ერთხელ მეტად თბილი ზამთარი დადგა და ისე გავიდა, რომ მარტამდე მეცხვარეს ერთი სული ცხვარი არ დაკლებია. მეცხვარე სიხარულით ფეხზე აღარ იდგა და სულ ზამთრის ქებაში იყო. მაგრამ დადგა მარტი, თან მოიტანა ქარიშხალი, თოვლ-ჭყაპი და მეცხვარეს ფარა თითქმის მთლად გაუჟლიტა.
გავიდა ერთი წელიწადი. ისევ დადგა ზამთარი და ისეთი ცუდი ამინდები დაიჭირა, რომ ცხვრის ფარას სული ძლივს ედგა. მეცხვარეს იმედი გადაეწურა, რადგან მარტის ავდარს მისი მისუსტებული ცხვარი ვეღარ გაუძლებდა. მაგრამ დადგა მარტი და ისეთი მშვენიერი ამინდები დაიჭირა, ისეთი ბალახი ამოვიდა ნაადრევად, რომ ცხვარი მოსულიერდა, ღონეზე მოვიდა და სრულად გადურჩა ზამთარს.
მაშინ მეცხვარემ თქვა: მარტი რომ წინ გედოს, ზამთარს ნურც აქებ და ნურც აძაგებო.