საქათმიდან ორი კრუხი გამოვიდა და თან გამოიყოლა ოციოდე მოჩიტული წიწილა. გადაიარეს კალო და შეესივნენ ნაფუზარს, სადაც საკენკი ბლომად ეგულებოდათ. მშვენიერი მზიანი დღე იდგა და კრუხ-წიწილები მხიარული კრიახით და წივწივით ქექავდნენ მიწას, პოულობდნენ მარცვლებსა და ჭია-ღუას და სწრაფად გზავნიდნენ ჩიჩახვში.
უცებ ეს მყუდროება დაირღვა და ერთი ალიაქოთი ატყდა. რა მოხდა? საიდანღაც გაჩნდა წყეული ქორი.
ამ ორ დედალს წინათაც არა ერთხელ დასცემია ქორი და ისინი გულგახეთქილები გაქცეულან და დამალულან საქათმეში ან სხვა შენობაში, ან რა უნდა ექმნათ საწყლებს? ქათამს არც მჭრელი ნისკარტი აქვს, არც ბასრი ბრჭყალები, არც ღონიერი ფრთების პატრონია. ერთი სიტყვით, საწყალი, სუსტი, უიარაღო სულდგმულია.
ქორს ახლაც იმედი ჰქონდა, კრუხები გამექცევიან და მათ წიწილებს ღონივრად მივაძღებიო, მაგრამ ანგარიში გაუცრუვდა, წინათ მარტონი იყვნენ ეს დედლები, ახლა კი თან თავისი საყვარელი წიწილები ჰყავდათ. ამიტომ კრუხები არამც თუ არ გაექცნენ ქორს, მამაცურად წინ მოექცნენ წიწილებს, გაშალეს ფრთები, დაიგრძელეს კისერ-ნისკარტები და მოემზადნენ თავგანწირული ომისთვის.
ქორმა დაუქროლა კრუხებს და გაჩაღდა ღონიერის ბრძოლა უღონოებთან, იარაღიანისა უიარაღოებთან, მარჯვესი - უსუსსურებთან. ქორი სცემდა კრუხებს თავის წვეტიან და ღონიერს ნისკარტს, აგლეჯდა ტანზე ხორცს თავისი ბასრი ბრჭყალებით, თავისი ღონიერი ფრთების ცემით არეტიანებდა. კრუხებს მტრისათვის არც ერთი ამ ვნების მიყენება არ შეეძლოთ და ამას არც ცდილობდნენ. სამაგიეროდ, საოცარი შეუცდომლობით მიხვდნენ ქორის სუსტ მხარეს და სწორედ ეს მხარე ამოიღეს მიზანში. კრუხებმა იგრძნეს რომ ქორის ერთადერთი ორგანო რომლის დაზიანებაც მათ თავისი სუსტი იარაღით შეუძლიათ, არის თვალები და თავის ნისკარტს მხოლოდ ამ თვალებში უმიზნებდნენ, - უმიზნებდნენ ისეთი სიმარჯვით და დაჟინებით, რომ კაცს გააოცებდა.
ქორმა დაგლიჯა ერთი კრუხი და სიკვდილამდე მიიყვანა: მაგრამ დაგლეჯილმა სწორედ უკანასკნელი წუთის წინ მოასწრო, ჩაჰკრა თავისი ნისკარტი ქორს შიგ თვალში, ამოჩიჩქნა და შემდეგ უსულოდ დაეცა მიწაზე. ცალთვალა ქორი ახლა მეორე კრუხს მივარდა, რომელმაც თავგანწირული ქომაგობით გაუადვილა ამხანაგს - თვალი ამოეჩიჩქნა მტრისთვის. წყეულმა მტაცებელმა მასაც რამდენსამე ადგილას დაუგლიჯა და დაუსისხლიანა ტანი, ბოლოს თავისი ბასრი ნისკარტი დაუმიზნა შიგ თავში და რომ ჩაეკრა, უთუოდ დაარეტიანებდა და მოჰკლავდა, მაგრამ კრუხმა მოახერხა და თავისი ნისკარტი ჩასცხო ქორს მეორე საღ თვალში და ამოუჩიჩქნა, სრულიად უსინათლო გახადა. ბრძოლაც დასრულდა.
საზარელ სანახაობას წარმოადგენდა ბრძოლის ველი. ერთი კრუხი მოკლული ეგდო და მეორე სისხლისაგან იცლებოდა, არანაკლებ უბედურ მდგომარეობაში იყო ორივე თვალით დაბრმავებული ქორი, რომელიც საცოდავად ფარფატებდა და ხან აქეთ ეხეთქებოდა, ხან იქეთ.
მშვიდობით გადარჩენილი წიწილები ერთად მოგროვილიყვნენ. საცოდავი ხმით გასწიოდნენ და გლოვობდნენ თავიანთ თავდადებულ დედებს, რომელთაც საკუთარი სიცოცხლე შესწირეს მათ და დაუტოვეს ანდერძი, რომ თავისი ჩამომავლობა მათაც ყვარებოდათ თავდავიწყებული სიყვარულით.