ფერდელა ძროხა მინდორშია საძოვრად გასული. აუშვერია მაღლა თავისი გრძელი და გაწვეტიანებული ხერხემალი, გაუშვერია აქეთ-იქით ყურები, ჩაუყვია მაღალ ბალახში დიდი თავი განიერ შუბლამდე და მადიანად გლეჯს ბალახს. მაგრამ ცხენივით ძირში ვერ ძოვს. რატომ? იმიტომ, რომ ზედა ყბაში წინა კბილები არ აქვს; მათ მაგივრად ღრძილზე მაგარი წითელი კანი აქვს გადაკრული.
აი, ძროხამ გაიტენა თავის განიერი მუცელი ბალახით და დაწვა მიწაზე. აქნევს განუწყვეტლად ყბებს და პირში თეთრი ქაფი უდგას. რას ჩადის? მუცლიდან ისევ ზევით ამოაქვს ნაძოვი ბალახი, თავისი ბრტყელი კბილებით მეორედ ღეჭავს, ანუ იცოხნება; და ბოლოს, როცა კარგად დაღეჭავს, ისევ ყლაპავს. მთელი დღე ძოვასა და ცოხნაში გაატარა, მოვიდა საღამოც და ფერდელამ გასწია შინისკენ.
მუცელ-დაშვებული ფერდელა დინჯად, აუჩქარებლივ მოაბიჯებს თავისი ოთხ-ჩლიქიანი ფეხებით, წამდაუწუმ იქნევს გრძელ კუდს და იგერიებს გამაბეზრებელ ბუზებს. უცებ გლეხის დერეფანში ძაღლი წამოვარდა და ყეფით გაექანა ფერდელასკენ. ფერდელამ თავისი დიდი თვალები დააბრიალა, მიუბრუნდა ძაღლს, დაღუნა ძირს თავი და მიუშვირა თავისი ნამგალივით მოყვანილი რქები. „ამ წყეული რქებით მიწაზედ მიმაჭყლეტს, ან მაღლა ჰაერში შემისვრისო“, იფიქრა ძაღლმა და კუდამოძუებული გაბრუნდა უკან.
ფერდელა ისევ არხეინად გაუდგა გზას. მიდის დინჯად და ცდილობს უკანა ფეხები განზე გალაჯული ატაროს. რისთვის? იმისთვის, რომ ბარძაყები არ მოახვედროს სავსე ჯიქანს და თავისი ოთხი ძუძუდან არ დაღვაროს ნოყიერი რძე. მაგრამ, რა წამს დაინახა თავისი სახლი და გაიგონა თავისი საყვარელი ხბოს ხმა: „მე-ე-ე“, ჩვენმა ფერდელამ ვეღარ მოითმინა, დაიბღავლა, თქარა-თქურით წავიდა და ბოსელში სირბილით შევარდა.
დიასახლისმა რომ მოსული ძროხა დაინახა, გამოარბენინა სარძევე, შეუჯდა ჯიქანს ქვეშ და აუყენა რძეს წკარა-წკური. მალე ფერდელამ მთელი სარძევე პირამდე გაავსო და მერე თავისი ხბოც დაანაყრა ნოყიერი რძით.