ბეღურა პატარა ფრინველია, ორის გოჯის სიგრძე, ნაცრისფერი და ძალიან ცქვიტი. ბეღურას ყოველს დღეს ვხედავთ, ამიტომ რომ, იქ უყვარს ცხოვრება, სადაც ადამიანი ცხოვრობს; ტყეში და შორს მინდორში ყოფნა არ მოსწონს.
რატომ იზიდავს ბეღურა ადამიანი? იქნებ სიყვარულის გამო? სრულიადაც არა. ბეღურამ კარგად იცის, რომ ადამიანი მისი მტერია, ამიტომ არასდროს არ ენდობა მას. ბეღურა ადამიანის ახლოს იმისთვის ცხოვრობს, რომ უყვარს პურის მარცვლების, ფეტვის, ბალისა და სხვა ხილის ჭამა. მართალია ამით ადამიანს ზარალს აყენებს, მაგრამ ბევრს სიკეთესაც აკეთებს: ხოცავს და ჭამს დიდი რაოდენობით ბუზებს, მატლებს, ჭიებს და კალიებს, რომლებიც მავნებელნი არიან ადამიანისთვის. ამიტომ, რომელ ქვეყანაშიაც ბეღურა არ არის, ყოველთვის ცდილობენ მის მოშენებას და გამრავლებას..
ეს ერთი ბეწო ფრინველი ძალიან ჭკვიანია. ბეღურა ყველა თავისოდენა ფრინველს ბევრად აღემატება ჭკუით. არც ერთს პატარა ფრინველს არა აქვს იმდენი ეშმაკობა, რამდენიც ბეღურას. ყოველთვის ხომ ადამიანის ახლოს ცხოვრობს, მაგრამ მისი დაჭერა ან მოკვლა იოლი საქმე არ არის.
დაინახავს თუ არა ახლოს ადამიანს, ბეღურა მაშინვე აათვალიერ-ჩაათვალიერებს, და თუ ხელში რამე სასროლი საგანი დაუნახა, მაშინვე გაფრინდება, - თუ არადა, სრულიად არაფერს შეეპუება.
ბეღურა ბუდეს იკეთებს ბანების ქვეშ, საბძლებში, კოშკის კედლებში, ხეების ფუტუროებში და სხვა. თუ ბეღურებმა ბუდისთვის მოხერხებული ადგილი ნახეს, დიდს ჩხუბს გამართავენ: ყველა დედალ-მამალი ცდილობს, რომ ეს ადგილი დაისაკუთროს. ამ დროს ერთმანეთს ნისკარტებით ბუმბულს აგლეჯენ, თავში სცემენ და ჰქოჩრავენ. რომელი დედალ-მამალიც გაიმარჯვებს, ბუდის ადგილი მას რჩება.
ბუდეს ბეღურა ბუმბულით და ჩალით მოფენს ხოლმე. ხან მერცხლებს ართმევს ბუდეს და შვილებს იქ ზრდის. ბეღურა ბარტყებს წელიწადში სამჯერ ჩეკს; თუ ცუდი დარია, ორჯერ. ბუდეში დედალ-მამალი ზის ცამეტ-თოთხმეტს დღეს და დიდ წვალებას გამოივლის ხოლმე შვილების გამოზრდაში. კიდევ კარგია, თუ გაზარდა და დააფრინა; მაგრამ ზოგჯერ გაზრდის შვილებს, დასაფრენად მომზადებულს, ბუდიდან პატარა ბიჭები გადმოუსხამენ ხოლმე. დიდ ჯავრსა და წვალებას ითმენს საწყალი უშვილოდ დარჩენილი ბეღურა.
დაფრენის შემდეგ რვა დღეში ბეღურები შვილებს ფრენასა და საჭმლის შოვნას ასწავლიან; მერე ბარტყებს თავს ანებებენ და მეორედ გამოჩეკას იწყებენ.