ყველამ იცის, რომ ფრინველები სიმალხაზითა და სილამაზით სხვა ცხოველებს ძლიერ სჯობია, მათ გონებაზე კი ბევრს მცდარი აზრი აქვს და უგონო სულდგმულებად მიაჩნიათ. მაგრამ, ვისაც კი ყურადღება მიუქცევია მათი ცხოვრებისათვის, კარგად იცის, რომ ფრინველები დიდ გონიერებას და მეხსიერებას ამჟღავნებენ თავის ყველა მოქმედებაში. ერთი წლის გამოცდილება ფრინველებს რამდენიმე წელიწადი ახსოვთ. წეროს, შოშიას და მერცხალს, როცა თბილ ქვეყნებში არიან, თავისი ბინა არ ავიწყდებათ და გაზაფხულზე რომ ბრუნდებიან, ძველ ბუდეს ადვილად პოულობენ.
მაშასადამე, გარეულ ფრინველებს სუსტი მეხსიერება არ ჰქონიათ. ამას სხვათა შორის ამტკიცებს შემდეგი მაგალითიც: ერთი ბუნებისმეტყველი ყვავებზე ნადირობდა და მათი ხორცით გაშინაურებულ არწივს კვებავდა. ყვავებმა მალე დაიმახსოვრეს ეს კაცი და რა წამს ერთი ყვავი დაინახავდა, მაშინვე დაიწყებდა საშინელ ყრანტალს, რითაც ატყობინებდა სხვა ყვავებს და ისინი აქეთ-იქით იფანტებოდნენ.
კიდევ უფრო ცხადად იჩენენ მეხსიერებას შინაური ფრინველები. აი ერთი მაგალითი: ერთ სწავლულ კაცს ჰყავდა მამალი, რომელსაც ერთი ქათამი ძლიერ ეჯავრებოდა. რადგანაც მათი ჩხუბით სხვა ქათმებსაც მოსვენება არ ქონდათ, ამიტომ კაცმა მამალი ერთს გლეხკაცს აჩუქა და სამაგიეროდ ახალი მამალი მოიყვანა. ორი წლის შემდეგ ნაშოვნი მამალი მოუკვდა და გლეხთან ბიჭი გაგზავნა მამლის საყიდლად. შემოვიდა თუ არა ეზოში ძველი მამალი, მაშინვე სიხარულით მიიხედ-მოიხედა, ფრთა-ფრთას შემოჰკრა, დაიყივლა და თავის ნაცნობ ქათმებს დიდის ალერსით მიესალმა. მაგრამ, მერმე უცებ უსიამოვნოდ გაშტერდა, როცა თვალი მოჰკრა იმ ქათამს, რომლის გულისათვისაც პატრონმა ის სახლს მოაშორა. მამალი აიმრიზა და ქათამს მტრულად დაუწყო ცქერა. ქათამი შეშინდა და მოიბუზა. რამდენსამე წამის შემდეგ მათ შუა ისევ ომი გაჩაღდა. რაღა გაეწყობოდა, პატრონმა აიღო და ეს მამალი თავის ეზოდან ხელმეორედ გადაკარგა.
ფრინველები დიდს ჭკუას იჩენენ ყველა თავის მოქმედებაში; საჭმლის შოვნაში, ბუდის კეთებაში, მტრის მოგერებასა და მის მოტყუებაში, შვილების დაზრდასა და მათ დაფრთიანებაში. ბევრმა ფრინველმა ასე იცის: თუ ლეში ან სხვა საჭმელი დაბლობ ადგილას იპოვნეს, ჯერ ახლო მაღლობზე მცველებს დააყენებენ, მერე დაასხდებიან და ჭამას დაიწყებენ. წეროები მცველებად ასაკოვან და გამოცდილ ამხანაგებს ირჩევენ.
ბატებს თუ წყალში ჩასხდომა უნდათ, ჯერ ფრენით მაღლა-მაღლა წავლენ ცაში და იქიდან ტბის ნაპირებს დაათვალიერებენ, მტერი ხომ არსად არის დამალულიო; მერმე შიგ შუა ტბაში ჩაეშვებიან, რომ ნაპირიდან მონადირემ ტყვია ვერ მიაწვდინოს.
აი ფრინველების ეშმაკობისა ერთი შესანიშნავი მაგალითი: ერთ კაცს შინ მიჩვეული კაჭკაჭი ჰყავდა, რომელიც ქათმებისაგან დიდ შევიწროვებას განიცდიდა; ქათმები მიესეოდნენ, საჭმლიდან გააგდებდნენ და მშიერს დატოვებდნენ ხოლმე. საწყალ კაჭკაჭს საშინელი ჯავრი მოსდიოდა. როცა მის საჭმელს ქათმები შეექცეოდნენ და მას კი შორიდან თვალები ებრიცებოდა. რადგანაც კაჭკაჭი ქათმებს ძალით ვერასგზით ვერ მოერეოდა, ამიტომ ღონის მაგივრად ხერხი იხმარა: დაიწყებდნენ თუ არა ქათმები ჭამას, კაჭკაჭი მაშინვე მიუახლოვდებოდა და ცხარე ჩხუბს აუტეხდა. ქათმები გაჯავრდებოდნენ და კაჭკაჭს გამოეკიდებოდნენ, ის ქათმებს შორს გაიტყუებდა, მერე უეცრად აფრინდებოდა, საჭმელს დააცხრებოდა, კარგს ლუკმას წაიღებდა და ღობის ქვეშ შეინახავდა. მერე ისევ მივიდოდა და ქათმებს ხელახლა დაუწყებდა ჩხუბს: ქათმები ისევ გამოეკიდებოდნენ და კაჭკაჭიც საჭმელს უწინდებურად მოსტაცებდა ხოლმე. ამგვარ ეშმაკობას იქამდე განაგრძობდა, ვიდრე თავის სამყოფელ საჭმელს არ იშოვნიდა.
ერთი სოფლის მახლობლად პატარა ტყეში ყვავი ცხოვრობდა. როცა ეს ყვავი მშიერი იყო, მაშინ იმისთანა ეშმაკობასა და გულადობას იჩენდა, რომ მთელს სოფელს აკვირვებდა და მცხოვრებლები მოთმინებიდანაც გამოჰყავდა. რა წამს პატარა ბატების გროვას უპატრონოდ დაინახავდა, მაშინვე უკან დარჩენილს ჭუკს დაეცემოდა. ნისკარტის ცემით დაარეტიანებდა, მერმე კისერში დააფრინდებოდა და თავის ბახალებს წაუღებდა. პატარა იხვებსა და წიწილებსაც ასევე იტაცებდა.
ერთხელ ერთი დედაკაცი ბოსტანს მარგლიდა; გვერდით ყველის კარგი მოზრდილი ნაჭერი ედო, დაინახა თუ არა ეს ყვავმა, მაშინვე სწრაფად წამოვიდა ზევიდან, დედაკაცს არ მოერიდა, ყველი მოსტაცა და თავის ბუდეში წაიღო. პატრონმა ბევრი უკივლა, მაგრამ ყვავი არაფერს შეეპუა.
ყანაში გლეხები მუშაობდნენ და საუზმე ჯიბით თან მიჰქონდათ ხოლმე. როცა მზე მაღლა ავიდოდა, ტანისამოსს იხდიდნენ და მიჯნაზე აწყობდნენ. ერთხელ, მუშები რომ შორს წავიდნენ, ყვავი მოფრინდა, ტანსაცმლის ჯიბეები კარგად გასინჯა, ერთი ჯიბიდან საუზმე ამოიღო და წაიღო. ამხანაგებმა გაძარცვულს დასცინეს და უთხრეს: ჩვენ მაგისთანა სასაცილო საქმე არ მოგვივაო. მეორე დღეს მათ თავისი ტანსაცმლის ჯიბეები ჯიბეები შიგნით მოაქციეს და ზემოდან კალთები წააფარეს.
ყვავმა მუშებს უთვალთვალა და, როცა ისევ შორს წავიდნენ, ტანისამოსთან მიფრინდა, ნისკარტით კალთები გადახადა, ჯიბიდან საჭმელი ამოიღო, ჯერ თვითონ დანაყრდა და მერმე თავის შვილებსაც კარგი სადილი წაუღო. მეტი ძალა არ იყო, მუშებს ტანსაცმელზე ისეთი დიდი ქვები უნდა დაეწყოთ, რომ ყვავს გადაგორება ვერ შესძლებოდა.
ამის შემდეგ ჭკვიანმა ყვავმა დიდი ყურადღება მიაქცია კაცების ჯიბეებს და ყოველთვის სინჯავდა, როცა კი უპატრონოდ მიტოვებულ ჯიბიან ტანისამოსს დაინახავდა. სოფლის მცხოვრებლებმა ერთ მონადირეს თხოვეს, რომ ეს ყვავი მოეკლა, მაგრამ უარი უთხრა, რადგან მისი ჭკუით ძლიერ გაკვირვებული და აღტაცებული იყო.