დიმიტრის და სოსოს ბაღში წვიმამ მოუსწრო. მშვენიერი ჟუჟუნა წვიმა წამოვიდა. ყმაწვილები გაიქცნენ და ფარდულს შეეფარნენ.
- აბა ჯერ შენ მითხარი: ქვაბს რომ ცეცხლს შეუკეთებენ და შიგნით წყალს აადუღებენ, მაშინ ქვაბიდან რა ადის ზევით?
- ოშხივარი, ანუ ორთქლი, მიუგო სოსომ.
- სწორედ მაგგვარად ადის ორთქლი ზღვიდანაც, როცა მზე ადგას და წყალს აცხელებს. რადგანაც ზღვა ძლიერ დიდია, ამიტომ იქედან ძალიან ბევრ ორთქლი ადის. ეს ორთქლი ზევით ჰაერში გროვდება; მოგროვებული ორთქლი არის ღრუბელი, რომელსაც ჩვენ ჰაერში ვხედავთ. მერე ამ ორთქლს, ანუ ღრუბელს ქარი შემოუბერავს და ხმელეთზე გადმოიტანს, სადაც ცივი მთის ჰაერი მოხვდება, ერთიანად შეჰკუმშავს და როცა ორთქლი ერთმანეთს მოჰხვდება, შეერთდება, წყლის ნამებად იქცევა, ჰაერზე უფრო მძიმე გაჰხდება და მიწაზე ჩამოცვივდება. მაშინ ვიძახით: წვიმა მოდისო!
აბანოში წვიმის გაჩენის მაგალითს საკუთარი თვალით ვხედავთ. აბანოს ცხელი წყლიდან ორთქლი ზემოთ ადის და ერდოში იკრიბება; აქ გარეთი ცივი ჰაერი ჰხვდება, რის გამოც ორთქლი იკუმშება, წყლის ნამებად იქცევა და ძირს ცვივა, ცივ წვეთებად ეცემა ტანზე. სწორედ ამ სახით გადააქცევს ხოლმე ზღვის ორთქლს სიცივე წვიმად.
რადგან მთებზე უფრო ცივი ჰაერია, ამიტომ ორთქლი აქ უფრო ხშირად გადაიქცევა ხოლმე ურიცხვ ნამებად, რის გამოც მთაში უფრო ბევრი წვიმა მოდის. წვიმის წყალი მიწაში ჩადის, იქ წვეთობით იკრიბება, მერმე პატარა ნაკადულად გადაიქცევა და მიწა-მიწა მირბის. გზაში ნაკადულს ნაკადულები ემატება და უფრო დიდდება. თუ ამ ნაკადულს გზაზე მაგარი, გაუვალი მიწა არ დაჰხვდა, ზღვამდე მიწა-მიწა ივლის. თუ გზაზე მაგარი თიხა დახვდება და ვერ გაატანს, მაშინ ნაკადული დედამიწიდან ზევით ამოხეთქავს და გააჩენს წმინდა და ცივ წყაროს.
დედამიწიდან ამოხეთქილი ნაკადული ანუ წყარო, დაღმართში რუს გათხრის და რიყეზე ჩანჩქარივით გადმოედინება. შეხვდება თავის ძმას, ამგვარადვე მოჩანჩქარე ფშანს შეიერთებს და გადიდებული გარბის. გზაზე მესამე, მეოთხე და მეხუთე ამხანაგი დახვდება და შიგ შეერევა. შეხედავ, მოზრდილი მდინარე მიდის ამწვანებულ ნაპირებს შუა.
მდინარე ხალხსა და ცხოველებს წყლის წყურვილს უკლავს, მინდორში მცენარეებს აცოცხლებს, წისქვილის ბორბლებს ატრიალებს, ტივებსა და მსუბუქს ნავებს ეზიდება. მის გრილ მორევებში თევზები მხიარულად ირევიან, თამაშობენ და ვერცხლისფრად ბრჭყვიალებენ. მირბის მდინარე, შეხვდება მეორეს, შეუერთდება და შემდეგ მიიმატებს მესამეს, მეოთხეს, და გახდება ვეებერთელა მდინარე, რომელიც ისე განიერია, რომ ერთი ნაპირიდან მეორემდე თვალს ვერ გადაუწვდენ.
ამისთანა მდინარეზე ცურავენ სავაჭროდ დატვირთული დიდი ნავები, დასრიალებენ გემები. მის ნაპირებზე ბევრი დიდი სოფლები და მდიდარი სავაჭრო ქალაქებია გადაჭიმული. ამგვარი მდინარე ერთი ქვეყნიდან მეორეში ბევრს სიმდიდრეს ეზიდება. ბოლოს ერთს თვალ-გადუწვდენელ ზღვაში ჩადის და შიგ შეაქვს დიდი იალქნიანი ხომალდები.
- საკვირველია, სთქვა სოსომ: მდინარეებს ჩააქვს ზღვაში იმდენი წყალი და აქამდე სათავეში წყალი რატომ არ გამოილია და არ დაშრა?
- აქ საკვირველი არაფერია, უთხრა დიმიტრიმ: ხმელეთზე და მეტადრე მაღლობ ადგილებში წვიმა-თოვლი თავის რიგზე ყოველთვის მოდის და მდინარეებს წყალს არ აკლებს. წვიმის მოსვლა რომ შესწყდეს, მაშინ რამდენიმე თვეში მდინარეები სულ დაშრება. სანამ წვიმა და თოვლი ხმელეთს არ აკლია, არც მდინარეებს გამოელევა წყალი.
ეს სწორედ საკვირველია, სთქვა სოსომ: ამდენი მდინარეები ზღვაში ჩადის და რატომ აქამდე ზღვა არ გაივსო, ნაპირიდან არ გადმოვიდა და ხმელეთი არ წალეკა?
- საკვირველი აქაც არაფერია, უთხრა დიმიტრიმ. მზის სიმხურვალე ზღვის წყალს ორთქლად აქცევს და მაღლა ჰგზავნის ღრუბლის გასაჩენად. რამდენიც წყალი ემატება ზღვას მდინარეებისგან, იმდენივე ორთქლით აკლდება.
- ასე, ჩემო სოსო: ზღვა გვიგზავნის წვიმას, ზღვაშივე ჩადის წვიმის წყალი დედამიწიდან. წვიმა რომ ქვეყანაზედ არ მოდიოდეს, მდინარეები სულ არ იქნებოდა, მიწა უნაყოფო გახდებოდა, არც მცენარეს, არც პირუტყვს და არც ადამიანს სიცოცხლე არ შეეძლებოდათ. ასე საჭირო და სასარგებლოა წვიმა მთელი ქვეყნისათვის!
რადგანაც წვიმა ზღვის ორთქლისაგან ჩნდება, ამიტომ დედამიწის შუა წელზე, ცხელს ქვეყნებში, უფრო ბევრი წვიმა მოდის, ვიდრე ცივ ადგილებში. ცივ ქვეყნებში ზღვიდან ჰაერში ცოტა ორთქლი ადის, რადგანაც მზე საკმარისად ვერ ათბობს; ამიტომ აქ წვრილი წვიმა იცის და იშვიათად მოდის. ცხელ ქვეყნებში კი ისეთ მსხვილ და შხაპუნა წვიმას დაუშვებს ხოლმე, რომ კაცს ეგონება, - ზევიდან წყალს კოკებით ასხამენო.
წვიმა ასევე უფრო ხშირად მოდის, ზღვის მახლობლად მდებარე ქვეყნებში.