ერთი ბერი უდაბურ ტყეში ცხოვრობდა. ერთი დათვის ბელი გაზარდა და შეიჩვია. დათვი კარგი მოსამსახურე გამოდგა: ნადირობდა, შეშა მოჰქონდა, ქოხს დარაჯობდა და ბერს მუდამ უკან დასდევდა.
ერთხელ ძალიან ცხელი დღე იყო; ბერს ჩრდილქვეშ მწვანე მოლზე ეძინა. დათვი გვერდით უჯდა და ბუზებს უგერიებდა. ერთმა ბუზმა, დათვი ყველაზე უფრო შეაწუხა და გააჯავრა. დათვმა ეს ბუზი თავის პატრონს ბევრჯერ მოუგერია, მაგრამ სულ ტყუილად, ბუზი ისევ ბრუნდებოდა და ბერს ხან ცხვირზე, ხან ლოყებზე კბენდა. ბოლოს ბუზი ბერს შუბლზე დააჯდა.
დათვი მოთმინებიდან გამოვიდა: მოიცა, შე შეჩვენებულო; არ მომშორდი და ეხლა მიყურე, ფეხები როგორ გაგაფშეკინოო. ეს რომ თქვა, აიღო ერთი დიდი ქვა და რაც ძალი და ღონე ჰქონდა დაჰკრა შუბლზე მჯდომ ბუზს. ბუზი მართლაც მოკლა, მაგრამ ბერსაც ფეხები გააფშეკინა.
ანდაზა: სულელი მეგობარი მტერზე უარესიაო.