ბავშვი ქუჩაზე გადარბოდა. უცებ სამგზავრო ეტლი წამოეწია, დაეჯახა, ქვეშ მოიქცია და ფეხი მოტეხა.
როცა მკვნესარე ყმაწვილი სახლში შეიტანეს, მის ავადმყოფ დედას ელდა ეცა, ლოგინიდან წამოხტა და გული შეუღონდა. ბავშვმა ეს რომ დაინახა, მაშინვე შეწყვიტა კვნესა: ფეხის გასწორების და შეკვრის დროს ერთი კრინტიც არ დაუძრავს.
- განა ფეხი არ გტკივა? - კითხა ფეხის შემკვრელმა.
- საშინლად მტკივა, მაგრამ მე არ მინდა ავადმყოფმა დედამ გაიგოს ჩემი ტანჯვა და ისევ შეწუხდეს, - უპასუხა ბავშვმა.