I
ძაღლი შინაური ოთხფეხია. ჯიშით მრავალგვარია. ზოგი ძაღლი ისეთი პატარაა, რომ კაცის ჯიბეშიც ჩაეტევა, ზოგი ისეთი დიდია, რომ ხბოს აჭარბებს. ზოგს ბალანი მოკლე ასხია, ზოგს - გრძელი, ზოგს - ხუჭუჭი, ზოგს - სწორი. ყველა ძაღლს თავი მოგრძო აქვს, კბილები დიდ და ბასრი, ცხვირი ყოველთვის სველი და ცივი, ენა განიერი და ადვილად გამოსაყოფი.
მისი ტანი გრძელია, - წინ განიერი, უკან ვიწრო. ზოგს ძაღლს ყურები აცქვეტილი აქვს, როგორც ქოფაკ ძაღლებს, ზოგს კი - ძირს ჩამოშვებული, მაგალითად, მეძებრებს. კუდი ძაღლებს მაღლა აქვთ აპრეხილი. წინა თათებზე ხუთი თითი აქვთ, უკანაზე - ოთხი. თათები მთავრდება გრძელი ბრჭყალებით. ძაღლმა ძლიერი სუნის აღება იცის. მისი ხმაური და მოძრაობა სხვადასხვაგვარია: დარბის, ხტუნავს, იკბინება, ხრავს, ყეფს, ღრინავს, ყმუის. მწევრები ძლიერ ჩქარა დარბიან, რადგანა უკანა თათები გრძელი აქვთ. ძაღლი წყალს სხვა პირუტყვივით კი არა სვამს, არამედ ენით სვლეპს. ჭამს: ხორცს, პურს, ყურძენს, ხანდახან ბალახს და ხრავს ძვლებს.
არც ერთ შინაურს პირუტყვს არ უყვარს ისე ადამიანი, როგორც ძაღლს. ბევრი ძაღლს პატრონის მიმართ ისეთი ერთგულება გამოუჩენია, რომ მის საფლავზე თავი მოუკლავს. ყველამ იცის, ძაღლი ადამიანის და მისი სახლის როგორი ერთგული დარაჯია. ხშირად ძაღლი სახლს ქურდებისაგან, ხოლო თავის პატრონს მტრისგან და ხიფათისაგან გადაარჩენს ხოლმე. რამდენს საქონელს დააკლებდა ნადირი ადამიანს, ძაღლი რომ არა ჰყოლოდა. ამიტომ აფასებს კაცი ძაღლს და სახლში ინახავს. იშვიათად შეხვდებით სახლს, რომელშიც ძაღლი არ იყოს.
ძაღლი ადამიანმა ყველა ქვეყანაში მოიშინაურა. ნადირობაშიაც კაცს ბევრსა ჰშველის და ძლიერ ადგება, რადგანაც ნადირის, ან ფრინვლის კვალს სუნით ადვილად პოულობს. ძაღლები კარგი მოსამსახურეებიც არიან, მათ ასწავლიან კარების გაღებას, მიხურვას, პირით ნივთების ტარებას და დაკარგულის მოძებნას. ძაღლებს კარგად ეხერხებათ ბავშვების მეთვალყურეობა, მათთან თამაში, ამიტომ ზოგჯერ დედ-მამა სადმე წასვლის დროს, ბავშვების მოვლას ღარიბი ჭკვიანს ძაღლს მიანდობს ხოლმე. ცივ და თოვლიანს ქვეყნებში, მაგალითად, ციმბირში, ძაღლებს ცხენების მაგივრად იყენებენ: რამდენიმე უღელ ძაღლს მარხილში შეაბამენ და დაარბენინებენ.
ისეთის ჯიშის ძაღლებიც არიან, რომ ცურვა და ყურყუმელაობა კარგად იციან; ამისთანა ძაღლებს წყალში მაშველების ფუნქციას აკისრებენ, ტრაგედიის შემთხვევაში კი წყალში დამხრჩვალ ადამიანებს აძებნინებენ.
II
შვეიცარიაში ისეთი მაღალი მთებია, რომ ზაფხულშიც კი თოვლი და ყინული დევს. ამ მთებზედ მიდის გზა, რომელზედაც წელიწადში შვიდასი მგზავრი მაინც გაივლის. ზამთარში აქ მგზავრობა მეტად ძნელია, რადგანაც ძლიერ ცივა და საშინელი ნამქერი იცის. ბევრს მგზავრს ეკარგება გზა და მთებში ყინვით, შიმშილით კვდება. მაგრამ უფრო ბევრი მგზავრი დაიხოცებოდა, აქ რომ მაშველი ძაღლები არ ყოფილიყვნენ.
ამ მთებზე არის აშენებული ერთი უდაბნო, სადაც ბერები ცხოვრობენ. მათა ჰყავთ დიდი ძაღლები, რომელთაც ყინვას და ნამქერში ბევრი ადამიანი სიკვდილისაგან გადაურჩენიათ. ამ ძაღლებს ზამთარში, ცუდის დარის დროს, ბერები ბოთლით ღვინოს, ან არაყს შეაბმენ ხოლმე ყელზე, კალათით პურს ჩამოკიდებენ და მთებში გზავნიან. ძაღლი დარბის და ათვალიერებს, გზა ხომ არავის დაკარგვიაო. თუ გზა-დაკარგული კაცი ნახა, შიმშილითა და სიცივით თოვლში შეწუხებული, მაშინვე მიირბენს, პურსა და ღვინოს მიუტანს, აჭმევს, ასმევს, ღონეზე მოიყვანს, მერე წინ გაუძღვება და უდაბნოში მიიყვანს.
ერთმა ამისთანა ძაღლმა თორმეტის წლის განმავლობაში ორმოცი კაცი გადაარჩინა სიკვდილს. ერთხელ მან თოვლში იპოვნა ყინვით და შიმშილით შეწუხებული პატარა ყმაწვილი, რომელიც თურმე დედასთან ერთად გზაზე მიდიოდა, გზა დაჰკარგოდათ, დედა ხევში გადავარდნილიყო და დაღუპულიყო. დარჩენილიყო მარტო პატარა ყინვასა და თოვლში. ძაღლმა რომ თოვლში ჩაფლული ბავშვი იპოვნა, პირით წვდა და თოვლიდან ამოათრია, უნდოდა ბოთლიდან არაყი დაელევინებინა.
ბავშვმა თვალები გაახილა და დაინახა თუ არა დიდი ძაღლი, ძლიერ შეშინდა და გაქცევა მოინდომა. მაგრამ იმდენი ძალა აღარ ჰქონდა, რომ ფეხზე წამომდგარიყო. მაშინ ძაღლმა ლაქუცი და ალერსი დაუწყო და გაყინულ თითებს ულოკდა; ბოლოს ბავშვს გვერდზე დაუწვა და ანიშნებდა, რომ ზედ შემჯდარიყო; მაშინ კი მიხვდა ბავშვი ძაღლის განზრახვას, როგორღაც ზურგზე შეაჯდა და ძაღლმა საჩქაროდ უდაბნოში ბერებთან მიიყვანა. აქ ბავშვს კარგად მოუარეს და სრულიად მოარჩინეს, მაგრამ მისი უბედური დედა ვეღარ იპოვნეს. ერთმა მდიდარმა კაცმა გაიგო ეს ამბავი და ობოლი ყმაწვილი შვილად აიყვანა.
III
ერთ კაცს პატარა ფინია ჰყავდა. ერთხელ ეს კაცი თავის მეგობართან სადილად წავიდა; ფინია კი შინ დარჩა. ქუჩებში ცუნცულის დროს დაინახა, რომ პატარა ბავშვი, რომელიც თავის დას მისდევდა, ხიდიდან წყალში გადავარდა. გონიერი პირუტყვი მაშინვე გაექანა, წყალში ჩახტა, დაეწია ბავშვს, რომელიც წყალს მიჰქონდა, პირი წაავლო, შუა რიყეზე გაიყვანა და იქ დასვა. მერმე საჩქაროდ ისევ წყალში შეცურდა, ნაპირზე გამოვიდა და თავისი პატრონის მოსაძებნად გაიქცა, უნდოდა ეეტყობინებინა, რომ ბავვი რიყიდან წამოეყვანა.
ფინიას პატრონი თავის ნაცნობთან სადილად იჯდა. ძაღლი სახლში შევარდა, პატრონს ძებნა დაუწყო და ყეფა ასტეხა. უბრძანეს, რომ გარეთ გასულიყო, მაგრამ ფინია ხელმეორედ შეხტა სასადილო ოთახში, ყეფა უფრო ხმამაღლა დაიწყო, მერმე თავისს პატრონს კბილებით მივარდა და გარეთ ეწეოდა. ეგონათ, შიაო და წინ ხორცის ნაჭერი დაუდეს; მაგრამ ფინიამ შორს გადააგდო, თითქო ეუბნებოდა, ახლა ჭამის დრო არ არისო.
პატრონმა ნახა, რომ ფინია სველი იყო, იფიქრა, უთუოდ რამე მოხდაო და წასასვლელად ადგა. როცა ეს ფინიამ დაინახა, მაშინვე ყეფა შეწყვიტა და სიხარულით თავის პატრონს ლაქუცი დაუწყო. მერე წინ გაუძღვა და ხიდთან მიიყვანა. ფინია მაშინვე წყალში ჩახტა და ცურვით ახლო რიყეზე გავიდა. ამ დროს ხიდზე შენიშნეს პატარა მტირალი გოგო. როცა კითხეს, რად სტირიო, იმან უპასუხა, რომ ჩემი სამის წლის ძმა ხიდიდან გადავარდაო, ის ბოროტი ფინია წყალში გადახტა, მწარედ უკბინა ჩემს ძმას და რიყეზედ დასვაო.
ფინიას უნდოდა ყმაწვილი ნაპირზე ცურვით გამოეყვანა, მაგრამ პატრონმა დაუძახა, მანდ იყავიო, და ძაღლი მაშინვე ბავშვის გვერდით დარჩა. მერე ბავშვი ნავით გამოიყვანეს. მას არაფერი დაშავებოდა და მალე მორჩა. ეს კეთილი და გონიერი ფინია რომ არ შესწრებოდა, რასაკვირველია, საწყალი ბავშვი დაიხრჩობოდა.
შემდეგი მაგალითი გვაჩვენებს, რომ ძაღლს თვლის სწავლაც შეუძლია. ერთმა მექათმემ ძაღლს ქათმები ჩააბარა. ძაღლი მიბარებულის ქათმების ერთგული მფარველი იყო, ამიტომ მელია და სხვა მტრები იმათ ვერაფერს აკლებდნენ. ჩვენი დარაჯი ყოველს საღამოს თავს შეყოფდა საქათმეში, თითქოს ქათმებს თვლის, - ხომ არ დაჰკლებიაო.
ერთხელ მექათმემ ვაჭარს სამი ქათამი მიყიდა. ამ დროს ძაღლი შინ არ იყო. საღამოს, ჩვეულებისამებრ, ძაღლმა თავი საქათმეში შეყო და შეამჩნია, რომ ქათმების როცხვი შემცირებულიყო. მაშინვე შურდულივით გაექანა, მთელი სოფელი გაირბინა, სოფლის გარეთ ვაჭარს დაეწია, ძირს დასცა, ურმიდან ქათმებიანი გალია გადმოაგდო, გარეთ გამოუშვა, წინ გამოირეკა და მხიარულად შინ დაბრუნდა.
მექათმეს გაუკვირდა, გაყიდული ქათმები რომ ისევ უკან მობრუნდნენ, და როცა გაიგო თავისის ძაღლის ოინი, თავს სიტყვა მისცა, რომ ძაღლისგან დაფარულად ქათმები აღარ გაეყიდა.
ინგლისში ჰყავთ იმისთანა ძაღლები, რომლებიც მიჩვეული არიან ცეცხლ-წაკიდებული სახლიდან გამოიყვანონ ყოველი სულიერი, რომელიც ხანძრის დროს შიგ მოყვება. ვინ მოთვლის, რამდენი ადამიანი გადაურჩენიათ დაწვას.
ბევრი სხვა მაგალითებიც შეიძლებოდა დაგვესახელებინა და უფრო ცხადი გაგვეხადა, რომ ძაღლი ძლიერ ჭკვიანი პირუტყვია. მაგალითად: ნავში იჯდა ძაღლი, მენავეს კი ეძინა; ძაღლმა მენავე სწორედ მაშინ გააღვიძა, როცა ნავი ხიდის ბურჯს უნდა დასჯახებოდა.