კოტე, მდიდარი თავადის ბავშვი, აღდგომის წინა დღეებში თავის ტოლ გლეხის შვილთან, სანდროსთან, თამაშობდა ამ დროს კოტეს მოსამსახურემ სადილად დაუძახა.
- სადილის შემდეგ ისევ მოდი სათამაშოდ, მე აქ მოგიცდი, მიაძახა სანდრომ კოტეს.
- განა სადილის საჭმელად შინ არ წახვალ? - კითხა კოტემ.
- მე? არა... ჩვენ დღეს სადილად არაფერი არა გვაქვს, უპასუხა სანდრომ და ამოიოხრა.
როცა კოტე სახლში შევიდა, მამას ყელზე მოეხვია და უთხრა:
- მამილო! შენ რომ სააღდგომოდ ახალი ტანისამოსი უნდა მიყიდო, ის რა ეღირება?
- სამი თუმანი, რად კითხულობ, შვილო?
- მამილო, გენაცვა, ნუ გამიჯავრდები და უნდა გთხოვო, ეგ სამი თუმანი ფულად მაჩუქო.
მამას ჯერ გაუკვირდა, მაგრამ როცა კოტემ უთხრა რისთვისაც უნდოდა ფული, სიხარულით აუსრულა შვილს სურვილი.
გახარებული კოტე სახლიდან გაიქცა და ფული თავის მეგობარ სანდროს მიურბენინა.