შრომისგან დაღლილი ფუტკარი წყალში ჩავარდა და იხრჩობოდა. ახლო ხეზე დედა მტრედი იჯდა. მან თვალი შეასწრო ფუტკრის გაჭირვებას, აფრინდა, მოგლიჯა ნეკერჩხალის დიდი ფოთოლი და წყალში ჩაუგდო. ფუტკარი ფოთოლზე შეჯდა და წყალმა ნაპირზე გამორიყა. გაიშრო მზეზე სველი ფრთები, აფრინდა და მხიარული ბზუილით გასწია თავისი სკისკენ.
გავიდა რამდენიმე დღე. ბარტყებისთვის საჭმლის ზიდვით დაღლილი მტრედი ხეზე იჯდა და თვლემდა. ამ დროს მტრედს მონადირე მიეპარა, ამოეფარა ჩირგვს და თოფი დაუმიზნა. ამას თვალი მოკრა ახლო ყვავილზე მჯდომმა ფუტკარმა, აფრინდა, მონადირეს სწრაფად უკანიდან მოუარა და მარჯვენა ხელზე სწორედ იმ დროს უკბინა, როცა ჩახმახს აცემინებდა.
მონადირეს სიმწარისგან ხელი აუკანკალდა და მტრედს ტყვია ასცდა.
ანდაზა: რასაც დათესავ, იმასვე მოიმკი.