იყო ერთი ცალთვალა ირემი. ირემს ცალი მხრიდან მიპარვის ეშინოდა და ბალახის ძოვის დროს დიდ სიფრთხილეს იჩენდა.
ბოლოს იფიქრა: წავალ ზღვის პირას, ბრმა თვალს ზღვისაკენ ვიზამ, საღს - ხმელეთისკენ და სიფრთხილე არ დამჭირდებაო.
სწორედ ასეც მოიქცა; მაგრამ მონადირემ შენიშნა ირმის დაუდევრობა, ზღვიდან ნავით მიეპარა, ესროლა ისარი და მოკლა ირემი.
ანდაზა: სიფრთხილეს თავი არ სტკივაო.