ვანო ცუდი ყოფაქცევის ბიჭებთან ამხანაგობდა. დედ-მამა ძლიერ უშლიდა; მაგრამ ვანო ურჩობდა, არ უჯერებდა და ხშირად ატარებდა დროს თავის უზნეო ამხანაგებთან.
ვანოს დედას საზამთროდ ერთი კალათა ვაშლი ჰქონდა შენახული. ვაშლები კალათში დაბეჟილები ჩაეწყო და სულ ერთიანად დამპალიყო. ერთხელ დედამ მიიყვანა ვანო კალათთან და დამპალ ვაშლებს შორის ერთი სისხლივით წითელი და სრულიად საღი ვაშლი საკუთარი ხელით ჩაადებინა. „აბა ვნახოთ, რა დაემართება ამ ვაშლსო“, უთხრა დედამ.
გავიდა ერთი კვირა. დედამ ხელმეორედ მიიყვანა ვანო კალათასთან და უთხრა: „აბა ამოიღე შენი ჩადებული ლამაზი ვაშლიო“. ვანომ ამოიღო და ძლივსღა იცნო: ვაშლი თითქმის სულ ჩამპალიყო და ჩაშავებულიყო.
- ხედავ, რა მოსვლია ამ საღ და ლამაზ ვაშლს? დახედე და ჭკუა ისწავლე! იცი, რას გეუბნება ეს უდროოდ დამპალი ვაშლი? რაც მე დამმართეს დამპალმა ვაშლებმა, შენც იმას დაგმართებენ გაფუჭებული, უზნეო ამხანაგები. მათი ცუდი ყოფა-ქცევა და გარყვნილება შენც გადმოგედება და ისე გაფუჭდები და დაიღუპები, როგორც მე წავხდი და დავლპიო.
ეს სიტყვები ღრმად მოხვდა გულში ვანოს და ჩააფიქრა. ამ დღიდან იგი თავის უწინდელ ამხანაგებს ძლიერ ერიდებოდა და შორი-ახლოს აღარ იკარებდა.