ჩვენი ვენახი და მოჯამაგირე
ჩვენ ერთი დიდი ვენახი გვქონდა. შუაგული ვაზებით იყო სავსე, გარშემო-კი მწკრივ-მწკრივად ერიგა რჩეული, საუკეთესო ჯიშის ხეხილი. მამაჩემი ისე უვლიდა ვენახს, როგორც დედა უვლის თავის შვილს, რის გამოც ჩვენს ვენახში შესვლა საამური იყო თვალისა და გულისათვის. სამწუხაროდ, ყურძნისა და ხილეულობის ქურდობა, ზოგიერთ ჩვენს სოფლელს ჭირად სჭირდა. ამიტომ ჩვენს ვენახს, ყურძნისა და ხილის მწიფობის დროს, მცველად მოჯამაგირე ედგა.
ვენახის ბოლოს, ერთი გემრიელი, დიდი მსხლის ახლოს, ოთხ დიდ ბოძზე სათივე იდგა. ბოძიდან ბოძზე სიგრძე-სიგანეზე გადადებული იყო ბრტყლად გათლილი ხეები, და ამ ხეებზე იდო დიდი ძელი. ზამთრობით ამ ბოძებზე იდგა წმინდა აბრეშუმივით თივის ვებერთელა ზვინი, ზაფხულობით კი ცარიელი იყო. არა, სულ ცარიელი არ იყო. ძელზე დაინახავდით შუა-გულში ჩაღრმავებულ და აქეთ-იქით-კი ამაღლებულ გაშლილ თივას. რისთვის? იმისთვის, რომ აქ ღამით ეძინა ჩვენს მოჯამაგირეს.
- დემეტრე! შენ იმ სათივეზე ძილს თავი დაანებე და ძირს გაიმართე საწოლი, თორემ ერთ მშვენიერს ღამეს იქიდან ძირს ზღართანს გაადენ და ჩვენის სოფლის სასაფლაოს ერთს ახალ საფლავს კიდევ მიუმატებ, - ვეუბნებოდით ჩვენ მოჯამაგირეს.
- არხეინად ბრძანდებოდეთ, მაგისი დარდი ნუ გაქვთ. თქვენ ტახტიდან უფრო ადვილად გადმოცვივდებით, ვიდრე მე სათივიდან. ეგრე არა მაქვს მე საქმე მოწყობილი. შიგ ისე ვწევარ, როგორც ბავშვი აკვანში. ან როგორ დავთმობ ჩემს სათივეს, როდესაც ისეთი ტკბილი ძილი იცის, რომ ხელმწიფის საწოლსაც არ ეცოდინება იმისთანა, - გვიპასუხებდა. ხოლმე მოჯამაგირე. და მართლაც სათივეზე ღამით წოლა და ძილი ისე უხდებოდა, რომ სიჯანსაღით დაბრაწული ლოყებით ცხადად გამოირჩეოდა ტოლ-ამხანაგებში.
ერთი იშვიათი თვისების პატრონი იყო ჩვენი დემეტრე: მთვარიან ღამეში თითქმის ისევე კარგად ჰხედავდა, როგორც დღისით.
ნაქარი მსხალი და ზღარბი
ერთხელ კალოობის დროს, დილა-ადრიან, ჩემი პატარა და-ძმა ვენახში წავიყვანე. შევედით თუ არა კარებში, მაშინვე გავექანეთ გემრიელ მსხლისკენ, გვინდოდა აგვეკრიფა ქარისგან ჩამოყრილი მსხალი და პირი ჩაგვეტკბარუნებინა; მაგრამ, დახე ჩვენს დაღონებას, ერთი მსხალიც ვერ ვიპოვეთ.
- დემეტრე! რა ღმერთი გაგწყრომია, რომ ამ ადრიან დილაზე სულ შეგითქვლეფია ნაქარი მსხალი, ვუსაყვედურე მოჯამაგირეს, რომელიც აქვე ახლო ვაზებში მუშაობდა.
- თავი მომიკვდეს და ღმერთი გამიწყრეს, თუ მე დღეს მსხალი გემოთი მენახოს, - გვიპასუხა მოჯამაგირემ.
- მაშ რა იქნა ნაქარი მსხალი? გუშინ საღამოს და წუხელ ქარი ჰქროდა და ცოტაოდენი მაინც უნდა ჩამოეყარა.
- მართალია, ქარმა ხუთი-ექვსიოდე მსხალი ჩამოაგდებინა, მაგრამ ამ მსხლებს მე ახლოსაც არ მივკარებივარ, - ისინი წუხელ ერთმა დაუპატიჟებელმა ოთხფეხმა შეჭამა, - გვითხრა მოჯამაგირემ
- რას მიედ-მოედები, ღამით რა უნდოდა აქ სტუმარს, და ისიც ოთხფეხს?..
- კი არ მივედ-მოვედები, ჭეშმარიტს სიტყვას გეუბნებით, - გვიპასუხა მოჯამაგირემ. წუხელ სათივეზე შუაღამისას გამომეღვიძა და ქვევიდან სლაპა-სლუპი და ხრაშა-ხრუმი შემომესმა. წამოვიწიე ჩემი საწოლიდან, გადმოვიხედე ქვემოთ და მსხლის ძირში მთვარის შუქზე დავინახე ვებერთელა ზღარბი, რომელიც ფაცა-ფუცით ნაქარ მსხალს ჭამდა. ერთი ღონივრად დავჭყივლე, შეეშინდა, გაგოგმანდა და თხრილში ჩაგორდა. მერე ისევ გულიანად დამეძინა, უთუოდ ისევ მოვიდა და დანარჩენი მსხლებიც შეახრამუნა.
ჩვენ საშინელი ბრაზი დაგვეუფლა. გვინდოდა მიგვეგნო მსუნაგი ზღარბისათვის და მოგვეკლა. დავუწყეთ ძებნა; გადავაქოთებინეთ მოჯამაგირეს ახლო-მახლო ჩირგვები, თხრილები, ღობეები, მაგრამ კვალს ვერ მივაგენით.
შინ რომ ჩამოვედით, დედ-მამას ვუამბეთ ზღარბის ოინი. მოჯამაგირეს უბრძანეს, რომ ზღარბისთვის მოესწრო და უთუოდ მოეკლა. მოჯამაგირე ბევრს ეცადა აესრულებინა ბრძანება; დღისით ვენახში თვალი ეჭირა, ეგებ სადმე შევხვდე ზღარბსო და ღამით თავის საწოლში, სათივეზე ვებერთელა ქვები ეწყო, რომ ზღარბისათვის ესროლა, როცა ის მსხლის ძირში მიგოგდებოდა. არა ერთხელ მოარტყა თურმე ვებერთელა ქვა საწყალ მსხლის ქურდს, მაგრამ მოკვლით კი ვერ მოკლა.
საშინელი დასჯა ზღარბისა
ერთხელ, როცა მე და ჩემი პატარა და-ძმა ვენახში ვიყავით, როცა ვაზებიდან მოგვესმა ჩვენი მოჯამაგირის ძახილი: „არიქა, ზღარბი, ზღარბი!“ ჩვენ შევცვივდით ვაზებში და თავს წავადექით ერთ ეკლიან და სრულიად მრგვალ გორგალს.
ეს ეკლიანი გორგალი იყო ზღარბი. თავი და ფეხები შიგნით შეემალა და ისე ოსტატურად გაეერთიანებინა თავისი ეკლიანი კანი, რომ პირი ვერა და ვერ ვუპოვეთ. ბევრჯერ გადავაგორ-გადმოვაგორეთ, ბევრგან ჩავარჭეთ სარები, გვინდოდა თავი და ფეხები გამოეჩინა, დაგვერტყა და მოგვეკლა, მაგრამ ტყუილად. ყოველ მხრივ ეკლიანი კანი იფარავდა ჩვენს მსხლის ქურდს, თითქო ციხე აქვს შემორტყმულიო. ბოლოს დავუშინეთ ტანზე სარები და იმდენი ვცემეთ, სანამდე არ მოვგუდავდით. მოჯამაგირემ აიღო მკვდარი ზღარბი და თხრილში გადაისროლა.
- ახლაც შეგვიჭამ ნაყარ მსხალს, - მივაძახე ნიშნის მოგებით მკვდარ ზღარბს.
მეორე დღესაც მოგვიხდა ვენახში ასვლა. მივედით, გადავიხედეთ იმ თხრილში, სადაც გუშინ მკვდარი ზღარბი ჩავაგდეთ და ჩვენდა გასაოცრად, ის ადგილი ცარიელი დაგვხვდა, ზღარბი აღარსად იყო.
"უთუოდ მოცოცხლდა ის ოხერი და თავისი ბუნაგი მონახა, ძლიერ ამტანი ცხოველია“, თქვა ჩვენმა მოჯამაგირემ.
- იქნებ შეჭამა რამემ? - ვთქვი მე.
- ეგეც შეიძლება, მაგრამ მე უფრო გაცოცხლებას ვაბრალებ იმის აქედან გაქრობას, - დაუმატა მოჯამაგირემ.
შხამიანი გველი
იმავე დღეს ჩვენის ვენახის ბოლოში, სადაც განიერი წყლის საგუბარი იყო, ღრმა თხრილთან, გემრიეს მსხლის ახლოს წავაწყდით ისეთ რამეს, რომელმაც თვზარი დაგვცა და სრულიად გადაგვავიწყა ზღარბი. ეს იყო ვებერთელა გველი, რომელსაც ზურგზე თავიდან კუდამდე შავი ზოლი ჩასდევდა.
- "ვაიმე დედავ, შხამიანი გველი!" - წამოიძახა ხმის კანკალით მოჯამაგირემ, რომელსაც საზოგადოდ ძლიერ ეშინოდა ყოველგვარის მცურავისა და ქვეწარმავლის. ჩვენ ყველანი შიშის კანკალმა აგვიტანა და სწრაფად უკან დავიწიეთ. გველი ჩვენს დანახვაზე უკან დაბრუნდა, დინჯად, აუჩქარებლად გაისრიალდა; ეტყობოდა, რომ გრძნობდა თავის ძალასა და ხშირ, მაღალ ბალახში მიიმალა.
ჩვენ გაფითრებულები ჩამოვედით შინ და დედ-მამას ვუამბეთ ჩვენს ვენახში შხამიანის გველის დაბუდება. ისინი ძალიან შეფიქრიანდნენ და სასტიკად აგვიკრძალეს: ჯერ-ჯერობით ვენახში ასვლა აღარ გაბედოთო. ამასთან უბრძანეს მოჯამაგირეს, რომ ეცადა და როგორმე მოეკლა შხამიანი გველი, მაგრამ როგორ შესძლებდა ამას, როცა გველის ყველაზე მეტად თვითონ ეშინოდა...
გავიდა რამდენიმე ხანი. არამც თუ ჩვენ, პატარები, დიდებიც კი აღარ დადიოდნენ ვენახში გველის შიშის გამო.
ზღარბი ებრძვის შხამიან გველს
ერთს ადრიან დილას მოჯამაგირე ძლიერ გახარებული მოვარდა ვენახიდან და მოგვაძახა:
- თქვენი ჭირიმე, რა ვნახე, რა ვნახე! აკი გეუბნებოდით, ზღარბი გაცოცხლდებოდა-მეთქი. წარმოიდგინეთ, წუხელ შუაღამისას, მან ჩვენი დიდი მსხლის ძირში მოკლა ის შხამიანი გველი: დიახ, მოკლა!
ჩვენს გაოცებას საზღვარი არა ჰქონდა. ჯერ ძლიერ გვაკვირვებდა ზღარბის გაცოცხლება, რომელსაც ისე უმოწყალოდ ვცემეთ, რომ იმდენი ცემა ხარსაც კი მოჰკლავდა. მაგრამ ყველაზე მეტად ის გვაკვირვებდა, რომ ზღარბს შეძლებია გველის და ისიც შხამიანის მოკვლა. ჩვენთვის ყველამ ეს ყველაფერი პირველად გავიგონეთ.
- როგორ მოხდა, დაწვრილებით გვიამბე, - ვუთხარით ჩვენ დემეტრეს.
- ჩვეულებისამებრ, - დაიწყო მოჯამაგირემ, პირველი ძილის შემდეგ, შუაღამისას გამომეღვიძა, მთვარეს კაშკაში გაჰქონდა და მეტად ცხელი ღამე იყო. უცებ ახლოს, თხრილის გუბიდან მოისმა ბაყაყების ალიაქოთი. მე საწოლიდან წამოვიწიე, იდაყვს დავებჯინე და თხრილისაკენ ცქერა დავიწყე. ერთი წამის შემდეგ დავინახე ვებერთელა ბაყაყი, რომელიც გუბიდან ამოხტა და დიდი მსხლისაკენ ხტუნვით გამოეშურა. მას სწრაფი სრიალით მოსდევდა გველი.
როცა მსხლის ძირში მივიდა, უცებ გველი შედგა, ბაყაყს თვალი მოაშორა და ქვემოთკენ დაიწყო ცქერა, ტანი მოამზადა, თავი მაღლა აიღო სისინი დაიწყო, თითქოს საომრად მოემზადაო. მე ამან ძლიერ გამაოცა. რადგან გველმა თვალი ქვემოთ გააშტერა, ამიტომ ქვევით გადავიხედე და რა დავინახე? დავინახე ჩვენი ზღარბი, ის ზღარბი, რომელსაც იმდენი ვცემეთ და რომელიც მკვდარი გვეგონა. თავისი ეკლიანი კანი მაღლა აეწია, ფეხები და თავი ცხადად უჩანდა, ყოჩაღად, მამაცურად იდგა და გველისაკენ გამოქანებას აპირებდა.
აი, ის უეცრად დაიძრა ადგილიდან, ამრეზილი წამოვიდა, მოუახლოვდა გველს და დაეტაკა. გაჩაღდა საშინელი ბრძოლა. მე ცქერად გადავიქეცი, სულგანაბული ვუყურებდი და რასაკვირველია, ვნატრობდი გულადი ზღარბის გამარჯვებას.
ზღარბი სულ იმას ცდილობდა, რომ გველის თავი ეგდო კბილებში; გველი კი სწრაფად იკლაკნებოდა და მეტად ოსტატურად არიდებდა თავს; თან ისე ძლიერად კბენდა, ხან ტუჩებში, ხან ფეხებში, რომ ზღარბს სისხლი გამოსდიოდა. „ვაიმე წავიდა ზღარბის საქმე!“ ვამბობდი გულში, მაგრამ, ჩემდა სასიხარულოდ, მალე შევნიშნე, რომ ზღარბი გველის კბენას არ იმჩნევდა, თითქოს რწყილი კბენს და არა შხამიანი გველიო.
ზღარბმაც თავისი ბასრი კბილები ბევრგან გაუყარა გველს და სისხლიც ბევრი ადინა; ხოლო გველს არ ასუსტებდნენ ეს ჭრილობები და ისევ შეუპოვრად კბენდა მოწინააღმდეგეს. ბოლოს, როცა გველი კიდევ მისწვდა ფეხში, ზღარბმა მოასწრო, ქეჩო დაუჭირა და გველის თავი იგდო პირში, მოუჭირა კბილები, გაუჭყლიტა თავი, მოიქნია გველი და ზიზღით იქით გადააგდო. შემდეგ იქვე დაცუცქდა და დაკბენილ ადგილებს დაუწყო ლოკვა. ლოკვას დიდი ხანი მოანდომა, მერე ნაქარ მსხლებს ეწვია და ხარბად დაუწყო ჭამა.
- შეგარგოს ღმერთმა, ვეუბნებოდი ჩემს გულში მამაც, გამარჯვებულ ეკლიან გმირს. როცა მსხლით გული იჯერა, ქვევით გაგოგმანდა და ღობის ჩირგვებში შეიმალა.
ჩვენი მეგობრობა ზღარბთან
ამ ამბავმა, რომელიც ჩვენ ყველამ კრინტის დაუძვრელად მოვისმინეთ, მარტო გაოცება როდი გამოიწვია. გაოცებას სხვა გრძნობაც დაერთო. დიდმაც და პატარამაც აშკარად ვიგრძენით სირცხვილი. რისა გვრცხვენოდა? იმისი, რომ ფრიად სასარგებლო ცხოველს, ერთგულ მეგობარს, ჩვენი შხამიანი მტრის მმუსვრელს, ვდევნიდით და ვკლავდით... ისიც რის გამო? იმის გამო, რომ ხანდახან ჭამდა ნაყარ, უფრო დამპალ და ჩვენთვის გამოუსადეგარ მსხალს. მეტი უმეცრება და უსამართლობა კიდევ იქნებოდა? სწორედ ამ უმეცრების და უსამართლობის გვრცხვენოდა ყველას.
- ვაი, თუ გველის შხამმა შემდეგ გაჭრას, მოწამლოს ზღარბი და მოკლას, - წამოვიძახე მე.
- არა მგონია, შხამს რომ ზღარბის წყენა შესძლებოდა, ისე არხეინად აღარ იქნებოდა ბრძოლის შემდეგ, თქვა მოჯამაგირემ ჩემდა პასუხად.
- არა ერთხელ გამიგონია ჩემს სიცოცხლეში, თქვა მამაჩემმა, რომ ზღარბზე არც გველის და არც სხვა შხამი არ მოქმედებსო. წინათ ეს ჭორად მიმაჩნდა; ახლა კი ლამის მართალი გამოდგეს.
ჩვენ ყველანი დიდიან-პატარიანად ვენახში გავემგზავრეთ, რათა ჩვენი თვალით გვენახა ზღარბისაგან დაგლეჯილი და მოკლული გველი. ვნახეთ და დავრწმუნდით, რომ, რაც მოჯამაგირემ გვითხრა, ყველაფერი მართალი იყო. ჩვენ ძლიერ გვინდოდა ზღარბისთვის მიგვეგნო, სიკეთისთვის სიკეთით გადაგვეხადა, გვეჭმია სულ უკეთესი მსხალი, ალერსით მოვპყრობოდით, გამოგვესწორებინა ადრინდელი ჩვენი დანაშაული, მაგრამ ზღარბის კვალიც არსად ჩანდა.
ორი დღის შემდეგ ჩვენმა მოჯამაგირემ ჩამოირბინა ვენახიდან და გვითხრა:
- სამახარობლო მერგება. ჩვენი შიში ტყუილი გამოდგა. ზღარბისთვის გველის შხამს ვერაფერი დაუკლია. წუხელ საღსალამათი კიდევ მოგოგმანდა მსხლის ძირში, ჯერ კარგად იჯერა გული ნაქარი მსხლის ჭამით, მერე იხტუნა, ითამაშა და ბოლოს ისევ გასწია ბუნაგისაკენ.
ჩვენ ისეთი სიხარული დაგვეუფლა, თითქოს ოჯახში მძიმე ავადმყოფი მოგვრჩენოდეს.
ამის შემდეგ ვენახში ზღარბები თავისუფლად ბინადრდებოდნენ, ცხოვრობდნენ და მრავლდებოდნენ. ჩვენ არამც თუ არაფერს ვუშავებდით, არამედ თავაზიანად და მეგობრულად ვექცეოდით, მეტადრე მათ პატარა შვილებს. სამაგიეროდ ზღარბები ხოცავდნენ და ჭამდნენ გველებს და მათი სინსილა სულ გაწყდა ჩვენი ვენახიდან.
ზღარბები სხვა სიკეთესაც გვიკეთებდნენ: მრავალძარღვას და ვენახების სხვა მავნე ბალახებს ძირიანად თხრიდნენ და ფესვებს უჭამდნენ, ასე რომ მუქთი მმარგვლელები გამოდგენენ. ამასთან, კატებივით იჭერდნენ და ჟლეტდნენ ყანისა და ვენახის მტერ თაგვებს. მაგრამ ყველაზე დიდ სიკეთეს იმით გვიკეთებდნენ, რომ თავისი დინგით მარჯვედ იჭერდნენ და ანადგურებდნენ მრავალ მატლსა და ჭიას, რომლებიც მათ გარეშე გაგვიოხრებდნენ ვენახს და ბოსტანს.
ამ სიკეთეს უფრო მეტად პატარა, ნორჩი ზღარბები გვიძღვნიდნენ, რადგანაც მათი მთავარი საჭმელი ჭია-მატლები იყო. მართალია, ჩამოყრილ ხილს გვაკლებდნენ, მაგრამ განა ეს მცირეოდენი ზარალი სათქმელი იყო იმ დიდ სიკეთესთან, რომელსაც ჩვენ მათგან ვხედავდით?