მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 1964 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

გალაკტიონ ტაბიძეს აქვს ერთი მცირე ჩანაწერი, ასეთი სათაურით „საკუთარი ლექსების შესახებ“. სამწუხაროა, რომ ეს ჩანაწერი ერთობ მცირეა და მასში მხოლოდ რამდენიმე ნაწარმოების შესახებ გამოთქვამს პოეტი აზრს, თუმცა თვით „მთაწმინდის მთვარეზე“, სხვა ლექსებთან შედარებით, ვრცლად საუბრობს. ალბათ, თქვენთვის საინტერესო უნდა იყოს გალაკტიონის აზრი საკუთარი ლექსის შესახებ. 

გთავაზობთ მას სრულად: 

„რომ მეფე ვარ და პოეტი“ მქონდა ასეთი ფრაზა „მთაწმინდის მთვარეში“. ეს ლექსი („მთაწმინდის მთვარე“) მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პოპულარულია, საკმარისად შესწავლილი არ არის, როგორც ერთ-ერთი გასაღებთაგანი ჩემის შემოქმედებისა.

ამ ლექსში უსათუოდ სჩანს პოეტი, რომელიც თავის შემოქმედებას უკავშირებს მეცხრამეტე საუკუნის პოეზიის კორიფეების შემოქმედებას, აცხადებს რა თავის თავს ნიკოლოზ ბარათაშვილის და აკაკი წერეთელის პოეზიის მემკვიდრედ. აქ მთვარის შუქში გახვეული მსუბუქ სიზმარივით მოსჩანს მტკვარი და მეტეხი... აქ, ახალგაზრდა პოეტის ახლო, სძინავს მოხუცი პოეტის, აკაკი წერეთლის ლანდს. აქ უყვარდა ობლად სიარული ნიკოლოზ ბარათაშვილს, შემდეგ პოეტი ამბობს:

„და მეც მოვკვდე სიმღერებში ტბის სევდიან გედად“ (ლირიკის კონცეპცია), „ოღონდ ვთქვა, თუ ღამემ სულში როგორ ჩაიხედა" (კავშირი ბუნებასა და ადამიანის სულს შორის), "თუ სიზმარმა ვით შეისხა ციდან ცამდე ფრთები" (ძალა აღმაფრენის, პოეზიის, რომანტიზმის), „და გაშალა ოცნებათა ლურჯი იალქნები" (რომანტიზმი ლურჯის, ცისფერი ოცნების). იალქნები ზღვაზე, სულიც აღზრდილია ამ ზღვაზე, ცხოვრების ზღვაზე, „სიცოცხლის ზღვაზე", რომელზედაც ლურჯი იალქნების გზა მიდის, თვით სიკვდილის გზაც არაფერია მასთან შედარებით. ამ სიცოცხლესთან შედარებით თვით სიკვდილის გზაც ვარდისფერია და არა საშინელი, საშიშარი (რენიეს თქმით, მოულოდ ელი განცვიფრება ვარდისფერისა და შავი ფერის შეხვედრისაგან“), რომ ამ გზაზე (სწორედ ვარდისფერ გზაზე) მგოსანთ სითამამე, გაბედული ხმა არის, სინამდვილეზე უფრო მეტი. სინამდვილე - ჰიპერბოლური, ზღაპრული, "რომ მეფე ვარ და პოეტი და სიმღერით ვკვდები".

ცოტა ქვემოთ პოეტი განსაზღვრავს:

„მთაწმინდის მთვარე“ ჩემი პროგრამული ლექსია, რომელიც კონკრეტულად ასახავს ჩემს დამოკიდებულებას კულტურული მემკვიდრეობისადმი (ბარათაშვილი, აკაკი, მე).

ალბათ, დამეთანხმებით, გალაკტიონი ზუსტი დეფინიციას გვაძლევს იმ საკითხებისას, რაც „მთაწმინდის მთვარეშია“ განფენილი. პოეტი ცნებების ენით საუბრობს იმაზე, რასაც ლექსში სახეებით გამოხატავს.

როგორც ვნახეთ, ეს საკითხები ფორმულირებულია ასე:

პოეტი თავის პოეზიას უკავშირებს მეცხრამეტე საუკუნის კორიფეების შემოქმედებას.

თუ რატომ არის ეს ხაზგასმული ჯერ ლექსში და შემდეგ „ავტორეცენზიაში“, ნათელი გახდება მას შემდეგ, როდესაც მე-20 საუკუნის 10-იანი წლების ლიტერატურულ პანორამას წარმოვიდგენთ.

მე-20 საუკუნის დასაწყისში ქართულ პოეზიაში ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის გავლენა მძვინვარებდა. ახალბედა პოეტები ბაძავდნენ აკაკის ან ილიას და პოეზია ეპიგონობის ნიაღვარმა წალეკა. რამდენადაც მომხიბვლელია ორიგინალი, რამდენადაც დიდი ესთეტიკური ზემოქმედების ძალა აქვს მე-19 საუკუნის რჩეულ მგოსანთა შემოქმედებას, იმდენადვე მოსაწყენია მიმბაძველთა ჟღურტული. ტიციან ტაბიძე წერს ერთგან, - "ვულკანი ერთხელ ამოაფრქვევს, შემდეგ კი მთის დამშვიდებულ კალთებზე ცხვრის ფარები სძოვენო". ასეთი სურათი იყო მე-20 საუკუნის დასაწყისის ქართულ პოეზიაშიც. ვაჟას, აკაკის ილიას უკვე ნათქვამი ჰქონდათ თავისი სიტყვა, უკვე ამოფრქვეული იყო მათი შემოქმედებითი გენია, ახლა კი მათ ნასუფრალზე მშვიდად იცოხნებოდნენ ეპიგონები.

ამ გარემოებამ 10-იანი წლების ლიტერატურულ ცხოვრებაში მე-19 საუკუნის მემკვიდრეობისადმი უკურეაქცია გამოიწვია. ცისფერყანწელთა ნიჭიერი თაობა, საკუთარი თავის დასამკვიდრებლად დაადგა უარყოფის გზას. მათ განიზრახეს ქართული ლექსის განახლება და „ევროპული რადიუსით გამართვა“. თავს აცხადებდნენ ფრანგი სიმბოლისტების - ბოდლერის, ვერლენის, რემბოს, მალარმეს მემკვიდრეებად. ეს ყმაწვილკაცურ ასაკში მოსახდელი სენი იყო.

მე-19 საუკუნის ლირიკაში ახალი თაობა ცნობს მხოლოდ ბარათაშვილსა და ვაჟას. სხვა პოეტებთან ლექსის კასტრაციას ხედავენ. აი, რას წერდა ახალგაზრდა დემნა შენგელაია: „ვეფხისტყაოსნის“ უნაზეს აკვნესებიდან, საქართველო კერესელიძის „ცისკრამდის“ მივიდა, სადაც გულმოდგინედ სწავლობდნენ კომბოსტოს დამჟავებას და ბოზბაშის კეთებას.

შემდეგ ილუზია ლიტერატურული რევოლუციისა.

თერგდალეულთა პოეზია.

კეთილშობილური გაქანება მოქალაქეობრივ მოტივებში და კასტრაცია პოეზიისა.

ბანკობია და აპელაცია.

კრილოვის იგავ-არაკები და თავის გართობა.

და ასე უდაბნოება და უდაბნოება... ერთი სიტყვით, ის ვითარებაა შექმნილი, როცა იტყვიან „კაცს დედა დავიწყებოდა და დედინაცვლის მზეს ფიცულობდაო“.

წარსულისადმი ახალგაზრდა შემოქმედთა ამდაგვარი მიმართების შემდეგ უფრო მნიშვნელოვანი ხდება გალაკტიონის განცხადება: „პოეტი თავის პოეზიას უკავშირებს მე-19 საუკუნის კორიფეების შემოქმედებას“.

იმის მიუხედავად, რომ გალაკტიონმა ყველაზე მეტი სიახლე მოიტანა უახლეს ქართულ პოეზიაში, იგი მაინც არ თვლიდა, რომ სამყარო მისით იწყებოდა და თავდებოდა. მან კარგად უწყოდა, რომ დიდი ადამიანების მხრებზე იდგა.

ჭეშმარიტი კულტურა სწორედ ტრადიციებზე დაყრდნობილი ნოვატორობით იწყება და არა წარსულისადმი ნიჰილისტური დამოკიდებულებით. გალაკტიონი გაღიზიანებული წერდა: „ეს პოეტის „მე“-ა, რომ ასე ღუპავს საერთო საქმეს, ვის რად უნდა ცარიელი რახუნი? ვის სჭირდება ხმაურობის ატეხა ამის გამო, რომ „პოეზია იწყება მისით თავდება მისით?“

და როდესაც მასა არ იღებს ასეთ პოეტს, იგი ერთ ყოფას დაათევს, აქაო და, შეხედეთ, როგორ მჩაგრავენო. სწორედ ამაზეა ნათქვამი, იხმაურეს და საქმე კი ვერ გააკეთესო. ვიღაცას ალბათ სჭირდება ასეთი ამბავი, ნამდვილ პოეტს კი არასოდეს!

ჩვენი საქმე ნათელია, ვერავინ დღეს ვერ იტყვის: მინდა სიმღერის წამოწყება, მაგრამ არ ვიცი, საიდან დავიწყო, როგორ მოვაბა თავი. სიმღერა დიდი ხანია წამოწყებულია, საჭიროა მხოლოდ მივყვეთ, ხმა ავაყოლიოთ, საერთო ხორო შევქმნათ, ყველა უნდა ცდილობდეს საერთო ხოროში გამოსვლას, მაგრამ აქ საჭიროა არა ხრინწიანი ხმა, რომელიც არევს სიმღერას."

ეს არის პოეტის გაკვეთილი, მისი მრწამსი, რაც "მთაწმინდის მთვარეში", როგორც უკვე ითქვა, ლირიკის ენაზეა თქმული.

"აქ ჩემს ახლო მოხუცის ლანდს სძინავს მეფურ ძილით,

აქ მწუხარე სასაფლაოს, ვარდით და გვირილით,

ეფინება ვარსკვლავების კრთომა მხიარული...

ბარათაშვილს აქ უყვარდა ობლად სიარული...

და მეც მოვკვდე სიმღერებში ტბის სევდიან გედად,

ოღონდ ვთქვა, თუ ღამემ სულში როგორ ჩაიხედა,

თუ სიზმარმა ვით შეისხა ციდან ცამდე ფრთები,

და გაშალა ოცნებათა ლურჯი იალქნები"

უკეთუ პოეტი მთაწმინდის უკვდავთა სავანის მკვიდრთა დარად იტყვის: "ღამემ სულში როგორ ჩაიხედა", "თუ სიზმარმა ვით შეისხა ციდან ცამდე ფრთები, და გაშალა ოცნებათა ლურჯი იალქნები", ანუ დიდი პოეზისს ენაზე ალაპარაკდება, მაშინ წაყვება საუკუნეს მისი ქნარიც. აქედან გამომდინარე, ლექსში შემოდის მეორე თემა, რაც გალაკტიონის მიერ ფორმულირებულია ასე - „ძალა აღმაფრენის, პოეზიის, რომანტიზმის“.

ახლა გავიხსენოთ პოეტის სიტყვები, „მთაწმინდის მთვარე“ ჩემი საპროგრამო ლექსიაო.

რა თვალსაზრისით შეიძლება ეს ლექსი საპროგრამო იყოს? საპროგრამო ლექსებს ქართულ პოეზიაში ხშირად შევხვდებით. მარტო ილია ჭავჭავაძის „პოეტი“ რად ღირს, სადაც ილია აცხადებს: „ღმერთთან მისთვის ვლაპარაკობ, რომ წარვუძღვე წინა ერსა“.

რას გულისხმობს ეს სტრიქონები? ილიასათვის პოეზია (ღმერთთან ლაპარაკი) საშუალებაა, ერს ემსახუროს. პოეტი საპროგრამო ლექსით თავის მოქალაქეობრივ მიზანს, კრედოს განსაზღვრავს. გალაკტიონისათვის პოეზია (ღმერთთან ლაპარაკი) პიროვნული ხსნის საშუალებაა, უფრო სწორად, საშუალება კი არა, არსებობის ფორმაა. მისი ცნობილი სტრიქონი „პოეზია უპირველეს ყოვლისა“, გულისხმობს არა მხოლოდ იმას, რომ გალაკტიონისათვის ხელოვნების სხვა დარგებს შორის პოეზია უპირველესია, არამედ იმასაც, რომ არსებულ საგნებსა და მოვლენებში უნდა ვხედავდეთ პოეზიას უპირველეს ყოვლისა! ჩვენი ცხოვრების წესი განსაზღვრული უნდა იყოს პოეზიით უპირველეს ყოვლისა!

გალაკტიონს სწამს და ამდენად, უფრო ხედავს კიდევ გამოგონილ სამყაროს, სინამდვილეზე მეტ სინამდვილეს.

„ლურჯა ცხენებით“ პოეტმა ეკლესიასტეს დამთრგუნველი სიბრძნე გადმოსცა: „ამაოება ამაოებათა და ყოველივე ამაო“, რომ წუთისოფელიცა და მარადიული სოფელიც არარაობაა. ნუთუ ღვთისაგან შექმნილ ქვეყანაში არაფერი შეიძლება იყოს წარუვალობის ნიშნით აღბეჭდილი? ამის პასუხია „მთაწმინდის მთვარე“, ამის პასუხია სტრიქონები ლექსიდან „რომ წაჰყვება საუკუნეს თქვენთან ჩემი ქნარი“, რომ პოეზიის მეტყველი სულისთვის „სიკვდილის გზა არრა არის ვარდისფერ გზის გარდა“.

ახლა წარმოიდგინეთ კაცი, რომელმაც სიცოცხლის საყრდენი ღერძი მოძებნა, რომელიც მიხვდა, რომ ამ სასიცოცხლო ღერძს ეყრდნობოდნენ წინამავალი დიდი შემოქმედნი და ღვთითბოძებული ნიჭიერების გარდა ამითაც გახდნენ ისინი გამორჩეულნი. ახლა ისიც წარმოიდგინეთ, რომ ეს კაცი ორგანულად გრძნობს მათთან გონებრივ და სულიერ სიახლოვეს, თავს გრძნობს მათ ტოლ-სწორად. სწორედ ამ აღმოჩენის სიხარულია ხორცშესხმული ლექსში.

გ.ტაბიძისათვის პოეზია არის ის, რაც თევზისთვის წყალი, რაც ადამიანისათვის ჰაერი. თუ თევზს წყლიდან ამოვაგდებთ, ვერ იცოცხლებს, ადამიანი უჟანგბადოდ სულს ღაფავს, სწორედ ასევე, სულიერი ცხოვრების ელექსირად გალაკტიონი პოეზიას, რომანტიზმს, აღმაფრენის ნიჭს მიიჩნევს. ხოლო ამ ნიჭის გარეშე, ადამიანი არსებობს თავისი უბადრუკი ცხოვრებით, მერე მოდის სიკვდილი მთელი თავისი საშინელებით. აი, პოეზიაა ერთადერთი, რასაც შეუძლია შექმნას სინამდვილეზე უფრო მეტი სინათლე.

პოეზიაა ერთადერთი, რაც სიკვდილის საშინელ გზას აქცევს ვარდისფერ გზად, ანუ საუკუნო ქნარის მფლობელს არც სიცოცხლის, არც სიკვდილის არ ეშინია.

პოეზიის ძალმოსილების შეგრძნება და საკუთარ თავში პოეტური ენერგიის აღმოჩენა, პოეტს იმის დაუფარავ სიხარულს განაცდევინებს, თუ როგორ გრძნობს, რომ სულისთვის, ამ ზღვამ რომ აღზარდა, "სიკვდილის გზა არრა არის ვარდისფერ გზის გარდა“.

ჩვენთვის, ჩვეულებრივ მოკვდავთათვის, არ არის ადვილი ამ სტრიქონების სისხლხორცეული განცდა. პოეტი გრძნობს, რომ მთელი სამყარო მასშია და სამყაროშია მისი სული განფენილი. ეს ღმერთკაცის განცდაა, ამაოებაზე ამაღლებული ადამიანის სიხარულია, ამიტომაც ეჩვენება პოეტს ასეთი შეგრძნების წამს, რომ „ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი“. ამიტომ წერს: „ასე ჩუმი, ასე ნაზი ჯერ ცა მე არ მახსოვს“. სამყარო, თითქოს, ხელახლა იბადება მის თვალში და ხელახლა იბადება თავადაც, ისე, როგორც უკვდავებასთან ნაზიარები ზღაპრული მინდია.

ვაჟა ფშაველას მინდიას სმენაც ჰქონდა და ხედვაც, მაგრამ როცა ღვთაებრივ სიბრძნესთან წილნაყარი გახდა, ვაჟა იტყვის: „გულის ხედვა და თვალების, როგორც, ბრმას და ყრუს გაეხსნა“.

წარმოიდგინეთ სწორედ ასეთი, ერთ მშვენიერ ღამით სხვა სმენისა და სხვა ხედვის ღმერთკაცად გარდასახული პოეტი, რომელიც ხედავს „სიზმრებს არაჩვენებურს, რომელიც ხედავს ჩვეულებრივში არაჩვეულებრივს, რომელმაც იპოვა ის საყრდენი, საიდანაც მაღლით გადმოჰყურებს ამაოების ბაზარს და საცნაური გახდება მისი სიტყვები „რომ მეფე ვარ და მგოსანი და სიმღერით ვკვდები“..

 

- ნოდარ გრიგალაშვილი -

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ