ყველა მცენარე ჯერ პატარაა, მერე იზრდება. ვთქვათ, მებაღემ ბაღში ვაშლის ნამყენი დარგო. თავდაპირველად ნამყენის სიმაღლე რამდენიმე მტკაველია, მაგრამ ყოველ წელიწადს სიმაღლეც ემატება და სისქეც. რამდენიმე წლის შემდეგ დიდ ხეხილად გადაიქცევა და ხილს მოისხამს.
ქვას ეს თვისება არა აქვს; მცენარესავით არ იზრდება: ერთს ადგილზე რომ ასი წელიწადი ეგდოს, არც სიმაღლე მოემატება და არც სისქე. რა არის ამ განსხვავების მიზეზი? აი რა: მცენარეს მიწაში ფესვები აქვს გადგმული, ამ ფესვებით მიწიდან ისე იკვებება, როგორც ბავშვი დედის ძუძუდან. მერე ამ საკვებს მცენარე წვენად გადააქცევს, როგორც ბავშვის მუცელი გადააქცევს ხოლმე რძეს სისხლად და იმ წვენიდან ტოტები და ფოთლები ეზრდება.
მიწის გარდა მცენარე ჰაერითაც საზრდოობს, რომელსაც მთელი ტანით ისუნთქავს. ქვას არა აქვს არც ფესვები, არც კვების ნიჭი, არც ჰაერის სუნთქვის შესაძლებლობა, ამიტომ გაზრდა არ შეუძლია და ზომა ვერ მოემატება.
მცენარე მუდმივ ცვლილებაშია: გაზაფხულზე ყვავის, ზაფხულში ხილს ისხამს, შემოდგომაზე ფოთოლი ცვივა, ზამთარში შიშველია. ქვა კი ზაფხულშიც, ზამთარშიც და სხვა დროსაც სულ ერთნაირია. მცენარეს გარედან ქერქი აკრავს, ქერქს ქვეშ ცილაა, ცილის ქვეშ გული და ეს ნაწილები სულაც არა გავს ერთმანეთს. ამას გარდა, მცენარეს ზემოთ ფოთოლი ასხია და ძირს ფესვები აქვს, რომელიც არც ქერქსა გავს და არც მცენარის გულს. ქვაში ამისთანა არაფერია, იგი ერთიანია და სხვადასხვა ნაწილები არა აქვს.
მცენარე რომ ზაფხულში გადაჭრა, წვენი გადმოუვა; ქვა თუნდა ლუკმალუკმა აქციო, ცვარიც არ გამოედინება. აბა მოჭერით მცენარე, ან ძირიანად ამოაძრეთ, ნახავთ, რომ ჯერ დაჭკნება, მერე გახმება და ბოლოს დალპება კიდეც.
გამხმარი, ან დამპალი მცენარე, რაც უნდა გაუკეთოთ, აღარ გაიზრდება, აღარც ფოთოლს მოისხამს, აღარც ფესვებს გაიდგამს. იმიტომ რომ მცენარე აღარ არის ცოცხალი. გადააგორეთ ქვა თავისი ადგილიდან, არ შეიცვლება, დაამტვრიეთ ნაწილ-ნაწილად, ცვლილება მაინც არ შეეტყობა, მხოლოდ რამდენიმე ნატეხად შეიძლება იქცეს. ეს იმიტომ რომ ქვა არ ცოცხლობს, და რასაც სიცოცხლე არა აქვს, ის არც მოკვდება.
ამგვარად, მცენარე ცოცხლობს და კვდება, ქვა კი არა.