მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 769 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ყანის გვერდით სათიბში ცქვიტი ტოროლა ცხოვრებდა. როდესაც თავის ბედს მწყრის ბედთან ადარებდა, ძალიან კმაყოფილი რჩებოდა და მართლაც არ ცდებოდა; უფრო პატარა და მსუქანი ტანი სრულიად არ ამძიმებდა ტოროლას; მოზრდილი და მაგარი ფრთები გვიან ეღლებოდა. ამის გამო ფრენაში ყოჩაღი და მარდი იყო, ასე რომ თვით მიმინოსაც არ ეპუებოდა. ბევრჯერ დაუქანცავს მიმინო დევნაში, ბოლოს ციდან ბალახებში ჩამოუსწრია და პირცარიელი დაუტოვებია.

ადამიანიც იშვიათად დევნიდა ტოროლას, რადგანაც მისი დაჭერა ძნელი იყო, ხორცი ნაკლებად გააჩნდა და ამასთან მშვენიერი გალობით ხშირად უხალისებდა მას გულს.

აი ზაფხულის მზემ შუადღისას პაპანაქება დაატრიალა; მინდორში ყველა სულდგმული ეძებს ჩრდილს და ემალება მზის მხცუნვარე შუქს. ტოროლა კი სრულიად სხვაგან ეძებს სიგრილეს. დაიძვრება ბალახებიდან, მაღლა-მაღლა ისე მიფრინავს, თითქოს კიბეებზე ხტებაო, და თვალმიუწვდენელ სიმაღლეში იკარგება. აქაური სიგრილისაგან დამტკბარი და ეშხში მოსული, საამური ხმით დასძახის დედამიწას, სადაც დაღლილი ადამიანი მისი მხიარული სიმღერით ტკბება.

კარგა ხანი იცურავა ჩვენმა კეკლუცმა მგალობელმა ცის სივრცეში. ბოლოს, როცა ღონიერი ფრთები დაეღალა, წამსვე შეკუმშა, ტანზე მიიკრა და ტყვიასავით სწრაფად დაეშვა ძირს. დედამიწას რომ მიუახლოვდა, თავი შეიმაგრა, ამოარჩია მოხერხებული ადგილი და ბალახებში ჩაიმალა დასასვენებლად.

ამ დროს რომ ტოროლას თავს წაადგე, მიწაზე გააკრავს თავის ტანს და ფეხებს და ისე გაინაბება, რომ სრულიად ვერ შეამჩნევ. განაბვა მეტად ოსტატური იცის. გოგმანშიაც მარტო ღალღა თუ აჯობებს, თორემ სხვა ფრინველი ვერ შეედრება.

აი დადგა აპრილი და ტოროლა შეუდგა ბუდის გაკეთებასა. ხშირს ბალახებში მოსძებნა მოხერხებული ალაგი, ნისკარტით ამოგლიჯა რამდენიმე ბალახი და მოასუფთავა ადგილი; გათხარა პატარა ორმო, ჩააგო შიგ ხავსი, ბალახი, დადო ექვსი მოლურჯო კვერცხი და დააჯდა ზედ. მამალი ტოროლა ამ დროს თითქმის განუწყვეტლად გალობს და ართობს თავის გამრჯე დედალს. ორ კვირაში გამოჩეკა დედალმა ტოროლამ პატარა ბარტყები, ერთგულად უზიდა მატლები და ჭიები საჭმელად, დაზარდა და მალე დააფრინა. შემდეგ ორჯერ კიდევ დადო კვერცხები, აკრუხდა და დააფრინა ბარტყები. ასე რომ ერთ ზაფხულს სამი პირი ბარტყები დაზარდა.

დადგა შემოდგომა და ყველა სხვა წამსვლელი ფრინველებივით გასწია სამხრეთისაკენ, თბილ ქვეყნებში. ბაზაფხულზე კი ისევ დაბრუნდა თავისს სამშობლოში.

 

ტოროლას ბარტყების სიყვარული

 

იყო ერთი სწავლული. მთელს თავის დროს მცენარეების, ცხოველებისა და ბუნების სხვა საგნების გამოკვლევას ანდომებდა. ამიტომ მას ბუნებისმეტყველს ეძახდნენ.

ერთხელ ამ ბუნებისმეტყველს სოფლის მწყემსმა ტოროლას ბარტყი მოუყვანა, რომელიც მინდორში, ბუდის ახლოს დაეჭირა. ბარტყი ჯერ ისევ ნორჩი და სუსტი იყო და საჭმლის ჭამასაც კი თავისთვის ვერ ახერხებდა. ბუნებისმეტყველს მეტი ძალა არ ჰქონდა, დედობა უნდა გაეწია ამ ბარტყისათვის. ასეც მოიქცა. თავისი ხელით აჭმევდა, ასმევდა და ეალერსებოდა. ბარტყიც მალე შეეჩვია თავის გამზრდელს და სრული ნდობით ექცეოდა. ამასობაში პატარა ტოროლა გაიზარდა და მოღონიერდა.

სწორედ ამ დროს ჩვენს ბუნებისმეტყველს იმავე მწყემსმა მოუყვანა ტოროლას ორი სხვა ბარტყი, რომლებიც სხვა ბუდიდან ამოესხა. ეს ბარტყები ბევრად უმცროსწბი იყვნენ მოშინაურებულ ტოროლაზე და არაფრით არ გავდნენ მას, რადგანაც სხვა დედ-მამას მიენიჭებინა მათთვის სიცოცხლე.

გაშინაურებული ტოროლა, მიუხედავად იმისა, რომ ახლად მოყვანილი ბარტყები არ იყვნენ მისნი ნათესავები, დიდი სიხარულით მიეგება მათ. ბუნებისმეტყველს ამ ბარტყების მოყვანა, ერთი მხრივ, ეამა, მაგრამ, მეორე მხრივ, დააფიქრა. დააფიქრა იმიტომ, რომ მათი გამოზრდა მოითხოვდა მისგან ბევრ დროს და ყურადღებას, ამიტომ ხელს შეუშლიდა მეცნიერულ შრომაში. მაგრამ ეს შიში სრულიად გაუფანტა მისმა გამოზრდილმა ტოროლამ. მან სრული სიამოვნებით იკისრა პატარა ბარტყების დედობა, თუმცა ჯერ თვითონაც ისევ ბარტყი იყო, მაგრამ საოცარი მზრუნველობა გამოიჩინა.

ტოროლა დღე და ღამ შვილობილებზე ზრუნავდა, ფრთებს ქვეშ ამოისხამდა, ათბობდა, თავისი ნისკარტით აჭმევდა საჭმელს და თავის თავს მცირე ხნით მოსვენებასაც არ აძლევდა. ბუნებისმეტყველი ხანდახან მოაშორებდა და დაუმალავდა ხოლმე ბარტყებს, რომ მათ მოქანცულ დედობილს დაესვენა და ჯანზე მოსულიყო, მაგრამ ტოროლა საშინელ მოუსვენრობაში ჩავარდებოდა ხოლმე: გაფაციცებით დაეძებდა შვილობილებს, ტოროლურად ეძახდა და ძლიერ სწუხდა, თუ მალე ვერ იპოვნიდა. როცა მიაგნებდა, ერთ სიხარულს მიეცემოდა, მიუხმატკბილებდა და ეალერსებოდა.

ამასობაში  დედობილი ტოროლაიმდენად წამოიზარდა, რომ ადვილად შეეძლო გაფრენილიყო, დაენებებინა თავი ბარტყებისათვის და მინდორ-ველზე ეცხოვრა თავისუფლად, მაგრამ ეს აზრადაც არ მოსდიოდა. ბარტყების სიყვარული სულ უძლიერდებოდა და უძლიერდებოდა, მხოლოდ მათზე ზრუნავდა, მთელს თავის დროს სულ მათ ახმარდა და თავისი თავი სავსებით დავიწყებული ჰქონდა. საჭმელს ცალკე არასდროს არ ჭამდა. როცა საკენკს დაუყრიდნენ, ჯერ ბარტყებს აჭმევდა, დააპურებდა და, რაც დარჩებოდათ, იმას სჭამდა სულ ბოლოს. სასმელზეც ასე იქცეოდა.

ასეთმა განუწყვეტელმა ჯაფამ და საოცარმა თავდავიწყებამ, ახალგაზრდა ტოროლა დაამჭლევა და მიასუსტა. მით უმეტეს, რომ ჯერ გაზრდა თვითონაც აკლდა და დასრულებული ფრინველი არ იყო. ბუნებისმეტყველი ცდილობდა, რომ ჯაფა შეემცირებინა ტოროლასთვის და ხიფათს გადაერჩინა, მაგრამ ვერაფერი გააწყო; სიყვარულით გატაცებული ტოროლა ისეთი თავდავიწყებით ევლებოდა თავს თავის შვილობილებს, რომ ბოლოს მთლად ჩამოხმა, ჩონჩხად იქცა, მისუსტდა, მოიქანცა და ერთს ღამეს თავის შვილობილებთან ჩახუტებულმა სული დალია.

ბუნებისმეტყველს დაენანა გადასაგდებად ამისთანა მოსიყვარულე ფრინველის გვამი და თავის ბაღში დამარხა.

მაგრამ უბედურება ამით არ დამთავრდა...

აღმოჩნდა, რომ ტოროლას თავდავიწყებულ სიყვარულს ძლიერი სიყვარული აენთო ბარტყებშიც და ისენი დიდ ნაღველს მიეცნენ თავისი დედობილის სიკვდილის შემდეგ. ბუნებისმეტყველი არ აკლებდა მათ არც საჭმელს, არც სასმელს და არც ალერსს, მაგრამ ისინი ჯავრმა მალე გადაიტანა თან და ორივენი ერთ ღამეს დაიხოცნენ. ბუნებისმეტყველს მათი გადაყრაც დაენანა და ისინიც თავის დედობილთან დამარხა.

ბუნებისმეტყველს, რასაკვირველია, ძლიერ ენანებოდა უდროოდ დახოცილი ტოროლები, მაგრამ ამასთან დიდს სიხარულსაც განიცდიდა, რადგან თავისი თვალით ნახა და დარწმუნდა, რომ ფრინველებშიც ყოფილა ერთმანეთის მიმართ თავდადება და სიყვარული.

 

სხვისი იმედი ამაოა

(იგავ-არაკი)

 

ერთმა ტოროლამ გზის პირას მდებარე სათიბში ბუდე გაიკეთა. როცა ბარტყები გამოიჩეკნენ, მათი დედა ყოველ დღეს გაფრინდებოდა ხოლმე საჭმლის მოსატანად და თავისს შვილებს ამ დარიგებას აძლევდა: წყნარად ისხედით ბუდეში და ყური უგდეთ გამვლელ-გამომვლელის ლაპარაკს. ჩვენ ადრიანად უნდა შევიტყოთ ბალახის გათიბვა და ბინა დროულად გამოვიცვალოთო.

ერთხელ, როცა დედა უკან დაბრუნდა მინდვრიდან, გულგახეთქილმა ბარტყებმა ერთხმივ შესჭყივლეს: „დედილო, დედილო! ჩვენ ამ წუთშივე თავი უნდა დავანებოთ ამ ბუდეს და სხვა ადგილას გადავიდეთ: ბალახს ჩქარა დაუწყებენ თიბვას. დღეს დილით გლეხმა თავისი შვილით ჩვენს ახლოს გზაზე გიარა და თქვა: „ბალახი დასრულებულია, დარიც მშვენიერი დგას, ხვალვე ჩვენს მეზობლებს და მეგობრებს ვთხოვ მიშველონ და ბალახი გამათიბინონო“.

- ნუ გეშინიანთ, შვილებო, უთხრა ასაკოვანმა და გამოცდილმა ტოროლამ. ჯერ აჩქარება საჭირო არ არის. თუ გლეხი მეგობრების იმედზე დარჩა, ბალახს გათიბვა მალე ვერ ეღირსება. - ბარტყები დაწყნარდნენ.

რამდენიმე დღის შემდეგ ბარტყებმა შეშინებული ხმით მიაძახეს დაბრუნებულ დედას: ახლა კი სწორედ დროა, რომ ახალი ბინა მოვძებნოთ. გლეხი მეორედ იყო აქ და ამბობდა: „მეგობრებმა და მეზობლებმა ხელი არ წამახმარეს, მეტი ღონე არ არის, ნათესავებს უნდა მივმართო საშველადაო“.

- ახლაც ფიქრი არ არის, უთხრა დედამ თავის ბარტყებს: არხეინად იყავით და ბინის მოშლის ჯერ ნუ გეშინიათ. გავიდა კიდევ რამდენიმე დღე. ტოროლა რომ მინდვრიდან დაბრუნდა, ბარტყებმა სრულიად სხვა ამბავი მიაგებეს: გლეხი დღეს კიდევ მოვიდა და თქვა: „ნათესავებშიც მოვტყუვდი, ამიტომ ხვალვე მე თვითონ ხვალვე ვიწყებ ბალახის გათიბვასაო“.

აი, ახლა კი სწორედ უნდა გავეშუროთ აქედან, უთხრა გამოცდილმა ტოროლამ. სანამ გლეხი სხვის იმედზე იყო, ბალახის გათიბვა ძალიან საეჭვო იყო; მაგრამ რაკი თავისი შველა თვითონვე უკისრია, ახლა ჩვენ ხიფათი მოგველის და ამ ბინას უნდა გამოვეთხოვოთ.

ფრინველები მაშინვე აიშალნენ და სხვა უშიშარ ადგილას გადაფრინდნენ. მეორე დღესვე დილით ადრე მოვიდა გლეხი, დაიწყო ბალახის გამოცელვა და რამდენიმე დღის განმავლობაში სათიბი მთლად მოასუფთავა.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ