ერთ სახლში ბუხრის გვერდით ჭრიჭინამ ბინა გაიკეთა. მოიკალათა ღრმა ჭუჭრუტანაში და მალე გააბა თავისი მხიარული ჭრიჭინი. სახლში მცხოვრებ ბავშვებს ჯერ არ გაეგონათ ჭრიჭინას ხმა, ეგონათ, ჩვენ ბუხარში პატარა ჩიტი შემძვრალა და ის გალობსო. როცა გაიგეს რომ უცნაური მომღერალი ფრინველი არ იყო, ბევრს ეცადნენ, რომ ჭრიჭინას ბინისათვის მიეგნოთ, დაეჭირათ და კარგად გაესინჯათ, მაგრამ ვერაფერს გახდნენ.
დიდებს არ უნდოდათ, ბავშვების ჭრიჭინას დაჭერაში დახმარებოდნენ, რადგანაც კარგად იცოდნენ, რომ ბავშვები ამ უვნებელ მწერს, როგორც კი ხელში ჩაიგდებდნენ, ხეირს არ დააყრიდნენ. ასე გადარჩა ხიფათს ჩვენი ჭრიჭინა.
ჭრიჭინა პატარა სულდგმულია და ძალიან გავს კუტ კალიას. მას ძალიან უყვარს სითბო და ზამთრობით მხოლოდ შენობებში შეუძლია ცხოვრება. ზამთრის სიცივეს ჭრიჭინა სრულიად ვერ იტანს და მალე იყინება.
დღისით ჭრიჭინა ჩუმად იყო, რადგან ეძინა, ღამე კი ფრთხილად გამოძვრებოდა თავის ბინიდან და ოთახში ეძებდა პურის ნამცეცებს და ფქვილის მტვერს. ამ დროს კუტი კალიასავით დახტოდა, თუმცა ისე მაღლა ვერა.
ჭრიჭინას სასაცილო თავი აქვს, რადგან ბებერი კაცის თავს მიუგავს. ამიტომ ძველმა ბერძნებმა ჭრიჭინაზე ზღაპარი მოიგონეს, თითქოს ჭრიჭინა წინათ კაცი იყო და მწერად მერე გადაქცეულიყო. თურმე კაცმა ღმერთს სამუდამო სიცოცხლე სთხოვა, მაგრამ დაავიწყდა, რომ სამუდამო ახალგაზრდობაც ეთხოვა, ამიტომ ეს კაცი სულ ბერდებოდა და იქამდე პატარავდებოდ, სანამ ჭრიჭინად არ გადაიქცა.
ჩვენს ბავშვებს ეგონათ, რომ ჭრიჭინა ფრინველივით პირით მღერისო. ის კი არ იცოდნენ, რომ ჭრიჭინის ხმას იგი სხვაგვარად გამოსცემს: თავის გრძელ ფეხებს აყოლებით ახახუნებს მაგარი ფრთების გვერდებზე და ამ ხახუნის გამო გაისმის ჭრიჭინი.
ერთი წლის შემდეგ ჩვენი ჭრიჭინა მოკვდა, როგორც ყველა მის ჯიშის ხვედრია. მაგრამ მან მოასწრო თავის სადგომში რამდენიმე კვერცხის დადება. ამ კვერცხებიდან ცოტა ხნის შემდეგ გამოძვრნენ პატარა ჭრიჭინები.
ახლად დაბადებულები ნათელი ფერის იყვნენ, ფრთების გარეშე. ორი-სამი კვირის შემდეგ ისინი იმდენად გაიზარდნენ, რომ ძველ კანში აღარ ეტეოდნენ; ამიტომ კანი გაიძრეს და დარჩნენ ახალ კანში, რომელიც პირველი კანის ქვეშ ამოსვლოდათ.
რვა დღის შემდეგ კანი მეორედ გამოიცვალეს. კანის გამოცვლა სულ ოთხჯერ მოუწიათ. მეოთხედ რომ კანი გამოიცვალეს, ჩვენი პატარა სულდგმულები დაფრთიანებულები და მოშავო ფერის გამოვიდნენ. ეს ფერი მათ შერჩათ მთელი სიცოცხლის განმავლობაში.
მეოთხე ცვლილების შემდეგ ჭრიჭინებმა მორთეს მხიარული სიმღერა-ჭრიჭინი, აქამდე კი ჩუმად იყვნენ. აბა გამოიცანით, სანამდე მეოთხედ გაიძრობდნენ კანს, რატომ არ შეეძლოთ ჭრიჭინი პატარა ჭრიჭინებს?