ერთმა ქვრივმა თავისი თავი მკითხავად გამოაცხადა: „მეო, ამბობდა, ყველაფერი ვიცი: ისიც, რაც გადახდენია ადამიანს, ისიც, რაც ახლა მის თავს ხდება, და ისიც, რაც შემდეგში მოელისო“. ერთი სიტყვით, წარსულის, აწმყოს და მომავლის სრულს ცოდნას იკვეხნიდა.
ხალხს სჯეროდა მკითხავის სიტყვები, მიდიოდა მასთან და მიჰქონდა ფული, ხორაგეულობა, და აკითხვინებდა.
მკითხავი მდიდრდებოდა, ხალხი ზარალობდა. შეგნებული ადამიანები ეუბნებოდნენ ხალხს: ნუ დადიხართ მაგ მატყუარასთან, ნუ იხარჯებით, არაფერი არ გაეგება და არაფრის შეტყობა არ შეუძლიაო. მაგრამ ხალხი არ უჯერებდა და მუდამ ფუსფუსი გაჰქონდა მკითხავის კარებზე.
ერთს ღამეს მკითხავის სახლს ბუხრიდან ცეცხლი წაეკიდა და ისე სწრაფად გაძლიერდა, რომ მკითხავიც ცოტას გაწყდა შიგ არ გამოიწვა, ძლივ-ძლივობით გამოასწრო გარეთ. სახლი მთლად გადაიბუგა.
"აკი ყველაფერი იცოდი, ქალბატონო, რატომ წინდაწინ არ შეიტყვე, რომ შენს სახლს ცეცხლი გაუჩნდებოდა? აი, შე მატყუარა, შენა! ახია შენზე ეგ ცეცხლი. გექცა თუ არა ნაცრად არმობით შეძენილი ქონებაო!“ ეუბნებოდენ აქეთ-იქიდან მოტყუებულები.