხურავ, მის ხმალს შემოვირტყამ, მის საომარ ცხენზე შევჯდები, ლაშქარს გავუძღვები წითელის დროშით. მაშინ გამოჩნდება ქუდოსანთა სიმამაცე, ცხოველნო!"
ამ სიტყვების პასუხად მოგვიანებით არსაკიძე ეტყვის შორენას: "მე არც გიორგი მეფის მეხოტბე ვარ და არც მელქისედეკ კათალიკოსის მგალობელი, მაგრამ არა მგონია, შვიდმა ხევისბერმა უფრო მართებული კანონები შექმნან ამჟამად, ვიდრე თუნდაც ერთმა გულბოროტმა მეფემ“.
როგორც ვხედავთ, არსაკიძეც მეფე გიორგივით ყველა მოვლენას ერთი დიდი გადასახედიდან უყურებს, - რამდენად წაადგება იგი სამშობლოს.
სვეტიცხოვლის მშენებლობის დროს ჟამიანობით დამფრთხალ ლაზებს ასე არიგებს ხუროთმოძღვარი: „რას იტყვიან იბერიელები? მშიშარანი ყოფილანო ლაზები, იცოდეთ, ყველაზე მეტად ძმების უნდა გვერიდებოდეს, ლაზებო, რადგან არავინ ისე საყვარელი არაა ამ ქვეყანაზე, როგორც დედა, არავინ ისე მოსარიდებელი, როგორც დედის ხსენის თანაზიარნი. საქართველო ჩვენი დედაა, ლაზებო. ხოლო იბერიელები ძმებია ჩვენი“.
ამ მონოლოგის ავტორი და საქართველოს მეფე ერთნაირად და ერთი მიმართულებით იხედებიან, ამიტომ მათი პირადი ურთიერთობა მეათეხარისხოვანია. მათ ისეთი საერთო აქვთ, რის გამოც საყოველთაო სიყვარულს იმსახურებენ და, კაცმა რომ თქვას, რომანის მიხედვით არც ურთიერთ სიმპათიის დეფიციტს განიცდიან. რომანისა და არა კრიტიკის მიხედვით, რომელმაც მეფისა და მისი ხუროთმოძღვრის ურთიერთობა რატომღაც აბსურდული ფორმულირებით განსაზღვრა - ხელოვანის ბედი ტირანულ სახელმწიფოშიო.
კათალიკოსი კი, მაგრამ სვეტიცხოვლის მშენებლობისას მეფე არცკი ჩარეულა ხელოვანის შემოქმედებით საქმეებში. რაც შეეხება ეჭვიანობის ნიადაგზე არსაკიძის დასჯას, თუ ეს ფაქტი ხსენებული საკითხის წამოწევის საფუძველს იძლევა, ასეთივე წარმატებით უნდა ვლაპარაკობდეთ დეიდაშვილების ბედზე ტირანულ სახელმწიფოში (გირშელი), ან ერისთავების ბედზე ტირანულ სახელმწიფოში (ჭიაბერი).
გიორგი პირველიცა და კონსტანტინე არსაკიძეც ერთიანი საქართველოს დიდი მხედრები არიან, ამიტომაც უყვარს მკითხველს, როგორც მეფე ისე მისი ხუროთმოძღვარი.
ცოდვა და სიყვარული
(კოლონკელიძის ასული შორენა)
„დიდოსტატის მარჯვენა“ ისეთი წმინდა და ამაღლებული სიყვარულის საგაა, როგორსაც იშვიათად შეხვდებით ლიტერატურაში, მიუხედავად იმისა, რომ კაზმულსიტყვაობის ანი და ჰაე სიყვარულია და კაცთა მოდგმის მარადიულ და გაუხუნარ გრძნობას იშვიათი გამონაკლისის გარდა ყველა მწერალი შეხებია.
უიღბლო შეყვარებულთა მრავალრიცხოვან გალერეაში გამსახურდიამ მოახერხა სრულად ორიგინალური ხატება წარმოედგინა შეყვარებულთა ტრიადისა, რომელთა ვნებებს შემოდგომის ცივ მზესავით დაჰნათის ცრუ იმედი ბედნიერებისა.
ფერებით უზადო მხატვარს შორენას პორტრეტის წარმოჩენა არ გაუჭირდებოდა და ცოცხლად წარმოგვიდგინა კიდეც პირმშვენიერი ასულის ხატება, მაგრამ არც არაფერი რომ არ თქვა მწერალს მისი სილამაზის შესახებ, ერთი ისეთი დეტალი აქვს რომანში, ყველა ეპითეტზე, ყოველგვარ დახასიათებაზე უკეთ რომ წარმოგვადგენინებს ხორცშესხმულ მშვენიერებას.
ჰომეროსმა გამოიყენა ასეთი ხერხი ელენეს სილამაზის გადმოსაცემად: მოხუცები ბუზღუნებენ, ნუთუ ქალის გამო ღირდაო ამხელა ომის ატეხა? ამ დროს ელენეს ჰკიდეს თვალი და... ღირდაო, - დაასკვნეს.
მხოლოდ დიდ მწერალს შეუძლია ერთი კალმის მოსმით უკვდავყოს კადრი. გიორგი მეფემ „მცხეთას ნახა შორენა პირველად, სავსებით გადაავიწყდა, რომ იგი მეფე იყო და თავდაჭერა მართებდა. კათალიკოსი და დედოფალი ტაძრეულს შეატოვა, შორენას მიეჭრა, ცხენზე ასვლაში უშველა თავად, შემდგომ ამისა უნაგირზე გადამჯდარ ქალს მისწვდა, ცხენი იფარა, საწმერთულის ტოტი აუწია და აკოცა წვივზე“...
ქალის პირველდანახვისთანავე მრავლისმნახველი მეფის ყმაწვილივით აცეტება უკეთ წარმოგვიდგენს შორენას ღვთაებრივ სილამაზეს, ვიდრე ეს სამ-ოთხფურცლიანი აღწერით მოხერხდებოდა.
მშვენიერების წინაშე უძლურია და განიარაღებული ძალა. არსაკიძემ სიზმარი ნახა ორი უზარმაზარი დათვი მიიწევდა შორენასაკენ, მიუახლოვდნენ და ფეხქვეშ გაეგნენ..
ერთი გირშელი იყო ამ ზმანების იმპულსის მიმცემი, მეორე - თვით მეფე, რომლის ძალაუფლების სუსხი, მეფური პატივმოყვარეობა და მდგომარეობა ცვილივით დაადნო შორენას სიყვარულით ანთებულმა ხანძარმა.
ხმალთა მკვეთელი მეფე უძლური აღმოჩნდა სიყვარულის წინაშე: „ჩემი გული დიდი ხანია სხვას ეკუთვნის, მეფევ ბატონო“ - ყველა ჭრილობაზე მეტად ასტკივდა მეფეს შორენასაგან ეს სიტყვები, მაგრამ მან მეფური მოვალეობის გამო თავად გასწირა თავი უიღბლო სიყვარულისთვის. შორენა არ არის ის ქალი, რომელიც მამის სიცოცხლის გამამწარებელს სარეცელს გაუზიარებს. ესეც არ იყოს შორენა არც ის ქალია, სხვის უბედურებაზე რომ თავის ბედნიერებას ააგებს. მეფეს ხომ ჰყავს თანამეცხედრე. აკი ასეც უთხრა არსაკიძეს შორენამ.
მეფე კი, წმინდა თავის სიყვარულში, უდანაშაულო დამნაშავეა.
მეფე იყო და უნდა დაესაჯა თალაგვა. ადამიანია და შეუყვარდა თალაგვას ასული. მეფე იყო და ადრე დაადგეს პოლიტიკური გარიგებით ცოლქმრობის უღელი. ადამიანია და გვიან, მაგრამ ეწვია სიყვარული.
ცოდვილი მეფის სიყვარული არ მიიღო შორენას უმანკო გულმა.
როგორი ზვიადია მეფე. ყველა ხილული ზღუდე გადალახა სიყვარულისკენ მიმავალ გზაზე, მაგრამ უძლური აღმოჩნდა ქალის გულისთქმით აღმართული ბარიერის წინაშე.
არსაკიძეს და შორენას წმინდად უყვართ ერთმანეთი; როგორც ირემსა მწყურვალს წყალი, ესრეთ სწყურიათ მათ ერთმანეთის სიყვარული, მაგრამ მათ შორისაც, გარდა გარეგნული ბარიერებისა, გახიდულია ხუროთმოძღვრისთვის ყველაზე ძნელად უარსაყოფი - სიყვარული ხელოვნებისა.
„ვერვის ხელ-ეწიფების ორთა უფალთა მონებაი“ - ან ერთს უნდა მიეცე მთელი არსებით, ან მეორეს. გახსოვთ, რუსთაველი რომ ამბობს, მიჯნურობას მოცალეობა უნდაო. შორენა ეჭვიანობს სვეტიცხოვლის გამო და არცთუ უსაფუძვლოდ. დიდოსტატი სვეტიცხოველს ვერ ცვლის ვერანაირ ადამიანურ ვნებაში.
მიწისძვრის შემდეგ მცხეთიდან თავდაღწეულ შეყვარებულთ გაუჩნდათ შესაძლებლობა, ერთად განრიდებოდნენ ყველას და ყველაფერს და თავდავიწყებას მისცემოდნენ. მაგრამ მეფისთვის მიცემული სიტყვა და ჯერაც დაუმთავრებელი სვეტიცხოვლის ტაძარი უკან უხმობს ხუროთმოძღვარს.
რაც მთავარია, შორენას სისპეტაკის გვერდით არსაკიძესაც ცოდვილის შეგრძნება უჩნდება. "ქენჯნიდა თავისთავს მამაკაცური გულარძნილობის გამო. ბიზანტიონის სამეძავო სახლების სიბინძურე თვალწინ დაუდგა. ბერძნის კახპები, თურქის დიაცები, ბიზანტიაში გაყიდული ლაზი გოგონები მოაგონდა. ბალღობიდანვე გაკახპებული უპატრონო დედაკაცები. გული აურიეს ამ სახეებმა. ბოლოს შემოეყარა იგი, ვისაც პირველი სიყვარული უნდა რგებოდა, უკანასკნელი შეაძლიეს უკვე განწირულს და განიკითხეს არსაკიძე თავის ყმაწვილური შეცოდებათა გამო.
ასე გამოდის ცხოვრებაში. სიყრმიდანვე იხეტიალებს სიძვის დამრეცილ ბილიკებზე ვაჟი, მერმე უცილოდ მას უნდა წაეპოტინოს, ვინც ისე სპეტაკია, როგორც თოვლი როშკას მწვერვალის, ვინც ისე შეურყვნელია, როგორც ველის ყაყაჩოები. ოჰ, რა სასტიკად განმკითხველია სიცოცხლისა და სიკვდილის უფალი?“
ცოდვის შეგრძნება მთელი სიგრძე-სიგანით უჩნდება ჭაბუკს, როცა შორენას ანგელოსური სიწმინდით გამოხედვას შეაგებებს მზერას და, როგორ არ გავიხსენოთ აქ გალაკტიონი - „არის ამქვეყნად დაგვიანება, მაგრამ ამდენ ხნით? მაგრამ ასეთი?“.
თვითონ შორენაც, ეს ფხოველი ბეატრიჩე, როგორი საღია, როგორი თავისუფალი ეგოიზმის მარწუხებისგან. ისიც საკუთარ თავში ეძებს ცოდვას უიღბლო სიყვარულის წინაპირობად და არ ამუნათებს სიყრმის მეგობარს მსხვერპლის არგაღების გამო.
მასაც ცოდვილი ჰგონია თავი ჭიაბერის ცოლობაზე დათანხმების გამო, რომელიც არ უყვარდა. მაგრამ საკუთარი გულისთქმის გამღავნებაც არავისთვის შეეძლო, რადგან მისი რჩეული მის ძუძუმტედ ითვლებოდა.
როგორი თანაგანცდის მომგვრელია ამ სამი შეყვარებული გულისტკივილი თავიანთი უდანაშაულო დანაშაულის ჩათვლით.
შორენას საყვარელი ნებიერა გაექცა ტყვეობას, შორენა - ვერა. ბაგინეთის დედათა მონასტერში აღკვეცილმა შუშანიკმა შემთხვევით შეიტყო რა არსაკიძისათვის განრისხებული მეფის მიერ მკლავის წარკვეთის ამბავი, მთვარეულივით წაბარბაცდა ქარაფისკენ და გაფრენილი ანგელოსივით მხრებგაშლილი გადაეშვა უფსკრულში.
ასე დასრულდა სიყვარულის ისტორია მეფისა ხუროთმოძღვრისა და ფხოვის ერისთავის პირმშვენიერი ასულისა. სიყვარულისა, რომელმაც ეს ისტორიულ თემაზე დაწერილი რომანი ყველა თაობის შეყვარებულთა სასთუმლის წიგნად აქცია.
− ნოდარ გრიგალაშვილი −