ტყეს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რომლის სრული აღწერა შეუძლებელია. მოკლედ გეტყვით: ტყე წვიმის წყალს იფარავს მზისაგან და მშრალი ქარისაგან. წვიმის წყალი მიწაში ჩადის, გროვდება და ჩნდება წყაროები და მდინარეები. ამიტომ, სადაც ბევრი ტყეებია, იქ წყალიც უხვადაა, რაც ხელს უწყობს მოსავლიანობას. უტყეო ადგილის მცხოვრებთ წყალი ძალიან ნაკლებად აქვთ და გვალვის დროს მოსავალი უფუჭდებათ.
ტყე ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა. ტყის ფოთოლი ჰაერს წმენდს და საღ თვისებას აძლევს. ამიტომ ტყის ახლო მცხოვრებნი ყოველთვის უფრო ჯანსაღნი და მხნენი არიან, მინამ ტყიდან დაშორებული ბინადარნი. ცნობილია, რომ ხოლერა, ჭირი, საოფლე და სხვა ავი ავადმყოფობა ტყესთან ახლოს მცხოვრებლებს ნაკლებად ვნებს, ტყისგან შორს მცხოვრებნი კი ბევრი იღუპება. სწორედ ამის გამო ხდება ისა, რომ ხოლერის დროს ხალხი ტყეს აფარებდა თავს.
ტყე ადამიანს აძლევს შეშას, რომლითაც ის ცეცხლს ანთებს, საჭმელს იხარშავს, პურს იცხობს და ზამთარში სახლს ათბობს. ტყიდანვე მოაქვს კვარი, რომელიც ღარიბ გლეხს სანთლის მაგივრობას უწევს. ტყე ადამიანს აძლევს შენობის მასალას, რისგანაც კეთდება: ჭერი, სახლის კოჭები, ბოძები, იატაკი, ლამფა, ფანჯრები, კარებები, საკედლე ფიცრები და სხვა. ხე-ტყიდანვე აკეთებს ადამიანი: ნავებს, გემებს, მრავალი ავეჯს და ჭურჭელს: კიდობანი, თაბახი, ხონჩა, ტაბაკი, კუტალი, კულა, სკამი, მაგიდა, კარდა, კამოდი, ტახტი და სხვა. აი რამდენს სარგებლობას აძლევს ტყე ადამიანს.
მაგრამ ქართველი ძალიან უმადურად ექცევა ტყეს: დაუზოგავად ჩეხავს და აჩანაგებს მას. იმ ადგილს, სადაც ამ ოცი-ორმოცი წლის წინათ მწვანე ტყე ამშვენებდა, ბევრგან ეხლა მხოლოდ ცარიელი მზისგან გადამწვარი ხრიოკები მოსჩანს. ეს დიდი უგუნურობაა. სხვა, განათლებულ ქვეყნებში, ტყეს არამც თუ აჩანაგებენ, მწცანე ნარგავებს რგავენ და ამრავლებენ, სწორედ ისე, როგორც ჩვენში ბაღებში ხილებს ვრგავთ.
თუ ტყის დაზოგვა არ ვისწავლეთ, ჩვენს ქვეყანას მოელის დიდი უბედურება: წვიმა იშვიათი მოვლენა შეიქმნება, სხვადასხვა ავი სენი უფრო გაძლიერდება და სიკვდილი გახშირდება; საჭირო ავეჯეულობა მოგვაკლდება, შეშა მეტად გაძვირდება და ცხოვრება მეტად გაჭირდება.
თუ ქართველები ტყეს არა ზოგავენ და აჩანაგებენ, სამაგიეროდ, ტყის ფრინველები დიდს სამსახურს უწევენ მას იმით, რომ ჟლეტენ ტყის მტრებს. ვინ არიან ეს მტრები? სხვადასხვა მატლი და ჭია, რომლებიც ღრღნის, აფუტუროებს და ახმობს ხეებს. ტყის ეს მავნებლები ფრინველის საყვარელ საჭმელს შეადგენს. ისინი ჭია-მატლებს ნისკარტით იჭერენ, ხოცავენ და ყლაპავენ. მეტადრე აღსანიშნავია ამ მხრივ კოდალა და გუგული. კოდალა ხეებს უკაკუნებს თავის დიდ ნისკარტს და აფრთხობს შიგ მყოფ მატლებს. ისენი დამფრთხალები გარეთ გამორბიან და ხდებიან კოდალას ნისკარტის მსხვერპლი.
კიდევ უფრო მეტს სიკეთეს უკეთებს ტყეს გუგული. ტყეში ერთგვარი შხამიანი მატლია, რომელიც ძლიერ ვნებს და ახმობს ხეებს. სხვა ფრინველები ამ მატლს ვერ ეკარებიან, რადგან იწამლებიან მისი შხამით და იხოცებიან. მატლის შხამი საერთოდ არ მოქმედებს მხოლოდ ერთადერთ ფრინველზე, კერძოდ, გუგულზე. ამის გამო გუგული დაურიდებლად იჭერს ამ მატლს, ხოცავს და იცავს ხეებს გახმობისაგან. გუგულის გარეშე ბევრი ხე ამ შხამიანი მატლის მსხვერპლი გახდებოდა.