ქათამი საბუდარში ზის, არ ინძრევა და თითქმის არაფერს ჭამს. რას აკეთებს? ჩეკს კვერცხებს, რომლებიც რამდენიმე კვირის განმავლობაში დადო და მერე პატრონმა ჩაუწყო საბუდარში.
აკრუხებული ქათამი დააჯდა ზევიდან (ზემოდან) ამ კვერცხებს და ცდილობს, რომ ერთი წამითაც არ მოაკლოს სითბო, რომელიც ამ კვერცხებში ჩანასახებიდან წიწილებს გააჩენს.
აბა ფრთხილად მივიდეთ სამი დღის კრუხთან, ამოვიღოთ საბუდრიდან ერთი კვერცხი და მზეზე შიგნით გავიხედოთ, ჩვენ დავინახავთ, რომ კვერცხში უკვე გამოსახულა მომავალი წიწილის გული. ერთი დღეც რომ მოვიცადოთ და მეოთხე დღეს სინათლეზე გავიხედოთ კვერცხში, შიგნით შევამჩნევთ მთლიან პაწაწა წიწილას, მაგრამ ფრთები, ნისკარტი და ფეხები ჯერ თითქმის უჩინარი აქვს. მეცხრამეტე დღეს რომ კვერცხი გავტეხოთ, შიგნით ვნახავთ თქმის მზა წიწილას: თავი მარჯვენა ფრთის ქვეშ აქვს ამოდებული, ფეხები მოკეცილი აქვს და ტანზე მიკრული. თუ ოცდამეერთე დღეს დღეს მივალთ საბუდართან, ვნახავთ, რომ წიწილები ნისკარტით ამტვრევენ ნაჭუჭს და გარეთ გამოდიან. საბუდარში რჩება მხოლოდ ცარიელი კვერცხის ნაჭუჭები. კვერცხების გული და ცილა რაღა იქნა? მას წიწილები ჭამდნენ და იზრდებოდნენ.
მერცხალი, ჩიტი, ყვავი და სხვა ბევრი ფრინველები ჩეკენ შიშველ და სუსტ ბარტყებს, რომელთაც პირველ დღეებში პირის დაღების მეტი არაფერი შეუძლიათ. ჩვენი ქათმის წიწილები კი მოჩიტულები და მოღონიერებულნი გამოვიდნენ კვერცხებიდან. ტანი შემოსილი ჰქონდათ ხშირი ფაფუკი ბუმბულით, ფეხზე სიარულისთვისაც საკმარისი ღონე ჰქონდათ. ამიტომ მეტად საამური სანახავები იყვნენ ეს პაწაწინა ქულა არსებანი. გამოძვრნენ თუ არა კვერცხებიდან, მაშინვე ფეხზედ დადგნენ, საბუდრიდან გადმოიწიეს, დედას თან გადმოჰყვნენ და გარეთ გამოეფინნენ.
კრუხი ეძებს თავისი შვილებისათვის საჭმელს და, როცა პოულობს, უძახის მათ, მაგრამ წიწილებს პირველ დღეს მზის შუქი, ჰაერი და თავისუფალი მოძრაობა ისეთ ნეტარებას აგრძნობინებს, რომ საჭმელი სრულიათ არ აგონდებათ. მეორე დღეს პატრონი უყრის მათ აზელილ სიმინდის ფქვილს.
აი წიწილები დაიღალნენ და მალ-მალ ეცემიან მიწაზე. კრუხმა ეს შენიშნა, მყუდრო ადგილას გაჩერდა, ფრთები გაფხორა, შეისხა წიწილები ქვეშ და ტკბილად დააძინა. კაჭკაჭი, ყვავი და ქორი ემტერებიან წიწილებს; მაგრამ მათი დედა ძალიან ფრთხილია და ყოველი ხიფათის დროს თავ-გამოდებული ებრძვის თავისის შვილების მტრებს. ექვსი თვის განმავლობაში ეს პატარა წიწილები დიდ ქათმებად გადაიქცევიან და თავის პატრონს ბევრს სიკეთეს მოუტანენ.