მშიერი კატა საკუჭნაოში შეძვრა. იქ ხის ძელზე მწკრივად ეკიდა მსუქანი ძეხვები. კატას თვალები აენთო და კბილებმა კაწკაწი დაუწყო. მაგრამ, დახე მის ბედს, ძეხვები ძლიერ მაღლა ეკიდა.
კატა ხან კედელს მოებღაუჭა, ხან პირდაპირ ძეხვებზე შეხტომა სცადა, ხან საცოდავად იკნავლა, იქნება რომელიმე ძეხვმა შემიბრალოს და ძირს ჩამოვარდესო; მაგრამ ვერაფერს გახდა, თვალები ზევით ცქერით ტყუილად დაებრიცა, კბილში კი ერთი ნამცეცი ვერ მოიგდო.
ბოლოს კატა უკან გამობრუნდა და გულის გასაკეთებლად დაიჩხავლა:
„მართლა, დღეს ხომ პარასკევია, და ბარაქალა მე, რომ ძეხვი არა ვჭამე და მარხვა არ გავტეხეო“.
ანდაზა: კატა ვერ შწვდა ძეხვსაო, პარასკევია დღესაო.