ინდაური ტანით ყველა შინაურ ფრინველებზე ბევრად უფრო დიდია, მაგრამ თავი ძალიან პატარა აქვს. ამიტომ ჭკუასუსტიადა რაიმე ხიფათის დროს ოდნავ მოსაზრებასაც ვერ იჩენს. თავისი ჭკუის სისუსტეს ინდაური კარგად გრძნობს და ამიტომ ყველაფრის ეშინია.
ხშირად ინდოურების მთელი გროვა გაშეშებული დგას ერთს ადგილზე, აუღია თავი მაღლა, გაშტერებით შესცქერის ცას და საცოდავი ხმით შეჰკივის. ინდოურებს, როგორც ეტყობათ, მზე ქორად მიაჩნიათ, ღრუბელი - ძერად და თითქოს ევედრებიან მათ, შეგვიბრალეთ და ნურაფერს დაგვიშავებთო. მწყრისაც კი ეშინიანთ, და როცა მინდორში ყოფნის დროს გაიგონებენ მის ჭუკჭუკს, გულგახეთქილები გარბიან შინისაკენ.
ინდოურებს ერთმანეთი არ უყვართ და ხშირად მოსდით ჩხუბი. აი ორი ინდოური სრულიად უმიზეზოდ წაიკიდნენ, სცემენ ერთმანეთს ნისკარტებს თავში, და თითოეული მათგანი ცდილობს მოწინააღმდეგის ბიბილო პირში იგდოს. ბოლოს ერთმა მეორეს აჯობა სიმარჯვით და ბიბილოში წაავლო ნისკარტი; ჩააბჟირდა, დაუღუნა ძირს თავი და მიწაზე დაუგლისა. თავს იქამდე არ დაანებებს, ვიდრე თვითონაც არ მოიქანცება. ამ საძაგელი თვისებით უტვინო ინდოურები მოგვაგონებენ ჭკუა-მოკლე ადამიანებს, რომლებსაც ერთმანეთის შურში, სიძულვილსა და მტრობაში სული ამოსდით.
ინდოური თუმცა საყვარელი და სასიამოვნო ფრინველი არ არის, მაგრამ სამაგიეროდ დიდ სარგებლობას აძლევს ადამიანს. მისი ხორცი მეტად გემრიელია, კვერცხები ნოყიერი და ბუმბული ძლიერ გამოსადეგი. ამასთან ინდოურს ერთი კარგი თვისებაც აქვს: დედას ძლიერ უყვარს ჭუკები, დაუღალავად ზრუნავს მათზე და როდესაც მის შვილებს რაიმე გასაჭირი მიადგება, თავისი სიმხდალეც კი ავიწყდება.
ერთი წლის რომ შესრულდება, ინდოური კვერცხის დებას იწყებს. დებს დღეგამოშვებით და აპრილის და მაისის განმავლობაში თხუთმეტიდან ოცდაათამდე კვერცხს დადებს ხოლმე.
ინდოური მთელი თვე ზის კვერცხებზე და ოცდამეათე დღეს ჩეკს ჭუკებს.
ორას წელიწადზე ცოტა მეტია, რაც საქართველოში ინდოური გაჩნდა. მეთვრამეტე საუკუნის დამლევს, ერთმა რუსის ჯარისკაცმა, რომელიც რუსეთიდან მოსულ ჯარში მსახურობდა. საქართველოს უკანასკნელ მეფეს გიორგი მეცამეტეს მიართვა ორი წყვილი დედალ-მამალი ინდოური. რუსის ჯარისკაცებმა ძლიერ უქეს მეფეს ინდოურის ხორცი; მაგრამ მან არ ინება ინდოურების დაკვლა და უკანვე დაუბრუნა. ეს ორი წყვილი ინდოური მაინც ქართველებმა ჩაიგდეს ხელში; არ დაკლეს და კვერცხები ადებინეს, მოამრავლეს ინდოურის ჯიში და გაავრცელეს მთელს საქართველოში.
ფრინველს ინდოურის სახელი იმიტომ დაერქვა, რომ მისი სამშობლო ინდოეთია და აქედან გავრცელდა მთელი დედამიწის ზურგზე. ინდოეთში ახლაც მრავლად შეხვდებით გარეულ ინდოურს.