მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 758 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

პატარა სოსო და მისი უფროსი ძმა დიმიტრი, მაისის ერთი დილით ბაღში დასეირნობდნენ. უეცრად ქარი ამოვარდა და ხეხილის ყვავილები ძირს ჩამოყარა.

- ეს შეჩვენებული ქარი რად აყრევინებს ხეხილებს ამ მშვენიერ ყვავილს, სთქვა სოსომ. მე რომ იმ ბაიყუში ბებრისთვის მიმეგნო, სწორედ შავს დღეს დავაყენებდი.

- ეგ რომელს ბებერს ემუქრები? - ჰკითხა დიმიტრიმ.

- აი რომელს ბებერს: ერთს ადგილას დედამიწას თურმე ორმოსავით მრგვალი პირი აქვს; აქ ზის ერთი ბებერი; როცა ბებერი ამ პირს ახდის, ქარი ზევით ამოჰქრის და დედამიწაზედ მოქშუის; როცა დახურავს, ქარი ისევ ჩადგება ხოლმე. აი ამ ბებერს ვემუქრები, მიუგო. სოსომ.

დიმიტრის სიცილი აუვარდა.

- რა ცოცხალი ტყუილი გაგიგონია, ჩემო სოსო.

- მაშ შენს ჭკუაში, ქარს ვინ აჩენს? ჰკითხა სოსომ.

- აბა ჯერ შენ მითხარი, ჩვენ რომ ჩავისუნთქავთ და ამოვისუნთქავთ ხოლმე, მაშინ ჩვენს სხეულში რა ჩადის და ამოდის?

- არაფერი, მე ვერაფერს ვხედავ.

- არაფერი? აბა პატარა ხანს პირი მოკუმე და ცხვირზე ხელი მოიჭირე, ვნახოთ გაიკმინდები თუ არა.

- იმიტომ გავიკმინდები, რომ სული შემიგუბდება.

- სწორედ ეგ არის, რად შეგიგუბდება სული? ან რა არის სულის შეგუბება?

სოსო ჩაფიქრდა და პასუხი ვერ მისცა.

- მომისმინე, ჩემო სოსო, - მე ამაზე დაწვრილებით გიამბობ: მთელს დედამიწას გარშემო ძალიან თხელი და უჩინარი ნივთიერება ახვევია; ამ უხილავ ნივთიერებას ჰქვია ჰაერი. ჰაერი უსაჭიროესი რამეა ყველა სულდგმულისთვის. არც ერთ სულდგმულს არ შეუძლია ერთს წამსაც უჰაეროდ იცოცხლოს. ჰაერი რომ დედამიწიდგან გაქრეს, რამდენიმე წამში პირუტყვები და ადამიანები სულ დაიხოცებიან. ადამიანი უჭმელობას რამდენიმე დღეს მოითმენს, მაგრამ უჰაერობას ცოტას ხანსაც ვერ შესძლებს, მაშინვე სული შეუგუბდება და მოკვდება.

აი ეს ჰაერი ჩადის ჩვენს სხეულში, როცა ჩავისუნთქავთ, და ამოდის, როცა ამოვისუნთქავთ ხოლმე. დღეში კაცმა რომ საჭმელი ორჯერ ჭამოს, მეტი არ უნდა, მაგრამ ჰაერის სუნთქვა კი ყოველს წამს სჭირდება. ასეთი საჭიროა ჰაერი ადამიანის სიცოცხლისათვის და შენ არც კი გცოდნია, თუ იგი ქვეყანაზე არსებობს!

- ეგ კარგი, უთხრა სოსომ დიმიტრის, მაგრამ ჩვენ ლაპარაკის საგანს ავცდით. მე ქარის გაჩენაზე გეკითხებოდი, შენ კი ჰაერზე მომიყევი.

- მოიცა, ნუ ჩქარობ, უთხრა დიმიტრიმ: ჰაერზე იმიტომ გელაპარაკე, რომ ქარი ჰაერიდან ჩნდება. იქნებ გაიკვირვო, მაგრამ ეს ასეა. ჰაერი ყველგან ერთაირი არ არის: ზოგან ცივია, ზოგან - თბილი. თბილი ჰაერი უფრო თხელი და მსუბუქია, ცივი კი სქელი და მძიმე. როცა ჰაერი რომელიმე ადგილზე გათბება და გასუბუქდება, მაღლა წავა, სწორედ ისე, როგორც ზევით მიდის წყალში ჩაგდებული ყველა მსუბუქი საგანი. ჩვენ, რასაკვირველია, ვერა ვხედავთ, როცა ჰაერი მაღლა მიდის, მაგრამ ეს იმის გამო, რომ იგი უჩინარია.

ერთი მაგალითით აგიხსნი: როცა ბუხარს ან ღუმელს ახურებენ, მაშინ ბოლი ზევით მიდის. რატომ? იმიტომ, რომ ბოლი ძლიერ მსუბუქია. სწორედ ასევე ადის მაღლა თბილი ჰაერიც. როცა თბილი ჰაერი მაღლა მიდის, მისი ადგილი ცარიელდება და დაცარიელებულ ადგილს ცივი ჰაერი იკავებს. აქედან წარმოსდგება ჰაერის მოძრაობა. აი ამ ჰაერის მოძრაობა არის ქარი.

თუ ჰაერი რომელიმე ადგილზე ძალიან თბილია და სადმე მახლობლად ძლიერ ცივი ჰაერი ტრიალებს, მაშინ ღონიერი ქარი ამოვარდება. ამას უბრალო მაგალითით აგიხსნი: ზამთარში ოთახში ძლიერ თბილი ჰაერია, გარეთ კი ცივი. თუ დაკეტილ ფანჯარას გამოაღებ, გარეთა ცივი ჰაერი მაშინვე სახლში შემოსვლას დაიწყებს; ოთახის თბილი ჰაერი ამ დროს მაღლა ავა და ფანჯრის ზემო ნაწილიდან გარეთ გავა; ცივი ჰაერი კი ფანჯრის ქვედა ნაწილიდან შემოდის სახლში. თუ ანთებულ სანთელს ფანჯარაში დაბლა დაიჭერ, სანთლის ალი შიგნით წამოვა; თუ მაღლა ასწევ, ალი გარედ გავა. აქედან ჩანს, რომ ცივი ჰაერი ფანჯრის ქვედა ნაწილიდან ოთახში შემოჰქრის, თბილი ჰაერი კი ზემო ნაწილიდან გარეთ გაჰქრის. ქარიც სწორედ ასე გაჩნდება ხოლმე.

თუმცა ყველგან ერთგვარი ქარი არ იცის. საქართველოში ზომიერი ქარი ქრის. ხოლო ზოგიერთ ქვეყანაში ისეთი საშინელი ქარიშხალი ამოვარდება ხოლმე, რომ სახლებს აქცევს და ხეებს ძირფესვიანად გლიჯავს. ჩვენში ქარი ხან აღმოსავლეთიდან ქრის, ხან დასავლეთიდან. ზოგიერთ ცხელ ქვეყნებში მთელი წელიწადი შეუცვლელად ერთი და იგივე მიმართულების ქარი უბერავს. იმისთანა ქვეყნებიც არსებობს, სადაც ნახევარ წელიწადს ქარი ერთი მხრიდან ქრის, ნახევარ წელიწადს - მეორე მხრიდან. ზღვის ნაპირების ქარიც მძლავრია, დღისით ქარი ზღვიდან ხმელეთისკენ უბერავს, ღამით კი ხმელეთიდან ზღვისკენ მიქრის.

- რა მიზეზია, რომ ქარი ღამით ზღვისკენ ქრის, დღისით კი ხმელეთისკენ?

- ის მიზეზია, რომ დღისით მხოლოდ დედამიწის ზედა ფენა ცხელდება და მზის სითბო ქვევით, მიწის სიღრმემდე ვერ მიდის. ამიტომ ხმელეთი დღისით ძალიან ცხელია. ზღვაში კი მზის სიცხე ღრმად აღწევს, რადგან წყალი თხელი ნივთიერებაა. სითბოს მხოლოდ წყლის ზედაპირი არ ითვისებს, ამიტომ იგი დღისით ისე არ ცხელდება, როგორც ხმელეთის ზედაპირი. დედამიწის ცხელი ზედა ფენა ხმელეთის ჰაერს აცხელებს და ასუბუქებს; ეს ჰაერი ზევით მიდის და თავის ადგილს ცარიელს სტოვებს; ამ ცარიელი ადგილის დასაჭერად, ხმელეთისკენ დენას დაიწყებს ზღვის გრილი ჰაერი, რომელიც მალევე ცხელდება ხმელეთზე და მაღლა მიდის. ამიტომ, მთელი დღე ზღვიდან ხმელეთისკენ ახალ-ახალი გრილი ჰაერი მოჰქრის.

როცა ღამდება, ხმელეთი მალე ცივდება, რადგანაც დღისით მზე მხოლოდ მიწის ზედაპირს აცხელებს და სიმხურვალე მიწაში ღრმად არ მიდის. ზღვა კი ღამით მალე არ ცივდება. წყლის ზედაპირი რომ გაცივდება, დამძიმდება, ჩაიყურყუმელავებს და ძირს წავა; იმის მაგივრად მაღლა თბილი წყალი მოექცევა. როცა ღამის სიცივე ამ წყალსაც გააცივებს, მაშინ ესეც ძირს წავა და სხვა თბილი წყალი ისევ ზემოთ ამოვა. ამიტომ ზღვის ზედაპირი ღამით ისე ცივი არ არის, როგორც ხმელეთის. მიწის სიცივე ღამით ხმელეთის ჰაერსაც აცივებს და ეს ჰაერიც წყლისკენ მიჰქრის, სადაც უფრო თბილი ჰაერია.

ზაფხულში წყალი უფრო ბევრ სითბოს შეითვისებს, ამიტომ წყლის ჰაერი ზამთარშიც უფრო თბილია ხმელეთის ჰაერზე. ამიტომაც ზღვის ნაპირს მდებარე ქვეყნებში ზამთარი თბილი იცის. ასევე, ზაფხულში ზღვის ახლოს უფრო გრილა, ვიდრე ზღვიდან დაშორებულ ადგილებში.

 

რა სიკეთეს გვიშვრება ქარი?

 

ყველამ კარგად ვიცით, რა ძლიერ არის საჭირო წვიმა მოსავლისთვის. როცა წვიმა არ მოდის და გვალვა დგება, სარწყავის მიწების ჭირნახულიც კი ჭკნება, ურწყავი ნათესები კი სრულიად იღუპება.

როგორ ჩნდება დალოცვილი წვიმა?

თბილს ამინდში ზღვებიდან, ტბებიდან და მდინარეებიდან მრავალი ორთქლი ადის ჰაერში, იქ ეს ორთქლი იკრიბება, ცივდება და პაწაწა ნამებად იქცევა. ამ ნამების გროვას ჩვენ ღრუბელს ვეძახით. ღრუბელი რომ მუდამ ზღვებსა და ტბებს ზემოთ იდგეს უძრავად გაჩერებული, წვიმას მუდამ იქ ჩაუშვებდა და ხმელეთი წვიმის გარეშე დარჩებოდა. მაგრამ, ბედად, ზღვის ჰაერი ხშირად არის მოძრაობაში. ამ მოძრაობას წარმოშობს შემდეგი მიზეზი: ზაფხულში ზღვის ჰაერი გრილი და მძიმეა, ხმელეთის ჰაერი კი თბილი და მსუბუქია. ზღვის ჰაერი მოქრის ხმელეთისაკენ, ხმელეთის თბილ ჰაერს აწვება, მაღლა ატყორცნის და მის ადგილს იკავებს. მალე თვითონაც თბება და ახლა ამ გამთბარს ჰაერს აიტაცებს მაღლა ახალი და გრილი ზღვის ჰაერი. ამის გამო ზაფხულობით ზღვიდან ხშირად ქარი ხმელეთის მიმართულებით ქრის.

აი დაიძრა ზღვის ჰაერი, გადმოიტანა ღრუბლები ხმელეთზე და ამ ღრუბლებმა დაუშვეს მაღლიდან ჟუჟუნა წვიმა ძირს, დედამიწაზე. დალოცვილმა წვიმამ მორწყო ქვეყანა, ჭირნახულს და მთელ ბუნებას მწვანედ ღაღანი დააწყებინა. უქაროდ ვერც წვიმა მოვიდოდა ხმელეთზე და ვერც მოსავალს ეღირსებოდა მხვნელ-მთესველი.

ქარი ადამიანსსხვა დიდს სიკეთესაც უშვრება. საფაც ადამიანები და საქონელი ცხოვრობენ, იქ ჰაერი ფუჭდება, მძიმე, მავნე სუნი დგება და ადამიანს სიცოცხლე უმიმდება. ჰაერს აგრეთვე ძლიერ წამლავს ის ოშხივარი, რომელიც ყოველ ჭაობს ასდის. ამ მძმე ჰაერზე მაცხოვრებლები სულ დასნეულდებოდნენ ჰაერის გამწმენდი მოვლენა რომ არ არსებობდეს ეს მოვლენა არის ქარი. აი დაუბერა ქარმა, მძიმე სუნი აიტაცა, გაფანტა და ცხრა მთას იქით გადაკარგა; მის ნაცვლად მთებიდან და ტყეებიდან ახალი, წმინდა და საღი ჰაერი მოიტანა და ხელი შეუწყო იქ მცხოვრების ადამიანების სიჯანსაღეს.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ