იყო სამი ამხანაგი: ბრმა, კოჭლი და ღატაკი. ერთხელ სუფრაზე ისხდნენ და ღვინით კარგად დათვრნენ.
ბრმამ კოჭლს უთხრა: „შენ ეი, დიდ-დიდ ლუკმას ნუ იტენი პირში, თორემ მზეს დაგიბნელებო!“
კოჭლმა უპასუხა: „აბა რას ხედავ, შე ბრუტიანო და მართლა მზე-დაბნელებულო, დიდ ლუკმას ვიდებ, თუ პატარას? ახი არ იქნება შენზე, ეხლავე წამოვხტე, კაი ღონიერი წიხლი ჩაგცხო და სული გაგაფრთხობინოო!“
"მოჰკალ ეგ საძაგელი და მე ვზღავო!" - დაუმატა ღატაკმა.
ასე სასაცილოდ ხდის ყველას ღვინის ჭარბად სმა.