კოღომ ლომი საომრად გამოიწვია. ლომს ეს სასაცილოდ არ ეყო. კოღომ იწყინა, გაგულისდა, გაექანა, ზედ ცხვირზე ეცა და დაუწყო მწარედ კბენა ცხვირზე და ტუჩებზე. ლომს ძალიან ემწარა. დიწყო ფეხების ცემა ცხვირ-პირზე, ეგონა, კოღოს მოვახვედრებ და მოვკლავო. მაგრამ კლანჭებით თავ-პირი სულ დაიკაწრა, და კოღო კი ვერ მოიშორა. ბოლოს ლომი საცოდავად დაქანცული დაეცა მიწაზე.
გამარჯვებულმა კოღომ შინისკენ მხიარული წუილით გასწია; მაგრამ გზაზე უცებ ობობას ქსელს წააწყდა და შიგ გაება. მივიდა ობობა და სისხლის წუწნა დაუწყო. კვდებოდა კოღო და ამბობდა: „ძლიერ ლომს მოვერიე და წუწკი ობობასგან კი ვიღუპებიო!“