ერთი სახლის ახლოს თაგვებს სორო ჰქონდათ. ამ სოროდან ისინი მიწას ყველა მხრიდან თხრიდნენ, მხოლოდ ერთ მხარეს ძლიერ ერიდებოდნენ. მათში ერია ერთი ახალგაზდა და თავნება თაგვი. აიტეხა ამ თაგვმა: - მიწა ამ მხრისკენაც უსათუოდ უნდა გავთხარო და ქონი გამოვთხაროო!
გამოცდილმა თაგვებმა უთხრეს: - მანდ მიწის თხრას თავი დაანებე, თორემ ქონის მაგივრად კატას გამოთხრი და თავს დაიღუპავო.
თავნებამ არ დაუჯერა და თქვა: - რა იციან ამ ბებრუცუნებმაო.
თხარა და თხარა მიწა და მართლა გამოთხარა, მაგრამ ქონი კი არა, ვებერთელა მშიერი კატა. კვდებოდა თაგვი კატის კლანჭებში და ამბობდა:
- ახია ჩემზე, უფროსებმა და ჩემზედ გამოცდილებმა კარგი დარიგება მომცეს, და მე კი არ გავუგონე, მასხარადაც ავიგდე და თავი დავიღუპეო.
ანდაზა: თაგვმა თხარა, თხარაო, კატა გამოთხარაო.