I
მაიმუნი აგებულობით და გონებით ადამიანს უფრო გავს, ვიდრე სხვა ცხოველებს. მაიმუნი ცხელი ქვეყნების ბინადარია. იქაურებს გონიათ, მაიმუნს ლაპარაკის ნიჭიცა აქვს და თუ მოინდომა, კიდეც ილაპარაკებსო; მაგრამ ამ ნიჭს მალავს და ჩუმად არის, რომ ადამიანმა მონად არ გაიხადოსო. რასაკვირველია, ეს შეცდომაა. მაიმუნს რომ ლაპარაკი შეეძლოს, კიდეც ილაპარაკებდა. მეტყველების უნარი ღმერთმა მხოლოდ ადამიანს მიანიჭა. ადამიანი რომ არა ყოფილიყო, მაიმუნი ქვეყანაზე პირველი ყველაზე გონიერი სულდგმული იქნებოდა.
საკვირველია, რომ პატარაობისას მაიმუნი დიდს ნიჭს ამჟღავნებს, მერე კი, რაც უფრო ხანში შედის, იმდენი ჭკუა-გონება უფრო აკლდება. სრულიად საწინააღმდეგო მოვლენას ვხედავთ ადამიანთა შორის. ადამიანი პატარაობისას უჭკუოა, შემდეგ, რამდენიც იზრდება და ხანში შედის, იმდენად უფრო ჭკვიანდება და გონება ემატება. დრო მაიმუნს გონებას უმცირებს, ადამიანს კი უმატებს.
მაიმუნი ბუნების სრული მონაა, ადამიანი კი მეფურად უფლობს მასზე და ბუნების ყოველი ძალა მის მსახურებაშია. მაგალითად ავიღოთ ცეცხლის მოხმარება. მაიმუნებს ძლიერ მოსწონთ ცეცხლზე გათბობა, მაგრამ ცეცხლის გაჩენა და მოხმარება არ იციან. როცა უდაბნოში ქარავნისგან დარჩენილ ცეცხლს ნახავენ, დიდი სიამოვნებით თბებიან, მაგრამ იმდენი ვერ მოუხერხებიათ, რომ შეშა მიიტანონ, დააყარონ და ცეცხლი მალე არ ჩააქრონ. უკანასკნელ ველურ ადამიანს შეუძლია ცეცხლის დანთება და ყველაზე გონიერ მაიმუნი ამას ვერ ახერხებს. აქედან ცხადად სჩანს, თუ რა განუზომელი შინაგანი განსხვავებაა მაიმუნსა და ადამიანს შორის, მიუხედავად მათ შორის გარეგნული მსგავსებაა.
მაიმუნი მეტად ცოცხალი და მოძრავი ცხოველია. მუდამ საჭმელს ეძებს, პირს არ აჩენებს, არ ისვენებს. ჭამს თითქმის ყველაფერს. ხილი, სხვადასხვა ფესვები, მარცვლები, კაკალი, კოკორი და ფოთოლი მისთვის ჩვეულებრივი საჭმელია; არც სხვადასხვა ჭიებსა და ბუზებს იწუნებს; კვერცხებისა და ბარტყების შოვნა ხომ იმისთვის დღესასწაულია. ამიტომ მაიმუნს საქმე არასდროს არ ელევა; ხან აქეთ-იქით მოუსვენრად იხედება, ხან გლეჯავს რამეს, ხან იჭერს, სუნავს და სინჯავს, კარგია საჭმელად, თუ არაო. ერთი სიტყვით, მაიმუნი ყოველთვის ფაციფუცშია.
მაიმუნები სხვადასხვა ჯიშისანი არიან. საქართველოში მხოლოდ პატარა მაიმუნები მოჰყავთ. სხვა ქვეყნებში კი ძალიან დიდი და ღონიერი მაიმუნები ცხოვრობენ. ბევრი მათგანი მაღალი კაცის ოდენაა. მაიმუნი ცხელ ქვეყნებში ცხოვრობს და სიცივის ატანა არ შეუძლია. ამიტომ თუ კაცმა დაიჭირა და ცივ ქვეყანაში წაიყვანა, ჭლექი დაემართება და მალე მოკვდება.
მაიმუნებს ტყეში ცხოვრება იმიტომ უყვართ, რომ მათი საყვარელი საჭმელი ხილია; მაგრამ მხოლოდ ტყეს არა ჯერდებიან, ნათესი მინდვრები და დამუშავებული ბაღებიც თავის საკუთრებად მიაჩნიათ. "ჩვენ ვთესავთ, მაიმუნები კი მკიანო“, იტყვიან ხოლმე არაბები, როცა მაიმუნებისაგან აოხრებულ თავის ნათესს, ან ბაღს ნახვენ.
თითოეული მაიმუნი იმაზე ათჯერ ბევრს აფუჭებს, რამდენის შეჭმაც შეუძლიან. ამ სათოკე ქურდებს ვერც საკეტი, ვერც კედელი და ვერც ღობე ვერ იმაგრებს. კარების ურდულს გააღებენ, ღობეებზე მარჯვედ გადახტებიან და თუ საჭმელი ვერ იშოვნეს, რამე ნივთს მაინც მოიპარავენ. ხშირად გაიტაცებენ ხოლმე ოქროს, ვერცხლსა და ძვირფას ქვებს. როცა ტყეში ხილი გამოილევა, მაიმუნები ხშირად ქურდობენ ბაღებში და რომელ ბაღსაც შეეჩვევიან, სულ ააოხრებენ.
II
კიდურები და სახსრები ზოგ მაიმუნს საოცრად ღონიერი აქვს: შეუძლია ასწიოს იმოდენა სიმძიმე, რასაც ადამიანის სუსტი ხელები სრულიად ვერ მოერევა. მაიმუნები ხეზე ასვლაში დიდს სიმარდესა და ოსტატობას იჩენენ. ხის მაღალ კენწეროზე თავის ამოყოფა, ოთხ-ხუთ საჟენზე ტოტიდან ტოტზე გადახტომა-გადმოხტომა, ახტომა-ჩახტომა ზოგი მაიმუნისათვის სულ ადვილია. მაიმუნები წყალშიც კარგად ცურავენ; ზოგმა კი სულ არ იცის ცურვა და, თუ წყალში ჩავარდა, ტყვიასავით ძირს წავა.
ყველა მაიმუნს მტრის არ ეშინია. დიდი და ღონიერი მაიმუნები გულადად უხვდებიან მონადირეს. დედალი მაიმუნები ბრძოლაში მხოლოდ მაშინ გაერევიან, როცა მათი შვილების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება; ამ დროს მამაცობაში მამლებს არ ჩამორჩებიან. მაიმუნები ხელებით და კბილებით იბრძვიან. ამბობენ, რომ ომში ხის ტოტებს და ჯოხებს ხმარობენო. ის კი ნამდვილია, რომ მაიმუნები თავის მტერს მსხვილ ხილს, ქვებს და ხეების კუნძებს ღონივრად ესვრიან.
დედალი მაიმუნს ერთ შვილს აჩენს; არიან იმისთანა ჯიშის მაიმუნებიც, რომლებიც ორ შვილს შობენ. ზოგიერთი მაიმუნები ამ დროს ადამიანურ გრძნობას იჩენენ; მშობიარეს გარს ეხვევიან და ახალს ნაშობს ხან ერთი აიყვანს ხელში, ეალერსება და კოცნის, ხან მეორე, ხან მესამე.
ახალი დაბადებული პატარა მიმუნი საძაგელი არსებაა, იმისი დაღმეჭილი პირი უფრო ბებრის სახესა გავს, ვიდრე ბავშვისას. მაგრამ ეს მახინჯი დედას ძლიერ უყვარს, მუდამ ეფერება და ეალერსება, ართობს, ათამაშებს, ფხანს, ხან გულში ჩაიკრავს, ხან ხელებზე დაისვამს და ჩასცქერის, თითქოს ცქერით ვერ გამძღარაო, ხან ისევ გულში ჩაიხუტებს, ხან ანძრევს, თითქოს არწევს და ნანას ეუბნებაო.
პატარა მაიმუნი მალე სწავლობს დედის გულში ჩაკვრას, წინა ხელებს კისერზე შემოხვევს, უკანას - გვერდებზე; ამ სახით დედას ყველგან თავისუფლად დაჰყავს იგი და როცა უნდა, ძუძუს აწოვებს. დედა თავის შვილს საოცრად სუფთად ინახავს: წყალზე დაჰყავს და, თუმცა ის წივის და კივის, მაინც სანამდე პირს კარგად არ დაბანს, არ მოეშვება; ამასთან ტანს უსუფთავებს და უხილავს.
რამდენიმე ხნის შემდეგ, როცა პატარა მაიმუნი წამოიზრდება, თავისუფლება სურს და ამაზე დედაც უარზე არ არის; მუხლებიდან გადასვამს და ნებას აძლევს სხვა პატარა მაიმუნებთან იხტუნოს და ითამაშოს. მაგრამ თვალი კი მოუშორებლად შვილისკენ უჭირავს. თუ სახიფათო რამე შეამჩნია, დედა დაიკივლებს, მივარდება თავის შვილთან და ისიც მაშინვე გულში ჩაეკვრება.
არანაირ გაჭირვებაში დედა შვილს არ უღალატებს, იგი თავის სიკვდილს უფრო ირჩევს, ვიდრე შვილისას. ბევრჯერ სასიკვდილოდ დაჭრილი დედა თავის თავს ივიწყებს, შვილს ხელს სტაცებს, ხეზე სვამს, თავს უშველეო, მერე დაეცემა და მოკვდება. ტყვეობაში დედა ყოველ ლუკმას თავის შვილს უყოფს და საცოდავად ეწვის გული იმისს უბედურ მდგომარეობაზე. დედა მაიმუნმა ისეთი დედობრივი ჯავრი იცის, რომ შვილის სიკვდილი ხშირად თან გადაიყოლებს ხოლმე. თუ დედა-მაიმუნს სიკვდილის შემდეგ პატარა შვილი ობლად დარჩა, სხვა მაიმუნი იშვილებს და ღვიძლი შვილივით უყვარს.
III
მოშინაურებული მაიმუნი ადამიანისაგან ბევრ რამეს სწავლობს. ერთს სწავლულს კაცს (ბიუფონს) ყავდა მაიმუნი, რომელიც კაცურად გამართული დადიოდა, მაშინაც კი, როცა მძიმე რამეს ზიდავდა: ეს მაიმუნი ყოველთვის ჩაფიქრებული იყო და დინჯად დადიოდა. თავის პატრონის ყოველ სიტყვას უთქმელად ემორჩილებოდა. ყველა სტუმარს ხელს ჩამოართმევდა, მათთან ერთად სეირნობდა, მაგიდასთან სკამზე ჯდებოდა და საუბარს ყურს უგდებდა, თითქოს ესმის რამეო. სადილის დროს ხელსახოცს გაიშლიდა, ჭიქაში ღვინოს ჩაისხამდა, სადღეგრძელოს დროს სუფრის წევრებს ჭიქას ჭიქაზე მიურტყამდა და მერმე ვაჟკაცურად გადაკრავდა. ჩაის დალევის დროს ჭიქას ლამბაქით მოიტანდა, შაქარს ჩაყრიდა, ჩაის დაასხამდა და სანამ არ გაცივდებოდა, არ დალევდა.
ეს მშვიდი პირუტყვი ყველას ზრდილობიანად ექცეოდა და ადამიანის ალერსი მეტად ახარებდა. ბიუფონის ნაცნობებს უყვარდათ ეს მაიმუნი და ხშირად ანებივრებდნენ სხვადასხვა ხილით. სამწუხაროდ ამ ჭკვიან მაიმუნს ჭლექმა სიცოცხლე მალე მოუსწრაფა.
ერთ კაცს ძლიერ ეშმაკი და გაქნილი მაიმუნი ყავდა. როცა სურვილს არ აუსრულებდნენ, კედელს თავს ახლიდა, ან ხელებს თავში წაიშენდა, სწორედ ისე, როგორც იქცევიან განებივრებული ბავშვები, როცა უნდათ დედ-მამას საჭმელი, ან რამე სათამაშო გამოსტყუონ. ბევრ მოქმედებაში დიდ გამჭრიახობას და თვალთმაქცობას იჩენდა.
ერთხელ რაღაც საქციელის გამო დამწყვდევით დასაჯეს, და მაიმუნმა სატუსაღოდან თავის დახსნა მოინდომა. თავისის განზრახვის აღსრულების დროს ისეთი ოსტატობა გამოიჩინა, როგორიც არანაირ ცხოველს არ შეუძლია. მაიმუნმა პირველად ყურადღება კარებს მიაქცია, მაგრამ კარები დაკეტილი იყო და გასაღები ლურსმანზე ეკიდა. მაიმუნი ჯერ დაღონდა, ჩაფიქრდა, მერმე გასაღებთან მივიდა, ფეხის თითებზე შედგა და უნდოდა ჩამოეღო; მაგრამ მაიმუნი დაბალი იყო და გასაღები კი მაღლა ეკიდა; ბევრი ეცადა შესწვდომოდა, მაგრამ ტყუილად. მაშინ აიღო სკამი, გასაღების პირდაპირ მიიდგა, ზედ ავიდა, მისწვდა, გასაღები ჩამოიღო, კარები გააღო და თავი გაითავისუფლა.
ზოგადად, მაიმუნი დიდ ნიჭს იჩენს ადამიანის მიბაძვაში, მაგრამ ბაძავს მხოლოდ გარეგნობით, ადამიანის მოქმედების შინაგანი მხარე მისთვის ყოველთვის გაუგებარი რჩება, რადგან ადამიანის გონება ისე მაღლა დგას მაიმუნისაზე, როგორც ცა დედამიწაზე.