ერთი ჭალის გვერდით მდებარეობდა პატარა სოფელი. ამ სოფლის სკოლაში, ორი პატარა ძმა დადიოდა: ერთს ერქვა გიორგი, მეორეს გიგო. გაზაფხულის ერთ დილას გიორგი და გიგო თვალების ფშვნეტით სახლიდან გამოვიდნენ, ჭალის პირას მივიდნენ და პატარა რუში, რომელიც ჭალას გვერდით საამური ჩხრიალით ჩამოუდიოდა, პირის დაბანა დაიწყეს.
პირის დაბანის დროს უეცრად რაღამაც ჭალიდან დაიძახა: "გუგუ!“ ყმაწვილებმა ყურები ცქვიტეს. ფრინველმა მეორედაც საჩქაროდ დააყოლა: გუგუ!
„გუგული, გუგული! შენი ჭირიმე, დედა, გუგული მოსულა!“ წამოიძახეს ორივე ძმებმა და პირდაპირ ჭალაში შეცვივდნენ. იმათ ეგონათ, გუგულს ახლოდან ვნახავთო, მაგრამ ფრთხილმა ფრინველმა შორი-ახლოსაც არ მიიკარა. როგორც კი შეამჩნევდა, რომ ყმაწვილები მისკენ მიდიოდნენ, მაშინვე აფრინდებოდა, შორს, ხეზე გადაჯდებოდა და დაიძახებდა: „გუგუ!“
პატარებმა ბევრი სდიეს, ოფლში გაიწურნენ, მაგრამ მიუკარებელ გუგულს ხეირიანად თვალიც ვერ მოკრეს. გიორგი და გიგო დაღონებულები დაბრუნდნენ შინ, წიგნები ხელში აიღეს და სკოლაში გასწიეს. ძალიან უნდოდათ გაეგოთ, რა ფრინველია გუგული, როგორ ცხოვრობს, რა ჩვეულებისაა; მაგრამ მათმა ამხანაგებმა ამაზე არაფერი იცოდნენ.
I
გუგული მტრედის ზომის იქნება; ზურგი და გვერდები ნაცრისფერი აქვს, გული და მუცელი - თეთრი, შავი ზოლებით, ფეხები ყვითელი; ფეხებზე ოთხი ბრჭყალი აქვს: სამი ბრჭყალი წინა აქვს გამოშვერილი, ერთი უკან. მაგრამ, თუ უნდა, ისე მოახერხებს, რომ ორ ბრჭყალს წინ გასწევს და ორს უკანა. გუგულს პურა-ძვირს ეძახიან, რადგანაც სტუმარი არ უყვარს.
მტრედებს ჭამა ჯგუფ-ჯგუფად უყვართ, იხვები წყალში გუნდ-გუნდად დაცურავენ, გუგულს კი მარტოობა უფრო მოსწონს. ამიტომ ტყეში მოუსვენრად დაფრინავს და ყურს უგდებს, სხვა გუგული ხომ არ შემომეპარაო. მას ეს ტყე თავის საკუთრებად მიაჩნია და სტუმარს ახლო არ მიიკარებს.
თუ მეორე გუგულის ხმა გაიგონა, თუნდა ეს გუგული მისი ძმა ან მამა იყოს, მაშინვე გაჯავრებით დაუყვირებს: „გუგუ! განა არა ხედავ, რომ აქ მარტო მე ვარ მფლობელიო“. ამის შემდეგ ცხარე ჩხუბი იმართება. მოჩხუბარი გუგულები ერთმანეთს ბუმბულს და ფრთებს აგლეჯენ და აქეთ-იქით ისვრიან. რომელი გუგულიც დამარცხდება, იმ ტყიდან უნდა გადაიკარგოს.
ზოგჯერ თავისი ბოროტება და შეუთვისებლობა გუგულს ცხვირში ამოჰკრავს ხოლმე. მონადირეებმა გუგულის ზნე-ჩვეულება იციან და მის ძახილს მიბაძავენ ხოლმე. გუგული მაშინვე იქით გაექანება, საიდანაც ხმა ისმის, გონია, სხვა გუგული შემომპარვიაო, და ემზადება მის გასაგდებად, მაგრამ მონადირის თოფის წერა შეიქმნება ხოლმე.
შეხედულებით მამალი და დედალი გუგულები ერთმანეთს ძლიერ გვანან; ხმით კი განირჩევიან: მამლის ხმა არის "გუგუ“, დედლის ხმა კი სიცილს მოგვაგონებს.
II
გაზაფხულზე ყველა ფრინველი ბუდეს იკეთებს, გუგული კი ამისათვის არ ზრუნავს; იგი ყველა ფრინველისაგან იმითი გამოირჩევა, რომ ბუდეს თავის სიცოცხლეში არ იკეთებს. მამალი უზრუნველად დაფრინავს და იძახის „გუგუ“, დედალი კი სულ იცინის. მაშ შვილებს როგორღა ზრდიან? - აი როგორ: გუგული ტყის ჩიტების ბუდეს მოძებნის ხოლმე და როცა მათ ბუდიდან გაიგულებს, მიფრინდება, ზოგ კვერცხებს ბუდიდან გადმოუყრის და თავისას ჩადებს, მერმე გაფრინდება და თითქო თავისი ეშმაკობა სიცილად არა ჰყოფნის.
როცა ჩიტები მოფრინდებიან, ვერაფერს ხვდებიან; კვერცხებს დაასხდებიან, თავის შვილებთან ერთად გუგულის ბარტყებსაც გამოჩეკენ და გამოჩეკის შემდეგ ბარტყებისთვის საჭმლის ზიდვას დაიწყებენ; მაგრამ რადგანაც გუგული მათ შვილებზე მოზრდილია, ამიტომ ისინი მოტანილ საჭმელს ლუკმა-ლუკმა ყლაპავენ და სხვა ბარტყებს უსაჭმლოდ სტოვებენ.
როცა დიდი გაიზრდება და ბუდეში სივიწროვე შეიქნება, მაშინ იგი ბუდიდან ჩიტის პატარა ბარტყებს შეუბრალებლად ყრის. გუგულის დედა შორი-ახლოდან ყურს უგდებს თავის შვილს და ზოგჯერ ბარტყების გადმოყრაში შველის. ძირს ჩამოყრილი ბარტყები შიმშილითა და სიცივით იხოცებიან, ან კატების ლუკმა გახდებიან ხოლმე.
რამდენად გუგული ბუდეში იზრდება, იმდენად უფრო ავდება, არ ემორჩილება თავის მამინაცვალს და დედინაცვალს და ცუდადაც ექცევა. ისეთი გაუმაძღარია, რომ ზოგჯერ თავისს გამზრდელს თავში კბენს და უსისხლიანებს.
როცა პატარა გუგულს ფრთები კარგად გაეზრდება, ბუდეს ტოვებს; მაგრამ თუ ბუდე ხის ვიწრო ფუღუროშია გაკეთებული, ზოგჯერ ბუდიდან ვერ ამოეტევა ხოლმე. ასეთ ვიწრო ბუდეში დედალი გუგული ვერ ჩაეტევა; ამიტომ თავის კვერცხს ბალახზე დებს; მერე ბრჭყალებით ფრთხილად იღებს, მიაქვს და ბუდეში დებს. გამზრდელი ჩიტები გუგულს შემოდგომამდე აჭმევენ, მერე კი სამხრეთისკენ წავლენ, და გუგული ბუდეში შიმშილით კვდება. გუგული დებს ხუთ, ან ექვს კვერცხს და ყველას სხვადასხვა ბუდეში ათავსებს.
გუგული ტყეს დიდს სიკეთეს უშვრება, რადგან იკვებება შხამიანი და ეკლიანი მატლებით, რომლებიც ხეებს აფუღუროებენ, აჭკნობენ და ახმობენ. ამ მავნე მატლებს სხვა ფრინველები ვერ ეკარებიან.
III
ოდესღაც ტყეში ერთი გუგული ცხოვრობდა. გაიკეთა ხეზე ბუდე. შიგ რვა კვერცხი დადო და ბარტყები გამოჩეკა. დედა იმათ აჭმევდა და ასმევდა. შემდგომ წლებში ერთხელ გუგული საჭმლის საშოვრად გაფრინდა თავისი ბუდიდან. ამ დროს ამოვარდა ქარი, ხეები შეარხია. გუგულის ბუდე ჩამოვარდა და დაიშალა. გუგულს ამ დროს კვერცხების დადების დრო ჰქონდა. ახალი ბუდის გაკეთებას აბა სადღა მოასწრებდა კვერცხების ჩასადებად? ამიტომ დაიწყო აქეთ- იქით ბუდის ძებნა: უნდოდა, იქვე ახლო სადმე ეპოვნა მზამზარეული ბუდე, რომ იმაში ჩაეწყო თავისი კვერცხები. ახლომახლო ადგილები სულ გასინჯა, მაგრამ ცარიელი ბუდე ვერსად ვერა ნახა. ყველა ბუდე დაკავებულ ქონდათ სხვადასხვა ჩიტებს. გუგული იძულებული გახდა, თავისი კვერცხები ბალახზე დაედო, - რა ექნა, მეტი ღონე არ იყო და შემოჯდა ხეზე.
დაღონებულმა და დაფიქრებულმა დაიწყო აქეთ-იქით ცქერა. უეცრად დაინახა ბუდიდან ამოფრენილი ჩიტი. გუგულმა საჩქაროდ წამოავლო ნისკარტი და ფეხები ერთ თავის კვერცხს და ამოფრენილი ჩიტი ბუდეში ჩადო. „ბუდეში რომ იდოს, ის სჯობს, ვიდრე ბალახზე ეგდოსო“, იფიქრა მან; მერე იქვე დაინახა, რომ მეორე ჩიტიც ამოფრინდა თავისი ბუდიდან საჭმლის საშოვრად. გუგული მიფრინდა და მეორე თავისი კვერცხი ჩადო ამ ბუდეშიც. ამგვარად გუგულმა თავისი რვა კვერცხი სულ აქეთ-იქით ბუდეებში დაარიგა. გამოფრინდებოდა თუ არა რომელიმე ჩიტი თავისი ბუდიდან, ის მაშინვე მიარბენინებდა თავის კვერცხს და ჩაუგორებდა ბუდეში.
ჩიტები უკან მოფრინდნენ და თავიანთ ბუდეში თითო მომატებული კვერცხი რომ ნახეს, გაკვირვებით დაუწყეს ცქერა, მაგრამ უცხო კვერცხები მაინც ბუდეში შეინარჩუნეს. როცა ჩიტებმა კვერცხის დადება სულ დაამთავრეს, ყველა კვერცხი ერთად გამოჩეკეს. გამოჩეკილებში თითო გუგული ერია. ჩიტებმა შეიყვარეს პატარა გუგულები და გულმოდგინედ ინახავდნენ და უვლიდნენ ისე, როგორც თავიანთს ღვიძლ ბარტყებს.
დედა გუგულმა დაინახა, რომ მისი ბარტყები სხვა ფრინველების ბუდეებში ურიგოდ არ იზრდებოდნენ და ამისათვის მუდამ ამ ბუდეებში დაიწყო ჩუმ-ჩუმად კვერცხების დება. მალე სხვა გუგულებმაც შენიშნეს ეს და მიბაძვა დაუწყეს.
ამ დროდან გუგულები თავისათვის ბუდეს აღარ იკეთებენ და საკუთარ კვერცხებს ჩუმად აწყობენ სხვის ბუდეებში, როცა იმ ბუდეების პატრონები საჭმლისათვის გადიან მინდვრად. თვითონ კი არხეინად ცხოვრობენ, დაფრინავენ ტყეში და დედობრივ სიყვარულს მოკლებულნი, მარტო საკუთარი მუცლისათვის ზრუნავენ.