მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 596 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ღამურას აგებულება

 

ღამურა მეტად უცნაური ცხოველია. რომ გკითხოთ, რა სულდგმულია ღამურა, თქვენ მიპასუხებთ: რაღა კითხვა უნდა, ფრინველიაო. დიახ, ღამურამ სწრაფი და მარდი ფრენა იცის და ადვილად არ იღლება; ფრენაში ბევრად სჯობია ბეღურა ჩიტს და თვითონ მერცხალსაც კი არ ჩამოუვარდება; მაგრამ ფრინველი რომ არ არის, - ეს დღესავით ცხადად ჩანს იქიდან, რომ ღამურა არც კვერცხებს დებს და არც ბარტყებსა ჩეკავს, არამედ შობს ცოცხალ შვილებს და ზრდის მათ თავისი რძით, როგორც ძროხა, ცხვარი, ღორი, ძაღლი, კატა და სხვა. 

ამის გარდა, ღამურას ტანზე ბუმბულის ნაცვლად ბალნით არის შემოსილი. ერთი სიტყვით, ღამურა ძუძუმწოვარ ცხოველებს მიეკუთვნება, მაგრამ სხვაგვარად სრულებით არ ჰგავს მათ. მთელი ტანი ერთს პატარა მოგრძო გუნდას მიუგავს. მოკლე და უძრავ კისერზე აქვს პატარა თავი ერთი ბეწო თვალებით და ვებერთელა ყურებით. ფეხები მოკლე აქვს. ყველაზე აღსანიშნავია ღამურას წინა ფეხები, რომლებიც ფრთების მოვალებასაც ასრულებენ. ამ ფეხების ყოველი ძვალი  გაშლილი და მეტად დაგრძელებულია, მხოლოდ ცერს აქვს ბუნებრივი სახე და თავდება მოკაუჭებული ფრჩხილით. დანარჩენი ორივე წინა ფეხის ოთხი თითი, მეტისმეტად გრძლად არის გაშვერილი და სრულიად მოკლებულია ფრჩხილებს. ეს წინა ფეხების ძვლები გაერთიანებულია სიფრიფანა, მაგარი და გაჭიმული კანით. ასეთივე კანი მისდევს წინა ფეხების მეხუთე თითებიდან გვერდებამდე. უკანა ფეხები გაერთიანებულია კუდთან ამასთანავე კანით.

მთელი ეს რეზინივით გაჭიმული კანი შეადგენს ერთ ვეებერთელა ფრთას. როცა ღამურას გაფრენა მოუნდება, ამ კანს ბოლომდე გაჭიმავს, სწრაფად აქნევს წინა ფეხებს-ფრთებს და დასრიალებს ჰაერში. ფრენის დროს მისახვევ-მოსახვევებში ისეთივე ოსტატობას იჩენს, როგორსაც მერცხალი. სამაგიეროდ, მიწაზე სიარული სულ არ შეუძლიან და უსუსური ბავშვივით დაფორთხავს და ისეთი ტაატით მოძრაობს, კუსაც კი შეუძლია გაასწროს სიარულში.

 

ღამურას უცნაური ცხოვრება და მისი დიდი სარგებლობა

 

ღამურას სიცოცხლე სავსეა უცნაურობით. იგი ცხოვრების უმეტეს ნაწილს ძილში ატარებს. დადგება თუ არა შემოდგომა, ღამურა სადღაც ქრება და კაცი თვალს ვეღარ მოჰკრავს. სად არის? იქნება უცხო ქვეყნებში მიდის? არა, ჩვენს ყვეყანაში რჩება, მხოლოდ იმალება მიყრუებულ ადგილებში, სადაც ღამურები ათობით და ოცობით მოიყრიან თავს, ერთმანეთს მიეკვრებიან, უკანა ფეხებს მოსჭიდებენ მაღალს რამეს, თავდაღმა დაეკიდებიან და სძინავთ მთელი ზამთარი ზაფხულამდე, ექვსის თვის განმავლობაში.

აი, გაზაფხულდა, ტყე ფოთლებით შეიმოსა, მცენარეებმა დაიწყეს აყვავება, და ჰაერში ფრთხიალი და ფუსფუსი მორთეს უთვალავმა მწერებმა. სწორედ ამ დროს იღვიძებს ღამურა ზამთრის ძილიდან და საღამო ჟამზე გადის სანადიროდ ექვსის თვის მშიერი. ადვილად მიხვდებით, რა გამგელებული უნდა ნადირობდეს. რაზე ნადირობს? ამას ვერ გაარჩევთ, რადგანაც ღამეა და ღამურა ისე სწრაფად დასრიალებს ჰაერში, რომ ხეირიანად თვალსაც ვერ მოჰკრავთ. ამის გაგება მხოლოდ მაშინ შეიძლება, თუ მოჰკლავთ ღამურას და კუჭს გაუსინჯავთ. კუჭი აღმოჩნდება სავსე სხვადასხვა პეპლებით, ჭიებით, მატლებით, ბუზებით და სხვა ჭირნახულის გამანადგურებელი მწერებით.

ამ მწერებს იჭერს ჩვენი უცნაური მონადირე თავისი განიერი პირით და მაგარი და მჭრელი კბილებით. როცა სანადიროდ გამოდის, ჯერ უვლის გარშემო თავის სადგომს, და ხოცავს მწერებს; მერე თანდათან უფრო შორს მიდის, და ვაი იმ პეპელებსა და ბუზებსა, რომლებსაც იგი თვალს მოკრავს.

მაგრამ ღამურას თვალი ისე არ უჭრის, როგორც სმენა. სმენა ღამურას ისეთი მახვილი, ისეთი ძლიერი აქვს, რომ ვერც ერთი სულდგმული ვერ შეედრება. საკმარისია მცირეოდენი გაფაჩუნება, მწერის ოდნავი შრიალი დიდ მანძილზედაც-კი, რომ ყურმახვილმა ღამურამ გაიგონოს და მაშინვე იქით გაეშუროს.

ღამურა დაქრის, იჭერს მწერებს მარჯვნივ და მარცხნივ, იქვე ყლაპავს, ფრენის დროს და მიწაზე მხოლოდ შეჭმული მწერების ფრთები და ფეხები ცვივა. ასე ნადირობს ღამურა ორი-სამის საათის განმავლობაში და ხანდახან თუ ისვენებს, ისიც რამდენიმე წუთით. ვერ მოსთვლის კაცი, რამდენს მწერს ჩანთქავს ამ ნადირობის დროს. ბოლოს გაძღება ჩვენი ღორმუცელა, ტანი დაუმძიმდება, ფრენა გაუძნელდება, დაღლლობას იგრძნობს, გაეშურება თავისი ბუდისაკენ და ღრმა ძილს მიეცემა. გარიჟრაჟის წინ კიდევ გამოიღვიძებს, ამგვარადვე ჟლიტს და ჭამს მწერებს და დილა ადრიანად ისევ დაიძინებს მთელი დღით.

მაგრამ ღამურა ყოველ ღამე როდი ნადირობს. თუ წვიმა მოდის, ქარი ქრის, ან ნისლი დგას, ღამურა თავის ბინას არა ტოვებს და ისევ შიმშილი ურჩევნია. ზოგადად, ღამურა ხანგრძლივ შიმშილს ადვილად იტანს და დიდ გაძღომასაც ირგებს. ექვსი თვე სძინავს უსაჭმელოდ და უსასმელოდ, სრულ მარხვას ინახავს, - ექვსი თვე კი ხსნილი აქვს და თავს უმასპინძლდება ისეთი მავნებელი მწერებით, რომელნიც ძლიერ აზარალებენ მოსავალს.

დიახ, მავნე მწერების მჟლეტელთა შორის ღამურას უჭირავს ერთ-ერთი უპირველესი ადგილი. მის გარეშე ღამის მწერები ისე გამრავლდებოდნენ, რომ ადამიანს სიცოცხლეს გაუძნელებდნენ, გაუმწარებდნენ.

ერთი სწავლული ამბობს: ღამურა რომ დედამიწის ზურგზე გაწყდეს, ღამის მავნე მწერები მოკლე ხნის განმავლობაში ისე გამრავლდებოდნენ, რომ მათი მატლები მცენარეებს გადაჭამდნენ, ტყეები გაქრებოდნენ, და ადამიანი კარგს მოსავალს მოინატრებდა.

რამდენადაც ახლოა ღამურას ბუდე რომელიმე ადგილთან, იმდენად უფრო სასარგებლოა ამ ადგილისთვის. თუ ღამურა დიდი ხის ფუღუროში იკეთებს ბინას, მაშინ ღამით ტყეში ან მინდორში დანადირობს და ტყის და ჭინახულის მცველი არის; თუ კოშკის ნაპრალში ან ნაოხრებში იბუდებს, ბოსტანსა და ვენახებს იცავს. საზოგადოდ, ღამურა ბინად  ირჩევს ისეთ მყუდრო კუთხეებს, სადაც არა ხვდება არც ქარი, არც მზის შუქი და სიცივეც ნაკლებად უდგება.

დიახ, დიდი მადლობის ღირსია ჩვენგან ეს ცხოველი. მართალია უშნო და ულაზათოა, მაგრამ ფრიად სასარგებლოა და დიდი სიკეთის მომტანია. როგორც შაქარში არ მოიპოვება მცირედი სიმწარე, ისე ღამურას ცხოვრებაშიც ვერ იპოვით ადამიანისათვის მიყენებულ მცირეოდენ ზარალს. ყოველი თავისი ნაბიჯით იგი იცავს მოსავალს და სრულიად არაფერს ითხოვს გამოკვებისათვის.

ამის გამო ჩვენ დიდს სისულელეს და უსამართლობას ჩავიდენთ, თუ ჩვენი მისდამი მტრობა მეგობრობით არ შევცვალეთ, არ გავუწიეთ მფარველობა ღამურას, არ მოვიშალეთ მისი ბუდის მოშლას, მის დევნა და არ ვეცადეთ, რომ ღამურები ჩვენს ახლოს დაუბრკოლებლად ცხოვრებდნენ და მრავლდებოდნენ.

ადამიანი, რომელსაც არ ახარებს ღამურების, როგორც შეუდარებელი და უანგარო მოსამსახურეების ახლოს დაბინავება, არის უვიცი და თავისი თავის მტერი.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ