I
სპილო უზარმაზარი ცხოველია და სიდიდით ბევრად აჭარბებს ყველა სხვა ცხოველს. აქლემი ხომ მეტად მაღალი ცხოველია, მაგრამ სპილოს გვერდით რომ დააყენო, ფერდამდე ძლივს მისწვდება. ტანის სისრულე კიდევ უფრო გასაოცარი აქვს. როცა აქლემი სპილოსთან დგას, ისეთი თხელი ჩანს, როგორც მწევარი ძაღლი ზრდასრულ მოზვერთან.
შეხედავ თუ არა სპილოს სურათს, პირველად თვალს მიიპყრობს თეთრი და მეტად გრძელი ეშვები. ეს უშნოდ გამოშვერილი ეშვები სპილოს ბევრ რამეში შველის: მათი შემწეობით სპილო მძიმე საგნებს სწევს, დიდს ქვებს აგორებს და აქეთ-იქით ყრის, მიწას თხრის, მტრებს იგერიებს და სხვა.
მაგრამ ეშვების გამო სპილოს ბევრი მტერიც ჰყავს, რადგან ეშვებისგან მრავალგვარ ძვირფას ნივთებს აკეთებენ. ეშვებზე უფრო შესანიშნავია სპილოს გრძელი ხორთუმი, რომელსაც ისე ხმარობს, როგორც ადამიანი ხელებს. ხორთუმი ბოლოვდება შესანიშნავი პატარა თითით. რას არ აკეთებს სპილო ამ თითით: შეუძლია მიწიდან აიღოს პატარა ქაღალდი, მარჯვედ ამოაძროს ბოთლს საცობი, გააღოს საკეტი და სხვა. ხორთუმის, თითქოს რეზინის არისო, როცა უნდა დაიგრძელებს და როცა უნდა - დაიმოკლებს. ამის გარდა ხორთუმი სპილოს იარაღია, თავის მტერს მისი საშუალებით იგერებს. რასაც სპილო ხორთუმს მოარტყამს, ის ფეხზე ვეღარ დადგება. ხორთუმის ერთი დაკვრით ცხენის წაქცევა და ვებერთელა ხის დამტვრევა შეუძლია; სპილოს ხორთუმით აგრეთვე ყოველგვარი მუშაობა ეხერხება.
სპილოს ლომივით ცალკე ცხოვრება არ მოსწონს. სხვა ბალახის მჭამელი პირუტყვებივით სპილოებს ერთად ყოფნა უყვართ. ხან ასი სული და ხან მეტიც თავს მოიყრის და ერთად ცხოვრობს. მშვენიერი სანახავია ამ უზარმაზარის პირუტყვის ჯოგი ხშირ და ატეხილ ტყეში. ახალგაზრდა სპილოები ცქვიტად დარბიან და ტყის პირას ველზე დედ-მამის ახლოს კუნტრუშობენ, თამაშობენ. სპილოებს ჰყავთ წინამძღოლი, რომელსაც ყველანი ემორჩილებიან. საშინელი ხეების ლაწა-ლუწი მოისმის დაბურული ჭალიდან, სადაც სპილოები მძიმედ და მოურიდებლად დაიდიან.
სილოებს ცხოვრება უფრო მდინარეების ახლო ღელეებში უყვართ. იქაური მწვანე და ხშირი ფოთოლი სპილოებს სიცხისგან იცავს. ახლოს მდებარე მდინარე კი სასმელ წყალს არ აკლებს. როცა სპილოების ჯოგი მდინარისკენ წყლის დასალევად დაეშვება, ყოველი ცხოველი, რომელიც მათ გზაზე შეხვდება, საჩქაროდ ჩამოეცლება, და ვიდრე ეს დევები წყლის სმას არ დაამთავებენ, იქამდე წყალზე ჩასვლას ვერავინ გაბედავს.
შუაღამის დროს მამალი სპილო გვერდზე წვება და დილამდე ისე სძინავს. დედალი სპილო კი, რომელსაც თავისი შვილების დარდი აქვს, ხეზეა ხოლმე მიყუდებული ისე ფრთხილად, ზეზეულად თვლემს; ამ დროს შვილი იქვე თავის ახლოს უწევს. თუ გრილი დღეა, მაშინ საღამომდე ძოვენ; ცხელ დღეში კი შუადღისას ბანაობენ. ბანაობა სპილოს უფრო იმიტომ უყვარს, რომ თუმცა ტყავი ძლიერ სქელი აქვს, ერთგვარი ბუზი მაინც საგრძნობლად კბენს და აწუხებს, ხოლო როცა სპილო წყალშია, მაშინ ბუზი ვერ ეკარება.
ტყესა და მინდორში სპილოები იკვებებიან ხის ქორფა ფოთლით, რომელსაც თავისი გრძელი ხორთუმით გლეჯენ. მეტადრე ძალიან უყვართ ახლად ამოსული ტკბილი მცენარეები. სპილოს ეს თვისება დიდ ზარალს აძლევს ინდოეთის და სხვა ქვეყნების მაცხოვრებლებს. ამ ქვეყნებში დიდი რაოდენობით თესავენ შაქრის ლერწამს. მინდვრები სულ სავსეა ამგვარი ნათესით. სპილოები ხშირად შეესევიან და ჭირნახულს სულ აოხრებენ ხოლმე.
ჭამით ხომ ბევრსა ჭამენ, მაგრამ თავისი უბრტყელესი ფეხებით უფრო კიდევ მეტს აფუჭებენ. სპილოებისთვის ბრინჯისა და სიმინდის ჯეჯილიც მოსაწონი საჭმელია. გარდა ამისა, სპილოს ძლიერ უყვარს ხახვის მსგავსი ძირთავა მცენარეები, რომელთაც მიწაში სუნით ეძებს და თავისი ეშვებით მარჯვედ თხრის. სადაც ამისთანა მცენარეს შეამჩნევს, იმ ადგილს თავისი ეშვებით ისე გადათხრის, რომ ადამიანს ნახნავი ეგონება.
II
მართალია სპილოს საშინელი ღონე და ძალა აქვს, მაგრამ ძალიან მშვიდი და უწყინარი პირუტყვია. სპილო არანაირ სულდგმულს არაფერს დაუშავებს, თუ მან თვითონ არ უმტრო და არ გააჯავრა. რასაკვირველია, ცალკე არცერთ ცხოველს არ შეუძლია სპილოების ჯოგს სამტროდ დაესხას თავს. თუ ერთმა სპილომ დაინახა, რომ ერთად შეგროვილი ნადირები მასზე თავდასხმას აპირებენ, მაშინვე ყვირილით მოუხმობს თავის ამხანაგებს. სპილოები ერთად მოგროვდებიან, ნადირები თავდასხმას ვეღარ ბედავენ და იფანტებიან.
მარტო მყოფ სპილოს ლომიც კი იშვიათად შეებმება. მამალი სპილო მტერს ეშვებით დაუხვდება, ქვევიდან ამოკრავს, ჰაერში შეაგდებს და როცა ძირს დასცემს, თავისი ღონიერი ფეხებით შედგება და მიწაზე დააჭყლეტს. დედალ სპილოს ეშვები არა აქვს და სხვა ხერხით იბრძვის. საოცარი ოსტატობით დააწვება თავის მტერს, ქვეშ მოიქცევს და გაჭყლეტს ხოლმე. სპილოს ბევრი ადამიანისთვის შეუძლია ზიანის მიყენება, მაგრამ არაფერს ვნებს. სპილო ისეთი ღონიერია მთელს სახლს მოგლეჯს, მაგრამ ადამიანის მტრობას არასდროს არ განიზრახავს და თავისთვის მშვიდობიანად ცხოვრობს.
სპილოს მხოლოდ მაშინ უნდა ერიდოს კაცი, როცა იგი მთვრალია. სპილოს ადამიანზე ნაკლებად არ უყვარს ქეიფი და ტვინის შეხურება. სპილო მათრობელას თვითონ იმზადებს, რომლესაც კი არ სვამს, არამედ ჭამს. მათრობელას აკეთებს ერთგვარი ხის ნაყოფისგან რომელსაც თავისი გრძელი ხორთუმით კრეფს და მერე მზეზე გაშლის ხოლმე, სანამდე ჩახურდებოდეს და ადუღდებოდეს. ეს ნაყოფი ჩვენს ქლიავს გავს და ძლიერ მჟავეა. ადამიანს ათი ასეთი ნაყოფი დაათრობს, სპილო კი კოდობით ჩანთქავს ხოლმე და მაშინ ისე გაცეცხლდება, რომ არანაირ სულდგმულს არ შეუძლია ახლო მიეკაროს.
როცა ფხიზელია, სპილო მეტად მშვიდობიანად ცხოვრობს. თვითონ კაცი კი სპილოს არ ასვენებს. თუ სპილოებმა მონადირეების სიახლოვე შეიტყვეს, ეცდებიან თავი მოარიდონ. მაგრამ თუ მონადირეებმა თავი არ დაანებეს და მეტადრე დაჭრეს ერთი მათგანი, მაშინ სპილოები გაცეცხლდებიან; შეშფოთებულები გაექანებიან თავისის მტრისკენ და გზაზე დიდს ხეებს პატარა წკეპლებივით ამსხვრევენ. ვაი იმ მონადირეს, რომელმაც გაქცევით თავს ვერ უშველა! სპილო წამოეწევა, ლუკმა-ლუკმა დაგლეჯავს, მერმე ზედ შესდგება ფეხებით და გაჭყლიტავს. ასე ამოიყრის ხოლმე თავისის მტრის ჯავრს.
მაგრამ მონადირეებიც ბევრ სპილოებს ხოცავენ. სპილო სასიკვდილოდ მხოლოდ მაშინ დაიჭრება, როცა ან ტვინში მიარტყმენ ტყვიას, ან ფერდში. სხვა ადგილებში რამდენი ტყვიაც არ უნდა მოხვდეს, ყურსაც არ გაიბერტყავს. მონადირეებმა ეს იციან და ტყვიას ხსენებულ ადგილებში დაუმიზნებენ ხოლმე.
ნადირობის დროს სასიამოვნო საყურებელია, როგორი თავდადებით იფარავენ დედა სპილოები თავის შვილებს: როცა დედა გარბის, შვილი მუცლის ქვეშ ფეხებს შუა მისდევს და ხორთუმი ხორთუმზე უკიდია. დედა თავისს პატარა სპილოს ისე მიარბენინებს, როგორც ქალს მიჰყავს თავისი ხელჩაკიდებული შვილი.
სასიკვდილოდ დაჭრილი სპილო ახლო ხეს მიეყუდება, თვალებიდან ცხარე ცრემლს ღვრის, ბოლოს ეცემა ძირს და სულს ლევს. თუ მტერმა დღე არ მოუსწრაფა, სპილო ორას წლამდე იცოცხლებს. მოშინაურებული სპილოები კი ამის ნახევარსაც ძლივს ცოცხლობენ. ასე უმოკლებს სიცოცხლეს ყოველ ცხოველს თავისუფლების დაკარგვა.
III
სპილოებს იმიტომ აშინაურებენ, რომ მეტად ღონიერი და მუშაობაში ძალიან გამოსადეგი ცხოველია. ერთი სპილო იმდენს აიკიდებს, რამდენსაც ხუთი აქლემი. რომელი საპალნეც ათს ცხენს წასაღებად უძნელდება, ერთს სპილოს ადვილად მიაქვს. ამასთან ჩქარი სიარული იცის; უბრალო ცხენი ვერ მიჰყვება სიარულში, თუ კარგი ბედაური არ არის. ამისთვის სპილო ძვირად ფასობს. როცა გარეულს სპილოს დაიჭერენ, ეშვებს დაახერხავენ ხოლმე. ეს ეშვები კარგ ფასად იყიდება და მათგან თეთრს სავარცხელებს და სხვა ნივთებს აკეთებენ.
გარეულ სპილოს მოსაშინაურებლად სხვადასხვა მეთოდებით იჭერენ. ყველაზე მარტივი მეთოდია: მიაგნებენ თუ არა სპილოს ბინას, მონადირეები პირქარზე უახლოვდებიან და თან მაგარი თოკი მიაქვთ. თოკს ბოლოზედ ყულფი აქვს გამობმული. როცა იდროვებენ, ერთი მონადირე სპილოს ჩუმად მიეპარება და ფეხში ყულფს ამოსდებს; მეორე მონადირე ამ დროს ერთს დიდ ხეზე თოკის მეორე წვერს მიაბამს. სპილო ტრიალს დაიწყებს და თოკი გარშემო შემოეხვევა. მერმე რამდენიმე დღეში ამავე მდგომარეობაში მშიერს დატოვებენ, საჭმელს არ მისცემენ; სპილო დაიქანცება, ღონე გამოელევა და დამშვიდდება. ბოლოს შინაურ სპილოს მიიყვანენ და ახალს დაჭერილ სპილოს შინ გააყოლებენ. ექვსი თვის შემდეგ სპილო სრულიად შინაურდება.
შეიძლება იფიქროთ: სპილო უთუოდ ძალიან უგუნური ცხოველია, თორემ იმოდენა ცხოველს ერთი ბეწვა კაცი როგორ დაიჭერდა და დაატყვევებდაო. სრულიადაც არა: პირიქით, სპილო ძლიერ ჭკვიანი ოთხფეხია; გონებით ყველა ცხოველს ჯობს, მაიმუნისა და ძაღლის გარდა, მაგრამ ადამიანის ჭკუასთან რა გაუვა! კაცი ბევრს პირუტყვზე პატარა და უღონოა, მაგრამ თავისი დიდი ჭკუით ყველას ძლევს და იმორჩილებს.
სპილოები ბევრს შემთხვევაში ძლიერ გონიერებას იჩენენ. აიმ მაგალითად, როც ცაში ქუხილი ატყდება ხოლმე, სპილო ტყიდან გამოდის და ხეს ახლოს აღარ ეკარება. ეს ძალიან ჭკვიანური მოქმედებაა, რადგან ქუხილის დროს, როცა მეხი ჩამოვარდება, ხშირად ხეებს დაეცემა ხოლმე; ეტყობა, სპილოს ეს მოვლენა შემჩნეული აქვს და ამიტომ ქუხილის დროს ტყეს ერიდება. მოდი და ჭკვიანს პირუტყვს ნუ დაუძახებ! ბევრი ადამიანია, რომელიც ქუხილის დროს გაექანება და ხეს შეეფარება ხოლმე და ამით სპილოზე ნაკლებ ჭკუას იჩენს.
მოშინაურებული სპილო კიდევ უფრო ჭკვიანდება. შინაური და გარეული სპილო გონებრივად ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან.
- მოშინაურებულს სპილოს გონებას რა უმატებსო? - იკითხავთ.
- ადამიანის სიახლოვე. ადამიანი როგორც ვიცით, ყველა ცხოველზე ბევრად უფრო ნიჭიერი და გონიერია. შინაური სპილო ადამიანის ყველა მოქმედებას ყურს უგდებს, მის ცხოვრებას თვალს ადევნებს, თვითონაც ბაძავს და ამიტომ ჭკვიანდება. ადამიანიც ხომ ასეა. თუ პატარა ბავშვი გონიერ ადამიანებში გაიზარდა, მათგან ჭკუას ისწავლის და თვითონაც გონიერი ადამიანი გამოვა. როცა სპილო ტყესა და მინდორში იმყოფება, მხოლოდ თავისნაირ უგუნურ პირუტყვებს ხედავს, იმათგან აბა რას ისწავლის. როცა ადამიანთან ცხოვრობს, მისგან ჭკუას ითვისებს.
ერთხელ ჯარისკაცებს საომარი იარაღი ურმით გადაქონდათ. უნდა გასულიყვნენ მინდორში, რომელიც ოღროჩოღრო იყო. წყალში გასვლის დროს ერთმა ურემმა გვერდზე გადაიწია და ამ დროს გადავარდა ოფიცერი, რომელიც ურემში ყუთზე იჯდა. კიდევ ერთი თვალის დახამხამება და ურმის უკანა თვალი ოფიცერს გადაუვლიდა დ გაჭყლეტდა. მაგრამ სპილომ, რომელიც ურმის უკან მოდიოდა, თვალი შეასწრო ამ ხიფათს, ფიცხლად თავისი ხორთუმით ურმის უკანა თვალი მაღლა ასწია და ისე დაიჭირა, სანამდე ურემი ოფიცერს გასცილდებოდა. ასე გადაარჩინა სპილომ ადამიანი სიკვდილს, თუმცა მისთვის ეს არავის უბრძანებია.
ერთხელ შინაური სპილო ვიწრო ქუჩაში მირბოდა და წინ დაუხვდა ბავშვი, რომელმაც გზიადნ ჩამოცლა ვერ მოასწრო. სპილო შეჩერდა, ბავშვი თავისი ხორთუმით ნაზად აიყვანა, გზის ნაპირზე გადასვა და მერე ისევ გასწია თავის გზაზე.
სპილო თუმცა მშვიდი და უვნებელი პირუტყვია, მაგრამ თუ ადამიანი უსამართლოდ მოექცა, გულში ჩაიდებს და სამაგიეროს გადაუხდის. ერთმა სპილოთა წინამძღოლმა კაკალი სპილოს თავზე დასდო და ზედ ქვოთ გატეხა. მეორე დღეს სპილო იმავე კაცს ქუჩაში მიყავდა. დუქნის წინ სპილომ კაკლების გროვა დაინახა, თავისი ხორთუმით დასწვდა, ერთი კაკალი აიღო, თავის წინამძღოლს შიგ შუბლში ღონივრად მოარტყა და იქვე მიწაზე გააგორა...