დაბალი საღორიდან გამოძვრა ტალახიანი ღორი თავისი ჭყვირილა გოჭებით, ზანტად ეხახუნება კედელს და მიეთრევა სანეხვესკენ. წინ გაუშვერია თავისი ვიწრო და წვეტიანი დინგი, პაწაწა თვალებით გაფაციცებით ეძებს რამე შესათქვლეფს, მოდიდო თავზე ამოსულ გრძელ ყურებს ფარატინებივით აქნევს, მოკლე და ღონიერი კისერი გაშეშებული უჭირავს; განიერ ზურგზე აუშვერია მაღლა ხერხემალი, რომელზედაც ყალყზე უდგას ხშირი და მსხვილი ჯაგარი; თავის ვიწრო და ძირს დაშვებულს ტანს თითქმის დედამიწაზედ მიათრევს, რადგანაც მისი ოთხი ფეხი, თითო ოთხ ჩლიქად გაყოფილი, მეტად მოკლეა. ტიტველი და მოკლე კუდი შიგ ძირში სასაცილოდ მოუკაუჭებია და ოდნავ აქნევს.
აი მივიდა ღორი სანეხვესთან, ღრმად ჩაყო თავისი დინგი, ღრუტუნებს, დინგს ნიჩაბივით ხმარობს, თხრის ნეხვს, აქეთ-იქით ისვრის და თქვლეფს მატლებს, ბალახს, ფოთლებს, ლეშს, პურის ნატეხებს და ყველაფერს, რის ჭამაც კი შეიძლება. როცა სანეხვეზე საჭმელი გამოლევა, მინდვრად გავა და თავის ეშვებს ბარივით ამოსდეს ძირში მცენარეებს, ძირიანად იღებს მიწიდან და ახრამუნებს.
თაგვებმა შეიტყვეს ღორის სიახლოვე და გულგახეთქილები თავიანთ სოროებში მიიმალნენ. ცუდი საქმე დაემართებოდათ წრუწუნებს, თუ ღორი მათ სოროებს მიაგნებდა: მიანგრ-მოანგრევდა თავისი დინგით და ეშვებით და მსუნაგ თაგვებს წრუწუნ-წრუწუნით შეახრამუნებდა, ამით კარგ სამსახურს გაუწევდა ჭინახულს. მაგრამ, ყანების საზარალოდ, ამჟამად ბედმა შეიბრალა წრუწუნები და გადაარჩინა ღორის კბილებს. ჩვენმა ღრუტუნამ ბევრი გემრიელი საჭმელი გაგზავნა თავისს გაუმაძღარ მუცელში, მაგრამ მაინც ტყეს ნატრულობდა. რატომ? იმიტომ, რომ იქ იზრდება მუხა, რომელიც ისხამს ღორის საყვარელ და გამასუქებელს საჭმელს - რკოს.
ღორი მეტად უშნო და ულაზათო საქონელია. კიდევ უფრო უარესია მისი უსუფთაობა: დილით საღამომდე თავიდან ფეხებამდე სულ ტალახში და ლაფშია მოსვრილი. მაგრამ ბევრ სარგებლობას აძლევს ადამიანს, რომლისთვისაც ღორის ხორცი მეტად გემრიელი საჭმელია. ქონი ბევრ რამეშია გამოსადეგი, ტყავს და ჯაგარს კარგი ფასი აქვს. წელიწადში ორჯერ ღორი გოჭებს აძლევს პატრონს, ორივეჯერ არანაკლებ რვა გოჭს. ბევრ საჭმელს და მოვლას პატრონისაგან არ ითხოვს. თავის საკმარის საზრდოს თვითონვე შოულობს. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ მეტად უსიამოვნო პირუტყვია, ღორის ყოლა ყველგან გახშირებულია.