თოვლიანი ზამთარი იდგა. პავლეს ხორბალი ჰქონდა ჩასატანი წისქვილში დასაფქვავად. მარხილი უნდა შეება; მაგრამ წინა დღით ტყეში მარხილი გადაუბრუნდა და გაუტყდა. პავლემ თავის მეზობელს მიმართა და მარხილი თხოვა. მაგრამ მეზობელმა ხელი არ გაუმართა და ცივი უარი უთხრა.
გავიდა რამდენიმე დღე. პავლეს მეზობელს ძლიერ დასჭირდა ხერხი. ხერხი თვითონ არა ჰქონდა, პავლემ კი იმ წინა დღით ქალაქიდან ახალი ხერხი მოიტანა. მეზობელი პავლესთან პირშავად იყო და ერცხვინებოდა მისთვის ხერხი ეთხოვა; მაგრამ მეტი გზა არ იყო. მივიდა და გაუბედავად თხოვა.
პავლემ იმ წამსვე გამოურბენინა ხერხი და თავაზიანად მისცა. მეზობელი სირცხვილით დაიწვა, პავლეს წინანდელი სიბრიყვის მიტევება თხოვა და აღუთქვა: დღიდან შენი ერთგული მეზობელი ვიქნებიო.