მე მესმის, რასაც მეუბნებიან, შემიძლია ჩემი აზრი, გრძნობა და სურვილი სიტყვით გამოვხატო და სხვას შევატყობინო.
მე მაქვს მეტყველების ნიჭი.
თუ რამეს ვსინჯავ, ან ვინმეს ყურადღებით ყურს ვუგდებ, მერე, როდესაც მსურს, შემიძლია მოვიგონო, რაც ვნახე და რაც გავიგონე; შემიძლია გაკვეთილი ვისწავლო, შემდეგ გავიხსენო და მოვყვე. მახსოვს ჩემი ნაცნობი ადამიანების სახე და სახელები, აგრეთვე მახსოვს მრავალი საგნის სახელები.
მე მაქვს დამახსოვრების ნიჭი, ესე იგი მაქვს მეხსიერება.
თუ სურვილი მაქვს, შემიძლია ძალიან ცხადად წარმოვიდგინო, რა სიამოვნება მელოდება, როდესაც ზაფხული დადგება; როგორ ვისეირნებ, როგორ მოვკრეფ ხილს, როგორ ვითევზავებ, როგორ ვითამაშებ, როგორ ვინადირებ და სხვა. აგრეთვე შემიძლია გონებაში ცხადად წარმოვიდგინო ჩემი ნაცნობი ადამიანის სახე. ღამე ხშირად ვხედავ სიზმრებს და სიზმარში მეჩვენება ის, რაც ცხადში არ არსებობს.
მე მაქვს წარმოდგენის ნიჭი.
რასაც მეუბნებიან და რასაც წიგნში ვკითხულობ, ყველაფერს მაშინვე ვერ ვიგებ, მაგრამ როდესაც კარგად ამიხსნიან და ყურადღებით მოვისმენ, მაშინ ჩემთვის ადვილდება იმის გაგება, რაც წინათ არ მესმოდა. ახლა ბევრი არ ვიცი, მაგრამ ადრე უფრო ცოტა ვიცოდი; რამდენად მეტს ვისწავლი, იმდენად მეტი მეცოდინება და უფრო ბევრს გავიგებ; ხანდახან ზეპირად მისწავლია, მაგრამ გაგებით ვერ გამიგია, თუმცა, როცა აუხსნიათ, მაშინ კარგად მივმხვდარვარ.
მე მაქვს ჭკუა ანუ გონება.
მსიამოვნებს, როდესაც მაქებენ, და მეჯავრება, როცა მტუქსავენ. მე მიყვარს ჩემი მშობლები, აგრეთვე ბევრი ჩემი ამხანაგი. როდესაც სიკეთეს გამიკეთებენ, ან სხვა სახის სიამოვნებას მომანიჭებენ, მადლიერების გრძნობა მეუფლება. ვჯავრობ, როდესაც მწყინს; ვიცინი, როდესაც მიხარია; ვტირი, როდესაც მწუხარებას ვგრძნობ.
მე მაქვს მრავალი შინაგანი, სულიერი გრძნობა.
როდესაც გაკვეთილებს ვისწავლი და ყველაფერს შევასრულებ, რისი ვალდებულებაც მაკისრია; როცა არავითარი დანაშაული არ ჩამიდენია, მაშინ გული მშვიდად, ლაღად მაქვს და ტკბილ კმაყოფილებას ვგრძნობ. მაგრამ, როდესაც ვიზარმაცებ, ურჩობას გამოვიჩენ, ვიეშმაკებ, ან ვინმეს ტყუილუბრალოდ ვაწყენინებ, მაშინ ჩემი გული აღელვებულია და საკუთარი ქცევის უკმაყოფილო ვარ. მე მაქვს სინიდისის გრძნობა, რომელიც ბოროტებისთვის მაწუხებს და მსჯის, სიკეთისთვის კი სიმშვიდესა და სიამოვნებას მაგრძნობინებს.
ხანდახან სწავლა არა მსურს, მაგრამ შემიძლია საკუთარ თავს ძალა დავატანო, რადგან ვიცი, რომ უნდა ვიშრომო და სიზარმაცე სირცხვილია. არც გამომადგება... ზოგჯერ, რასაც მიბრძანებენ, იმისი გაკეთება არ მინდა, მაგრამ შემიძლია ჩემს თავს ვაიძულო და შევასრულო ჩემი მშობლების, ან მასწავლებლების ნება, რადგან ვიცი, რომ ჩემთვის კარგი უნდათ და მორჩილება მმართებს. ზოგჯერ ის მინდა, რაც სასარგებლო არ არის, მაგრამ შემიძლია უარვყო საკუთარი სურვილი და დავემორჩილო ვალდებულების გრძნობას.
მე მაქვს ნება.
მე არ მინახავს და ვერც ვნახავ ღმერთს, იმიტომ რომ იგი არის უხილავი სული; მჯერა, რომ იგი არსებობს, ყველაფერს ხედავს, ყველაფერი იცის, მთელს ქვეყანას განაგებს, ყველანი ვუყვარვართ და ყველასთვის სიკეთე სურს.
მე მწამს ღმერთი.
ზოგჯერ ვგიჟობ, ზოგჯერ ვზარმაცობ, ზოგჯერ ვჯავრობ, ვურჩობ, ან კიდევ ცუდ რამეს ჩავიდენ, ხან ტყუილსაც ვიტყვი, მაგრამ მე მაქვს სურვილი, რომ ჭკვიანი გავხდე, ბევრი ვიცოდე, ვიყო თავდაჭერილი, კეთილი და სიმართლის მოყვარული. მე შემიძლია ასეთი გავხდე, თუ შევეცდები.
მე მაქვს უკეთესად გახდომის, გაუმჯობესების სურვილი და შესაძლებლობა.
ყველა ეს ნიჭიერებანი: მეტყველება, მეხსიერება, წარმოდგენა, ჭკუა, სინდისი, ნება, სარწმუნოება, უკეთესობის სურვილი - სულიერ ნიჭიერებად იწოდება.
ადამიანის სხეულში ცხოვრობს უხილავი სული, რომელიც მას აცოცხლებს; მის გარეშე სხეული მკვდარი იქმნებოდა, - არც გრძნობა, არც მოძრაობა არ შეეძლებოდა, თუნდაც საღი ჰქონოდა ყველა თავისი ორგანოები.
ადამიანისთვის ღმერთს მიუცია მშვენივრად აგებული სხეული, მიუნიჭებია სიცოცხლე, თავისუფალი, გონიერი და უკვდავი სული, რომელსაც სიკეთე სურს და ქვეყნის შემოქმედი სწამს.