1
გლეხი დადის მოხნულ მიწაზედ თეთრი ტომრის სათესლით, იღებს მუჭით სათესლიდან მარცვლებს და აბნევს ხნულზე. უნდა შეხედოთ, რა მხიარულად ხტიან მარცვლები. ეს არ არის გასაკვირი, რადგან ისინი დიდხანს ეყარნენ ვიწროდ თავის საპყრობილეში, ღრმა და ბნელ ორმოში. ვერც ერთი მზის სხივი მზისა მათთან ვერ ჩაატანდა. მთელი ზამთარი ამ სახით გაატარეს.
თქვენ რომ ქერის მარცვალი გატეხოთ, შიგნით ნახავთ პაწაწა, მოგრძო და თეთრ გულს, რომელშიც ქერის ჩანასახია. ამ გულს გარს შემორტყმული აქვს სქელი და მაგარი ფქვილი, რომელსაც გარედან აკრავს მოყვითალო კანი. ამ ვიწრო გრსში ქერის გული შეკუმშული იყო და ორმოში იდო სხვა ძალიან ბევრ მარცვლებთან. ორმო ისე იყო გატენილი, რომ საწყალ მარცვლებს განძრევა და აქეთ-იქით მიწევა სრულებით არ შეეძლოთ. მათ წყურვილი კლავდათ და ისეთ გაჭირვებულ მდგომარეობაში იყვნენ, რომ მთელი ნახევარი წელიწადი ერთი ნამი წყალიც არ ჩასვლოდათ.
გაზაფხულზე გლეხმა ხნული მოამზადა, მოიტანა მარცვლები და დაიწყო თესვა. უნდა გეცქირათ, როგორი სიცელქით ხტუნავდნენ ქერის მარცვლები აქეთ-იქით და როგორ უხაროდათ თავისუფლება. ზემოდან მათ ტოროლა უგალობდა, თითქოს მარცვლების აღტაცებას ბანს ეუბნებოდა. მაგრამ ამ სიმხიარულეს მალე მოეღო ბოლო. დალაგდნენ თუ არა ხნულზე, ჩამოუარა ფარცხმა და დამარხა შავ მიწაში. მარცვლები მზეს ისევ მოშორდნენ.
2
საწყალი მარცვლები მეორედ მოექცნენ ბნელ სამარეში, მაგრამ მათში ღრმად იყო ჩანერგილი ზემოთ, სუფთა ჰაერზე და მზეზე ამოსვლის სურვილი. მარცვლებს ზემოდან აწვათ მაგარი და მძიმე მიწის ბელტები, აქეთ-იქიდან მოცოცავდნენ მრავალი ჭიები და მატლები, რომელთაც უნდოდათ მარცვლები გამოეხრათ და შეეჭამათ, მაგრამ მოსარჩლეებიც ბევრი ჰყავდათ. მრავალს წყლის ნამს უგზავნიდა მათ ღრუბელი; ეს ნამი ჩადიოდა მარცვლებთან და თითქოს ეუბნებოდა: სვით ხარბად, მოღონიერდით, გასწიეთ ზეით და დაახწიეთ თავი მაგ სიბნელეს და საძაგელ ღორმუცელა ჭიაღუებს.
დიდი სიხარული დაუდგათ მარცვლებს, როცა ნამი მათთან ჩავიდა. წყლის ნამმა გაღწია მათ ქერქში და მიაღწია თეთრ გულამდე. წყლით მოსულიერებული გული გაინძრ-გამოინძრა, გაიწ-გამოიწია, თავისი საპყრობილის კედლები გახეთქა და მაღლა ამოიხედა. „ზემოთ!“ დაიძახა მან. - „ზემოთ!“ მხიარულად მისცა ხმა ათი ათასმა მარცვლის გულმა.
გავიდა რამდენიმე ხანი, გლეხი მოვიდა და დახედა თავის ნათესს. მშვენიერი სანახავი დაუხვდა. ყველა თითის დადებაზე მიწიდან ამოწვერილიყო რამდენიმე გაღვივებული ქერის გული, მწვანე სამოსში. მთელი ჯეჯილი სიცოცხლით და სიმხიარულით იყო სავსე. თაგვები წინ და უკან სწრაფად დაცუნცულებდნენ, ობობები თავის აბრეშუმის ქსელს აბამდნენ ერთი ნორჩი ფოთლიდან მეორე ფოთლამდე, ტოროლა, რომელიც ჯეჯილის ღაღანით ეშხზე მოსულიყო, ზემოდან უგალობდა. შეუპოვრად მოეშურებოდა ქვევიდან ზევით ყველა ახლად დაბადებული ქერი, მოუთმენლად ისხამდა ყლორტებს, შლიდა ფოთლებს და ხელებივით აქეთ-იქით იშვერდა.
3
მაგრამ ამ ბედნიერებას რაღაც აკლდა, რაღაც უშლიდა ქერს კიდევ უფრო მაღლა ასულიყო. ფესვებით ისინი მიწაზე იყვნენ დამაგრებული და ადგილიდგან ვერ იძროდნენ. მაგრამ მათმა შეუპოვარმა მცდილობამ ეს დაბრკოლებაც მალე დასძლია. სწორე ყლორტის თავზე მალე ამოვიდა გრძელი თავთავი, რომელსაც ბევრი პაწაწკინტელა ცარიელი ოთახი ჰქონდა დიდი სახლივით. ამ ოთახების ბოლოს გრძელი და წვეტიანი ფხები გაიზარდნენ. ჩქარა თვითონ ფხებშუა გამოჩნდნენ წვრილი ძაფები.
„ქერი ყვავის“, მხიარულად წამოიძახა გლეხმა. ცოტა ხნის შემდეგ ყვავილის ძირში მარცვალი გამოისახა და მაშინ ყვავილი ძირს ჩამოცვივდა. თითო თავთავში ბევრი მარცვალი იყო და ყველა მათგანი წყნარად ცხოვრობდა თავისს ოთახში, როგორც მშვიდობიან ოჯახს შეეფერება; მაგ- რამ როგორც კი მარცვლები დამწიფდნენ, მათ მოინდომეს ჩენჩოსთვის თავი დაეღწიათ და ძირს ჩამოფრენილიყვნენ. „მოგვწყინდა სულ ერთ ადგილას ყოფნა, ახლა თავისუფლად მიწაზედ უნდა ვისეირნოთ“, თქვეს მარცვლებმა და ჩამოცვენა დააპირეს, მაგრამ ამ დროს მოვიდა გლეხი და ნეტარებით წამოიძახა: „ქერი ძალზე დამწიფებულა, დროა მის მკას შევუდგე“.
მალე გაჩნდნენ მომკლები და ჰოოპუნას ძახილით დაუწყეს ქერს მკა. მათი მჭრელი ნამგლები ქერის გაყვითლებულს ღეროებს კვეცავდნენ და ძირს უშვებდნენ; მაგრამ ღეროები ამას არ ჩიოდნენ, რადგანაც ყველას თან მიჰქონდა ბევრი კარგი მწიფე მარცვალი, რომელსაც წინ ახალი ცხოვრება მოელოდა. გლეხმა ძნებად შეჰკრა ქერი, დადო ურემზე, მოიტანა კალოზე, გაშალა და ზედ შეაყენა ხარებით შებმული კევრები. ღეროები დაიგლიჯნენ წვრილ ნაწილებად და ბზედ გადაიქცნენ, მარცვლები კი სიხარულით გამოხტნენ გარეთ თავის ჩენჩოებიდან.
როცა გლეხმა მარცვლები გაანიავა და ბზეს მოაშორა, ისინი შეუდგნენ მოგზაურობას. ზოგი მარცვალი საქათმის კარებთან გაჩნდა და მათ სიხარულით შემოეხვივნენ ბატები, იხვები, ქათმები და გემრიელად გაგზავნეს თავიანთ ჩიჩახვებში. გაქნილმა ჩიტმაც მოიტაცა არა ერთი მარცვალი.
სხვა მარცვლები წისქვილში აღმოჩნდნენ. მეწისქვილემ ისინი ჩაყარა ისინი სამარცვლეში, რომლის პირიდან მარცვლები ქვემოთ დაიძრნენ. ჩადიოდნენ განუწყვეტლივ ქვის ამოჭრილში, ანუ პირში, ორ მბრუნავს ქვას შუა ისრისებოდნენ, ფქვილად იქცეოდნენ, გარეთ გამოდიოდნენ და ძირს, საფქვილეში ჩადიოდნენ.
წამოიღო გლეხმა ფქვილი და თონეში ქერის პური, ანუ ჯინჯილა გამოაცხო. ამდენი თავგადასავლის შემდეგ, ქერი მოხვდა ადამიანის მუცელში. მაგრამ გლეხმა მალე დაანება თავი ქერის უგემურ და ხმელ ჯინჯილას; მალე მინდროში ხორბალი დამწიფდა და მისი გემრიელის პურის მოხმარება დაიწყო. ქერს რაღა უყო? მცირე ნაწილი თავის ცხენს შეუნახა, დიდი ნაწილი კი მელუდეს მიჰყიდა. მელუდემ ქერი ჩაჰყარა წყალში, სადაც იგი გაფუვდა და გაღვივდა; მერე გაახმო, ჩაიტანა წისქვილში და მსხვილად დაფქვა. ეს ფქვილი ჩაყარა დიდ ქვაბში და დაუწყო ხარშვა.
ფქვილი ტკბილ წვენად გადაიქცა, რომელსაც დაუმატა მწარე სვია, შემდეგ უყო სადედებელი და დადგა ცალკე კუთხეში. მალე ეს წვენი მაჭარივით ადუღდა და გამოვიდა მშვენიერი ლუდი. ლუდი ჩაასხეს ბოთლებში და კასრებში და დადგეს გრილ სარდაფში. მაგრამ აქ დიდხანს არ გააჩერეს და მალე გზას გაუყენეს. ჩვენმა ლუდმა მდიდარი სასახლეებიც ბევრი ნახა და ღარიბი ქოხებიც. მაგრამ მელუდემ ქერის ფქვილისაგან მხოლოდ ლუდი როდი გააკეთა, მან არაყიც გამოხადა. ვინ მოსთვლის რამდენი გლეხი გაამხიარულა ქერმა თავისი არაყით და რამდენი კარგი სიმღერა ათქმევინა.