იყო ერთი უშვილო კაცი. ერთხელ გზაზე მიდიოდა და ერთი ლამაზი თაგვი ნახა. კაცმა ინატრა: ნეტავი ეს თაგვი ქალად იქცეს, - შინ წავიყვან და შვილივით გავზრდიო.
აუსრულდა ნატვრა, იქცა თაგვი ქალად, წამოიყვანა კაცმა სახლში და შვილივით გაზარდა.
როცა ქალი სრულწლოვანი შეიქნა, კაცმა გათხოვება დაუპირა და ჰკითხა: ვის მიგცეო?
ქალმა უთხრა: ისეთ ვინმეს მიმეცი, იმაზე ღონიერი არავინ იყოსო. კაცი წავიდა მზესთან და უთხრა: ყველას ათბობ და ანათებ, ყველაზე ღონიერი ხარ, ჩემი ქალი უნდა შეგრთოო.
მზემ უთხრა: ჩემზე ღონიერი ღრუბელია, გადამეფარება და სულ დამფარავს ხოლმეო.
წავიდა კაცი ახლა ღრუბელთან: ყველაზე ღონიერი ყოფილხარ, შენ უნდა ითხოვო ჩემი ქალიო.
ღრუბელმა უთხრა: ჩემზედ ღონიერი ქარია, წამომიბერავს და სულ დამფანტავს ხოლმეო.
წავიდა კაცი ქართან: ქარო, ყველაზე ღონიერი ყოფილხარ, შენ უნდა ითხოვო ჩემი ქალიო.
ქარმა უთხრა: ჩემზე ღონიერი კლდეა, ხან აქედან ვუბერავ, ხან იქიდან, მაგრამ ვერას ვაკლებო.
წავიდა კაცი კლდესთან: ყველაზედ ღონიერი ყოფილხარ, შენ უნდა შეირთო ჩემი ქალიო.
კლდემ უთხრა: ჩემზე ღონიერი თაგვია, ძირს მითხრის და მანგრევსო.
დაბრუნდა კაცი შინ და უთხრა თავის ქალს: ყველაზედ ღონიერი თაგვი ყოფილა, იმას უნდა მიგცეო.
კარგიო, უთხრა სიხარულით ქალმა და მითხოვდა თაგვს.