ერთი მოხუცებული ქართველი გარდაიცვალა. მან თავის ორ შვილს ერთი "ვეფხისტყაოსანი" დაუტოვა.
ძმებს გაყრის დროს წიგნზე დიდი ქიშპობა მოუვიდათ; ორივე მის დასაკუთრებას ცდილობდა და ძლიერ წაიჩხუბნენ.
შუაკაცმა უთხრა:
- თქვენ ორივემ უთუოდ მშვენივრად იცით კითხვა, რომ წიგნზე ეგრე ჩხუბობთო.
- რა ბრძანებაა, წიგნის ჩვენ არც ერთს არაფერი არ გაგვეგებაო, - უპასუხეს.
- მაშ თქვენ სწორედ იმ ორ სასაცილო ქაჩალს ჰგვანებიხართ, ერთმანეთს რომ სავარცხლის გულისათვის თავპირს ამტვრევდნენ და დასავარცხნი თმა კი არც ერთს არ ქონდაო, - უპასუხა შუაკაცმა.