მინდვრიდან ფუტკარს თაფლი მიჰქონდა და თავის სკაში მიეშურებოდა. წინ შემოეყარა ჭრელი, მორთული პეპელა და ამაყად დაუყვირა: „ეი, შენ თხუპნიავ, გზიდან ჩამომეცალე, ტანისამოსი არ დამისვაროო?“
ფუტკარს ჯერ გული მოუვიდა და იფიქრა: „ახი არ იქნება, რომ ამ ბრიყვს ჩემი შხამიანი ისარი ვკრა და ფეხები გავაფშეკინოო“. - მაგრამ მალე აზრი შეიცვალა და თქვა: - „რა ვაჟკაცობა იქნება, ძალა ვიხმარო ამ სუსტსა და უიარაღო სულდგმულზე. ჯობს, სულგრძელობით და თავაზიანად მოვექცეო“. ჩამოეცალა გზიდან და ცოტა დაცინვის კილოთი უთხრა: „მიბრძანდი, ქალბატონოო!“
ანდაზა: ბლახა ამპარტავანიო ღმერთსაცა სძულს, კაცსაცაო.