მამილო, ამიხსენ, გეთაყვა: როგორ მოექცა ეს შავი და მბზინავი ლურსმანი ხეში და გაკეთდა ფანქარი? - ჰკითხა მამას პატარა სანდალამ, რომელსაც წინ ეყარა ფანქრის გულის რამდენიმე ნამტვრევი.
- აბა კარგად დააცქერდი მაგ შავ ნამტვრევებს, რას გვანან?
- მგონი ნახშირს, მამილო.
- მართალი თქვი; მაგრამ ნახშირი უფრო რბილია, და როცა გატეხავ, იმის ნატეხის პირები ოღრო-ჩოღრო, უსწორ-მასწოროა და არა ისე სწორი, როგორც ამ ნატეხების. გატეხილი რკინა არ გინახავს? აბა შეადარე.
- მივხვდი, მივხვდი, - წამოიძახა გონიერმა სანდალამ. აქ უსათუოდ ერთმანეთშია არეული ნახშირი და რკინა.
- ბარაქალა, რომ ასე მალე მიხვდი, უთხრა მამამ. დედამიწის სიღრმეში ზოგ ადგილას ერთმანეთში არეულია ნახშირი და რკინა, და ამ ნარევიდან მიიღება ახალი ნივთიერება, რომელსაც გრაფიტი ჰქვია. გრაფიტს მიწაში მოიპოვებენ, პატარ-პატარა ჩხირებად ჭრიან, ამ ჩხირებს მერე სვამენ ხის ქარქაშში და კეთდება საწერი იარაღი, რომელსაც ფანქარი ქვია.